"პროკურატურას უნდა, ფურცხვანიძეს ათქმევინოს,­ თით­ქოს მე შევუკვეთე ფოტომასალა"
"პროკურატურას უნდა, ფურცხვანიძეს ათქმევინოს,­ თით­ქოს მე შევუკვეთე ფოტომასალა"
"კაცმა მითხრა, ფოტომასალა ავთენტურია, წავალ ამერიკაში და იქიდან ჩამოვიტან დამატებით უტყუარ მტკიცებულებებს, რომ ავტომობილი იქ არ მდგარაო, მაგრამ არ უშვებენ..."

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში უეც­რად გამოჩნდა მოქალაქე, რომელმაც ოჯახის ადვ­ოკატს სატელიტური ფოტოები გად­ასცა.­ დავით ფურცხვანიძის მიერ მოპო­ვებული 18-22 ივლისის ფოტომასალა ადასტურებდა,­ რომ მაწევნის ტყეში ბაჩალიაშვილის ავტომანქანა არ მდგარა. 25 სექ­ტემბერს გენპროკურატურამ დააკავა ანალიტიკური სააგენტოს უფროსი,­ რომელიც ამტკიცებდა, რომ ამ სატელიტურ ფოტოებს დიდი აფერის ძიებაში­ გადააწყდა, რომ თამარი იყო დიდი საქმის ძიების
ნაწილი და ის იმიტომ მოკლეს, რომ "შორს შეტოპა".­ აღსანიშნავია, რომ ფურცხვანიძე რუსული პროპაგანდისტული მედია­ "სპუტნიკ ტვ"-ს წარმომადგენელია, რაც ბადებს კითხვას,­ თუ როგორ და რა მიზნით მიაწოდა მან ადვოკატს ფოტოები. პროკურატურა ამბობს,­ რომ ფურცხვანიძემ­ საკუთარი ორგანიზაციის რეკლამირებისა და სხვადასხვა­ დონორი ორგანიზაციებისგან დაფინანსების მიღების მიზნით განიზრახა ყალბი
მტკიცებულებების შექმნა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შესაშლელად გამოძიებისთვის მიწოდება, ფოტოების გასაყალბებლად კი დაიხმარა შვილი - ფოტოები დაამუშავებინა და შემდეგ ისინი ადვოკატს გადასცა, მოგვიანებით კი ეს მასალა მტკ­იცებულებად პროკურატურას წარედგინა. "კვირის პალიტრა" თამარ ბაჩალია­შვილის ოჯახის ადვოკატს მიხეილ რამიშვილს­ ესაუბრა.

- თქვენი აზრით, რა გახდა ფურცხვანიძის­ დაკავების მიზეზი და აქვს თუ არა პროკურატურას მყარი მტკიცებულებები?

- არ ვიცი, რა აქვს, მაგრამ ვვარაუდობ,­ რომ ის შეიძლება მხოლოდ ჩემს საწინააღმდეგოდ გამოიყენონ - ათქმევინონ, თით­ქოს მე შევუკვეთე ფოტომასალა. არ გამოუვათ, იმიტომ, რომ ჩანაწერები მაქვს, სადაც ფურცხვანიძე ამბობს, რომ მე მისთვის არაფერი შემიკვეთია და ეს მისი ინიციატივა იყო. ის დაბეჯითებით ამტკიცებდა,­ უტყუარი მასალააო... მე თავიდანვე ვამბობდი, რომ ავტომობილი ტყეში არ მდგარა. რა, მის ჩვენებას დავეყრდენი და მანამდე ვამბობდი, თვითმკვლელობა იყო, ავტომობილი 4 დღეს იქ იდგა და მერე ვთქვი, არ მდგარა-მეთქი?

- რატომ გგონიათ, რომ თქვენი საქმიდან ჩამოშორება უნდათ?
- იმიტომ, რომ რასაც ვითხოვ, ის უნდა გააკეთონ, მაგრამ არ აკეთებენ;
ვამბობ, ეს იყო მკვლელობა­ და ისინი მკვლელებს ხელს აფარებენ. ჩავ­იდნენ იმ "ვილა ალგეთში"? მიიყვანეს ევაკუატორი? საგამოძიებო მოქმედებებია ჩასატარებელი, მაგრამ...

- ირწმუნეთ, რომ წყაროს მასალა ფალსიფიცირებულია?
- კაცმა მითხრა, ავთენტურია და მე ვიქნები პასუხისმგებელი, წავალ ამერიკაში და იქიდან ჩამოვიტან დამატებით უტყუარ მტკიცებულებებს, რომ ავტომობილი იქ არ მდგარაო, მაგრამ არ უშვებენ ამერიკაში.­ გასაგებია, ყალბია, მაშინ მომიტანონ ნამდვილი სატელიტური მასალა, სადაც ჩანს, რომ მანქანა იქ დგას და ავწევ ხელებს, ვიტყვი, მე შევცდი, თქვენ ხართ კარგი გამომძიებლები და ეს თვითმკვლელობა ყოფილა-მეთქი.

- დარწმუნებული ხართ, რომ ვერ მოიძიებენ?
- თუ მოიტანენ, ოღონდ უტყუარ ფოტოებს, ბოდიშსაც მოვიხდი.
ჩვენებები გაყალბებულია, ყველაფ­ერს ისე ცვლიან, როგორც უნდათ და მე რატომ უნდა დავუჯერო? წაგვაკითხონ, ვისაც წერილები გაუგზავნეს და რა პასუხები მიიღეს.

- თქვენი აზრით, რა მიზნით უნდა მოეწოდებინა ყალბი ფოტოები ფურცხვანიძეს?
- რა მიზანი უნდა იყოს? ის ჩვეულებრივი, რიგითი წყაროა. წყარომ შეიძლება რაღაც ალთას თქვას, ვიღაცამ - ბალთას, ვიღაცამ რაღაცა ნახატი დახატოს და თქვას, ეს ვან გოგის დახატულიაო...

- არ აღშფოთდით, თქვენი მოტყუება რომ სცადა არსაიდან მოსულმა კაცმა?
- წყარო მილიონნაირია და გამოძიებამ უნდა გადაამოწმოს. ამ ფოტოების მიღების მერე არ მით­ქვამს, რომ 18-დან 22-მდე ტყეში მანქანა არ მდგარა,­ მანამდეც ამ აზრზე ვიყავი. ის ფოტომასალა­ პროკურატურაში მტკიცებულებად არ მიმიტანია, გავასაჯაროვე როგორც ინფორმაცია.

- ამბობთ, წყაროს დაკავების უფლება არ ჰქონდათო. ალბათ, ამის საფუძველს იძლევა მტკიცებულებათა ერთობ­ლიობა (ოპერატიული ინფორმაცია, თვალთვალი და ა.შ.). ეს, წესით, სასამართლოში იქნებოდა წარმოდგენილი.
- არა, არ იძლევა. ეს კაცი შტატებში წასვლას აპირებდა დამატებითი ინფორმაციის ჩამოსატანად, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ გოგონა ემსხვერპლა იმ დანაშაულს, რაც ამიერკავკასიაში ხდება. ამ დროს კი მას იჭერენ. გამოდის, აქ დამნაშავეთა ჯგუფს მფარველები ჰყავს.

- რომ გაეშვათ, ეგებ არც დაბრუნებულიყო. არ უნდა დაეკავებინათ?
- რომც არ ჩამოსულიყო, საქმისთვის რა მერე? ამათ ერთი ინტერესი აქვთ - სურთ საქმეს ჩამომაშორონ.

- თქვენს დაკავებასაც უშვებთ?
- ვუშვებ, რომ ამ კაცს ათქმევინებენ, თითქოს მე შევუკვეთე ფოტოები. დარწმუნებული ვარ, შეაცვლევინებენ ჩვენებას, მაგრამ მაქვს ყველა ჩანაწერი, სადაც ეს კაცი მიყვება, საიდან მოიპოვა მასალა, როგორ სთხოვა ევროპელ მეგობრებს და ასე შემდეგ... კრეტინი არა ვარ, კიდევ მაქვს რაღაცები... ყველაფერს თავისი დრო აქვს.

- არ გელევათ ეს "რაღაცები"... სუს-ის ყოფილ თანამშრომელს, ვანო გუ­ლაშვილს რა ვითარებაში­ შეხვდით?
- თვითონ გამომიგზავნა თავისი ადვოკატი, რომელმაც მითხრა, შენთან შეხვედრა უნდაო. გამეცნო და მითხრა, კომპიუტერი მომიტანე, მე გავხსნი და დავადგენ ყველაფერს, სუს-ში ასეთ საქმეზე ვარ ნამუშევარი, მაგ გოგოს ვიცნობო და მომიყვა­ ყველაფერს. რომ ვკითხე, დაგიჯერო, რასაც ამბობ-მეთქი? მიპასუხა, ჩამოწერე ყველაფერი და ხელს მოგიწერო. ხარ პასუხისმგებელი-მეთქი? კიო. მერე გამოკითხვის ოქმი შედგა, სადაც ყველაფერს მოჰყვა. მითხრა, ზაფხული იყო, ოღონდ წელი არ მახსოვს, სამჯერ შევხვდი ბაჩალიაშვილსო. საიდან იცანი-მეთქი და, ტელევიზორში რომ ვნახე, ვიცანიო. გულაშვილი გვარ-სახელებსაც ასახელებს. მითხრა, ახლა საპროცესოს მიკეთებენ, თუ გამომიშვებენ, მეტს მოგიყვები, თუ მომისჯიან, ეს ოქმი გამოაქვეყნეო. ავდექი და მივუტანე ოქმი გამოძიებას. ოქმი თუ არ არსებობს, მისი ადვოკატი რის გასაჯაროებაზე ნერვიულობს? ჩამოხსნან სათვალთვალო კამერა და შეხედონ, როგორ კითხულობს პატიმარი ოქმს. რა, არ კითხულობდა, თუ არ იცოდა, რაზე აწერდა ხელს?

ვინ არის დავით ფურცხვანიძე


საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუინფორმაციის მიწოდების ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დავით ფურცხვანიძე დააკავა. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 2-დან 6 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

"გამოძიებისთვის ცნობილია, რომ ის აპირებს ქვეყნის დატოვებას და უკვე შეძენილი აქვს ავიაბილეთი, ასევე საზღვარგარეთის ერთ-ერთ ბანკში აქვს ანგარიში, რომელზეც სისტემატურად ახდენს სხვადასხვა თანხის აკუმულირებას, რაც ბრალდების მხარეს აძლევს დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ დ.ფ. აპირებს ქვეყნის დატოვებას, რათა თავი აარიდოს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, რის გამოც ბრალდების მხარე იშუამდგომლებს სასამართლოს წინაშე მისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების თაობაზე", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ინტერნეტში მოძიებული მასალების მიხედვით, დავით ფურცხვანიძე მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთთან. "მითების დეტექტორის" მიერ გამოქვეყნებული სტატიით ირკვევა, რომ წიგნი "ვლადიმირ პუტინი - თანამედროვე კაცობრიობის ლიდერი", რომლის ავტორია ბანგლადეშის მოქალაქე ვინმე აშოკ გუპტა, გამოსცა კომპანია Europe Studies Labor (ESL) Georgia-მ, რომლის ხელმძღვანელადაც დავით ფურცხვანიძეა მოხსენიებული. "ქართული კომპანია, რომელმაც წიგნი "ვლადიმირ პუტინი - თანამედროვე კაცობრიობის უმაღლესი ლიდერი" გამოსცა, ეკუთვნის დავით ფურცხვანიძეს, რომელიც რუსეთში საქმიანობს. Europe Studies Labor (ESL) Georgia-ს ვებსაიტზე მითითებულია, რომ კომპანია ევროპისა და აზიის ბაზრებს კომერციული და ჰუმანიტარული პროექტების შემუშავებასა და მათ შესრულებაში ეხმარება.

2013 წლიდან ESL Georgia-ს დირექტორი დავით ფურცხვანიძე ასევე არის ანალიტიკური სააგენტო "უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის" ხელმძღვანელი. დავით ფურცხვანიძის სახელზე ბიზნესრეესტრში რეგისტრირებულია ასევე "სპუტნიკ ტვ", რომლის 100%-იანი წილის მფლობელია", - ვკითხულობთ სტატიაში.

2012 წელს ერთ-ერთ პრორუსულ გამოცემაში გამოქვეყნებულ სტატიაში დავით ფურცხვანიძე რუსეთში მოღვაწე ექსპერტად და "პოლიტიკური ექსპერტიზის ბიუროს" დირექტორად არის მოხსენიებული.
ანა
29 სექტემბერი 2020 00:48
სატელიტის ჩანაწერების ჩამოტანას აშშ-ში წასვლა არ სჭირდება. აქედანაც შეიძლება გამოითხოვოს ფურცხვაანიძემაც და გამოძიებამაც. ა
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები