"ჩვენ გვჭირდება­ იმდენად მიახლოებული კადრი, რომ ობიექტების გარჩევა იყოს შესაძლებელი" - კვირის პალიტრა

"ჩვენ გვჭირდება­ იმდენად მიახლოებული კადრი, რომ ობიექტების გარჩევა იყოს შესაძლებელი"

"სამუშაოს დიდი ნაწილი დასრულებულია, თუმცა შესაძლოა კიდევ გამოიკვეთოს ახალი გარემოება და კიდევ გაგრძელდეს საგამოძიებო მოქმედებები. მეორე მიმართულებაა სატელიტური მასალის მოპოვება, რაზეც ვმუშაობთ და გამოძიება ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი"

წარმოადგენს თუ არა პროკურატურა დავით ფურცხვანიძის ყალბი მასალების საპირწონედ სატელიტურ ფოტოებს, რითაც გაქარწყლდება ოჯახის ეჭვი თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობის ვერსიაზე, ამ კითხვას საქმის პროკურორი ამირან გულუაშვილი პასუხობს:

- სატელიტური ფოტოებისთვის ჩვენ რამდენიმე ქვეყანასა და ორგანიზაციას მივმართეთ. ზოგიერთმა გვიპასუხა, რომ ეს მათი ინტერესის სფერო არ არის.

მაწევნის ტყეში ისეთი განსაკუთრებული არაფერი ხდება, უცხო ქვეყნის თანამგზავრი რომ დაინტერესდეს. ზოგი ამბობს, დედამიწის ის ნაწილი იმ პერიოდში ჩვენს რაკურსში არ შემოდიოდაო, ზოგიც - გვაქვს შორი კადრები, მაგრამ არაინფორმაციულია და არაფრის გარჩევა არ შეიძლებაო. ნაწილისგან უარყოფითი პასუხი მივიღეთ, ნაწილს ჯერ არ უპასუხია.

- მიმართა თუ არა პროკურატურამ ნასას ფოტომასალის გამოთხოვის თაობაზე? - თანამგზავრის მიერ კონკრეტული ტერიტორიის გადაღება საკმარისი არ არის. "გუგლის" თანამგზავრი იქნება თუ ნასასი, ყველას თავისი დანიშნულება აქვს, ტყუილად მას არავინ გაუშვებს. სახელდობრ მაწევნის ტყის შესწავლა სხვა ქვეყნების კომპეტენციაში არ შედის, თუ ვინმემ სპეციალურად არ მიაახლოვა ის ტერიტორია, ინფორმაციული კადრი არ გამოვა.

ჩვენ გვჭირდება იმდენად მიახლოებული კადრი, რომ ობიექტების გარჩევა, ჩვენს შემთხვევაში მანქანის გარჩევა იყოს შესაძლებელი. ოჯახი და ადვოკატები დარწმუნებული არიან, რომ საქმე ეხება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ მკვლელობას.

დედის განცხადება, რომ თუ იქნება სატელიტის ფოტოები, თვითმკვლელობას დავიჯერებო, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ზემოჩამოთვლილი ვერსიების ლოგიკურობას.

როგორ შეიძლება დედის პოზიცია რაიმე ფორმით ამყარებდეს იმ ვერსიებს, რომლებიც ადვოკატსაც ჰქონდა წარმოდგენილი?

ადვოკატი მტკიცებით ფორმაში ამბობს, რომ მანქანა ტყეში არ იდგა და გოგონა მოკლეს. მან ეს აზრი ჯერ კიდევ მაშინ დააფიქსირა, როცა პირდაპირ ეთერში უჩვენებდნენ მანქანიდან ცხედრის გადმოსვენების ვიდეოფირს. პირველი მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებაც არ იყო დასრულებული, როცა კატეგორიულად განაცხადა, ეს მკვლელობააო და ყველა მისი შემდგომი ნაბიჯი ამ ვერსიის შესაბამისად გრძელდება. დედის ეს განცხადება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ადვოკატის პოზიციას, რომ ეს უეჭველად მკვლელობაა. თუ მკვლელობაა, მაშინ რა ფოტოც უნდა იყოს, ეს როგორ გააბათილებს მის ვერსიას? ადვოკატის პოზიცია დამაჯერებელი და მყარი რომ იყოს, მაშინ ის ვერც ერთ მტკიცებულებას ვერ მიიღებს სარწმუნოდ.

- ოჯახისა და ადვოკატის განცხადებით, საგამოძიებო უწყება მხოლოდ თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს. მათ მტკიცებულებებს პროკურატურა უგულებელყოფს. მუსირებს აზრიც, რომ პროკურატურა საქმის დახურვას აპირებს. - ჩვენ ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ჩავატარეთ. მაშინ გვითხრას ადვოკატმა, რას არ ვაკეთებთ, რაზე ვხუჭავთ თვალს? საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და საქმის დახურვაზე ჯერ ლაპარაკი არ არის. სამუშაოს დიდი ნაწილი დასრულებულია, თუმცა შესაძლოა კიდევ გამოიკვეთოს ახალი გარემოება და კიდევ გაგრძელდეს საგამოძიებო მოქმედებები. მეორე მიმართულებაა სატელიტური მასალის მოპოვება, რაზეც ვმუშაობთ და რომელზეც გამოძიება ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი.