"ჩემი აზრით, სპეცსამსახურებს უნდოდათ ბაჩალიაშვილების ანტისახელმწიფოებრივი ქმედებისთვის გამოყენება და არ გამოუვიდათ" - კვირის პალიტრა

"ჩემი აზრით, სპეცსამსახურებს უნდოდათ ბაჩალიაშვილების ანტისახელმწიფოებრივი ქმედებისთვის გამოყენება და არ გამოუვიდათ"

"გარკვეულ ფინანსურ საქმეებზე გამოძიება ბოლომდეა მისაყვანი. ვგეგმავ ამერიკაში გამგზავრებას, უკვე ბილეთებიც მაქვს. ხელს რა შემიშლის?.. ბაჩალიაშვილი ერთ-ერთი შემადგენელი ეპიზოდია დიდ საქმეში და ამ გოგონას გარდაცვალება უნიჭო ინსცენირებაა", - ამბობდა დავით ფურცხვანიძე, რომელიც გენპროკურატურამ "მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცრუინფორმაციის მიწოდების ფაქტზე" დააკავა.

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით "კვირის პალიტრა" "ეროვნული და კორპორაციული უსაფრთხოების სასწავლო კვლევითი ცენტრის" დამფუძნებელს, ემზარ საბანაძეს ესაუბრა:

- ეს ბატონი ფურცხვანიძე და სხვებიც ბაჩალიაშვილების ოჯახს ანტისახელმწიფოებრივად იყენებენ. მას ხელისუფლების დისკრედიტაცია, საზოგადოებაში უნდობლობის გაჩენა და დესტაბილიზაცია სურს. როგორც თქვა, ჯერ ადვოკატი დაუკავშირდა და გასაუბრების შემდეგ მას მისცა გარანტია, რომ ფოტომასალა ავთენტურია, თუმცა გაირკვა, რომ გაყალბებულია. ჩემი აზრით, საქართველოს მტერ სპეცსამსახურებს სურდათ ბაჩალიაშვილების ანტისახელმწიფოებრივი ქმედებისთვის გამოყენება და არ გამოუვიდათ. როგორც ვიცი, ფურცხვანიძე საქართველოში "სპუტნიკ ტვ"-ს ხელმძღვანელია, "სპუტნიკ ტვ"-ს კი რუსეთის სამთავრობო ლოჟა აფინანსებს. მან ტელეეთერში თქვა, ფოტომასალის ავთენტურობის დასადასტურებლად 30 სექტემბერს ამერიკაში უნდა გავემგზავრო და 11 ოქტომბერს ჩამოვალო. ნახეთ, რა საფრთხის წინაშე ვდგავართ - ფურცხვანიძე რომ არ გაუშვა, იტყვის, თქვენ თუ ჭეშმარიტების დადგენა გინდათ, რატომ არ მიშვებთო. გაუშვებენ და, შესაძლოა, აღარც ჩამოვიდეს და ჩასვლისთანავე განაცხადოს, დევნის ობიექტი ვარო და პოლიტთავშესაფარი მოითხოვოს.

ეს კაცი ტყუილად არ გამოუჩენიათ სპეცსამსახურებს - დაინახეს, რომ გენერალურ პროკურატურას სწორად მიჰყავს გამოძიება, რომ იარაღის შეძენისა და ფინანსური მაქინაციების შესახებ ვერსიები ყურით მოთრეულია. მათ არ გამოუვიდათ სტრატეგიულ პარტნიორებთან ჩვენი დაპირისპირება, რომ ჩვენი რეაქცია ქალბატონ თეონა თამაზაშვილის განცხადებაზე (იარაღის შესახებ) დროული იყო. შემდგომში, როცა მან უარყო თავისი განცხადება, ეს ჩვენდამი მტრულად განწყობილი სპეცსამსახურებისთვის მავნე ქმედების განხორციელებაში ხელის შემშლელი პირობა გახდა და გამოჩნდა კიდეც ფურცხვანიძე. ამ ხალხს ოჯახის გაჭირვება სულ არ აინტერესებს, ბაჩალიაშვილების გამოყენებით ცდილობენ საქართველოში გლობალური არეულობის შემოტანას და სტრატეგიულ პარტნიორებთან ჩვენს დაპირისპირებას. ფურცხვანიძემ რამიშვილი მოატყუა, რაც მთელი საადვოკატო კორპუსის უპატივცემულობაა. თუ ჟურნალისტისთვის ხელის შეშლის გამო შეიძლება ვიღაც მისცე პასუხისგებაში, რატომ არ შეიძლება პასუხისგებაში მიეცეს პირი, რომელიც ხელს უშლის ადვოკატს, აწვდის ცრუინფორმაციას და მის დისკრედიტაციას ცდილობს? დიდი ალბათობით, ის განათლებული კაცია და შესანიშნავად იცნობს სპეცსამსახურების მუშაობის სპეციფიკასაც. მისი ამოცანაა, არ გაუშვან საქართველოდან, რათა პროკურატურას დაჰბრალდეს, ვითომ არ სურს ბაჩალიაშვილის საქმეში სიმართლის დადგენა, წასვლის შემთხვევაში კი მისგან მავნებლური განცხადებებია მოსალოდნელი. ერთი თხოვნა მაქვს ჩვენს სპეცსამსახურებთან - "ფურცხვანიძეების" შესწავლა საჭიროა მანამდე, სანამ ისინი საქართველოს ავნებენ. ეს კაცი რიგითი მოქალაქე არ არის, მისი ტელევიზია რუსეთისაა და ინფორმაციის დასადასტურებლად რუსეთში კი არა, ამერიკაში მიდის - ანუ ცდილობს რუსეთზე ეჭვის გაქარწყლებას. ეს ერთ-ერთი მეთოდოლოგიაა, ვითომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს ტერიტორიაზე თანამშრომლობენ რომელიღაც ორგანიზაციებთან, რომლებიც ფინანსურ მაქინაციებს იძიებენ და შემდგომში საქართველოს მოქალაქეს კლავენ...

იხილეთ ასევე: "მაპატიეთ, თუ ვერ გავუძლებ..."