"მაპატიეთ, თუ ვერ გავუძლებ..." - კვირის პალიტრა

"მაპატიეთ, თუ ვერ გავუძლებ..."

23 სექტემბერს გენპროკურატურამ მედიის წარმომადგენლებისთვის თამარ ბაჩალიაშვილის 5 ვიდეოჩანაწერი გაასაჯაროვა. ამ ვიდეოებში თამარის ემოციური მდგომარეობა, დაბალი თვითშეფასება და საკუთარ თავზე მუშაობის მცდელობა ჩანს. ის უკმაყოფილოა საკუთარი ცხოვრებით, გარეგნობით, სწავლით, სამსახურითა და მიღწევებით. ვიდეოჩანაწერებში, სადაც თამარი უმთავრესად მეორე პირში საუბრობს, ხშირად ისმის საკუთარი თავის გასამხნევებელი შეძახილი და მოწოდება.

ერთ-ერთ ვიდეოში, რომელიც საფრანგეთშია გადაღებული, მსგავსი შინაარსის მონოლოგია ჩაწერილი: "თამარ, შენ ეს შეგიძლია, შენ უკეთესი უნდა გახდე და გამოსწორდე. შენ უნდა გამოსწორდე, მხოლოდ შენ ხარ შენი თავის პატრონი, სხვა პატრონი არა გყავს. სამუდამოდ გინდა დარჩე ფონიჭალაში, 27 კვმ ბინაში ოჯახის სამ წევრთან ერთად, იყო გამოუსადეგარი და მოსაწყენი ადამიანი? 2012 წელს რაც ვერ შეძელი... ისიც კი ვერ შეძელი, სიცოცხლის დასრულება... ახლა, როგორც გინდა, შეითავსე სწავლა, შრომა და ურთიერთობები. შენ უნდა განვითარდე, ყველას უნდა დაუმტკიცო, რომ მათზე უკეთესი ხარ, ბევრი უნდა იმუშაო თავზე, შედეგთან უნდა მიხვიდე, სხვანაირად ტეხავს... რამდენი ადამიანი გყავს, მაგრამ მაინც მარტო ხარ... როდემდე შეიძლება იყო ჩაკეტილი და საკუთარ გალიაში გამოკეტილი?".

ერთ-ერთ ვიდეოში თამარი წარუმატებელ სემესტრზე ლაპარაკობს და ამის გამო ტუქსავს თავს: "ვერაფერს ვერსად მიაღწიე, პიროვნულად ვერ განვითარდი, არაფერი შეიცვალა ჩემთვის, ვერ მივიღე შედეგი, რაც მარტო ჩემი ბრალია. ადრე რთულ მომენტებს ტირილით გადმოვცემდი, ახლა ვეღარ ვტირი. არ ვიცი, კაია თუ ცუდი, მაგრამ უფრო მძიმედ ვგრძნობ თავს. არანაირი გეგმის დაწყობას ცხოვრებაში აზრი არა აქვს. რა უნდა ცხოვრებას ჩემგან?! 2012 წლის გეგმის განხორციელებაზე ბევრი ვიფიქრე, გეგმები დავაწყვე, შეიძლებოდა გამეკეთებინა, მაგრამ ძალიან სუსტი ვარ".

შემდეგ ჩანაწერში გოგონა სამსახურზე აკეთებს აქცენტს და მოუწოდებს თავს, ისწავლოს, განვითარდეს და მერე ახალი სამსახური მოძებნოს; ახსენებს უნივერსიტეტსაც და წარუმატებელ გამოცდებს. "არ ვიცი, რისი ბრალია, მაგრამ ვერც ერთი საგანი ვერ ჩააბარე, რატომ მოგივიდა ეს? ყველაფერს ცდილობდი, მაგრამ შედეგი არ არის. ვერაფერი ვერ გააკეთე, გესმის? ახლავე შემეძლო საიქიოში გამგზავრება, თავს მოვიკლავდი... რას მივაღწიე? ნიჭიერი არა ვარ, ლამაზი არა ვარ, ჭკვიანი არა ვარ, კეთილი არა ვარ. არაფერი შენ არ შეგიძლია და ვაღიაროთ, რომ ძალიან სუსტი აღმოჩნდი, დაკარგე შანსი პარიზში წასვლის, კარგავ დიპლომს, ალბათ, ჩარჩები კურსზე და ერთი სრული წელი მოგემატება... ჩემი თავი და სხეული მეზიზღება, არაფერი მე არ მივარგა, კატასტროფაა... ამიერიდან იკლებ წონაში, არ საყვედურობ ადამიანებს, ყველაფერს ცივი გონებით აკეთებ, ყველა ნაბიჯს გააზრებულად დგამ, არავის აძლევ დაჩაგვრის საშუალებას, უაზროდ არ ხარჯავ დროს და აქრობ აგრესიას, ერთდროულად არაფერს აღარ გააკეთებ, ხომ ხედავ, არ გამოგდის. ერთი საქმე დაამთავრე, დაიწყე მეორე. სანამ საუკეთესო შედეგს არ მიიღებ, ან ყველაფერი, ან არაფერი!"

ხუთი ვიდეოჩანაწერიდან ორში შავ ფონს გასდევს მხოლოდ გოგონას ხმა და ტირილით მოყოლილი ამბები სამსახურზე, თანამშრომლებზე, კომპანია "ზეგის" მენეჯერ ნიკა გეჯაძესა და უიმედო სიყვარულზე. გოგონა თავს საყვედურობს, რომ ნიკაზე ფიქრის უფლება თავისთვის არ უნდა მიეცა, რომ მხოლოდ რიგითი თანამშრომელია და სხვა არაფერი; რომ მას სხვა აინტერესებს, სხვა მოსწონს, და თავს აიძულებს მასზე აღარ იფიქროს. ვიდეოში ახსენებს თანამშრომელ ნინისაც, რომელზეც ეჭვიანობს და თავს საყვედურობს, რომ ტყუილად გაუჩნდა დიდი მოლოდინი და ოცნებები.

"მარტოობა ცუდია, თუმცა ცხოვრება გრძელდება", - ამ სიტყვებით ასრულებს თამარი მონოლოგს.

გოგონა ულტიმატუმს უყენებს საკუთარ თავს: "ან უნდა მოკვდე, ან ნორმალურად გააგრძელო ცხოვრება. ასე აღარ შეიძლება. არ დაუშვა ასე გაიფუჭო ნერვები, შენს შვილებს ნორმალური დედა უნდა ჰყავდეთ. 22 წლისას თუ არავინ მყავს, არ ნიშნავს, რომ აღარ მეყოლება ვინმე, გთხოვ, ნუ იფუჭებ ნერვებს! ცხოვრება მშვენიერია!"

მეხუთე ვიდეოში თამარი სასოწარკვეთილია და თვითმკვლელობაზე ლაპარაკობს: "ისიც კი ვიცი, თავი როგორ მოვიკლა, მაგრამ არ მინდა ასეთი ტკივილისთვის გავიმეტო დედა, მამა და გია. მეცოდებიან, რომ მოვლენ და ტყეში მკვდარს მნახავენ, ამიტომ არ ვიკლავ თავს. არც ტკივილის მეშინია, არც არაფრის, აღარ შემიძლია ასე გაგრძელება, აღარ მინდა სიცოცხლე. ჩემს მშობლებს რა ვუყო, როგორ გავუმწარო ცხოვრება? შვება იქნება სიკვდილი. როგორ მინდა, როგორ! მაპატიეთ, თუ ვერ გავუძლებ და თავს მოვიკლავ, მაპატიეთ. იცოდეთ, სხვა გზა არ მქონდა და გადაიტანთ როგორმე".

იხილეთ ასევე: "პროკურატურას უნდა, ფურცხვანიძეს ათქმევინოს, თითქოს მე შევუკვეთე ფოტომასალა"