"გოგონამ სთხოვა დახმარებოდა ნარკოტიკის შეძენაში, რადგან უცხოელი იყო... უყიდა, მიუტანა, იმ აგენტმა გოგომ ფული ჩაუთვალა და..."
"გოგონამ სთხოვა დახმარებოდა ნარკოტიკის შეძენაში, რადგან უცხოელი იყო... უყიდა, მიუტანა, იმ აგენტმა გოგომ ფული ჩაუთვალა და..."
ნარკოტიკული საშუალებების ინტერნეტით ვაჭრობა დღემდე ურთულესი გამოწვევაა სამართალდამცავებისთვის. მართალია სისტემატურად ხდება ასეთი დამნაშავეების გამოვლენა და დაკავება, მაგრამ ამის მიუხედავად, პრობლემა ისევ პრობლემად რჩება. ალბათ ყველა თქვენგანს მოსვლია ტელეფონებზე მსგავსი შინაარსის შეტყობინება. ისევ სთავაზობენ ადამიანებს კლუბურ თუ სხვა სახის ნარკოტიკს.

საკმაოდ გავრცელებულია ასეთი სქემა: მომხმარებელი უკავშირდება ინტერნეტით იმ პირს, რომელიც სთავაზობს ნარკოტიკს, მისგან ყიდულობს სასურველ ნივთიერებას, მოლაპარაკების შემდეგ მითითებულ ანგარიშზე რიცხავს შესაბამის თანხას, ხოლო ამის შემდეგ რეალიზატორი ვალდებულია შეძენილი ნივთიერება კონკრეტულ
ლოკაციაზე მოათავსოს. რეალიზატორი დაფასოებული ნივთიერების მოთავსების შემდეგ ფოტოს უგზავნის შემძენს, შემდეგ "გუგლ მაფის"  (google map) საშუალებით მარშრუტის სქემას აძლევს, თუ როგორ უნდა მივიდეს დანიშნულების ადგილას და აიღოს ნარკოტიკი.

რეალიზატორები ხშირად ქირაობენ ა
დამიანებს და მათი დახმარებით კონკრეტულ მისამართებზე ხდება ინტერნეტით გამოწერილი ნივთიერებების დალაგება.
"ე.წ ნარკობიზნესში დასაქმებული ვიყავი და თვეში ამ გზით საშუალოდ 2000 ლარამდე თანხა გამომდიოდა. პირადად არ ვიცნობდი რეალიზატორებს, ამ ჯგუფში ნათესავის მეშვეობით მოვხვდი, მანამდე შეხება არ მქონია არასოდეს წამალთან. მან მითხრა, რომ ჩართული იყო თბილისის მასშტაბით ნარკოტიკის გასაღებაში, საიდანაც გარკვეულ ანაზღაურებას იღებდა. შემომთავაზა მასთან ერთად მემუშავა, მითხრა რომ გადამიხდიდა 2 კვირაში 1000 ლარს. იმის გამო რომ მე და ჩემს ოჯახს ძალიან გვიჭირდა და მინდოდა თანხა ბინის საგირავებლად, შემოთავაზებულ წინადადებას დავთანხმდი და დავიწყე მასთან ერთად მუშაობა, ის მაწვდიდა უკვე დაფასოებულს, მაძლევდა მისამართებს და იმ ადგილებზე ვალაგებდი. ასე ვიმუშავე რამდენიმე თვე და მერე პოლიციამ დამაკავა",- ეს გახლავთ ფრაგმენტი ერთ-ერთი გამსაღებლის ჩვენებიდან. საქმე ძალიან გახმაურებული იყო და მაშინ სამართალდამცავებმა მასთან ერთად რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის ერთი ოჯახის 4 წევრი იყო და სწორედ მათ ედავებოდნენ ძალოვნები დიდი ოდენობით ნივთიერების შეძენა-შენახვა გასაღებას. სქემაც გაიშიფრა და მტკიცებულებებიც საქმეში იდო. ჩვენი ინფორმაციით, ყველა მათგანი ამ დრომდე პატიმრობაში რჩება.

მსგავსი სქემით არაერთი ჯგუფი მოქმედებს თბილისში და სხვა ქალაქებში. ისიც ცნობილია, გამსაღებლები ყველაზე აქტიურად სოციალურ ქსელ "ტელეგრამს" იყენებენ და ძალოვნებმა ასეთი რამდენიმე ჯგუფი გამოავლინეს კიდეც. მაგრამ ამით არ სრულდება პრობლემა, ერთის გამოვლენის შემთხვევაში სხვა ახალი ჯგუფი იქმნება და პოლიციას მუდმივად უწევს მათი დევნა და დაკავება. ასევე ისიც ცნობილია, რომ არსებობს სხვადასხვა ონლაინ მაღაზია, სადაც თავისუფლად იყიდება დღეს ნარკოტიკი.

ადვოკატ ნინო ლალიაშვილს არაერთი პირი დაუცავს, რომელსაც გამოძიება მსგავსი სქემით მოქმედებას ედავებოდა. ამიტომ კარგად იცის ის სქემაც, როგორ მიდის ინტერნეტით ნარკოტიკის ვაჭრობა. მას ვთხოვეთ ჩვენთან ამ დეტალებზე და პრობლემაზე ესაუბრა.

- სოციალური ქსელით, ინტერნეტის საშუალებით ნარკოტიკული საშუალებების გავრცელება სერიოზული პრობლემაა. პირადად მეც მომსვლია მსგავსი არაერთი შეტყობინება. თითქმის ყველა სახის ნარკოტიკს გთავაზობენ და ასევე თავისუფლად არის შესაძლებელი ანალოგიური გზით ცეცხლსასროლი იარაღების შეძენაც. ასეთი შემოთავაზებებიც კი ხდება დღეს. ძირითადად ეს ტექსტები რუსულენოვანია და თუ გამოეხმაურები, მაშინვე მოგდის მათგან პასუხი.

ყველაზე გახმაურებული და სკანდალური დაკავებები 2018 წელს იყო. ალბათ გახსოვთ ე.წ. ბასიანის საქმედ წოდებული საქმე, როცა ერთდროულად ბევრი ახალგაზრდა დააკავეს. მათ შორის ნარკოტიკული ნივთიერების, როგორიც არის მდმ, ექსტაზის გამსაღებლები. დაკავებულები ძირითადად ე.წ. მსუბუქი ნარკოტიკის გამსაღებლები იყვნენ. ფაქტობრივად კადრები დადო გამოძიებამ და ვაჭრობა ხდებოდა კლუბის გარეთ, რამდენიმე მეტრში. გასაღებაში მოიაზრება როგორც ფულადი თანხით, ასევე ჩვეულებრივ ერთი ადამიანიდან მეორე ადამიანზე ნარკოტიკული ნივთიერების გადაცემაც. საქმის გამოძიების დროს ისიც გამოიკვეთა, რომ აღნიშნულ საქმეში მოქმედებდნენ აგენტ-პროვოკატორები. კრიმინალური პოლიციის ეგრეთწოდებული აგენტები, ანუ ისინი, რომლებიც მანამდე ჰყავდათ დაკავებული პოლიციის თანამშრომლებს მსგავსი ქმედებისთვის და შემდეგ მათ ამუშავებდნენ და იყენებდნენ სხვა პირების გამოსავლენად და დასაკავებლად.

- როგორც მახსოვს, თქვენ იცავდით მამაკაცს, რომელმაც სხვას მიყიდა ნარკოტიკი.
- ჩვენს შემთხვევაში ვითარება ასეთი იყო. უცხოელმა გოგონამ პროვოცირება გაუკეთა თავის მეგობარ ბიჭს. მე ვიცავდი ამ ბიჭს. ის გოგონას იცნობდა და გოგონამ სთხოვა დახმარებოდა ნარკოტიკის შეძენაში, რადგან უცხოელი იყო და არ იცოდა ქართული და რუსული. როგორც გითხარით, კომუნიკაცია ძირითადად ინტერნეტით რუსულად ხდება და უთხრა გამოეწერა მისთვის ნარკოტიკული საშუალება ინტერნეტით, თანხა გადაეხადა და შემდეგ როცა შეხვდებოდა მას კლუბთან, თანხას იქ მისცემდა და ნარკოტიკს წაიღებდა. ამ შემთხვევაში საუბარია კლუბურ ნარკოტიკზე, რომელიც ძირითადად კლუბებში მოიხმარება. ამ ნივთიერებების მომხმარებელები ამბობენ, რომ ეს არის ენერგიაზე მომყვანი ნარკოტიკული საშუალება და არა ნარკოტიკი, თუმცა ეს დასჯადია.
არ ვიზიარებ იმ აზრს, რომ ვინც კლუბში დადის ყველა მომხმარებელია, მაგრამ ტერიტორიის მიმდებარედ ამ ნივთიერებების შეძენა თავისუფლად ხდებოდა. ჩემმა დასაცავმა არ ითანამშრომლა გამოძიებასთან, ის აცხადებდა რომ ინტერნეტით შეიძინა ეს ნივთიერება და ამიტომ არ იცოდა თუ ვისგან იყიდა. ბუნებრივია ვერ დააჭერინებდა იმ ხალხს, ამიტომ მკაცრად დასაჯეს, 9 წელიწად ნახევარი მიუსაჯეს. გავასაჩივრეთ განაჩენი ყველა ინსტანციაში, მაგრამ ძალაში დარჩა. ხოლო იმათ, ვინც ითანამშრომლა გამოძიებასთან, მათ შორის იყო ერთი გოგონა და კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომლებმაც სხვა ადამიანებზე გაიყვანა გამოძიება, მათ შედარებით შეუმსუბუქეს სასჯელი, საპროცესოები გაუფორმეს. მართალია ციხიდან არც ერთი ბრალდებული არ გამოსულა, მაგრამ მათ რეალური სასჯელი, 3- 4- 5 წელი მიესაჯათ პირობით მსჯავრთან ერთად.
როცა სოციალური ქსელით ყიდულობ, არ იცი ვისგან ყიდულობ და ვერც ასახელებ ვინაობას. ასეთ დროს არ აქვთ უშუალოდ გამსაღებელთან შეხება. ფულს რიცხავ კონკრეტულ ანგარიშზე და შენ მოგდის ნარკოტიკი. სავარაუდოდ ის გოგონა, რომელმაც ჩემი დასაცავი დააჭერინა, აყვანილი ყავდათ ნარკოტიკების შეძენაშენახვისთვის და მან სხვები დააჭერინა. ჩვენს საქმეში ბრალდებულის სკამზე რამდენიმე განსასჯელი იჯდა, მათ შორის იყო ქართველი გოგონა, რომელიც დებდა კონკრეტულ მისამართებზე ამ ნივთიერებებს, მან ითანამშრომლა და საპროცესო გაუფორმეს. 7 პირი იყო სულ ამ საქმეზე დაკავებული და ძირითადად კლუბური ნარკოტიკი ფიგურირებდა საქმეში.

- სად შეიძინა თქვენმა დასაცავმა ეს ნივთიერება?
- ერთ-ერთი სოცქსელიდან ჰქონდა შეძენილი, უყიდა გოგოს, მიუტანა, იმ აგენტმა გოგომ ფული ჩაუთვალა და ამ დროს დააკავეს.

სხვა საქმეც მქონია, მაგალითად ვიცავდი ახალგაზრდას, რომელიც იყო შუამავალი და ინტერნეტით გამოწერილ ნივთიერებებს კონკრეტულ ლოკაციაზე დებდა. ისიც მიეცა პასუხისგებაში, არც მან არ დაასახელა კონკრეტული პირები თუ ვისი დავალებით აკეთებდა ამას. შემდეგ იღებდა ფოტოს და "გუგლის" დახმარებით ხვდებოდა მყიდველი იმ ლოკაციაზე. მას რომ ეთქვა სხვისი დავალებით ვალაგებდიო მაშინ როგორც გამსაღებელს ისე გაასამართლებდნენ, მაგრამ მას ბრალი ჰქონდა წარდგენილი ნარკოტიკის შეძენა-შენახვაზე, დაკავების დროს აღმოაჩნდა და მიუხედავად იმისა სამართალდამცავებს ეჭვი ჰქონდათ რომ გამსაღებელი იყო, გასაღება ვერ დაუმტკიცდა. კიდევ ვიცავდი ისეთ პირსაც, რომელმაც ფოსტით გამოიწერა და დააკავეს. ფოსტითაც იწერენ, მაგრამ ასეთი ფაქტების გამოვლენა უფრო უადვილდებათ ძალოვნებს, უფრო ადვილად იხსნება ასეთი საქმეები, რადგან მიმღების ვინაობა მითითებულია.

დღეს ფაქტობრივად აღმოფხვრილია ეს გზა, სპეციალური სამსახურია რომელიც მარტო ნარკოტიკულ ნივთიერებაზე მუშაობს და ადვილად ადგენენ ამ გზით შემოსულს. მაგრამ ისევ პრობლემად რჩება საზღვარგარეთიდან შემოტანა. სხვადასხვა გზას იყენებენ ამისთვის, ტრანზიტი, ტრაილერები, საზღვრები და ასეთი გზები.

ძალიან პრობლემურია ის რომ ახალგაზრდები ვერ იაზრებენ რა პრობლემა შეიძლება მოყვეს ამ ნივთიერებების გამოყენებას. თვლიან რომ მსუბუქი ნარკოტიკია და არ არის საშიში, თუმცა ჩვენ გვაქვს არაერთი მაგალითი რა შედეგი დადგა ამ კლუბური ნარკოტიკებით. ის, რომ ნარკოტიკები კვლავ ძალიან ხელმისაწვდომია ჩვენს ქვეყანაში ყველა ადამიანისთვის, ეს რეალობაა. ეს სერიოზული პრობლემაა სახელმწიფოსი. სპეციალისტები მუდმივად ხაზგასმით ამბობენ, რომ სინთეტიკური ნარკოტიკი ძალიან საშიშია და რეალურად იწვევს ძალიან მძიმე შედეგებს. აღნიშნული ნარკოტიკის მიღების შემდეგ ვითარდება უმძიმესი ფორმის დამოკიდებულება, რომელიც ვლინდება პარანოიაში, აგრესიაში, თვითდაზიანების შემთხვევებში, მეტყველების და მოძრაობის გაძნელებასა და თავის ტვინის უმძიმეს ორგანულ დაზიანებებში. სპეციალისტები ცალსახად ამბობენ, რომ ამის მიღება იწვევს ჰალუცინაციებს; პარანოიას; ძლიერ შიშებს; უძილობას; აგრესიას; გულსისხლძარღვთა უკმარისობას, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლას და სხვა მძიმე შედეგებს. ამიტომ ახალგაზრდები უნდა დაფიქრდნენ და არ უნდა შეუქმნან საფრთხე თავიანთ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

(სპეციალურად საიტისთვის)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თვის კითხვადი სტატიები