"დანაშაულის ჩადენის მეორე დღეს დაურეკავს ძმისთვის და უთქვამს, მგონი ნაირა მოვკალი, ადი მის სახლში და ნახეო"
"დანაშაულის ჩადენის მეორე დღეს დაურეკავს ძმისთვის და უთქვამს, მგონი ნაირა მოვკალი, ადი მის სახლში და ნახეო"
6 ოქტომბერს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პავლეურში მკვლელობა მოხდა. 60 წლის ნაირა გულბათაშვილი მეზობლად მცხოვრებმა ნათესავმა, 25 წლის ზაქარია გულბათაშვილმა მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლო. ჯერჯერობით სამართალდამცავებს დამნაშავე არ დაუკავებიათ და მას ყველგან ეძებენ. ანანურის თემში მერის წარმომადგენელი, გენადი გულბათაშვილი ამბობს, რომ დამნაშავე მკვლელობის მეორე დღეს ანანურში გამოჩნდა, ხალხმა მაშინათვე პოლიციას შეატყობინა ეს ამბავი, მაგრამ მან მიმალვა შეძლო და ამ დრომდე გრძელდება დუშეთში სამძებრო სამუშაოები. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია, ერთ-ერთი
ვერსიით, მოტივად ქურდობა განიხილება. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ დამნაშავე ნაირა გულბათაშვილის საცხოვრებელ სახლში გასაქურდად მივიდა, ქალს ეტყობა დამნაშავე სახლში არ ელოდებოდა, მაგრამ ის სახლში აღმოჩნდა და დანაშაულიც ჩაიდინა. ადგილობრივების თქმით, დამნაშავეს ფსიქიკური პრობლემები აქვს, ის ხონის ფსიქიატრიულშიც იწვა და იმასაც ამბობენ, რომ ქუჩაში მისი ყოფნა სხვებისთვისაც
საფრთხეა.

გენადი გულბათაშვილი, მერის წარმომადგენელი ანანურის თემში:
- შეძრული ვარ მომხდარით. მოკლული ნაირა გულბათაშვილი ჩემი ბიძაშვილი იყო და ვინც მოკლა, ისიც ჩემი ბიძაშვილია. ჩვენი პაპები ძმები იყვნენ. ნაირა და ზაქარია ერთმანეთის ნათესავები არიან. ბიჭს ფსიქიკური პრობლემები აქვს, 25 წლის არის, იწვა ფსიქიატრიულშიც რამდენიმე წლის წინ. ახლა იღებდა თუ არა ფსიქოტროპულ წამალს, არ ვიცი. ზაქარია ნასამართლევიც არის ქურდობაზე, ციხეშიც იჯდა. ნაირა 60 წლის იყო, ძალიან კარგი ადამიანი. მშრომელი, ოჯახზე და შვილებზე მზრუნველი. მეუღლე სამი წლის წინ გარდაეცვალა და სოფელში დედამთილთან ერთად ცხოვრობდა. ერთადერთი, 19 წლის შვილი ჰყავს, რომელიც თბილისში მუშაობს და ბებია შვილიშვილთან იყო წასული. სახლში მარტო იყო. ნაირა რესტორანში მუშაობდა და გვიან ბრუნდებოდა სახლში. ეტყობა ზაქარია იქ ბინის გასაქურდად შევიდა. ჩვენი ინფორმაციით, ფანჯრიდან არის გადასული და ისეა სახლში შესული და როგორც ჩანს, სახლში ნაირა რომ დახვდა-იცნო, ალბათ ამიტომ მოკლა. სხვა რა შეიძლება მომხდარიყო არ ვიცი. საშინლად განვიცდით ამ ამბავს და დამნაშავეს ყველგან ვეძებთ, ჯერ ვერ ვიპოვეთ.

- ამბობენ დამნაშავე მეზობლად ცხოვრობდაო...
- ზაქარია გულბათაშვილის ოჯახი ამჟამად სოფელ ცივწყაროში ცხოვრობს, მაგრამ პავლეურშიც, ნაირას მეზობლად სახლი აქვთ და იქაც ხშირად დადიოდნენ. ეს სოფლები ერთმანეთთან ახლოსაა, მხოლოდ მდინარე ყოფს. პავლეურში დაიბადა და გაიზარდა ზაქარია, სკოლაც იქ აქვს დამთავრებილი. 40 მეტრითაა ზაქარიას და ნაირას სახლები ერთმანეთისგან დაშორებული. არავითარი კონფლიქტი მათ შორის ადრე არ იყო, რომ სხვა ვერსია განვიხილოთ.

- რა იცით მომხდარზე? ქალი საშინლად ნაწამებიაო და ამას ადასტურებთ?

- როგორც ირკვევა, 6 ოქტომბერს, ღამის საათებში ჰყავს მოკლული და ამის შემდეგ იქაურობა დატოვა. მეორე დღეს დაურეკავს ზაქარიას თავისი ძმისთვის და უთქვამს, მგონი ნაირა მოვკალი, ადი მის სახლში და ნახეო. ძმა, გიგა მეზობლის ბიჭთან ერთად წასულა ნაირას სახლში და იქ შესულებს უმძიმესი სურათი დახვდათ. მაშინათვე მე დამირეკეს და სასწრაფოდ ვაცნობე პოლიციას, მალე მივიდნენ შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და გამოძიება დაწყებულია. ნაწამებია საწყალი ქალი, სავარაუდოდ დაახრჩო, სხეულზე ძალადობის და წამების კვალი ეტყობაო. სამხარაულის ექსპერტიზაზე გადაასვენეს, იქ ჩაუტარდა ექსპერტიზა და რა დაზიანებები ჰქონდა მოკლულს, ეს ექსპერტიზით გაირკვევა. გიდასტურებთ, რომ საშინლადაა ნაწამები.

ნაირას სახლში ფული არ ექნებოდა, რომ ვინმეს დაეყაჩაღებინა. რესტორანში მუშაობდა და გვიანობამდე იქ იყო ხოლმე, ამიტომ ვფიქრობთ, სავარაუდოდ მკვლელს ის სახლში არ ეგულებოდა და შეიძლება გასაქურდად გადაძვრა ფანჯრიდან და სახლში რომ დახვდა ქალი, ეტყობა ამის მერე მოხდა მკვლელობა.

- დამნაშავე აგრესიული ადამიანი იყო?
- ქუჩაში სხვების მიმართ აგრესიული არ იყო, მაგრამ რომ დაელაპარაკებოდი მიხვდებოდი, რომ არ ჰქონდა დალაგებული აზროვნება. გიდასტურებთ, რომ ფსიქიკური პრობლემა ჰქონდა. 4 დედმამიშვილი არიან, ძმა და ორი და ჰყავს, ძალიან კარგი ახალგაზრდები. დამნაშავეს ცოლ-შვილი არ ჰყავს.

- ახლოს არავინ ცხოვრობს, ხმაური არავის გაუგია?
- მეზობლად ბიძაჩემი ცხოვრობს, 85 წლის კაცია და სმენის პრობლემა აქვს. რომც ეყვირა ნაირას და შველა ეთხოვა, ვერავინ გაიგებდა. მკვლელი ქურდობისთვის ნასამართლევია, წელიწად ნახევარი იჯდა ციხეში, როგორც მახსოვს, 5-6 წლის წინ. რატომ მოკლა ეს სათნო ქალბატონი, ამაზე პასუხი ჯერჯერობით არ მაქვს.

საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

(სპეციალურად საიტისთვის)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები