დაკარგული რუკების საქმე - კვირის პალიტრა

დაკარგული რუკების საქმე

8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროს ივერი მელაშვილსა და შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარ ინსპექტორ ნატალია ილიჩოვას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდება მძიმეა და მისი დამტკიცების შემთხვევაში მათ 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. გამოძიების მტკიცებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის _ დავითგარეჯასთან. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა საქართველოს საზიანოდ განზრახ გადამალეს 1937-1938 წლებით დათარიღებული რუკა, რომელიც ჩხრეკის შედეგად ნატალია ილიჩოვას კაბინეტში აღმოჩნდა, არადა, ამ რუკის დედანს, წლებია, ეძებენ. ილიჩოვას სამუშაო კაბინეტსა და სახლში ჩხრეკა 1-ლ ოქტომბერს ჩატარდა. პარალელურად გაიჩხრიკა ივერი მელაშვილის სახლი და სამუშაო კაბინეტიც. ილიჩოვასგან ამოღებულია რუკა, რომლის მასშტაბია 1:200 000. ცნობილია ისიც, რომ ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა ანალოგიურ დედანს სხვა ქვეყანაში მიაგნო და როგორც ამბობენ, მის შესაძენად 5 მილიონი დოლარი გადაიხადა. ამ დღეებში ბიზნესმენი დავით ხიდაშელი საქართველოში ჩამოდის და ამბობს, რომ თავად ახსნის, როგორ მოიპოვა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტები.

"ამისთანა ბრალდებით ვერ ვიცოცხლებ"

დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. მელაშვილი ირწმუნება, რომ უდანაშაულოა და ამ ბრალდებას არასოდეს შეეგუება:

"მთელი ცხოვრება საქართველოს ინტერესებით მიცხოვრია. რისი წაკითხვაც მოვასწარი, ეს არის დაკავების შესახებ განჩინება და ბრალის დადგენილება. პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ორივე დოკუმენტში მოყვანილი ფაქტები ერთია, მაგრამ შედგენილია და აწყობილია დილეტანტურ მიდგომაზე. თურმე საქართველომ რაღაც ტერიტორია დაკარგა... ეს ფაქტი საერთოდ არ მომხდარა. რაც შეეხება ბერ კირიონს, ჰგონია, რომ რაღაც იცის... სინამდვილე ის არის, რომ საქართველოს საქმეს აფუჭებთ, ხალხო! მეორე _ ქვეყანას აძლევთ საშუალებას, დაგადანაშაულონ მიწის მითვისებაში მაშინ, როცა პირიქით, სახეგამართულები ვიყავით... გაუნათლებელ, დილეტანტურ მიდგომაზე საუბარი 29 წლამდე მიიყვანს ყველაფერს... ეს არის სიბინძურე. რაც ხდება, უბინძურესი ბრალდებაა. ეს შეიძლება პროკურორისთვის არაფერი იყოს... მე ვერც ციხე გამტეხს. კი ბატონო, ჩამსვით, მაგრამ ამ ბრალდებას მე ვერ შევეგუები! ჩემ უკან ოჯახია, დედა-მამაა, წინაპრებია და ის, რომ ქართველი ვარ. არსად გაქცევას არ ვაპირებ, არსად მიმალვას. ვერც გაქცეული და ვერც აქ მყოფი ამისთანა ბრალდებით ვერ ვიცოცხლებ, არ შემიძლია... ვერ ვხვდები, პროკურატურა რა შუაშია, ამ დეტალებს რომ იხილავს. თუ საჭიროა რაღაცის განხილვა, ეს მაგიდასთან, სპეციალისტების თანდასწრებით მოხდეს. არ შეიძლება, თეთრზე იძახო, ყავისფერიაო, ან ეს სჯობს იმასო. ვინ გითხრათ, რომ სჯობს? სად იყვნენ ეს ექსპერტები ან ის პირები? ვილაპარაკოთ ამაზე გინდა მაგიდასთან და გინდა ისე, მაგრამ თუ ამისთვის ციხეში გამიშვებთ და იმას ილაპარაკებთ, რაც გაგიხარდებათ, ვიტყვი, რომ არ ხართ სიმართლის დადგენით დაინტერესებული... თუ დაინტერესებული ხართ, რომ ხმაურიანი საქმე გახსნათ და ამ საზიზღარი ბრალდებით ციხეში გამიშვათ, ამის უფლებას არ მოგცემთ, ბოლომდე ვიბრძოლებ, არსად გამქცევი არ ვარ".

ფრაგმენტი 1:200 000-იანი მასშტაბის რუკისა, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ უდაბნოს ტერიტორია საქართველოს საზღვრებშია მოქცეული

"ეს რუკა ინტერნეტშიც დევს და არ არის სრულყოფილი"

ბრალს არც ნატალია ილიჩოვა აღიარებს: "თუკი, როგორც ამბობენ, ჩვენ გვაქვს 200 000-იანი რუკა, ეს რუკა ჩვენ სულ გვქონდა, მაგრამ ეს 1936 წლის რუკაა, რომლის თანახმად გადავდივართ 1929 წელში. ამ დოკუმენტის მიხედვით, საზღვარი არის ჩიჩხიტურის კოშკზე და დავითგარეჯის ნაწილს ვკარგავთ. როდესაც ჩემთან ჩატარდა ჩხრეკა და მასალები ამოიღეს, გაუკვირდათ, რატომ გვქონდა ამდენი დოკუმენტი. ვსწავლობდი ამ მასალებს და იმიტომ მქონდა... ჩვენთვის უცხოა ბრალდება, რომელიც წაგვიყენეს. ეს რუკა ინტერნეტშიც დევს და სწორედ მასზე ვამბობთ, რომ არ არის სრულყოფილი. შეგიძლიათ შეადაროთ ძველი და ახალი რუკები და დარწმუნდებით, რომ იქ იმ დატანილ წერტილს ვერ ნახავთ... ჩვენ ვხელმძღვანელობთ 1938 წლის დადგენილებით, გვაქვს სრულყოფილი რუკები, უფრო ზუსტი, სადაც უკეთესად არის დატანილი საზღვრები. რაც შეეხება იმას, რომ დაიკარგა _ ეს ნამდვილად მე გავაკეთე, თუ ვარაუდია?".

ადვოკატმა სულხან კომახიძემ 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ილიჩოვას გათავისუფლება მოითხოვა, მაგრამ სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მელაშვილის ადვოკატ ედუარდ მარიკაშვილს თავისი დასაცავის გათავისუფლება გირაოს სანაცვლოდაც არ მოუთხოვია, რადგან ბრალდებულმა ამაზე უარი თქვა. ადვოკატები გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ... ივერი მელაშვილი "მატროსოვის" ციხეშია, ნატალია ილიჩოვა კი რუსთავში, ქალთა დაწესებულებაში გადაიყვანეს.