რას აცხადებს ივერი მელაშვილის მეუღლე - კვირის პალიტრა

რას აცხადებს ივერი მელაშვილის მეუღლე

ქმრის უდანაშაულობაში დარწმუნებულია ივერი მელაშვილის მეუღლე თამარ სულაძე: - ივერი წლების მანძილზე თავისი პროფესიით მუშაობდა და 1994 წელს, როდესაც შეიქმნა დელიმიტაცია-დემარკაციის კომისია, მის წევრად აირჩიეს. როცა ამ საქმის გამოძიება დაიწყო, ძალიან შეურაცხყოფილად გრძნობდა თავს. მისთვის მთავარი ღირებულება წესიერებაა. ის დიდი პატრიოტია და უცებ ასეთ ადამიანს რომ ღალატს აბრალებ, ძალიან მძიმეა. პატიმრობაზე დიდი სასჯელი ეს ბრალდებაა... ველოდები, რომ მალე მისი უდანაშაულობა დამტკიცდება. მაძლიერებს ის, რომ ხალხის მხარდაჭერას ვგრძნობ. საზღვარგარეთიდანაც მირეკავენ და მამხნევებენ. ელჩმა გიგი გიგიაძემაც მხარდაჭერა გამოუცხადა ივერის და, ალბათ, ამის გამო კარგი დღე არ დაადგება. გასაგებია, რომ არჩევნების წინ პიარი უნდათ, მაგრამ თუ ასე შორს წავიდოდნენ და წესიერ ადამიანს ასეთი უსინდისო ბრალდებით ციხეში ჩასვამდნენ, ვერ წარმოვიდგენდი! როცა ჩხრეკა ჩაატარეს და საქმე აღძრეს, ივერიმ თქვა, არც დაკავებას გამოვრიცხავო, მაგრამ მგონი, ამას მაინც არ ელოდა... არც ადვოკატი გვყავდა - მარტო დადიოდა პროკურატურაში. ახლობლები გვეუბნებოდნენ, ადვოკატთან ერთად მივიდესო, მაგრამ ივერი ამბობდა, რატომ უნდა მივიდე ადვოკატთან ერთად, იქ მეკითხებიან იმას, რასაც ვერ იგებენ და მე განვუმარტავო. ბრალი შეუთითხნეს.

- ილიჩოვასთან ერთად შეთანხმებულად მუშაობდაო, ამბობს პროკურატურა. არის ეჭვი, რომ მან იცოდა, რუკები ილიჩოვასთან რომ ინახებოდა... - ტყუილია. ნატალიამ განმარტა კიდეც პროცესზე - ამ სამსახურში მუშაობდა და ექნებოდა რუკა და შეთანხმებები ოფისში, აბა, რა იქნებოდა?! ეს არის უსუსური ბრალდება, თითქოს რაღაცას მალავდნენ. რომ დაემალათ, ოფისში ექნებოდათ?!

- დაკავებამდე ბრალის შესახებ თუ ლაპარაკობდა თქვენი მეუღლე? - ამიხსნა, რა ბრალსაც მიყენებენ, მსგავსი არაფერი მომხდარაო... ის 1938 წლის რუკაA არ იყო სრულყოფილი და მისი გამოყენება არ შეიძლებოდაო... მამა კირიონი და სხვები დილეტანტები არიანო... ჰგონიათ, თუ დავიწყებთ ძახილს, ჩვენია, ჩვენია, მოგვცემენ, მაგრამ თუ იურიდიულად არ გეკუთვნის, ვინ რას მოგცემს? ხახულიც, ოშკიც ჩვენი იყო, ოდესღაც ნიკოფსიიდან დარუბანდამდეც ვიყავით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იმ ტერიტორიებს დღეს ვინმე მოგვაკუთნებს. საჭიროა სპეციალისტების ჩართვა და დადგენა, რა გეკუთვნის და რა - არა... მის სიმართლეში დარწმუნებული ვარ და ჩვენი ოჯახისთვის ეს ბრალი შეურაცხმყოფელია... არასდროს გვიგროვებია სიმდიდრე. ჩვენი სიმდიდრე ის არის, რომ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა.