"იმ რუკით, რომლითაც კომისიამ იხელმძღვანელა, შეიძლება ბავშვებს გეოგრაფია ასწავლო" - კვირის პალიტრა

"იმ რუკით, რომლითაც კომისიამ იხელმძღვანელა, შეიძლება ბავშვებს გეოგრაფია ასწავლო"

რატომ უნდა დადგენილიყო ორ სახელმწიფოს შორის საზღვრები 1:200 000 მასშტაბის რუკით და რატომ არ შეიძლებოდა იმ რუკებზე დაყრდნობა, რომლითაც კომისიამ იხელმძღვანელა? ამ საკითხებზე პროფესორი და კარტოგრაფი თენგიზ გორდეზიანი გვესაუბრება.

- ივერი მელაშვილის განცხადებით, 1:200 000 მასშტაბის რუკა, რომელიც ჩხრეკისას ილიჩოვას კაბინეტში იპოვეს, უვარგისია. რა აძლევს მას ამის თქმის საფუძველს? - ბატონი მელაშვილი არ არის პროფესიით კარტოგრაფი. ის არის მიწათმომწყობი. კარტოგრაფია არის მეცნიერება, მიწათმოწყობა კი შეისწავლის მიწის აზომვას. ამიტომაც უნდა ყოფილიყო ამ კომისიაში პროფესიონალი კარტოგრაფი, მაგრამ არ იყო. პროფესიონალი კარტოგრაფი, აწ გარდაცვლილი პროფესორი ჯანსუღ კეკელია კომისიიდან სწორედ იმის გამო წამოვიდა, რომ მის აზრს არავინ ითვალისწინებდა, რაზეც ბატონი ჯანსუღი ძალიან წუხდა.

რატომ უნდა დადგინდეს საზღვარი 1:200 000 მასშტაბის რუკით? ამ კითხვის პასუხი ის არის, რომ საზღვრების დასადგენად მთელ მსოფლიოში სწორედ ამ მასშტაბის სამხედრო რუკებით ხელმძღვანელობენ. სხვა რუკები მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება, თუ ამ მასშტაბის რუკა არ არსებობს. 200 000-იანი რუკის მიხედვით საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი გადის დავითგარეჯის არა თხემურ მონაკვეთზე, არამედ თხემიდან ქვემოთ, რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით და ეს ტერიტორია შედის საქართველოს შემადგენლობაში.

- წარმოუდგენელია, რომ ეს რუკა კომისიას ჰქონდა, მაგრამ არ გამოიყენა. - არა მხოლოდ კომისიას, მეც კი მქონდა ამ რუკის ასლი და ამის შესახებ ტელევიზიითაც განვაცხადე. რატომ არ გამოიყენეს, ძნელი სათქმელია.

მე ვნახე აღნიშნული 200 000-იანი რუკა და ის ნაჩხაპნებით არის დაზიანებული. მაგალითად, აზერბაიჯანის ტერიტორიას რუსულად აქვს გადაწერილი, რომ ის სომხეთია. მერე ეს წარწერა წაუშლიათ, საზღვრის აღმნიშვნელ მონაკვეთებს კი ფერადი ფლომასტერი აქვს გადასმული, თუმცა, საზღვრები ფლომასტერის ქვეშაც გარკვევით ჩანს.

- როგორც ცნობილია, საბჭოთა კავშირში ასეთი რუკები ყველა რესპუბლიკას ურიგდებოდა. რატომ არ მოიძიეს სხვაგან? - ვერ გეტყვით, თუმცა შემიძლია დაგარწმუნოთ, ის რუკები, რომელიც მელაშვილის კომისიამ საზღვრის დადგენისთვის გამოიყენა, ერთი სანტიმეტრით შეესაბამება 5კმ-ს, ანუ 1P:500 000 მასშტაბისაა. ვინაიდან სამხედრო რუკაზე საზღვრის მიმდებარე ზოლის სიგანე არის 20 მეტრით საქართველოსკენ - შიგნით, 20 მეტრით აზერბაიჯანისკენ - გარეთ, შეუძლებელია გამოვიყენოთ 500 000-იანი რუკა... ცხადია, მისი გამოყენება უზარმაზარ ცდომილებას მოგვცემდა. ეს არის მხოლოდ ამიერკავკასიის რუკა, იგივე კედლის რუკა, რომლითაც შეიძლება ბავშვებს გეოგრაფია ასწავლო, მაგრამ მასზე ვერ ნახავთ ბილიკებსა თუ ტყიან ადგილებს, გზებს, დასახლებულ პუნქტებს, ხიდებს, თხემებს. არადა, სწორედ დავითგარეჯას თხემზე გაავლო საზღვარი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენმა კომისიამ. რუკა, რომელიც ამ კომისიამ საზღვრის დადგენისთვის გამოიყენა, ერთ ფარატინა ქაღალდზე ეტევა, მაშინ, როდესაც საქართველოს 1:200 000-იანი რუკა 24 ასაწყობი პლანშეტისგან შედგება და დეტალურია.