"უკვე გამოკვეთილია ვერსია, რატომ შეიძლებოდა ემოქმედათ ბრალდებულებს ქვეყნის ინტერესების საზიანოდ" - კარტოგრაფიული სკანდალი - კვირის პალიტრა

"უკვე გამოკვეთილია ვერსია, რატომ შეიძლებოდა ემოქმედათ ბრალდებულებს ქვეყნის ინტერესების საზიანოდ" - კარტოგრაფიული სკანდალი

"მათ შეგნებულად გამოიყენეს 80-იანი წლების რუკები, დამახინჯებულად გაავლეს საზღვრის ხაზი და დღემდე ამტკიცებენ, რომ გარეჯის ძეგლები აზერბაიჯანს ეკუთვნის"

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

8 სექტემბერს სასამართლომ ბრადებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სკანდალური საქმის დეტალებზე გვესაუბრება გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე, პროკურორი ჯარჯი წიკლაური.

- ბატონო ჯარჯი, ცნობილია, რომ საქმე აღიძრა თავდაცვის სამინისტროს განცხადების საფუძველზე. რა გაირკვა გამოძიებით?

- დადგინდა, რომ საქართველოს საზღვრის ამსახველი ორი, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული რუკა არსებობს, რომლებზეც განსხვავებულად არის გავლებული საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის ხაზი, კერძოდ, გავრცელებულია საქართველოს ისტორიული საზღვრის ამსახველი 1938 წლის რუკები (სხვადასხვა მასშტაბის), რომლებიც არის ერთადერთი ლეგიტიმური დოკუმენტი მეზობელ სახელმწიფოსთან საზღვარზე შეთანხმებისათვის. ამ რუკების მიხედვით, უდავოა, რომ დავითგარეჯის ისტორიული ძეგლები ჩვენს ტერიტორიაზეა. ასევე გავრცელებულია 1945 წლის შემდეგ გამოცემული რუკები, მათ შორის - 70-80-იანი წლების გამოცემები, სადაც საზღვრები დამახინჯებულია, საქართველოს საზიანოდ არის შეცვლილი და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დავითგარეჯის ძეგლები ექცევა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. პროკურატურა ამტკიცებს - თუმცა ამას მტკიცება არც სჭირდება, რადგან ეს საარქივო მასალაზე დაყრდნობით ობიექტური ჭეშმარიტებაა - რომ კომისიის ექსპერტებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას უნდა ეხელმძღვანელათ 1938 წლის რუკებით და კარტოგრაფიულად დაედასტურებინათ, რომ გარეჯის კომპლექსი საქართველოა. ამის ნაცვლად მათ შეგნებულად გამოიყენეს 80-იანი წლების რუკები, დამახინჯებულად გაავლეს საზღვრის ხაზი და დღემდე ამტკიცებენ, რომ გარეჯის ძეგლები აზერბაიჯანს ეკუთვნის. ესეც არ იკმარეს და ახალი რუკების გამოყენებითა და დამახინჯებული საზღვრის გავლებით 3500 ჰექტარი საქართველოს ისტორიული ტერიტორიის დაკარგვის საფრთხე შექმნეს.

ჯარჯი წიკლაური

- ცნობილია, რომ მანამდეც, თუნდაც 2019 წელს, ამ პრობლემაზე ხშირად ლაპარაკობდნენ სასულიერო პირები. მათ საკითხის შესწავლის მოთხოვნით პროკურატურისთვის არ მოუმართავთ? - ამ საკითხის შესწავლის მოთხოვნით პროკურატურისთვის მიმდინარე წლის 17 აგვისტომდე არავის მოუმართავს და არც კარტოგრაფიული მასალა მოუწოდებიათ, თორემ ქვეყნის წინაშე ჩადენილი ამ უმძიმესი დანაშაულისთვის ეს ადამიანები აქამდეც აგებდნენ პასუხს.

- სულ რამდენი რუკა გაქვთ ხელთ და რა განსხვავებაა კომისიის მიერ გამოყენებულ რუკასა და ახალაღმოჩენილ რუკას შორის? ან მომდევნო წლებში შედგენილ სხვა რუკებს შორის? - 1938 წლისა და 1980-იანი წლების რუკებს შორის არსებითი განსხვავებაა. მეორეხარისხოვანი საკითხები გვერდით რომ გადავდოთ, პირველ რუკაზე დავითგარეჯის ძეგლები საქართველოშია, ხოლო მეორე, გვიანდელ რუკაზე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ექცევა. როდესაც ეს იცი და შეგნებულად გაავლებ საზღვრის ხაზს 1980-იანი წლის რუკით, ნათელია, რომ გააზრებულად ანადგურებ შენი ქვეყნის მემკვიდრეობას, დავითგარეჯის ისტორიულ ძეგლებს, რომლებიც ლამის ისეთივე ხანდაზმულია, როგორიც ჩვენი ქვეყანა. ამ ყველაფრის ფონზე საკვირველია, რომ ორივე ბრალდებული დღემდე ცდილობს დაამტკიცოს, თითქოს საზღვარმა უნდა გაიაროს გარეჯის მთის თხემზე (მწვერვალზე), მაშასადამე, აზერბაიჯანს, ფაქტობრივად, უკანონებენ ისტორიულ ძეგლებს, რომლებიც სწორედ ამ თხემზეა განლაგებული, კერძოდ, ეს არის ჩიჩხიტურის მონასტერი, უდაბნოს მონასტერი, ბერების სამყოფელი კლდეში ნაკვეთი კელიები და სხვა.

იმ დოკუმენტში საზღვრის ხაზი ივერი მელაშვილმა გადაატარა პირდაპირ მწვერვალზე, არადა, სინამდვილეში მისგან მრავალი ასეული მეტრის დაშორებით, სამხრეთით გადიოდა. ეს არის უტყუარი მტკიცებულება, რასაც განსაკუთრებული კარტოგრაფიული ცოდნა არ სჭირდება. ნებისმიერმა ობიექტურმა ადამიანმა რომ ნახოს რუკები, ამაში დარწმუნდება. ბატონი მელაშვილი ამტკიცებს, რომ დავითგარეჯის ძეგლები ექცევა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ჩვენ კი ვამტკიცებთ, რომ ეს არის სიცრუე. რასაც ეს ადამიანი აკეთებდა, არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება.

- ექსპერტიზა უკვე ჩატარდა. რა დასკვნა გამოაქვეყნეს ექსპერტებმა? - საექსპერტო კვლევაში, გარდა სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს სპეციალისტებისა, ჩართული არიან საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებიდან მოწვეული პროფესორები, გეოდეზიისა და კარტოგრაფიის ცნობილი სპეციალისტები, ექსპერტები, მოკლედ, თუ რამე სახელმძღვანელო და სამეცნიერო ნაშრომი შექმნილა ამ დარგში, თითქმის ყველას ავტორია ჩართული. ამ ეტაპზე გვაქვს არაერთი დასკვნა და უტყუარად დგინდება, რომ მელაშვილსა და ილიჩოვას შეთანხმებული საზღვრის ხაზების გავლებისას გამოუყენებიათ 1970-1980-იან წლებში გამოშვებული ის რუკები, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრეთ და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 3500 ჰა დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ექსპერტიზით ასევე დადგინდა, რომ 1:500 000 მასშტაბის ამონახაზი, რომლითაც, ბრალდებულების განმარტებით, ხელმძღვანელობდნენ საზღვრების დელიმიტაციისას და ეს იყო მათი ძირითადი სახელმძღვანელო დოკუმენტი, ვერ გამოდგება კარტოგრაფიული სამუშაოს საფუძვლად, რადგან ასეთი ამონახაზები არ გვაძლევს სრულფასოვან ტოპოგრაფიულ ინფორმაციას, მასზე არ არის დატანილი გეოგრაფიული ობიექტები და ტოპოგრაფიული ელემენტები (მწვერვალები, მყარი წერტილები, სიმაღლითი ნიშნულები, გზათა გადაკვეთები, დასახლებული პუნქტები და სხვა) და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ექსპერტიზის დასკვნით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 2007 წლის ჩათვლით პერიოდში შეთანხმებული საზღვრის ზოგიერთი მონაკვეთი არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს.

- თუ არის ცნობილი, რა იყო დანაშაულის მოტივი და ვის დაკვეთას ასრულებდნენ დაკავებულები? - გამოძიება მუშაობს ყველა შესაძლო მიმართულებით. ამასთან, მინდა დაგიდასტუროთ, რომ უკვე გამოკვეთილია ვერსია, თუ რატომ შეიძლებოდა ემოქმედათ ბრალდებულებს ქვეყნის ინტერესების საზიანოდ. გამოძიებამ მოიპოვა კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს სავარაუდო მოტივზე. სამწუხაროდ, ჯერჯერობით მეტ ინფორმაციას ვერ გავამხელთ, ამან შეიძლება ხელი შეუშალოს პროცესს.

- ოპოზიციის ლიდერები აპროტესტებენ მელაშვილისა და ილიჩოვას დაკავებას და პროკურატურას პოლიტიკური დაკვეთის შესრულებაში ადანაშაულებენ... - პროკურატურის მიერ ბოლო წლებში გამოძიებულ ყველა რეზონანსულ საქმეზე ერთი და იგივე ინტერესთა ჯგუფები, პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები, უაპელაციოდ აცხადებდნენ, რომ არ ენდობოდნენ გამოძიებას და აპრიორი ეჭვქვეშ აყენებდნენ გამოძიების შედეგებს. მიუხედავად ამისა, განცვიფრებას იწვევს, როგორ"კბილებით იცავენ ბრალდებულებს პირველივე დღიდან, პროკურატურას კი ქვეყნის ინტერესების შელახვაში ადანაშაულებენ.

ერთი რამე არის გაუგებარი - რას ფიქრობენ ეს ადამიანები, დავითგარეჯის ისტორიული ძეგლები საქართველოსია თუ აზერბაიჯანის? თუ ფიქრობენ, რომ დავითგარეჯა საქართველოა, ბრალდებულების გამოცხადება ეროვნულ გმირებად, მეტი რომ არ ვთქვათ, უცნაურია.

- დაჰკითხეს კომისიის სხვა წევრებიც. ამხელენ თუ არა ისინი დაკავებულებს? - დაკითხული პირების აბსოლუტური უმრავლესობა ადასტურებს, რომ საზღვრის ამსახველი რუკის ალბომები მოამზადა ორმა ადამიანმა - ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ. სწორედ ისინი ითვლებოდნენ ექსპერტებად კარტოგრაფიაში და კომისიის სხვა წევრები საზღვრის მონაკვეთების შეთანხმებისას მათ აზრს ითვალისწინებდნენ. ამასთან, მოწმეები განმარტავენ, რომ მელაშვილი კომისიის საქმიანობის ყოველ ეტაპზე მათ არწმუნებდა, რომ მის მიერ გავლებული საზღვრის ხაზი შეესაბამებოდა 1938 წლის რუკას.

მოწმის სახით გამოიკითხა 60-მდე პირი, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ეროვნული არქივიდან, საჯარო რეესტრის, სასაზღვრო პოლიციის, ეროვნული უშიშროების საბჭოს და საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივებიდან, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, ეროვნული ბიბლიოთეკიდან, გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოდან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან ამოღებულია მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია, მათ შორის - კარტოგრაფიული მასალები.

- რატომ არ დადგა კომისიის სხვა წევრების პასუხისმგებლობის საკითხი და არის თუ არა მათი ხელმოწერა 2006-2007 წლების შეთანხმებებზე? - უკვე მოგახსენეთ, რით გამოიხატებოდა ბრალდებულების განსაკუთრებული როლი საზღვრების შეთანხმებისას.

რაც შეეხება კომისიის სხვა წევრებს, გიდასტურებთ, რომ ისინიც აწერენ ხელს საქართველოს საზიანოდ შექმნილ შეთანხმების ოქმებს, მათი პასუხისმგებლობის საკითხი კი გამოძიების მიმდინარეობისას გამოჩნდება. ჯერ დასკვნების გამოტანა ადრეა.

- ილიჩოვას კაბინეტიდან ამოღებული რუკის დედანი და დავით ხიდაშელის ჩამოტანილი დედანი იდენტურია? - ეს ორი რუკა იდენტურია! მიუხედავად იმისა, რომ მათ ჰქონდათ 1937-1938 წლების 1:200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დედანი, საქართველოს სამთავრობო კომისიის წევრებს უმალავდნენ ამ ინფორმაციას, რათა ეს არ გამოეყენებინათ საზღვრების დელიმიტაციის პროცესში. აღსანიშნავია, რომ კომისიის სხვა წევრებისათვის ხელმისაწვდომი იყო ამ რუკის მხოლოდ ასლი და მათი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ილიჩოვასა და მელაშვილს გამოეყენებინათ ეს რუკა საზღვრის დელიმიტაციის პროცესში, ბრალდებულები იმ საბაბით, რომ არ არსებობდა რუკის დედანი, ასლი კი არ იყო ავთენტური დოკუმენტი, მის გამოყენებას ეწინააღმდეგებოდნენ.

- წესით, სად უნდა ინახებოდეს ეს რუკა და სხვა მასალები? - ყველა კარტოგრაფიული მასალა, მათ შორის - რუკები და სხვა რელევანტური დოკუმენტაცია უნდა ყოფილიყო საზღვრის დამდგენი კომისიის სხვა დოკუმენტებთან ერთად, თუმცა 1938 წლის რუკის 1:200 000-იანი მასშტაბის დედანი ილიჩოვას ჰქონდა თავის კაბინეტში.

- ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის - პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მაშინდელი მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი იკვეთება? - ამ ინფორმაციას გამოძიების ამ ეტაპზე ვერ გავახმაურებთ.

- მელაშვილი ამბობს, რომ 1938 წლის რუკას აქვს უდიდესი ტექნიკური წუნი და მისი გამოყენება მიზანშეწონილი არ იყო. - საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში კომისია იყენებდა ათეულობით სხვადასხვა რუკას.

რატომღაც მელაშვილმა ხარვეზი აღმოუჩინა მხოლოდ იმ რუკას, სადაც დავითგარეჯის ძეგლები საქართველოს ფარგლებშია, ხოლო ყველა სხვა რუკა, სადაც ძეგლები აზერბაიჯანის მხარეს არის მოქცეული, მელაშვილის მტკიცებით, უნაკლოა. ერთი წუთით დავუშვათ, რომ მართლაც ასეა და ტექნიკური წუნი აქვს 1938 წლის რუკას. ეს რას ცვლის?! დავითგარეჯის დასაცავად მელაშვილი კი არა, კომისიის ნებისმიერი წევრი ვალდებული იყო, ყველა შესაძლებელი და შეუძლებელი მეთოდით ემტკიცებინა, რომ გარეჯი საქართველოა! ბატონმა მელაშვილმა კი, ჩვენი ეროვნული ინტერესების საზიანოდ, ათეულობით რუკიდან მხოლოდ ის დაიწუნა, რომლითაც დავითგარეჯა საქართველოს ტერიტორიაზეა.

- იმასაც ამბობენ, რომ კომისიამ მაშინ ეს რუკა განიხილა... - ეს მტკნარი სიცრუეა. კომისიას ეს (1938 წლის) რუკა არ განუხილავს და არ შეუფასებია. მხოლოდ ილიჩოვამ და მელაშვილმა განიხილეს კომისიის წევრებისგან მალულად და საქმიანობის არც ერთ ეტაპზე ის კომისიისთვის არ წარუდგენიათ.

- რას ეტყოდით ოპოზიციის ლიდერებს, რომლებიც მათ გათავისუფლებას ითხოვენ? - ჩვენი საქმე არ არის პოლიტიკოსების განცხადებების კომენტირება. ამავე დროს, საჭიროდ მიმაჩნია კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ დავითგარეჯა საქართველოა და ეს უნდა ამტკიცოს ამ ქვეყანაში ყველამ, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა.

იხილეთ ასევე: "2014 წელს ირაკლი ღარიბაშვილთან შედგა შეხვედრა... სხდომაზე მელაშვილი უტიფრად იქცეოდა" - რა წერია არქიმანდრიტ კირიონის ჩვენებაში