"ვა­ღი­ა­რებ, რომ ანა და მისი დედა მოვ­კა­ლი და..." - 13 წლის წინ გაუჩინარებული ქართველი დედა-შვილის საქმე, რომელიც ბერძენმა სამართალდამცავებმა ახლახან გახსნეს - კვირის პალიტრა

"ვა­ღი­ა­რებ, რომ ანა და მისი დედა მოვ­კა­ლი და..." - 13 წლის წინ გაუჩინარებული ქართველი დედა-შვილის საქმე, რომელიც ბერძენმა სამართალდამცავებმა ახლახან გახსნეს

13 წლის წინ საბერძნეთში გაუჩინარებული ქართველი დედა-შვილის გახმაურებული საქმე ბერძენმა სამართალდაცველებმა დაახლოებით ერთი კვირის წინ გახსნეს.

Ambebi.ge -მ შემზარავი ტრაგედიის დეტალები გაარკვია.

რა ვითარებაში გაუჩინარდა დედა-შვილი?

ოფიციალური ცნობებით, ქართველი ქალების გაუჩინარების შესახებ განცხადება ომონიის განყოფილებაში 2007 წლის 6 ივლისს შევიდა. მას შემდეგ, 13 წლის განმავლობაში, ორივე დაკარგულად მიიჩნეოდა. ბერძნულმა გავლენიანმა მაუწყებლებმა არერთი გადაცემა მიუძღვნეს უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულ დედა-შვილს, მათ შორის ჟურნალისტური გამოძიებებიც.

ქართველი ემიგრანტი მანანა ჩიქოვანი, რომელიც საბერძნეთში 24 წელია ცხოვრობს, ამბები.გე –ს წარმოუდგენელი სისასტიკით ჩადენილი დანაშაულის აქამდე უცნობ დეტალებს უყვება. მისი მონათხრობის მიხედვით, დედა-შვილი პაკისტანელების ბარში მუშაობდა. სწორედ ამ ობიექტიდან გაუჩინარდა ჯერ შვილი, შემდეგ კი დედა.

"ეს ძალიან გახმაურებული ამბავი იყო წლების განმავლობაში. ბერძნულ ტელევიზიაში არაერთხელ გაშუქდა. ცნობილი ორსაათიანი გადაცემა "სინათლე გვირაბში", რომლის მიზანიც დაკარგული ხალხის მოძებნაა, მთლიანად ანასა და ჟუჟუნას მიუძღვნეს. მე ისინი გავიცანი 1996 წელს, როდესაც ახალი ჩასული ვიყავი საბერძნეთში. თავადაც ახალი ჩამოსულები იყვნენ. ძალიან უჭირდათ. ჟუჟუნა ისეთი ლამაზი და კოხტა ქალი იყო, ანი მაშინ 9-10 წლის იქნებოდა. მახსოვს, თავიდან ბინა რომ იქირავეს, ვერ გადაიხადეს ქირა და მეპატრონეს ბავშვიანად გარეთ გამოუგდია ჟუჟუნა. ის ღამე ეკლესიის ეზოში გაუთევიათ. ზოგადად, ბავშვიან ქალს არ იღებდნენ მოხუცების მომვლელებად და მაგიტომ გაუჭირდა თავიდან. შემდეგ როგორც იქნა მიიღო ერთმა ღვთისნიერმა ოჯახმა და თანდათან მოძლიერდა მატერიალურად. მახსოვს, გახარებული მხვდებოდა ხოლმე გზაში, აი, მანანა, ფეხზე ვდგებით, მგონიო. ვწვალობ ჩემი ანისთვისო. ბოლოს, რომ ვნახე, გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე, მითხრა, დიდი ბინა მაქვს ნაქირავები და დღიურად ვაქირავებო. ასე იქცევა ბევრი ქართველი - ფულს რომ იშოვნიან, დამატებით შემოსავალს იჩენენ. პარალელურად ბარში ვმუშაობო. ძალიან წარმატებულები ვართ მე და ჩემი შვილი, ანი სკოლაში კარგად სწავლობს, ქართულ ცეკვებზეც დადის, ნეტა იცოდე რა გოგო მყავსო. მართლაც, ისეთი ლამაზი იყო ანი... აშოლტილი. 20-21 წლის იქნებოდა ეს ამბავი რომ მოხდა. ბოლოს ისინი მუშაობდნენ პაკისტანელების კაფეში. სალაროზე ამუშავებდნენ ანის თურმე და ჟუჟუნა მენეჯერი იყო. ერთ დღესაც დაუგვიანია სამსახურში ანის, დაურეკავთ დედამისისთვის, შენს შვილს პრობლემა აქვსო, ეს გავარდნილა კაფედან და მას შემდეგ არავის უნახავს", - გვიყვება ქართველი ემიგრანტი.

რა გახდა მკვლელობის მიზეზი?

ბერძნული მედიის ცნობით, მკვლელმა გამოძიებას სკანდალური აღიარება მისცა. პაკისტანის 54 წლის მოქალაქე გამომძიებელს დეტალურად მოუყვა დანაშაულის შესახებ და დაასახელა კონკრეტულ მიზეზი, რის გამოც 2007 წელს ათენში, კერძოდ, პეტარალონაში, 21 წლის ქართველი გოგო და მისი დედა, თანამზრახველთან ერთად, სასტიკად დახოცა. გაგრძელება