"თითქოს ელოდებიან, როდის დადგება ფატალური შედეგი და დეკანოზის სიცოცხლე როდის დასრულდება, ვერ მოესწრებიან!" - კვირის პალიტრა

"თითქოს ელოდებიან, როდის დადგება ფატალური შედეგი და დეკანოზის სიცოცხლე როდის დასრულდება, ვერ მოესწრებიან!"

ეს არის მიზანმიმართული, დავალების შესრულება. თითქოს ელოდებიან, როდის დადგება ფატალური შედეგი და დეკანოზის სიცოცხლე როდის დასრულდება, ვერ მოესწრებიან! - ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "პოლიტნიუსში" განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

"მისი მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. ეს მიზანმიმართულად ხდება, სასამართლომაც არ გაივალისწინა ექსპერტების დასკვნა და დატოვა იმ გარემოში, სადაც წარმოუდგენელია, რომ მას მკურნალობის შესაძლებლობა ჰქონდეს. ვერ ახერხებენ მისი მდგომარეობის მკურნალობას. წართმეული აქვს მარჯვენა ხელ-ფეხი, გადაადგილება, ჯდომაც არ შეუძლია. 4-5 სანტიმეტრით აქვს ხელ-ფეხი შევიწროვებული. კაბალურ მდგომარეობაშია ადამიანი. სასჯელაღსრულების დეპარტამენტისგან ეს არც გამიკვირდებოდა, აღარ ვსაუბრობ საპატრიარქოზე და პრეზიდენტზე. არაერთი მიმართვა გვქონდა შეწყალებაზე. აღარ ვსაუბრობ ასევე სასამართლოზე, როგორ პირველი ინსტანციაზე, ასევე აპელაციამაც ძალაში დატოვა გადაწყვეტილება, როდესაც მიმდინარეობდა შუამდგომლობები სასჯელის გადავადებაზე, რომ მომხდარიყო მკურნალობის პროცესი იმ პირობებში, რა პირობებშიც უნდა ყოფილიყო",- განაცხადა რამიშვილმა.

ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის მდგომარეობა არ დამძიმებულა და მისი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გაყვანის საჭიროება არ დგას.

"მსჯავრდებულს, მისი დიაგნოზიდან გამომდინარე, სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში შესაბამისი სამედიცინო სერვისი მიეწოდება და ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება. მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, ეს შეიძლება იყოს სამოქალაქო სექტორიდან ვიწრო პროფილის ექიმ-სპეციალისტების ადგილზე მომსახურებაც. რაც შეეხება სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გაყვანას, ამის საჭიროება არ დგას, ვინაიდან როგორც ზემოთ ითქვა, მსჯავრდებულს ადგილზე მიეწოდება შესაბამისი სამედიცინო სერვისი", - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში სცნო დამნაშავედ და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

იხილეთ ვიდეო