ციხის ჯოჯოხეთური რეალობა! - კვირის პალიტრა

ციხის ჯოჯოხეთური რეალობა!

"ვიღაცამ ხომ უნდა აგოს პასუხი"

ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ 2010 წელს ქართულ ციხეში 100 კაცი გარდაიცვალა, მათ შორის - 70  ტუბერკულოზით. მათი საშუალო ასაკი  23-დან 48 წლამდე მერყეობს.

ფაქტი #1

ქეთევან ცინცაძე: "ჩემი შვილი, 18 წლის ალექსანდრე ალბოროვი ქურდობისთვის ოქტომბერში დაიჭირეს, ალუმინის ქვაბი მოიპარა. გაასამართლეს და სამი წელი მიუსაჯეს. აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო, ციხეში რომ გაამწესეს. დეკემბერში ფეხი მოვიტეხე. მარტოხელა ვარ, მეუღლე გარდაცვლილი მყავს და შვილს ციხეში ყურადღებას ვეღარ ვაქცევდი ფეხზე წამოდგომამდე.

2006 წლის აგვისტოში გავიგე, რომ ტუბერკულოზით დაავადებულა. რამდენჯერმე გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში, მაგრამ უმეტესად ორთაჭალის ციხეში ჰყავდათ. ბოლოს შვილს ციხეში სექტემბერში შევხვდი. ძალიან ცუდად გამოიყურებოდა. მოვახერხე და როგორღაც მთავარი ექიმი ვნახე. ვთხოვე, ძალიან ცუდად არის და გადაიყვანეთ ხუდადოვზე-მეთქი. უარი მითხრეს. რას გავხდებოდი ერთი უბედური მარტოხელა ქალი? ოქტომბერში, უკვე ხელში რომ აკვდებოდათ, დამირეკეს, ძალიან ცუდად არის და თუ მოხედავთო. არადა, დილით ვიყავი ციხეში, საჭმელი შევუგზავნე და მაშინ დამიმალეს, რომ უმძიმეს მდგომარეობაში ყოფილა. მაშინვე გავიქეცი ციხის საავადმყოფოში, მუხლებში ჩავუვარდი ექიმს - ახლა მაინც გადამაყვანინეთ ტუბერკულოზის ცენტრში მომაკვდავი-მეთქი.

წადით სახლში და შეგატყობინებთ, როცა გადავიყვანთო. საავადმყოფოში რომ გადაიყვანეს, საწყალს ჩემი ნახვა უთხოვია. ღამით იქაურმა ავადმყოფებმა მომაკითხეს სახლში ტაქსით. შვილი რომ ვნახე, სასიცოცხლო პირი აღარ უჩანდა. რომ გააშუქეს, ერთი ფილტვი საერთოდ აღარ ჰქონდა, მეორე კი მეოთხედი ჰქონდა დარჩენილი. ფილტვის ეროვნულ ცენტრში გარდაიცვალა... ერთადერთი შვილი მყავდა, მართალია, დააშავა, იქურდა, მაგრამ განა 18 წლის ბიჭი ალუმინის ქვაბის ქურდობისთვის სიკვდილს იმსახურებს? წიწილა ხომ არ იყო? 4 წელია გამოძიება მიმდინარეობს, ინსტანციიდან ინსტანციაში დავდივარ, მაგრამ ამაოდ.

საქმეს არც ხურავენ, არც იძიებენ. გამომძიებელი მეუბნება, საქმე რომ დავამთავროთ,  უნდა მოაწეროთ ხელიო. მე რომ ხელი მოვაწერო, საქმის გასაჩივრების უფლება მომესპობა. რკინის ქალამანს ჩავიცვამ. ვიღაცამ ხომ უნდა აგოს პასუხი ამ განუკითხაობისთვის? ერთადერთი შვილი მყავდა და აღარაფერი მაქვს დასაკარგი.

ჩემი შვილი უკვე მკვდარია, სამწუხაროდ, სხვების შვილებსაც იგივე ემუქრება, თუ საზოგადოებამ ხმა არ ამოიღო. ოთხი წელია პასუხს ვითხოვ, მაგრამ ამაოდ. ჰგონიათ, დავიღლები და ხელს ჩავიქნევ. ხომ ფაქტია, რომ სრულიად ჯანმრთელი შვილი ციხეში  ადმინისტრაციის ბრალეულობით დაავადდა და გარდაიცვალა".

ფაქტი #2

10 მარტს თბილისში 31 წლის მალახაზ მუზაშვილი დაკრძალეს.

მადონა მუზაშვილი, გარდაცვლილის და: "4 მარტს ჩემს ტელეფონზე ზარი გაისმა. ვიღაც ღვთისნიერმა შეგვატყობინა, რომ ჩემი ძმა უმძიმეს მდგომარეობაში ფილტვის ეროვნულ ცენტრში გადაუყვანიათ. სასწრაფოდ იქ გავჩნდით. ის ქალი ტუბერკულოზის ცენტრში მომუშავე ექთანი მანანა ერაძე აღმოჩნდა. ჩემი მომაკვდავი ძმის თხოვნით სწორედ მან დარეკა ჩვენთან.

როგორც კი საავადმყოფოში გაარკვიეს, საიდან მივიღეთ ინფორმაცია, ექთანი სამსახურიდან გაათავისუფლეს(!).

ჩემი ძმა ცოტა ხანში გარდაიცვალა. ამბობენ, ტუბერკულოზითო, მაგრამ მხოლოდ ფეხი სამ ადგილას აქვს მოტეხილი, ცხვირი - დამტვრეული.

ექიმი არა ვარ, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ტუბერკულოზი ცხვირის და ფეხის სამ ადგილას მოტეხილობას არ იწვევს."

ჩვენ დავუკავშირდით ფილტვის ეროვნული ცენტრის დირექტორს იაგო კალანდაძეს და ვკითხეთ, რატომ გაათავისუფლეს სამსახურიდან ექთანი მანანა ერაძე. მას კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია.

იაგო კალანდაძე: - მანანა ერაძე არაკვალიფიციურობის გამო გავათავისუფლეთ.

- ჩვენ სხვა ინფორმაცია გვაქვს: ერაძემ მომაკვდავი პატიმრის ოჯახს შეატყობინა მისი მძიმე მდგომარეობის შესახებ და ამიტომაც გაათავისუფლეთ.

- არა, ეგ დროში დაემთხვა ერთმანეთს.

- რამდენი წელია მანანა ერაძე ფილტვის ეროვნულ ცენტრში მუშაობს?

- არ ვიცი. მე წელიწად-ნახევარია აქა ვარ და რომ მოვედი, დამხვდა...

მანანა ერაძე: - ეს ბიჭი რომ მოიყვანეს, სიკვდილს ებრძოდა საწყალი. ვერაფრით ვუთხარი უარი უკანასკნელ თხოვნაზე. ან კი რა მთხოვა ასეთი? როგორც კი ოჯახის წევრები საავადმყოფოში გამოჩნდნენ, დამიბარეს და სამსახურიდან გამათავისუფლეს.

- ოფიციალური მიზეზი ეს იყო?

- ოფიციალურად რას დაწერენ, არ ვიცი, მაგრამ სიტყვიერად კი მითხრეს, რომ სამსახურიდან სწორედ იმიტომ მათავისუფლებდნენ, რომ პატიმრის ოჯახს დავუკავშირდი.

- არადა, თქვენი ყოფილი ხელმძღვანელი ამბობს, რომ სამსახურიდან არაკვალიფიციურობის გამო დაგითხოვეს.

- 10 წელია ფილტვის ეროვნულ ცენტრში ვიმუშავე. მაინცდამაინც ახლა გავხდი არაკვალიფიციური?

დიმიტრი ლორთქიფანიძე, პარლამენტარი:  - ავადმყოფი პატიმრის წინაშე სახელმწიფოს ვალდებულება აქვს აღებული, უმკურნალოს ან დაავადებული მუდმივმოქმედ სამედიცინო კომისიაზე გაიყვანოს, რათა ასეთი პატიმრები გათავისუფლდნენ ან სასჯელის მოხდა გადაუვადდეთ გამოჯანმრთელებამდე. ეს კომისია 2009 წელს შეიქმნა ჯანდაცვისა და სასჯელაღსრულების მინისტრების ერთობლივი ბრძანებით.

კანონი იძლევა შესაძლებლობას, პატიმრები ასე განუკითხავად არ იხოცებოდნენ ციხეში, მაგრამ რეალობა სულ სხვაა. ეს კომისია მკვდრადშობილია. მას ფორმალურად ხელმძღვანელობს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი გიორგობიანი. იკრიბებიან მხოლოდ მაშინ, როცა ეგრეთ წოდებული პოლიტბიუროდან აქვთ მითითებები.

ქალბატონმა ხათუნამ უნდა აღიაროს, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში ვერაფერს წყვეტს და მთავრობაში სხვა პირებზეა დამოკიდებული. ეჭვი მაქვს, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრო იუსტიციის სამინისტროდან იმართება.

ტუბერკულოზის რეზისტენტული ფორმა ის დაავადებაა, რომელიც პირდაპირ ექვემდებარება კომისიის წინაშე წარდგენას.

შარშან ტუბერკულოზით გარდაცვლილი 70 პატიმრიდან არც ერთი არ შეუმოწმებია კომისიას.

მკურნალობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

ფაქტი #3

დიმიტრი ლორთქიფანიძე: - 23 წლის თამაზ დადვანი ჯანმრთელი შევიდა ციხეში. სიკვდილამდე ერთი დღით ადრე დედამ ინახულა  და შვილი ვეღარ იცნო. როდესაც ჰკითხა, რა აწუხებდა, თამაზ დადვანმა დედას უთხრა, რაღაც აბებს მაძლევენ და მერე 2-3 დღე მძინავს, რომ ვიღვიძებ, ისევ მაძლევენო. ასე ძილში დაასრულა სიცოცხლე 23 წლის პატიმარმა. აგო ვინმემ პასუხი ამაზე? სიკვდილიანობას ხელს უწყობს ქსნის ტუბერკულოზის ზონაში უმძიმესი ვითარება. ქსანში დაავადებული პატიმრები სხვადასხვა დაწესებულებიდან მიჰყავთ.

ეტაპირებულებს პირდაპირ კარცერში ყრიან (სულერთია, დააშავა თუ არა რამე)

რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში და მერე გადაჰყავთ საკანში. კარცერი იცით, რაც არის: ნესტი, ბეტონისიატაკიანი ვიწრო ოთახი, სადაც დაჯდომაც კი რიგრიგობით უწევთ.

ტუალეტში კი ტუბერკულოზით დაავადებულებს მხოლოდ ერთხელ აძლევენ გასვლის უფლებას. ეს წამებაა!

- როგორც ვიცი, პატიმრებს კარცერში კი არა, საკარანტინო იზოლატორში ათავსებენ.

- კარცერებს სასჯელაღსრულების სამინისტრომ დაარქვა საკარანტინო იზოლატორი დემოკრატიული ანტურაჟის გამო, თორემ კარცერი კარცერია. სამიდან მხოლოდ ერთი გაარემონტეს და იქაც სპეცკონტინგენტი ჰყავთ (ეგრეთ წოდებული 4%-იანი კვოტის მფლობელები). უცნობია, რას ემსახურება და ვინ სარგებლობს ამ 4%-იანი კვოტებით (მაგალითად, ამ კვოტით კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის სოსო თოფურიძის შვილი სარგებლობდა. - ავტ.).

2010 წლის აგვისტოში სწორედ ამ ეგრეთ წოდებულ გამანაწილებელ იზოლატორში, სინამდვილეში კი კარცერში გარდაიცვალა მსჯავრდადებული ქეთიშვილი. ის გეგუთიდან გადაიყვანეს ქსნის ტუბდაწესებულებაში და ამ კარცერში მოათავსეს. მესამე დღეს გარდაიცვალა. არც ამაზე უგია ვინმეს პასუხი.

საზოგადოებას ყველაფერს უმალავენ, საზოგადოებას კი არა, ჭირისუფალსაც კი უმალავენ პატიმრის უმძიმეს მდგომარეობას.

ფაქტი #4

დიმიტრი ლორთქიფანიძე: - პატიმარ ზვიად ხალვაშთან დედას პაემანზე მიეჩქარებოდა, რომ დაურეკეს და უთხრეს, გადასხმებს ვუკეთებთ და სანახავად არ მოხვიდეთ, დღეს ვერ გამოვაო. ცოტა ხანში კი მკვდარი მიუსვენეს სახლში. რომ ეუბნებოდნენ, გადასხმას ვუკეთებთო, სინამდვილეში მიცვალებული  ბათუმის გზაზე ჰყავდათ გაყენებული.

მანანა ერაძის სამსახურიდან გაგდება მოწმობს, რომ ტერორის მსახვრალი ხელი უკვე არა მარტო სამართალდამცავ სტრუქტურებს, არამედ სამოქალაქო დაწესებულებებსაც ეხება.  ყველა დადუმებული უნდა იყოს, უსიტყვოდ უნდა აღასრულოს მასზე დაკისრებული ჯოჯოხეთური მისია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისევე დატოვებენ ულუკმაპუროდ, როგორც მანანა ერაძეს.

P.S. მას შემდეგ, რაც ციხეში შექმნილმა პრობლემებმა საკნებიდან გამოაღწია და პრესასაც კითხვები გაუჩნდა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან არც ერთ კონკრეტულ ფაქტზე ამომწურავი პასუხი და კომენტარი არ მიგვიღია. ყველა კომენტარი იდენტურია - მიმდინარეობს გამოძიება, ამიტომ ვერაფერს გეტყვითო. თუ ალექსანდრე ალბოროვის გარდაცვალების გამოძიების მიხედვით ვიმსჯელებთ და იმასაც გავითვალისწინებთ, რომ პენიტენციარულ სისტემას სინამდვილეში კალმახელიძის ნაცვლად ადეიშვილი მართავს, ნათელი გახდება, რამხელა სამსახურს უწევს სასჯელაღსრულების სამინისტროს არაფრისმთქმელი - "მიმდინარეობს გამოძიება".