ძარცვა კანონის სახელით?! - კვირის პალიტრა

ძარცვა კანონის სახელით?!

ჩვენს ქვეყანაში ბოლო დროს ერთი უცნაური ტენდენცია დამკვიდრდა: ხელისუფლება საკანონმდებლო ორგანოს გავლით კანონს საკუთარ არცთუ სამართლიან ინტერესებს არგებს და მერე საზოგადოებას კანონითვე აიძულებს შეასრულოს კანონი! ეს ამბავი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება იქცეს კანონი "კანონიერი ძარცვის" საფუძვლად.

გიორგი კახიანი, ადვოკატი: - ჩემი კლიენტები უცხოელები არიან. მოგეხსენებათ, უცხოეთში ყველა მანქანა დაზღვეულია. ამიტომ მისი მოპარვის შემთხვევაში სადაზღვევო კომპანია ვალდებულია, მეპატრონეს აუნაზღაუროს მანქანის ღირებულება. მისი მოძებნის შემთხვევაში კი მანქანა ავტომატურად სადაზღვევო კომპანიის საკუთრება ხდება და, ბუნებრივია, დაინტერესებული არიან, მოძებნონ მოპარული მანქანები.

ამისთვის ქირაობენ დეტექტიურ ფირმებს, რომლებიც მთელ მსოფლიოში მოპარულ მანქანებს ეძებენ და პატრონს უბრუნებენ. ამ ბაზარზე ყველაზე იაფად ევროპასა და საერთოდ, მსოფლიოში, პოლონელები მუშაობენ. ჩემი მარწმუნებელი სწორედ ერთ-ერთი პოლონური სამძებრო კომპანიაა. მოპარული მანქანის საქართველოდან უკან დაბრუნება თითქმის წარმოუდგენელია - ისეთი კანონი მიიღეს, რომ მოპარული მანქანის დაბრუნებამ აზრი დაკარგა!

კანონის თანახმად, საქმის მწარმოებელი ორგანო ვალდებულია, წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოს ნაპოვნი მანქანის მეპატრონეს, რომელმაც შეტყობინების მიღებიდან 45 დღის ვადაში საკუთარი ხარჯებით უნდა დაიბრუნოს ავტომობილი. თუ ამ ვადაში ვერ მოახერხებს, ასეთ შემთხვევაში 2 თვის განმავლობაში იხდის საგნის შენახვისა და მოვლის ხარჯებს, დღეში - მანქანის საბაზრო ღირებულების 1%-ს. სამი თვის(?!) გასვლის შემდეგ კი მანქანა სახელმწიფოს მფლობელობაში გადადის.

წარმოუდგენელ საკანონმდებლო ყაჩაღობასთან გვაქვს საქმე. ეჭვი მაქვს, რომ საკანონმდებლო ბარიერები სპეციალურად შექმნეს, რომ მათი გადალახვის შემდეგ საქართველოში აღმოჩენილი მანქანის უკან წაყვანას აზრი დაჰკარგვოდა. ეს კანონი ერთ ინტერესს ემსახურება - მანქანა სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩეს(!). მერე სად მიდის და ვისთან, ეგ კიდევ საკითხავია.

შეტყობინება, რომ საქართველოში იპოვეს იტალიის ქალაქ სილვიანიდან მოპარული BMჭ-X5, ჯერ კიდევ ორი წლის წინ მივიღე. წერილი და ყველა სამართლებრივი დოკუმენტი 2009 წელს ჩავაბარე სამართლებრივ სტრუქტურას. მას შემდეგ დავდევ ამ მანქანას და ვერაფერი გავაწყვე. ზუსტად ვიცი, რომ მანქანა ნაპოვნია და შინაგან საქმეთა სამინისტროს სადგომზე, ქიზიყის ქ. #5-ში დგას. ეს მანქანა  მინიმუმ 20.000 დოლარი ღირს. კანონის მიხედვით,  კონკრეტულ შემთხვევაში შენახვის პროცენტი დღეში 200 დოლარი გამოდის. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები კანონის სახელით ძარცვავენ ხალხს.

განსაკუთრებული ინტერესის საგანი უცხოეთიდან მოპარული მანქანებია. მოგეხსენებათ, უცხოეთში ძვირად ღირებულ მანქანებს იპარავენ. ქართული კანონით დადგენილ 45 დღეში უცხოელისთვის საბუთების მომზადება და აქ გადმოგზავნა ძალიან ძნელია. ყველა დოკუმენტი საკონსულოში ოფიციალურად უნდა დამოწმდეს, ეს კი ბიუროკრატიულ ბარიერთან, დროსა და ხარჯებთან არის დაკავშირებული.

ჩვენი სამართალდამცველები ვალდებული არიან შეტყობინებაში, გარდა იმისა, რომ ნაპოვნია მანქანა, მეპატრონეს საქართველოს კანონის კონკრეტული მუხლი 45-დღიანი ვადისა და 1%-იანი გადასახადის თაობაზე აცნობონ, მაგრამ ამას შეტყობინებაში სპეციალურად არ უთითებენ. ეს იმისთვის კეთდება, რომ მანქანის მეპატრონემ მაინცდამაინც არ იჩქაროს. ამასობაში საქართველოში კანონით დადგენილი დრო გადის, ევროპელებს კი ჰგონიათ, რომ საქართველოში ისეა აწყობილი საქმე, როგორც თავიანთ ქვეყნებში.

ძვირად ღირებული მანქანების 1%-იანი "შენახვის ხარჯები" ასტრონომიულია. თანაც, კანონით მის საბაზრო ღირებულებას ექსპერტი აფასებს. რადგან ცდილობენ ძვირად ღირებული მანქანები მეპატრონეს არ გადასცენ, საბაზრო ღირებულებაც დაინტერესებისამებრ იზრდება. მოგეხსენებათ, ექსპერტიც მაგათია და აუდიტიც.

საინტერესოა, რა ხარჯები აქვს ასეთი შინაგან საქმეთა სამინისტროს სადგომს, რომ ავტოსადგომზე მანქანის დგომაში ასეთ თანხებს ითხოვენ? ნებისმიერ სადგომზე მანქანის შენახვა ერთი დღე 15 ლარზე მეტი არ ღირს. წარმოიდგინეთ, რა თანხებზეა ლაპარაკი? გერმანიიდან უკვე მივიღე ორი ავტომანქანის წაყვანაზე უარი.

ვისბადენისა და ჰამბურგის სადაზღვევო კომპანიებმა რომ იანგარიშეს, რა ჯდებოდა ნაპოვნი მანქანების ეგრეთ წოდებული "შენახვის ხარჯები", მომწერეს, არ გვინდა, თავი დაგვანებეთო!

2007 წელს ორი ავტომანქანა დაიბრუნა ერთ-ერთმა გერმანულმა სადაზღვევო კომპანიამ. მისი წარმომადგენლები სპეციალურად ჩამოვიდნენ საქართველოში. ხანგრძლივი ჭიდაობის შემდეგ, როგორც იქნა, მიიღეს დადგენილება, რომ მოპარული მანქანა უნდა დაბრუნებოდა მეპატრონეს. დადგენილება წარვადგინეთ მომსახურების სააგენტოში, მოვხსენით აღრიცხვიდან მანქანა, მაგრამ მერე იმაზე იფიქრეს კარგა ხანს, როგორ უნდა დაებრუნებინათ უკან, რადგან მანქანა ყალბი დოკუმენტით იყო განბაჟებული.

კანონით ნივთის უკან დაბრუნება ან ექსპორტით ან რეექსპორტით ხდება. ეს შემთხვევა კი არც ერთ რეჟიმში არ ჯდებოდა. რა უნდა გაეკეთებინათ, არ იცოდნენ. ვწერეთ და ვწერეთ საჩივრები, ხან საბაჟო დეპარტამენტში და ხან სად. ამან უამრავი დრო წაიღო. ერთი სიტყვით, სადაზღვევო კომპანიამ დიდი ვაი-ვაგლახით წაიყვანა მანქანა BMW-X 5, "მერსედეს კაბრიოლეტი", მაგრამ "შენახვის ხარჯების" გათვალისწინებით ეს იმხელა თანხა დაჯდა, რომ მის დაბრუნებას აზრი აღარ ჰქონდა.

მიუხედავად ამისა, სადაზღვევო კომპანიამ პრინციპულად არ დათმო. გერმანიაში ჩაიყვანა და პოლიციას აჩუქა!

ეს არის კაბალური კანონი, ასეთი რამ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ ხდება, მაგრამ ვინ არის გამკითხავი?!