დავით ხიდაშელი: "მელაშვილი და ილიჩოვა ჩემს კითხვებზე პირდაპირი პასუხის გაცემისგან თავს იკავებდნენ..."
19-10-2020
დავით ხიდაშელი: "მელაშვილი და ილიჩოვა ჩემს კითხვებზე პირდაპირი პასუხის გაცემისგან თავს იკავებდნენ..."
ხმაური მოჰყვა კარტოგრაფების საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, ბიზნესმენ დავით ხიდაშელის ჩვენების გახმაურებას. პროკურატურამ ის 25 აგვისტოს დაჰკითხა. ბიზნესმენმა ერთ-ერთ ტელეკომპანიას 13 ოქტომბერს ვრცელი ინტერვიუ მისცა, მაგრამ სწორედ ამ ინტერვიუს შემდეგ ბრალდებულთა ადვოკატები და ოპოზიციის ლიდერები მის ჩვენებას ეჭვქვეშ აყენებენ. შევიტყვეთ ისიც, რომ ამ დღეებში პროკურატურა მას განმეორებით დაკითხავს, თუმცა უცნობია, კიდევ რა კითხვები აქვს გამოძიებას ბიზნესმენთან, რომელმაც საქართველოს უმნიშვნელოვანესი მასალები და რუკები გადასცა. ხიდაშელი ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის გადაცემული ყველაზე
სადავო და ხმაურიანი რუკა რუსეთში მოიძია, მაგრამ სატელევიზიო ეთერში განსხვავებულად ჰყვება, ვინ სთხოვა ეს. ამბობს, რომ ამ მასალებისა და რუკების მოძიება ივანიშვილის თხოვნით დაიწყო. "ბიძინა ივანიშვილმა 2019 წლის სექტემბერში დამირეკა და ჩემთვის შოკის მომგვრელი ინფორმაცია მომაწოდა. მაშინ მომიყვა, რომ პრობლემები შეიქმნა დავითგარეჯის მონასტერთან და საქართველო-აზერბაიჯანის
საზღვართან დაკავშირებით. მან მთხოვა დახმარება, მომეძია რაღაც რუკა", - ამბობს ხიდაშელი და დასძენს, რომ ივანიშვილის რესურსებიდან­ გამომდინარე, ამ თხოვნით გაოცებულიც კი დარჩა, გამოძიებისთვისთვის მიცემულ ჩვენებაში კი ამბობს, რომ ამ მასალის მოძიება ბეჟან მაისურაძემ სთხოვა... ჩვენებაში ბიზნესმენი დეტალურად აღწერს, როგორ იპოვა ეს მასალები და როგორ ჩამოიტანა საქართველოში.

ფრაგმენტები დავით ხიდაშელის ჩვენებიდან:

- 2019 წლის ოქტომბერში ჩემმა მეგობარმა ბეჟან მაისურაძემ მთხოვა დავხმარებოდი 1936-38 წლების საქართველოს რუკების მოძიებაში, რადგან ასეთი რუკები საქართველოში არ იძებნებოდა და თავდაცვის სამინისტროსთვის გადამეცა... გარკვეული პერიოდის ძიების შემდეგ სასურველი რედაქციის რუკებს რუსეთის ფედერაციულ რესპუბლიკაში მივაკვლიე, კერძოდ კი - მოსკოვში არსებულ სახელმწიფო­ ფედერაციულ საბიუჯეტო დაწესებულებაში, "გეოდეზიის, კარტოგრაფიისა და ინფრასტრუქტურის სივრცითი მონაცემების ფედერალურ სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრში, 2020 წლის მარტის შუა რიცხვებში. ვინაიდან არ ვარ რუსეთის მოქალაქე, ჩემი თხოვნით იმ დროისთვის თანამშრომელმა მოსკოვში, სერგეი ბრაგინმა გააფორმა ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულების საფუძველზე შემდეგ მე გავაფორმე ხსენებულ დაწესებულებასთან ხელშეკრულება. გადმოგვეცა აღნიშნული დაწესებულების სახელმწიფო ფონდში დაცული 1: 200 000 მასშტაბის შემდეგი ნომენკლატურის ტოპოგრაფიული რუკები კ- 36-22 შედგენილი 1936 წელს, კ- 38-23 შედგენილი 1938 წელს, კ- 38-28 შედგენილი 1936 წელს და კ-38-29 შედგენილი 1938 წელს საბჭოთა კავშირის სახალხო კომისრის მიერ. ასევე სიდი დისკი, რომელზეც ჩაწერილი იყო არქივის მიერ გადმოცემული­ რუკები, ამავე დაწესებულებაში დამზადებული რუკების ელექტრონული ვერსიები და ასლები, ტოპოგრაფიული რუკების ნომენკლატურული ვერსიების დამოწმებული ანალოგების ფერადი ელექტრონული ვერსიები. იმ მიზნით, რომ გაგვერკვია განსხვავება საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის ზოლის უკვე შეთანხმებულ და შეუთანხმებელ მონაკვეთებსა და 1938 წელს შედგენილ და 1978 წელს შედგენილ რუკების მონაცემებს შორის, კვლევის ჩასატარებლად მივმართე­ სს "სივრცული მონაცემებისა და სერვისების ოპერატორს", რომელმაც, თავის მხრივ, ხელშეკრულება გააფორმა "ურალგეოინფორმთან" ქალაქ ეკატერინბურგში 2020 წლის 26 მაისის ხელშეკრულების საფუძველზე...

ყველა მასალა მე და ბეჟან მაისურაძემ­ სრულიად უსასყიდლოდ 2020 წლის აპრილსა და ივლისის თვეებში გადავეცით­ თავდაცვის სამინისტროს, როგორც საქართ­ველოს მოქალაქეებმა და ნებისმიერ დროს მზად ვართ, შესაძლებლობიდან გამომდინარე, წვლილი შევიტანოთ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში... მე, ფაქტობრივად, შევისწავლე საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრის ზოლის დადგენასთან დაკავშირებული მთელი რიგი დოკუმენტაცია და აღვნიშნავ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების დელიმიტაცია- დემარკაციის საკითხების გარკვევისას 1996 წლის 13 ივნისის ერთობლივი შეთანხმებით დადგინდა, რომ ეხელმძღვანელათ 1938 წლის მარტისა და მაისის პერიოდისთვის ხსენებული რესპუბლიკების პრეზიდიუმის დადგენილებით მიღებული სასაზღვრო ზოლით. 1996 წლის 17 ოქტომბრის შეთანხმებით მხარეებმა ერთმანეთს გადასცეს იმ რუკების ალბომები, რომლითაც გადაწყდა, რომ ეხელმძღვანელათ. ამ ალბომში შეტანილია არა 1938 წელს, არამედ 1978 წელს და შემდგომ წლებში შედგენილი რუკები.­ ეს საკითხი საქართველოს მხარის კომისიის წევრებმა შეათანხმეს და დაადასტურეს რუკებზე ხელის მოწერით. აღნიშნულით კი, ჩემი აზრით, უგულებელყვეს 1996 წლის 13 ივლისის შეთანხმება და მისი შედეგები...

აქვე აღვნიშნავ, რომ 2006 წლის ივნისი-ივლისის პერიოდის ორმხრივი შეთანხმების ოქმზეც თანდართული იყო იდენტური რუკებით შედგენილი ალბომი, რომლებზეც მოხსნილია ძველი ხელმოწერები და შესრულებულია ახალი ხელმოწერები. ამასთან, 2006 წლის ალბომებში არსებულ რუკებში წითელი ფერის ხაზით აღნიშნულია საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის ზოლის შეთანხმებული მონაკვეთები...

ამ საკითხზე საუბარი მქონდა კომისიის ჯგუფის ხელმძღვანელთან, ივერი მელაშვილთან, რომელმაც აღნიშნა, რომ რუკებზე შეთანხმებული მონაკვეთების წითელი ფერის ხაზები მის მიერ იყო შესრულებული.­ ეს შეხვედრა შედგა საგარეო საქმეთა სამინისტროში 2019 წლის 30 ივლისს. მე ბეჟან მაისურაძესთან ერთად კომისიის თავმჯდომარის, ლაშა დარასელიას მიერ მიწვეული ვიყავი, როგორც სპეციალისტი. მელაშვილს ასევე ვკითხე, შეთანხმების დროს რატომ­ არ გაითვალისწინეს 1938 წლის და რატომ გამოიყენეს 1978 წელს და შემდგომ პერიოდში შედგენილი რუკები. მივიღე პასუხი, რომ რუკების გამოყენება საერთოდ არ იყო საჭირო და უკეთესი იყო უფრო მსხვილმასშტაბიანი რუკებით ხელმძღვანელობა, რაც გამოიყენეს. კერძოდ, 1:500 000 მასშტაბის რუკები. იგი შეკითხვაზე პირდაპირი პასუხისგან თავს იკავებდა... 2020 წლის 2 აგვისტოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტში შედგა შეხვედრა. ბეჟან მაისურაძესთან ერთად ვესწრებოდი ამ შეხვედრას და იქ იყო კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა. მასაც იგივე კითხვები დავუსვი, რაზეც მიპასუხა, რომ 1938 წლის 1:200 000 და 1: 500 000 მასშტაბის რუკები­ შეცდომით იყო დაბეჭდილი და ამიტომ ამ რუკებით კომისიას არ უნდა ეხელმძღვანელა. სწორედ ამიტომ იხელმძღვანელეს სხვა რუკებით. ამასთანავე, მოითხოვა, წარგვედგინა დოკუმენტები, რომლებიც საფუძვლად დაედო ზემოთ ხსენებულ რუკებზე მონაცემების გადატანას. ნატალია ილიჩოვას საუბარში ეტყობოდა, რომ საკითხს საფუძვლიანად ფლობს და არის სათანადო სპეციალისტი. ისიც საუბარში კითხვებზე პირდაპირი პასუხის გაცემისგან თავს იკავებდა...


źaza
19 ოქტომბერი 2020 10:26
დანაშაულს ნუ აპრავებთ და ხალხი სულელი ნუ გგონიათ და ვერც სტრაზბურგში ვერ მოიგებენ 1938 წლის რუკით და1996 წ. ხელშეკრულებით უნდა ეხელმძღვანელად ნებისმიერი იურისტი ამას გეტყვით.ადვოატის ფუნქცია კიდე კლიენტის დაცვა უფროა ვიდრე სიმართლის დადენა.

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ მთავრობის მიერ 28 ნოემბრიდან დაწესებულ შეზღუდვებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის მიერ 28 ნოემბრიდან დაწესებულ შეზღუდვებს?
თვის კითხვადი სტატიები