"ვის შეცდომაში შეყვანას ცდილობს ხიდაშელი?" - რა ვერსიებზე მუშაობს გამოძიება ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე?! - კვირის პალიტრა

"ვის შეცდომაში შეყვანას ცდილობს ხიდაშელი?" - რა ვერსიებზე მუშაობს გამოძიება ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე?!

ე.წ კარტოგრაფების საქმის ირგვლივ ვნებათაღელვა არ წყდება, საზოგადოება პროკურატურისგან ელოდება პასუხს მთავარ კითხვაზე - რა მოტივით არის ჩადენილი ეს დანაშაული? დაკავებულთათვის წაყენებული ბრალი უმძიმესია, ბრალდებულები სასამართლოს ვერდიქტს ელოდებიან. გამოძიების მტკიცებით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დანაშაულებრივი ქმედების შედეგად საქართველოს 3 500 ჰექტარის დაკარგვის საფრთხე შეიქმნა, რადგან ბრალდებულები ხელმძღვანელობდნენ არა 1938 წელს, არამედ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს ისტორიულ საზღვარს...

წინასაარჩევნოდ ამ საკითხს პარტიები პოლიტიკურ კონტექსტშიც იყენებენ. პროკურორი ამირან გულუაშვილი ამბობს, რომ წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების განცხადებებმა შესაძლოა ქვეყნის ინტერესები დააზიანოს: "საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლო გარკვეულ შემთხვევებში განიხილავს სახელმწიფოებს შორის დავებს... მათ ჩამოაყალიბეს კრიტერიუმები, რომლითაც ხელმძღვანელობენ გადაწყვეტილების მიღებისას. ერთ-ერთი არის ის, რომ გამოთქვამდა თუ არა კონკრეტული სახელმწიფო პრეტენზიას კონკრეტულ ტერიტორიასთან დაკავშირებით და როგორი იყო მისი დამოკიდებულება მეზობელ ქვეყანასთან. გარკვეულ პერიოდში ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლების განცხადებები, რომ დავითგარეჯა არ არის საქართველოს ტერიტორია, შესაძლოა იყოს ჩვენი საწინააღმდეგო არგუმენტი სამართლებრივი დავისას".

ექსპერტი გიორგი გობრონიძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა აზერბაიჯანმაც ეს განცხადებები გამოიყენოს: "აზერბაიჯანი ახლა დუმს იმიტომ, რომ ომი აქვს. აზერბაიჯანის საელჩომ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადეს, ჩვენ ჩვენი პოზიცია გამოვხატეთ და თქვენს გამოძიებაში არ ვერევითო. ომის შემდეგ, ალბათ, ამისთვისაც მოიცლიან და გამოქვეყნებულ განცხადებებსაც გამოიყენებენ... დღეს ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი კითხვაა. გამორიცხვა და მტკიცება არაფრის შეიძლება, მაგრამ როცა სახელმწიფო საუბრობს ასეთ დანაშაულზე და გამოძიების დაწყება ემთხვევა ომს, ესეც პრობლემაა. ახლა ყველაფერი სწორად უნდა შევაფასოთ, რათა არ დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ახლა ვიღაც აზერბაიჯანს ზურგში დანას ურტყამს... 30 წელია, ჩვენ არ ვიცით, რა ხდება. ვიცოდით მხოლოდ ის, რომ მუშაობდა კომისია და ვდაობდით რაღაც ტერიტორიაზე, მაგრამ დროდადრო უნდა ეცნობებინათ, რაზე თანხმდებოდნენ მხარეები. მე ვერ ვიტყვი, რომელი რუკის გამოყენება ჯობდა, მაგრამ თუ ღალატზეა ლაპარაკი, ხომ უნდა არსებობდეს დანაშაულის მოტივი?! უნდა გაიგოს საზოგადოებამ, ღალატი რა მოტივით ჩაიდინეს - ეს იყო უცხო ქვეყნის მიერ ვინმეს გადაბირება, შპიონაჟი, ანგარება, მოსყიდვა თუ სხვა რამ. თუ ანგარება იყო მოტივი, მაშინ სად წავიდა ის ფული, რაც აიღეს? მაგრამ თუ შეცდომა დაუშვეს, ამის გამო რატომ უნდა გავასამართლოთ ადამიანები? თუ მზადდებოდა დანაშაული, ესეც უნდა ვიცოდეთ. ასევე ისმის კითხვა - მაინცდამაინც არჩევნებამდე ორი კვირით ადრე რატომ გახდა აუცილებელი ამ საქმის გახმაურება, როცა ამას თურმე ხუთი წელია იკვლევენ?"

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, საერთაშორისო ექსპერტებმა შეისწავლეს რუკები და დაასკვნეს, რომ 1:200 000 მასშტაბის რუკა ამყარებს საქართველოს პრეტენზიებს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადავო ტერიტორიაზე. რა მტკიცებულებებს წარმოადგენენ ამ ხმაურიან საქმეზე, სასამართლო პროცესებზე გამოჩნდება. ბრალდებულების ადვოკატები კი ირწმუნებიან, რომ მათი დასაცავები უდანაშაულონი არიან და მათ წინააღმდეგ სამხილები საქმეში არ არსებობს.

"პატრიოტული სულისკვეთებით თუ ვიმსჯელებთ, მე მომხრე ვარ, თამარ მეფის დროინდელი საზღვრები აღვადგინოთ"

სულხან კომახიძე, ნატალია ილიჩოვას ადვოკატი: - არ არსებობს მტკიცებულება, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს. მეტიც - მათი პატიმრობაში ყოფნისთვისაც კი არ არის საკმარისი მტკიცებულებები.

- პროკურატურა ამბობს, რომ ნატალია ილიჩოვა კომისიის წევრებს რუკებს უმალავდა. ეს რუკები ხომ მისი კაბინეტიდან ამოიღეს? - რუკები ამოღებულია ქალბატონ ნატალიასთან ერთად ოთახში მომუშავე ქალბატონ ირმა გაბუნიასგან, ვინც კომისიაში ილიჩოვა შეცვალა. დასამალი არაფერი ყოფილა და არც არავის დაუმალავს. ამ რუკების გამოყენება, მათი შინაარსიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო. ამ რუკებზე არსებული კოორდინატები იმ რუკის კოორდინატებს სცდებოდა, რომელზეც ორი სახელმწიფო შეთანხმდა და მეორე ქვეყანა არ დაეთანხმებოდა მათ გამოყენებას. საზღვრის ნაწილი შეთანხმებულია 2006-2007 წელს. ვნახოთ, დღეს მოქმედი კომისია თუ შეათანხმებს იმ ტერიტორიას. პატრიოტული სულისკვეთებით თუ ვიმსჯელებთ, პირადად მე მომხრე ვარ, თამარ მეფის დროინდელი საქართველოს საზღვრები აღვადგინოთ, მაგრამ ეს რეალურია?! ორი სახელმწიფო შეთანხმდა, რომ 1938 წლის 1:500 000-იან რუკაზე დატანილი ხაზის მიხედვით გაევლოთ საზღვრები. რუკა, რომლის დამალვასაც ედავებიან ილიჩოვას, არის 1936-37 წლის, ანუ ამ შეთანხმებამდე არსებული რუკა, კომისიამაც იცოდა ამ რუკის არსებობა და ყველა ერთხმად შეთანხმდა, რომ მისი გამოყენება შეუძლებელი იყო.

- პროკურატურა ამბობს, რომ ეს რუკები არ უნდა ყოფილიყო ილიჩოვას კაბინეტში, რატომ ინახებოდა იქ? - ეს იგივეა, მოსამართლეს უთხრა, რატომ გაქვს კაბინეტში კოდექსებიო. ადამიანს, რომლის საქმიანობა კარტოგრაფიაა, სამუშაო ოთახში რუკები ექნება.

აქ მთავარი სხვა რამ არის, - მალავდა თუ არა ამ რუკებს? ის არაფერს არ მალავდა, ამას ადასტურებს ირმა გაბუნიას ჩვენებაც, რომელიც ამბობს, მე გადმომცა ილიჩოვამ რუკები და დამატებითი დოკუმენტაცია, როცა მე ის ჩავანაცვლე კომისიაშიო. გაბუნიას ჰქონდა სეიფში ეს რუკა. ისინი ერთ ოთახში სხედან.

- ილიჩოვა გამოძიებასთან თანამშრომლობს? - დანაშაულს არ აღიარებს. ბევრჯერ მივიდა პროკურატურაში და აუხსნა, რა და როგორ იყო, დღეს კი უკანონოდ არის დაპატიმრებული. ფიქრობს, რომ ის ადამიანები, ვინც მისი დაკავება გადაწყვიტეს, შეცდომაში არიან შეყვანილი და ელოდება, რომ გაუღებენ კარს, მოუხდიან ბოდიშს და გადაუხდიან მადლობას იმისთვის, რაც ამდენი წლის განმავლობაში გაუკეთებია.

- გამოძიება ამბობს, რომ გამოკვეთილია დანაშაულის მოტივი, მასალებიდან გამომდინარე, რას იტყვით, რა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება? - თუ მოტივი ცნობილია, არგუმენტები უნდა იყოს საქმეში. მინდა შევეხო მოწმე დავით ხიდაშელის ჩვენებას. გამოძიების დროს ამბობდა, რომ ვინმე ბეჟან მაისურაძემ სთხოვა ამ საქმით დაინტერესება, სატელევიზიო ეთერით კი განაცხადა, რომ მას დაუკავშირდა ივანიშვილი და მის მეგობარს, ბეჟანს, მხოლოდ კურიერის ფუნქცია ჰქონდა. ისმის კითხვა - ვის შეცდომაში შეყვანას ცდილობს ხიდაშელი? გამოძიების, ვისაც ჩვენება მისცა, თუ საზოგადოების?

"რაც უფრო მეტად ვსწავლობ ამ საქმეს, ვრწმუნდები, რა აბსურდულია ბრალი"

ედუარდ მარიკაშვილი, ივერი მელაშვილის ადვოკატი: - ამ გადაწყვეტილებას სტრასბურგში გავასაჩივრებთ... საკვანძო საკითხთან დაკავშირებით ხიდაშელის ჩვენება, რომ მას დახმარება ბეჟან მაისურაძემ სთხოვა, ბევრ კითხვას აჩენს.

- რამეს ცვლის, ვინ დაავალა დავით ხიდაშელს ამ რუკების მოძიება?

- ხიდაშელის ჩვენება ბრალდების სამტკიცებლად ვერ გამოდგება, თუ არ ჩავთვლით მისი რუსეთში საქმიანობის პოლიტიკურ კონტექსტს და ა.შ. მართალია, ჯერ არც ეს არის გარკვეული, თუმცა მისი ჩვენება ამ საქმეში ხელისუფლების ინტერესის დამადასტურებლად გამოდგება.

აქ რუსეთიდან რუკის ჩამოტანა კი არ არის მთავარი, არამედ ის, ვინ იყო ამაში ჩართული, მაგრამ ხიდაშელთან დაკავშირებით კითხვები არსებობს. რაც შეეხება იმას, ცვლის თუ არა რამეს ეს ფაქტი - არასწორი აქცენტები მოწმის სანდოობას აყენებს ეჭვქვეშ. ვფიქრობ, განმეორებით დაკითხვასაც იმიტომ აპირებენ, რომ ეს აცდენები როგორმე გამოასწორონ.

ჩვენ მის საჯარო განცხადებებს ჩამოვტვირთავთ, დავურთავთ საქმეს და მოსამართლეს ვთხოვთ, ამ ჩვენებებს არ დაეყრდნოს, რადგან ისინი სანდო არ არის.

- არსებითი განხილვის დროს ხომ სასამართლოზე მიცემული ჩვენებაა უპირატესი? - კი ბატონო, მაგრამ არანაკლებია გამოძიების დროს მიცემული ჩვენება და ის არ უნდა სცდებოდეს სასამართლოში ნათქვამს. რაც უფრო მეტად ვსწავლობ ამ საქმეს, ვრწმუნდები, რა აბსურდულია ბრალი. 1:200 000 მასშტაბის რუკის გამოყენების არც სამართლებრივი, არც ტექნიკური შესაძლებლობა არ არსებობდა, რადგან ყველგან წერია, რომ მას აქვს დიდი ტექნიკური ხარვეზი. საქმეში არ არსებობს ივერი მელაშვილის მიერ ამის განზრახ გაკეთების დამადასტურებელი მტკიცებულება, არ არსებობს არც მოტივი.

1996 წლის 13 ივნისის შეთანხმებას ხელი მოაწერეს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებმა და არა - მელაშვილმა. 2 ოქტომბერს თავდაცვის სამინისტრომ ნაჩქარევად მიაწოდა ამერიკული და გერმანული რუკები პროკურატურას იმიტომ, რომ ყურადღება მხოლოდ რუსულ რუკებზე არ გამახვილებულიყო. ეს არის ხელოვნურად შემოგდებული თემა, ცდილობენ, შექმნან საზოგადოებრივი აზრი, თითქოს დავითგარეჯას გვართმევენ, ამათმა დაჭერამ კი რაღაც შეცვალა და ხვალ იმ ტერიტორიებზე შევალთ.

ეს პოლიტიკური საკითხია. უნდათ, ეს ადამიანები ციხეში იყვნენ. მელაშვილს სჯერა, რომ 20 წელი კარგ საქმეს აკეთებდა. კომისიაში მისი საქმიანობა არანაირ ხელფასთან და ბენეფიტებთან არ იყო დაკავშირებული. ეს არის უფასო საქმიანობა, ამ ორ ადამიანს საზღვარი ფეხით აქვს შემოვლილი და ამხელა შრომის მერე მათ მოღალატეებად რომ აცხადებ, სიკვდილის ტოლფას ბრალდებას უყენებ! ეს არ იქნება რიგითი საქმე. ამ საქმეში ბრალდების მხარე შეეჯახება დაცვის აქტიურ ნაბიჯებს და მტკიცებულებებს და ჩვენ მათ უდანაშაულობას დავამტკიცებთ.

იხილეთ ასევე: დავით ხიდაშელი: "მელაშვილი და ილიჩოვა ჩემს კითხვებზე პირდაპირი პასუხის გაცემისგან თავს იკავებდნენ..."