დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე თავდამსხმელს 20-წლიანი პატიმრობა შეეფარდა - კვირის პალიტრა

დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე თავდამსხმელს 20-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ნაფიცი მსაჯულების მიერ ერთხმად გამოტანილი ვერდიქტის საფუძველზე, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ ზ.მ. 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მათივე ცნობით, თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დ.გ.-ს განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ნ.გ.-ს მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ზ.მ. ერთხმად ცნო დამნაშავედ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 7 თებერვალს, ბრალდებულმა ზ.მ.-მ საკუთარ საცხოვრებელ სახლში გულმკერდის არეში მძიმედ დაჭრა დ.გ., რის შემდეგაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი გასროლა განახორციელა მისი შვილის ნ.გ.-ს მიმართულებით. მიღებული დაზიანებით ნ.გ. ადგილზე გარდაიცვალა.

სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ დაზარალებული დ.გ. და მისი საცხოვრებელი კორპუსის სხვა მობინადრეები დაკითხა, რომლებმაც ბრალდებული, როგორც დანაშაულის ჩამდენი პირი ამოიცნეს. ასევე, პროკურორებმა სასამართლოს წარუდგინეს სატელეფონო კავშირების ამსახველი ინფორმაცია, ვიდეომასალა და ექსპერტიზის დასკვნები, რომლითაც ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი უტყუარად დადასტურდა.

ნაფიცი მსაჯულების მიერ ერთხმად გამოტანილი ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ (განზრახ მკვლელობა სხვა დანაშაულის გაადვილების და დაფარვის მიზნით) და 19, 109 მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ პუნქტით (ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა), ასევე, 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება). სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზ.მ.-ს სასჯელის სახით 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა”, - ნათქვამია განცხადებაში.