"მძარცველმა გალდავას უთხრა "ჰაილუქსის" მანქანა დამახვედრე და 4 მძევალი მჭირდებაო. რაზეც იმან უპასუხა, მე ჩაგბარდებიო" - კვირის პალიტრა

"მძარცველმა გალდავას უთხრა "ჰაილუქსის" მანქანა დამახვედრე და 4 მძევალი მჭირდებაო. რაზეც იმან უპასუხა, მე ჩაგბარდებიო"

21 ოქტომბერს ზუგდიდში შეარაღებული მამაკაცი "საქართველოს ბანკში" შეიჭრა და მძევლად აიყვანა 19 ადამიანი, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ 16 პირი გაათავისუფლა და ბანკის შენობა მძევლებთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს - მისცეს თანხა, გამოუყვეს ვერტმფრენი და შეუქმნეს უსაფრთხო პირობები ტერიტორიის დასატოვებლად. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა.

აღსანიშნავია, რომ 4 მძევალს შორის, ვისთან ერთადაც შეიარაღებულმა პირმა "საქართველოს ბანკის" შენობა დატოვა, ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა იყო, რომელიც თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს უშუალოდ აწარმოებდა, მოგვიანებით კი მძევლების დიდ ნაწილს ჩაენაცვლა. არსებული ინფორმაციით, სწორედ გალდავამ მიუტანა თავდამსხმელს ფულიც.

არაოფიციალური ინფორმაციით, "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელმა ოთხი მძევალი ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის ტყეში გაათავისუფლა, რის შემდეგაც მიიმალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

თავად მძევლების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ რაიმე სახის დაზიანებები არ აღენიშნებათ.

მძევლების დაკითხვა წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

kvirispalitra.ge გათავისუფლებული მძევლებიდან ერთ-ერთის ახლობელს ესაუბრა:

- მძევლის დედამ ტელევიზიით გადაცემული კადრებიდან ნახა, რომ მისი შვილი მძევლებს შორის იყო, ვერ აღგიწერთ, რა დაგვემართა. საღამოს თავდამსხმელმა იგი გაათავისუფლა. ჩვენ შორიდან დავინახეთ, ძალიან დასტრესილი და შეშინებული იყო. სამართალდამცველებმა დაკითხვაზე წაიყვანეს.

- რამე დეტალი ხომ არ გაიხსენა? რა პრინციპით ათავისუფლებდა თავდამსხმელი მძევალს? - ბანკში იყო მისული რაღაც საქმეზე. როგორც ამბობს, უცებ ხმაური გავიგონე, ბანკში შემოვარდა და გაისროლა იარაღიდანო. ხელყუმბარა, თურმე, ხელში ეჭირა. მოხუცები ეგრევე გაუშვა. მალევე გაათავისუფლა ორსულიც. მერე მეორე სართულზე აგვიყვანა, ფანჯარა არ იყო და მესამე სართულზე გადაგვიყვანაო. როგორც ამბობს, პირველი ორი საათის განმავლობაში ძალიან აგრესიული იყო, გამართული ქართულით ლაპარაკობდა, ერთი-ორჯერ მეგრულადაც თქვა რაღაც სიტყვებიო. როცა კავშირზე არავინ გამოვიდა, ანერვიულდა, მოგვაძახა, ყველას ფეხებზე ჰკიდიხართო. თქვენ ახლობლებს დაუკავშირდითო. მერე დაურეკა სამხარეოს უფროსს გალდავას, რომელმაც ძალიან იყოჩაღა. ის ეუბნებოდა, მე ჩაგბარდებიო. ასთმიანი გოგო ცუდად გახდა, თავდამსხმელმა ნება მისცა, ეჭამა. როგორც გვითხრა, მძარცველმა გალდავას უთხრა  "ჰაილუქსის" მანქანა დამახვედრე  და 4 მძევალი მჭირდებაო. რაზეც იმან უპასუხა, მე ჩაგბარდებიო. ერთი ქალი რომ გაუშვა, მეც მომაძახა, გადიო. რომ იკითხა, ოთხი მძევალი მინდაო, იქ მყოფმა ბიჭებმა უთხრეს, ჩვენ ვიქნებითო. საბედნიეროდ, უსაფრთხოდ გამოუშვა ყველა. ღამე დაკითხვაზე ჰყავდათ წაყვანილი, ძალიან შეშინებულია.

იხილეთ ასევე: "ერთადერთი უსაფრთხო ადგილი ქვეყანაში სოლოლაკში შუშის სასახლეა" - როგორ ეხმაურებიან "საქართველოს ბანკზე" თავდასხმას "ფეისბუკში"

იხილეთ ვიდეო

(სპეციალურად საიტისთვის)