"გუშინ საქმე გვქონდა კლასიკურ ბანდიტიზმთან... დამნაშავემ ყველაფერი გათვალა, ის თანხაც, რისი მობილიზებაც ამ ღარიბ სახელმწიფოს შეეძლო"
"გუშინ საქმე გვქონდა კლასიკურ ბანდიტიზმთან... დამნაშავემ ყველაფერი გათვალა, ის თანხაც, რისი მობილიზებაც ამ ღარიბ სახელმწიფოს შეეძლო"
"ასეთი სიტუაციებისთვის, ჩვენდა სამწუხაროდ, სახელმწიფო მაინცდამაინც მზად არ არის"

15-საათიანი სპეცოპერაციის შემდეგ სამართალდამცველები ბანკის მძარცველს ამ დრომდე ეძებენ. ბოლო ადგილი, სადაც მამაკაცი იმყოფებოდა და საიდანაც მძევლები გამოუშვა, სოფელ კირცხის ტყეა. ზუგდიდის "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდამსხმელის ვინაობა ამ დრომდე უცნობია. ისიც გაურკვეველია, ჯერ კიდევ  საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არის თუ არა იგი. ზუგდიდში კი, რომელიც გუშინ მოვლენების ეპიცენტრი იყო, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

kvirispalitra.ge ექსპერტს ტერორიზმის საკითხებში, პროფესორ ბადრი ნაჭყებიას ესაუბრა.

- როგორ
შეაფასებთ მომხდარ ფაქტს, იყო ეს ტერორიზმი, რისი კვალიფიკაციაც მიეცა ამ საქმეს, თუ იყო ეს წმინდა წყლის ყაჩაღობა?
- ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. ერთ-ერთი ყველაზე განთქმული დეფინიცია ტერორიზმის, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ადამიანმა თუ თავისი ცხოვრების კეთილმოსაწყობად, ფულის საშოვნელად ჩაიდინა დანაშაული და მას
სახელმწიფოსთან, ხელისუფლებასთან პრობლემა არ აქვს, ეს არის კლასიკური კრიმინალური აქტი. შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ გუშინ ჩვენ გვქონდა საქმე კლასიკურ ბანდიტიზმთან, როდესაც  გამოყენებული იყო ისეთი მეთოდიკა, რომელსაც ტერორისტები იყენებენ, ანუ კრიმინალური აქტი ტერორიზმის ელემენტებით. ფულის გამოძალვის მიზნით ადამიანების მძევლად აყვანა - ყაჩაღობაა, ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ გუშინ საქმე გვქონდა კლასიკურ ბანდიტურ აქტთან. დამნაშავე იყო საკმაოდ კარგად მომზადებული. ასეთი სიტუაციებისთვის, ჩვენდა სამწუხაროდ, სახელმწიფო მაინცდამაინც მზად არ არის.

ამის დასტურია თუნდაც ის ფაქტი, რომ დღეს, თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში, დამნაშავე ასე ადვილად გარბის და იმალება, გადის სადღაც ტყის მასივში. ალბათ შეიძლებოდა ამ ადამიანის დაკავება, რაღაც ტექნოლოგიები უნდა ყოფილიყო გამოყენებული, რაც ეტყობა არ გვაქვს. მაგალითად არ გვაქვს ელემენტარული - დრონი ღამის ხედვისთვის, რომელიც ერთი მანქანის ფასია, მეტი არა. ამ ოპერაციის გაგრძელება უნდა განხორციელებულიყო მაღალტექნოლოგიური აპარატურის საშუალებით, რაც არ გაგვაჩნია და ეს ალბათ კარგი გაკვეთილი აღმოჩნდება ჩვენი ადმინისტრაციული სტრუქტურებისთვის. მაღალი ტექნოლოგიების ერაში ვცხოვრობთ და როგორც ჩანს, ამ კუთხით მისახედია ჩვენი სპეცსამსახურები.

- თქვენი აზრით, ხომ არ წაახალისებს ასეთი გაშვება სხვას, რომელიც შეიძლება უკეთ მოემზადოს მსგავსი დანაშაულისთვის და მეტიც მოითხოვოს?
- გამიკვირდა, ყაჩაღი ფულით ტყეში რომ გაუშვეს. ვინც ამას უყურა, არ გამოვრიცხავ, მასაც მოუნდეს იმავე დანაშაულის ჩადენა, იმ პრინციპით, მე უკეთ გამომივა, მეტს მოვითხოვ და გამიშვებენო. დრონების გარდა, არსებობს დაკვირვების სხვა მექანიზმები, იგივე დისტანციური დაჩიპვა, რასაც მაგ. კანადურ სპეცსამსახურში ბრაკონიერებთან ბრძოლაში იყენებენ. ამ ყველაფერს შესწავლა და მუშაობა უნდა. ჩვენს ხელისუფლებას ტერორიზმის თემაზე ხშირად თუ ექნება კონსულტაციები უცხოელ სპეციალისტებთან, ძალიან კარგი იქნება.

- მსგავსი საქმეები სხვა ქვეყნებში საბოლოოდ ყაჩაღის დანებებით ან მისი ლიკვიდაციით სრულდება. გასაგებია, რომ ასეთ მომენტში ყველაზე ფასეული ადამიანების სიცოცხლე და მისი გადარჩენაა, თუმცა, პროფესიული თვალსაზრისით, ყაჩაღისთვის ასეთი "ჰეფი ენდი" ალბათ იშვიათობაა...
- მართალს ბრძანებთ, მთავარი ადამიანების სიცოცხლეა და ის გადაარჩინეს კიდეც. ნებისმიერ შემთხვევაში, ხელისუფლებამ თუ დამნაშავე დააკავა, მაინც ჩაეთვლება, რომ, ასე თუ ისე, წარმატებას მივაღწიეთ. სერიოზულად უნდა მივაქციოთ ყურადღება ერთ მომენტსაც: ისინი, ვინც სპეცსამსახურებშია ნამსახურები და დღეს სამსახური არ აქვთ, აუცილებლად კონტროლის ქვეშ უნდა იყვნენ. მაგალითად, მექსიკური ტერორისტული კარტელი "ლოს ზეტას" ყოფილი სპეცრაზმელებისგანაა დაკომპლექტებული. ისინი უსამსახუროდ დარჩნენ და უკმაყოფილო ხალხი შემოიკრიბეს. ეს ყველაზე დიდი კარტელია და ამიტომ არის მნიშვნელოვანი ყოფილი სპეცსამსახურის თანამშრომლების განსაკუთრებული კონტროლი სახელმწიფოსგან. ასეთი პროფესიონალები არ შეიძლება უმუშევრები იყვნენ. ეს დამნაშავე კარგად მომზადებული რომ იყო, ამაზე ორი აზრი არ არის. ერთს დავუმატებ, რომ, მგონი, იგი ცოტათი ინტელექტუალიც იყო, ინტელექტუალი ნევროზით - ასე დავარქმევდი მას. ეს მის მოქმედებებს ეტყობოდა.

- დამნაშავემ ალბათ შემთხვევით არ აირჩია საზღვრისპირა რეგიონი... ისე, რატომ მოითხოვა მაინცდამაინც 500 ათასი დოლარი?
- არ არის გამორიცხული, რომ ეს ადამიანი დღეს უკვე აფხაზეთის ტერიტორიაზეა. ნახევარ მილიონს რაც შეეხება, ინტელექტუალი რომ ვთქვი, ეს ვიგულისხმე - მან ყველაფერი გათვალა, ის თანხაც, რისი მობილიზაციაც ამ ღარიბი სახელმწიფოს სტრუქტურებს შეეძლოთ. სცენარი საკმაოდ ჭკვიანურად იყო მომზადებული, მან არ დაასახელა მილიონები, რომელი ციფრიც იყვირებდა და მისი მოგროვება გაჭირდებოდა.

- დანაშაული გაგანია არჩევნების წინა პერიოდში ხდება. რას ფიქრობთ, შეიძლება თუ არა, მას თანამზრახველები ჰყოლოდა, ან ვინმემ ხომ არ უბიძგა მას ამ ქმედებისკენ?
- დანაშაულის პოლიტიკური მოტივაციით გამოყენება, რა თქმა უნდა, მოხდა როგორც ხელისუფლების, ისე - ოპოზიციის მხრიდან. ეს ფაქტი ორივემ სათავისოდ გამოიყენა. წინასაარჩევნოდ თუ მას, უნებლიეთ, ვინმემ ამისკენ  მართლაც უბიძგა და თუ ეს ამბავი გაირკვა,  იმ ძალის საბოლოოდ დასამარებას ნიშნავს. ამიტომ ამ ვერსიას გამოვრიცხავ. დამნაშავის თავდაჯერებულობა მაფიქრებინებს, რომ შესაძლოა, ის  მარტო იყო. ფაქტია, ყველაფერს დრო გვიჩვენებს და, თუ საქმე გაიხსნა, ამას ალბათ გამოძიება დაადგენს.


ფოტოები: ზურაბ ცერცვაძე

(სპეციალურად საიტისთვის)

ჰაჰაჰა
22 ოქტომბერი 2020 19:12
და რა იცით, რა მიმართულებით და როგორ მუშაობენ, გვარამიას ტელევიზიით ხომ არ განაცხადებენ, ცოტა დაფიქრდით რაა

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები