"ეს იყო ადა­მი­ა­ნი პრო­ფე­სი­ო­ნალ სამ­ხედ­რო­სა და შეშ­ლილს შო­რის" - რას ჰყვებიან მძევლები თავდამსხმელზე - კვირის პალიტრა

"ეს იყო ადა­მი­ა­ნი პრო­ფე­სი­ო­ნალ სამ­ხედ­რო­სა და შეშ­ლილს შო­რის" - რას ჰყვებიან მძევლები თავდამსხმელზე

"საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში რამდენიმესაათიანი მძევლობის შემდეგ, 43-ვე ადამიანი გათავისუფლებულია. მათი ნაწილი წუხელ ღამითვე გამოკითხეს პოლიციაში... ძალოვან უწყებებთან გასაუბრების შემდეგ, მათ ტერიტორია მედიასთან კომენტარის გარეშე დატოვეს, რადგან, მათივე თქმით, "სამართლებრივი პროცედურები არ დასრულებულა და ჯერ ლაპარაკი არ სურთ". მედიასთან მხოლოდ ირაკლი კვარაცხელიამ ისაუბრა, რომელიც მძევლად ყოფნის დროსაც აქტიური იყო. ის თავდამსხმელის დავალებით, ერთ-ერთ ტელევიზიას დაუკავშირდა და მისი მოთხოვნები გააცნო.

ირაკლი კვარაცხელია:

- მადლობელი ვარ, სამხარეო პოლიციის უფროსის, რომლის პროფესიონალური მუშაობის გარეშე, დარწმუნებული ვარ, მისი ძალისხმევის გარეშე, ახლაც იქ ვიქნებოდით. ყველა დეტალი არ მესმოდა, მაგრამ ესაუბრებოდა ძალიან დამაჯერებლად და მშვიდად, რასაც თურმე ასეთ დროს დიდი მნიშვნელობა ჰქონია... ჩემს საქმეზე ვიყავი მისული, ბარათი უნდა დამემზადებინა, ზუსტად ორი-სამი წუთი საქმე იყო, რადგან ბარათი უკვე დამზადებული ჰქონდათ. ამენთო რიგის ნომერი და უნდა მივსულიყავი ოპერატორთან და უეცრად გავიგე გასროლის ხმა. ორი გასროლა იყო, თუ სწორად მახსოვს. მანამდე, ჩემს ზურგს უკან რა მოხდა, არ ვიცი, მაგრამ მან ესროლა გარეთ მყოფ პირს, რომელიც, სავარაუდოდ, ვიდეოს იღებდა, ეტყობა, რაღაც უჩვეულო შეამჩნია, თორემ რატომ გადაუღებდა... თან მერე საუბარში თავად თქვა, ასე იმიტომ მოვიქეცი, რომ გარედან მიღებდაო. საბედნიეროდ, აცდა. შუშას ნატყვიარი ეტყობა...

- ამ დროს უკვე ნიღაბი ეკეთა?

- დიახ, ნიღაბიც ეკეთა და ხელყუმბარასაც მაშინვე მოხსნა დამცავი და ძირს დააგდო... ეს კი დავინახე, მაგრამ მაინც ვერ მოვდიოდი გონს, ვერ ვაცნობიერებდი, რომ ეს ყველაფერი ჩემს თვალწინ ხდებოდა... მერე უკვე გავაცნობიერე საფრთხე. მერე მალევე მოითხოვა მენეჯერი, რომელიც ადგილზე არ იყო, ზედა სათულზე ყოფილა და გაქცევა მოასწრო. ამის შემდეგ მესამე სართულზე ასვლა გვიბრძანა, სადაც დავბინავდით კიდეც, მერე მოგვთხოვა 112-ში დარეკვა, სადაც ყველას დაარეკინა. ერთ-ერთს უთხრა, "ტვ პირველთან" დაკავშირება, მან უპასუხა, "ფეისბუქი"არ მაქვსო, მეორეს უჯდებოდა, კიდევ ერთსაც რაღაც ტექნიკური პრობლემა ჰქონდა და ასე მოვიდა ჩემამდე და თავად ვუთხარი, მაქვს "ფეისბუქი"-მეთქი, არ ვიცი, სხვაგვარად როგორ უნდა მოვქცეულიყავი კაცთან, რომელიც ამდენი ადამიანის წინ გახსნილი ხელყუმაბრით ხელში იდგა. ძალიან მეშინოდა, პოლიციას არ დაეწყო შტურმი, ამ შემთხვევაში ყველანი დავიღუპებოდით.

- მძევლებში პანიკა იყო?

- შეშინებული ვიყავით, მაგრამ თითქოს პანიკა არ იყო, თავად გაგვაფრთხილა, ზემდეტი მოძრაობები არ იყოსო... თავიდან იყო აგრესიული, ალბათ ის კადრი დააფქსირა კამერამ, მერე ჩვენგანაც დაინახა, რომ შიში გადავლახეთ და უფრო კომუნიკაბელური გახდა... დაუჯერებელია, მაგრამ 7 საათი ერთად ყოფნის განმავლობაში ზოგიერთმა იხუმრა კიდეც, რაზეც რამე აგრესია არ ჰქონია. ვინც ტიროდა და ემოციურად მძიმედ იყო, თავიდანვე გაუშვა. მათ შორის ფეხმძიმე ქალიც... შესაძლოა, ეს იმიტომაც გააკეთა, რომ თავად უფრო კონცენტრირებული ყოფილიყო საკუთარ გეგმაზე. ზოგი იმდენად იყო შოკში, რომ ტირილის თავიც არ ჰქონდა, უბრალოდ გახევებული იჯდა... გაგრძელება