რა ოდენობის თანხა წაიღო თავდამსხმელმა - რას ამბობს შინაგან საქმეთა მინისტრი? - კვირის პალიტრა

რა ოდენობის თანხა წაიღო თავდამსხმელმა - რას ამბობს შინაგან საქმეთა მინისტრი?

პირადად ჩემთვის და ჩვენი ხელისუფლებისთვის არანაირი თანხა არ არსებობს ადამიანის სიცოცხლის საფასურად, იქნება 10 მილიონი, 100 მილიონი, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, - ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, რა თანხა წაიღო ზუგდიდში, "საქართველოს ბანკიდან" თავდამსხმელმა.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, გამოძიებიდან გამომდინარე ის საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

"თანხაზე მინდა გითხრათ, რომ ჩვენთვის, პირადად ჩემთვის და ჩვენი ხელისუფლებისთვის არანაირი თანხა არ არსებობს ადამიანის სიცოცხლის საფასურად, იქნება 10 მილიონი, 100 მილიონი, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ეს თუ გინდათ დადასტურებად ჩათვალეთ. რა მნიშვნელობა აქვს რამდენი წაიღო? თანხა ძალიან ბევრჯერ დასახელდა და დასამალიც არ არის. იყო ნახევარ მილიონ დოლარზე საუბარი და ამაზე ვიმუშავეთ. გამოძიებიდან გამომდინარე ვერ ვსაუბრობ, რომ დავაკავებთ ამ ადამიანს გამოვალ და ღიად ვიტყვი", - განაცხადა გომელაურმა.

როგორც გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საქმის მეორე ეტაპი დამნაშავის პოვნა და დასჯაა.

"ყველაფერი გავაკეთეთ ჩვენმა სამინისტრომ, ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ არავინ დაშავებულიყო. ჩვენი პირველი ამოცანა იყო, რაც დავისახეთ და ეს ხელმძღვანელობასთანაც შეთანხმებული იყო, შეთანხმეული იყო ბატონ პრემიერთანაც, დავალება იყო, რომ არავინ დაშავებულიყო. ყველაფერი გავაკეთეთ. ეტაპობრივად იყო ადამიანების გამოშვება - ჯერ 14, შემდეგ 7, შემდეგ 9 კაცი და ა.შ. რაც მთავარი იყო, ჩვენი თანამშრომელი მივიდა. შევთავაზეთ გაყოლა, მაგრამ მან უარი გვითხრა. შემდეგ ერთ ადამიანზე დაგვთანხმდა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ავთო გალდავას, რომელმაც თავისი სიცოცხლე გასწირა, ეს არ არის მარტივი საქმე. ჩემთვისაც არ იყო მარტივი გადაწყვეტილება მიმეღო, რომ თანამშრომელი გამეგზავნა, რადგან ის ადამიანი იქიდან ცოცხალი ან დაბრუნდებოდა, ან არა. ურთულესი გადაწყვეტილება მივიღე და ჩემთვისაც მძიმე იყო. ბატონი ავთოსთვისაც რთული იყო, თუმცა ერთი წამით უარი არ უთქვამს და ნაბიჯი არ შეუდრეკია, წარბი არ შეუხრია.

მანქანით რამდენიმე საათი მოძრაობდნენ, რომ მიმალულიყო. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ დაგვეკავებინა, თუმცა რთული იყო. მანქანიდან გადავიდა და მიიმალა",- განაცხადა გომელაურმა.

იხილეთ ასევე: რა უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა კითხვას, იყო თუ არა მძევლებს შორის შეიარაღებული პირის თანამზრახველი

იხილეთ ვიდეო