რას ჰყვებიან მძევლები
რას ჰყვებიან მძევლები
ზუგდიდში 21 ოქტომბერს "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღებისას, ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირმა რამდენიმე მძევალი აიყვანა. "კვირის პალიტრა" მათ ესაუბრა

ნანა: - რიგში ვიდექი, როდესაც შეიარაღებული ნიღბიანი კაცი შემოვარდა. შემოსასვლელშივე გაისროლა და რაღაც დაიყვირა, ისე დავიბენი, შეშინებული მაგიდის ქვეშ შევძვერი, მაგრამ მაგიდას ფეხი ჰკრა და ახლავე დაიჩოქეო, მიყვირა. თავიდან აგრესიული იყო, ყველაფერს ანგრევდა.­ ყვიროდა, "112"-ში დარეკეთ და უთხარით, რომ ძარცვააო. სალაროსა და ბანკის მენეჯერთან შეხვედრას ითხოვდა. თუმცა მათ მოუსწრიათ სახანძრო კიბით გაქცევა.
მერე დამშვიდდა და მესამე სართულზე აგვიყვანა... თვალების გარშემო საღებავი ესვა, რომ არ ეცნოთ, თუმცა საუბრისას ცდილობდა დიდხანს არ ეყურებინა თვალებში. რასაც შეეხებოდა, სველი ხელსახოცით მუდმივად წმენდდა. ახლა ვხვდები, ყოველი ქმედება ათასჯერ ნამეცადინები ჰქონდა... ხშირად რაციას უსმენდა, ოღონდ პასუხს არ სცემდა, თითქოს მითითებებს ან ინფორმაციას­ იღებდა.
როგორც ჩანს, მეორე გასროლაზე გარედან შეატყობინეს, გიღებენო და ისიც ზუსტად იქით შეტრიალება. თავად გვითხრა, იმას იმიტომ ვესროლე, მიღებდაო. დარწმუნებული ვარ, ჩვენი დახოცვაც არ გაუჭირდებოდა. უთხრა კიდეც რომელიღაცას, თუ სპეცოპერაციას დაგეგმავენ, სროლა მომიწევს, ოდესმე მაინც მოკვდები, დიდი მნიშვნელობა არა აქვს, როდის და როგორ, თუმცა ახლა არა. მეგრული აქცენტი ჰქონდა, რამდენჯერმე რუსული სიტყვაც გაურია. როგორც კი მძევლების პირველი ნაწილი გაუშვა, მოხუცები და ფეხმძიმე გოგონა, მაშინვე გაგვაფრთხილა, ერთი ზედმეტი მოძრაობა და გესვრითო. თუმცა შემდეგ უფლება მოგვცა წყლის დასალევად გავსულიყავით, ოღონდ ცალ-ცალკე. თავად­ თავისი ბოთლიდან სვამდა. როდესაც­ "112"-თან კონტაქტი ვერ შედგა, რამდენიმე კაცს უბრძანა, ტელევიზიებში­ დარეკეთო... როცა ავთანდილ გალდავამ დაურეკა, ტელეფონის სპიკერი ჩართული იყო, გალდავა არწმუნებდა, მოვდივართ შენს პირობებზე, ოღონდ ყველა მძევალი უნდა გაათავისუფლო, უსაფრთხოების გარანტიას გაძლევო. მივხვდით, რომ ძალოვნები მის პირობებზე თანახმა­ იყვნენ და იმედი მოგვეცა. ისიც უფრო ლმობიერი გახდა. გვკითხა, თუ დაგცხათ, კონდიციონერი ჩავრთოთო. ისიც გვითხრა, თუ გინდათ და ხართ ამაზე წამსვლელი, აიღეთ­ ბანკის ფული, არ გიშლით, მე აქ ხელს არაფერს მოვკიდებო. ვინ გაბედავდა, მხოლოდ იმას ვნატრობდით, ცოცხალი გავსულიყავით შენობიდან. რამდენიმე საათის შემდეგ ბიჭებმა უთხრეს, ცოტა ხანს ხელი დაასვენე და ისევ გაუკეთე­ მაგ ყუმბარას რგოლიო. ეს რომ გავაკეთო, მაშინვე მომკლავენო, უპასუხა. ერთმა მძევალმა შემოგვთავაზა, ხაჭაპური მაქვს ჩანთაშიო. ჭამეთ, თუ გშიათო, გვითხრა მშვიდად. სიგარეტი ჰქონდა, თუმცა თავად არ მოუწევია, სხვებს მოაწევინა. ჰკითხეს კიდეც, შენ არ ეწევიო? კი, მაგრამ აქ არ მოვწევო.
ალბათ, დაღამებას ელოდა, რომ უსაფრთხოდ გასულიყო, თუმცა ტელევიზიების ლაივში დაინახა შენობის გარშემო სპეცტექნიკა და მაშინვე გალდავასთან დარეკვა მოითხოვა, ის იქიდან ამშვიდებდა, ყველაფერი რიგზეაო. მაინც გვიყვიროდა, ხედავთ, არავის ადარდებთო... ვერავინ დამაჯერებს, რომ არ იცოდა, საით წასულიყო. თურმე თანხა დაჩიპული ქეისით­ მიუტანიათ, სათითაოდ ამოალაგებინა და ზურგჩანთაში ჩაუწყვია. რაც შეეხება­ ირონიულ პოსტებს, თუ როგორ გაკოჭა ამდენი ადამიანი, ვის რა შეგვეძლო გახსნილი ხელყუმბარის წინ?

ლაშა შენგელია თავდამსხმელს გაუჩინარებამდე თან ახლდა: - რამდენიმე საათს, სანამ ავთანდილ გალდავა არ შემოვიდა თანხით ხელში და არ დაუჩოქა, აჰა, ფული, გაუშვი მძევლები და მე გამოგყვებიო, გახსნილი ხელყუმბარის წინ ვიჯექი და ვფიქრობდი, რომ ყველაფერი დასრულდა. გალდავა ბანკში აკეცილი შარვლითა და აწეული ხელებით შემოვიდა იმის ნიშნად, რომ უიარაღოდ იყო. თავდამსხმელს ბიჭებმა თავად ვუთხარით, ქალები გაათავისუფლე და ჩვენ გამოგყვებით-თქო. დაგვთანხმდა. ყველანაირად მომზადებული იყო - ჩვენ წებოვანი ლენტით გაგვიკოჭა ხელები, ავთო თავად გამოიბა ხელზე, მწყობრში ჩაგვაყენა და ასე ჩავსხედით მანქანაში. რამდენჯერმე უთხრა ავთოს, იცოდე, თუ ვინმე გამოგვყვება, აქ დასრულდება ყველასთვის ყველაფერიო, იმწამსვე ხელს გავუშვებ ხელყუმბარასო. ავთო არწმუნებდა, ასეთი რამ არ მოხდებაო... ერთი მძევალი საჭესთან იჯდა და ის კარნახობდა მარშრუტს, ოთხივე უკან ვისხედით და მუდმივად უკან იყურებოდა, ხომ არავინ მოგვყვებაო. ერთ ადგილას პოლიციის მანქანა შენიშნა და აყვირდა, ეს არის შენი გარანტიაო და ავტომატიდან გაისროლა. ამის შემდეგ ავთო გალდავამ დარეკა, აღარავინ გამოგვყვეს, თორემ ხალხი დაგვეღუპებაო. შემდეგ მშვიდად ვიარეთ. მანქანა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხთან, ტყესთან გაგვაჩერებინა. მდინარეში მანქანის ხალიჩები გარეცხა და სველი ხელსახოცით მანქანაც გაწმინდა. ახლა კი ჩასხედით და უკან არ მოიხედოთ, თორემ გესვრითო. რა აზრი ჰქონდა უკან მიხედვას, ტყეში ვიყავით და ბნელოდა.

puaro
27 ოქტომბერი 2020 10:17
თვალის ფერმა გაყიდა და იმანაც ფორმა რომ ეცვა, ისე შეიძლება დნმ იც ამოვარდა სადმე
!!
26 ოქტომბერი 2020 21:36
ცალი თავლლი ვიწროი აქვს და ჩრდილით ცდოილობდა ამის დამალვას!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები