"კაცს ფული მისცეს და არ იციან, ვის მისცეს,­ ეს მეტისმეტია..." - კვირის პალიტრა

"კაცს ფული მისცეს და არ იციან, ვის მისცეს,­ ეს მეტისმეტია..."

"როგორც ჩანს, იმ კაცს კარგი ინსტრუქტორიც ჰყავდა. მძევალმა ხომ ახსენა, სხვასთანაც იყო კავშირზეო"

ზუგდიდის ცენტრში მდებარე "საქართველოს ბანკში" 2020 წლის 21 ოქტომბერს უცნობი პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. შეიარაღებული თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს, ვერტმფრენს ან მანქანას და მძევლებთან ერთად ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიას ითხოვდა. ის მძევლის მეშვეობით ტელევიზიებს ვიდეოზარით დაუკავშირდა და მოთხოვნების შესასრულებლად პოლიციას 2 საათი მისცა, რომელიც საღამოს 6 საათზე ამოიწურა - მას 500.000 დოლარი ინკასაციის მანქანით მიუტანეს და ის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა ავთანდილ გალდავამ გადასცა. სწორედ ის გაჰყვა სამ მძევალთან ერთად გამტაცებელს, რის შემდეგაც მათ "საქართველოს ბანკის" შენობა დატოვეს. 22 ოქტომბერს შსს-მ განაცხადა, რომ ყველა მძევალი თავისუფალია. გავრცელდა ინფორმაცია, რომ დამნაშავე შესაძლოა ოკუპირებულ აფხაზეთში აპირებდა გადასვლას. აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივან სერგეი შამბას განცხადებით, თუ დამნაშავემ "საზღვარი" გადაკვეთა, სოხუმი მას თბილისს გადასცემს.

ამირან სალუქვაძე, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში: - ეს ფაქტი შინაარსითა და ხასიათით ახლოს არის ტერორისტულ აქტთან. ყველა ელემენტი არსებობდა, ტერორისტულ აქტში გადაზრდილიყო.

- ალბათ, იმ შემთხვევაში, თუ თავდამსხმელი თანხის მოთხოვნას პოლიტიკურ მოთხოვნებსაც მოაყოლებდა. - არ არის საჭირო მხოლოდ პოლიტიკური მოთხოვნების წამოყენება. ვინ გამორიცხავს, რომ ამაში არჩევნებამდე 10 დღით ადრე უწყების დისკრედიტაცია, სახელმწიფოსთვის რეპუტაციული ზიანის მიყენება არ იყო გათვალისწინებული? მიკვირს "ოცნების" ლიდერების კომენტარებში ეს რატომ არ ძევს? რატომ გამორიცხავენ, რომ ეს არ იყო გარედან დაგეგმილი ან შიდაპოლიტიკური ინტერესები? ეს საინტერესოდ დაემთხვა ერთ-ერთ მასშტაბურ საგანმანათლებლო პროექტს - ამ ფაქტით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზენტაცია და პრემიერის ბრიფინგი ჩაიშალა. ხელს კი არ ვადებ შიდაპოლიტიკურ ძალებს ან გარეთ რომელიმე სახელმწიფოს, უბრალოდ, ვერსიაა.

- "ნაციონალები" კი ამ აქტით ზუგდიდში მასობრივი აქციის ჩაშლას ჩივიან. - მუსირებს აზრი, რომ ეს იყო ხელისუფლების სპექტაკლი, ზოგმა თქვა, პერფორმანსიაო. სირცხვილია, 43 კაცის მძევლად აყვანას პერფორმანსი უწოდო. იმ კაცს ხელში გახსნილი ხელყუმბარა ჰქონდა, ხომ შეიძლებოდა დავარდნოდა და ყველანი აფეთქებულიყვნენ. საოცარია, რომ სოცქსელებსა და მედიაში ამ პირის ჰეროიზაცია და რომანტიზება დაიწყო. ვერ ვისწავლეთ ტერაქტებისა და მძევლად აყვანის ფაქტების გაშუქებაც. გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას პირდაპირ ლაივები იყო ჩართული. არ შეიძლება რეიტინგის, დასწრებისა და ინფორმაციის მოპოვების საკითხები საზოგადოების უსაფრთხოებაზე მაღლა დავაყენოთ. ნორმალურ სახელმწიფოებში ტერაქტებისა და სხვა მძიმე დანაშაულების დროს მედია კოორდინაციაშია სამართალდამცავ სტრუქტურასთან.

როცა ტელევიზიაში პირველი ზარი შევიდა, იქიდან ვინმეს მყისიერად უნდა დაერეკა შსს-ში ან უსაფრთხოების სამსახურში და მათი მითითების შესაბამისად ემოქმედათ. ნამინისტრალ და ნაპროკურორალ გვარამიას ეს კარგად უნდა ესმოდეს. თუმცა მესმის, რომ გამძაფრებული წინასაარჩევნო ბრძოლაა. ამათი ლოგიკით, უნდა დავიჯეროთ, რომ ხელისუფლებას შეეშინდა ერთი რიგითი შეკრების ზუგდიდში და ამის გამო ჩაშალეს ქუთაისის უნივერსიტეტის პრეზენტაცია. ეს ხომ აბსურდია? იმ საღამოს კატეგორიულად მიუღებელი იყო ოპოზიციის შეფასებები, ხელისუფლების მინიშნებებიც მომხდართან ოპოზიციის კავშირზე - დასაბუთებული ფაქტების გარეშე ეს დაუშვებელია.

მძევლად აყვანის ინსტიტუტი ჩვენთან სიახლე არ არის. 2007 წელს იმავე "საქართველოს ბანკზე" თავდასხმის დროს დაიღუპა ერთი თანამშრომელი, ორი კი დაიჭრა და მაშინაც 500 ათასი, ოღონდ ლარი გაიტაცეს. ბანკების დაყაჩაღება როგორც წინა, ისე ამ ხელისუფლების დროს ხშირი იყო. ყველა საინფორმაციო კრიმინალური ფაქტების გაშუქებით იწყება და 8 წელია ხალხს ჩაუნერგეს, რომ კრიმინალმა იმატა.

- გაზვიადებულია ხმები? - ნებისმიერმა შს თანამშრომელმა იცის, რომ შეიძლება ყველა სტატისტიკა შეიფუთოს, მაგრამ ვერ შეფუთავ განზრახ მკვლელობას, გაუპატიურებას, ყაჩაღობასა და მძევლად აყვანას, ეს ციფრები არ ყალბდება.

"ნაციონალებმა" გადახედონ მაშინდელ სტატისტიკას. მე ყველა შენახული მაქვს, ინტერნეტშიც მოიძებნება. მაგალითად, 2008 წელს იყო მძევლად აყვანის 7 ფაქტი, 2009 წელს - 27 და ა.შ. ყოველ მესამე-მეოთხე დღეს ხდებოდა განზრახ მკვლელობა, გაუპატიურება და ყაჩაღობა. დღეს, როცა პირველი სამი სიუჟეტი იმაზეა, ვინ დაჭრეს, ვინ მოკლეს და ვინ გაიტაცეს, ეს საზოგადოებაში ქმნის უსუსურობის განცდას, მეორე მხრივ კი კრიმინალის წახალისებაა.

- მარტო გაშუქებაა წახალისება? ის არ გეჩვენებათ წახალისებად, კრიმინალს რომ ვერ იყოლიებ, ფულს უხდი, ტყეში უშვებ და კვალს კარგავ? - უამრავი ქვეყანაა, რომელთაც გაცხადებული აქვს, რომ ტერორისტებთან არ თანამშრომლობენ, მასთან მოლაპარაკებას არ იწყებენ, მაგრამ იგივე ქვეყნები ფარულად იხდიან. მოლაპარაკებას ორი მხარე ჰყავს: დამნაშავე და სამართალდამცავი. მათ შორის ფსიქოლოგიური ჭიდილია. ყველა ტერორისტი თუ კრიმინალი თანაბრად მომზადებული არ არის, ვიღაც შეიძლება დაიყოლიო და ამას სათანადო ფონი სჭირდება - მედიისა და საზოგადოების მხარდაჭერა, ჩვენ ყველაფერს წიოკით ვატარებთ. ნახეთ, მსგავს ფაქტებს როგორ აშუქებენ უცხოეთში - იქ არ მიდის პოლიტიკური მანიპულაციები და სპეკულაციები. არ მოგწონთ ხელისუფლება, იმ სპეცდანაყოფებსა და პოლიციის თანამშრომლებს მაინც ეცი პატივი, რომლებიც ცეცხლის ხაზზე არიან და მოლაპარაკებას აწარმოებენ.

იდეალური ვარიანტია არც ფული გადაიხადო, მძევლებიც გაათავისუფლო და დამნაშავეც დაიჭირო, მაგრამ არის სხვა ვარიანტებიც - გვახსოვს ბესლანი, მოსკოვის თეატრიც, სადაც ხალხი ჩაცხრილეს.

მოლაპარაკების დროს ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც გვინდა. პოლიტიკოსებს ვეტყვი, რომ ასეთი ოპერაციების დროს ისინი უნდა დადგნენ მძევლებისა და ფორმიანების გვერდით. როცა ყველაფერი დამთავრდება, მაშინ შეუძლიათ აკეთონ პოლიტიკური განცხადებები.

არავინ იცის, რა მოხდა მას შემდეგ, რაც თავდამსხმელმა შენობა დატოვა. ამ ოპერაციას შს მინისტრი ხელმძღვანელობდა, ის 43 კაცის სიცოცხლეზე იყო პასუხისმგებელი. გმირობაში თუ არა, ვაჟკაცურ ნაბიჯსა და თავდადებაში ჩავუთვალოთ ქმედება სამხარეო პოლიციის უფროსსაც. როცა ბანკიდან გავიდნენ, მძარცველმა ორსაათ-ნახევარი ატარა მძევლები სხვადასხვა მიმართულებით ხელყუმბარით ხელში. რაც შეეხება დაჩიპვას, ჩიპი შეიძლება მხოლოდ ჩანთაზე გაეკეთებინათ, მაგრამ ვიდეოში ჩანს, რომ ის თავისი ჩანთითაა მისული და დიდი ალბათობით, ფულსაც იქ ჩადებდა.

როგორც ჩანს, იმ კაცს კარგი ინსტრუქტორიც ჰყავდა. მძევალმა ხომ ახსენა, სხვასთანაც იყო კავშირზეო. ჩემი აზრით, მას თანამზრახველები ჰყავდა. დიდი ალბათობით, ფულის ნაწილიც დანომრილი იქნებოდა, რისი მეშვეობითაც მასზე შეიძლება გასვლა.

- რას იტყვით თავდამსხმელსა და მის მომზადებაზე? ზოგი ამბობს, კონტრტერორისტული მომზადება ჰქონდა გავლილიო, ზოგმაც მასში ყოფილი ოპერმუშაკი დაინახა... - იმის მტკიცება, რომ აუცილებლად რომელიმე ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელია, არ შეიძლება. ჩანდა, რომ გასამხედროებული პირი იყო, ოღონდ ვერ ვიტყვი, რომელი უწყების. ფორმა აშკარად თავისი, ძველი და გახუნებული ეცვა და არა საიდანმე აღებული.

შეიძლება სნაიპერივით ვერ ისროდეს, მაგრამ ავტომატი ისე უკავია, ჩანს, იარაღს მიჩვეულია, ყუმბარის ხელიდან ხელში გადატანაც არ უჭირს, რაც გამოცდილებაზე მიუთითებს. აქედან გამომდინარე, უფრო სამხედრო სპეციალობისკენ ვიხრებით.

ყოველივე ეს საგამოძიებო სტრუქტურებს სასარგებლო ინფორმაციის მოპოვების საშუალებას აძლევს - შეუძლიათ აიღონ ყოფილი სამხედროების სია, ფორმის მიხედვით კი დაადგინონ, რომელ წლებში ატარებდნენ ამ შეფერილობისას. შეიძლება გვარების ამოღებაც. ის მეგრულად ლაპარაკობდა, გამორიცხვის მეთოდით შეიძლება ამ ადამიანზე გასვლა.

- თქვენი აზრით, სად შეიძლება იმალებოდეს?

- აფხაზეთში რომ მოხვედრილიყო, ტყე-ღრე უნდა გაევლო და ამას დრო უნდა. შსს-ს აქვს თანამედროვე აღჭურვილობა, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ დამნაშავეს ამის შესახებაც ყველაფერი ეცოდინება. მას ხანგრძლივი პერიოდისთვის მომზადებული ექნება სამალავი, საცხოვრებელი ტყეში. საზღვარზე გადასვლას რაც შეეხება, არ ვიცი, როგორ კონტროლდება პერიმეტრი მთიან ადგილებში, მაგრამ ჩვენი მოსახლეობა სადმე მდინარეზე, საზღვართან ახლოს რომ გაივლის საკვების მოსაპოვებლად, რუსები ეგრევე იჭერენ. ყოველ შემთხვევაში, ისინი ინფორმირებული არიან და იოლი არ იქნება გადასვლა. მე აუცილებლად გამოვაცხადებდი ჯილდოს, რათა ის თავს ისევე გრძნობდეს, როგორც 43 მძევალი გრძნობდა მის ხელში. ამისათვის მილიონი დოლარიც არ უნდა დაზოგოს სახელმწიფომ. ალბათ, ეს გაკეთდება კიდეც, თუ ძებნამ ნაყოფი არ გამოიღო.

"არ გამოვრიცხავ, მძარცველი ბუფერული ზონიდან იყოს შემოსული და გასული..."

"იცით, რატომ არ ვარქმევ ამას სპეცოპერაციას? დამნაშავეს ყველა მოთხოვნა შეუსრულეს და ის საუბრები, ჩანაწერებიც, რაც გავრცელდა, მეტყველებს, რომ ყველა ნაწილში კომპრომისული პოზიცია იყო", - ამბობს "კვირის პალიტრასთან" უსაფრთხოების ანალიტიკოსი ლაშა პატარაია:

- 90-იანებშიც კი, როცა დამნაშავეს მძევლები აუყვანია, მასთან ყოველთვის ხანგრძლივი მოლაპარაკება გვქონდა. ის ადამიანები პროფესიონალები იყვნენ. ბევრად რთულ ვითარებაში ახერხებდნენ მძევლების დახსნას და ბოროტმოქმედის დაყოლიებას. დღეს კომპეტენციის დეფიციტია და ამას ბევრი მიზეზი აქვს. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მხარს გვიჭერენ, რეკომენდაციებს გვიწევენ, ტრენინგებს გვიტარებენ, კადრებს გვიმზადებენ, მაგრამ საჯარო და სამართალდამცავ სექტორში ჩვენი შრომითი ბაზარი იმდენად არასტაბილურია, შეიძლება მომზადებულმა პირმა სხვა სექტორში გადაინაცვლოს და ის შრომა, რაც მასზე დაიხარჯა, დაიკარგოს... არ შეიძლება ამ ხალხის გაშვება - სპეცრაზმელს, რომელიც ემსახურებოდა ქვეყანას, აქვს ისეთი მომზადება, ნებისმიერი საქმის გაკეთება შეუძლია, უსამართლოდ რომ უშვებ სამსახურიდან, აბოროტებ. ის ადამიანი იდეოლოგიურად განეწყო ქვეყნის სამსახურისთვის, სახელმწიფომ კი მიატოვა. არადა, მან სხვა საქმე არ იცის, ოჯახი კი შესანახი ჰყავს. როცა ხდება მისი რადიკალიზაცია, უკვე არაპროგნოზირებადია... სტატისტიკურად ასეთი შემთხვევების 80% მათი მონაწილეობით ხდება. აქედან ნახევარზე მეტს აუცილებლად ჰყავს თანამონაწილე ან ადგილზე, ან გარეთ. ეს იყო ბანკის ძარცვა სრულიად არაკლასიკური ფორმით, ამიტომ ვფიქრობ, რომ ის დაგეგმილი არ ყოფილა. მომზადებულობა არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად დაგეგმილი გქონდა, კარგ სამხედროს იმპროვიზაციაც შეუძლია. ეს პატარა ბრძოლის თეატრივითაა, რომელსაც მან კარგად გაართვა თავი, რაც მეტყველებს მისი მომზადების ხარისხზე და არა იმაზე, რომ ის მაინცდამაინც კრიმინალია...

გამოჩნდა კვალიფიკაციისა და ადგილზე რესურსის უქონლობის პრობლემაც. კაცს ფული მისცეს და არ იციან, ვის მისცეს, ეს მეტისმეტია. დამნაშავე არ არის იდენტიფიცირებული. ფულს რომ აძლევ, სულ მცირე, ოპერატიული ინფორმაცია უნდა გქონდეს პირზე. როცა მოლაპარაკებას აწარმოებ, რომ გითხრას, ცოლად გამომყევიო, ამაზეც უნდა დათანხმდე. დამნაშავეს უნდა აჰყვე, ეს მოლაპარაკების ტექნიკაა...

- ამგვარი პრეცედენტის დაშვება ბოროტმოქმედების წახალისებას ხომ არ ნიშნავს? - რა თქმა უნდა, ბანკის ძარცვა სხვა სახის კრიმინალისგან იმით განსხვავდება, რომ გაფეტიშებულია. ჯერ ერთი,

თვითონ ბანკია საზოგადოებაში აღქმული ბოროტებად და ამიტომაც მოქმედებს "რობინ ჰუდის სინდრომი" - მდიდარს წაართვა, ღარიბს მისცე. არის მეორე მიზეზიც - რომანტიზება, ფილმებში ხომ ასეთი რამეები გაიდეალებულია. დიდ როლს თამაშობს ეკონომიკური გაჭირვება...

- არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ ეს ზუგდიდში, თანაც წინასაარჩევნო პერიოდში ხდება. - ეს რამდენიმე მიზანს ემსახურება: 1. ინფორმაციის გადაფარვას - სხვა უფრო მნიშვნელოვანი ხდება ქვეყანაში ან ქვეყნის საზღვრებთან ახლოს; 2. ჰიპოთეზურად რომ ვთქვათ, ეს არის ის, რასაც კავშირი აქვს პოლიტიკასთან...

ჩემი პროგნოზით, სულ მცირე, 2 კვირა თავდამსხმელის იდენტიფიცირებასაც ვერ მოახერხებენ. საქმეს გახსნა კი არა, არჩევნების შემდეგ მსჯელობაც არ უწერია, რადგან სხვა მოვლენები განვითარდება და ეს საქმე რაღაცებით გადაიფარება... არც იმას გამოვრიცხავ, ის კაცი ბუფერული ზონიდან იყოს შემოსული და გასული. სავსებით შესაძლებელია, აქ იყოს და განსაზღვრული ჯგუფი უწყობდეს ხელს...

იხილეთ ასევე: "თავდამსხმელის ზუგდიდის ცენტრში დემონსტრაციული შეღწევის ეპიზოდი ყურადღებას იმსახურებს"