"ითქვა, ამ რუკით სომხეთთან ვაგებთო, მაგრამ ეს ტყუილია. ვიგებთ როგორც აზერბაიჯანთან, ასევე სომხეთთან და ვერც ერთი ამ რუკას ვერ გაექცევა!" - კვირის პალიტრა

"ითქვა, ამ რუკით სომხეთთან ვაგებთო, მაგრამ ეს ტყუილია. ვიგებთ როგორც აზერბაიჯანთან, ასევე სომხეთთან და ვერც ერთი ამ რუკას ვერ გაექცევა!"

"ბრალდებულები რუკების შეგნებულად იგნორირებასა და გადამალვაში რომ არიან მხილებულნი, დასტურდება მტკიცებულებებით!"

გენერალურ პროკურატურაში გრძელდება სკანდალური საქმის გამოძიება და პირთა დაკითხვა. საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსის, ივერი მელაშვილისა და შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორის, ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ მრავალტომიანი საქმე უკვე აკინძულია და ტომები ტომებს ემატება. დაკავებულებს ბრალი 3 500 ჰა ტერიტორიის საქართველოს საწინააღმდეგოდ მის ფარგლებს გარეთ მოქცევასა და საქართველოს ისტორიული და კულტურული ძეგლის - დავითგარეჯის დაკარგვის საფრთხის შექმნას ედავება. არ არის გამორიცხული, ამ საქმეში სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.

როგორც ირკვევა, საქართველოს სპეციალური სამთავრობო კომისია, რომლის ამოცანა ქვეყნებს შორის საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაციაა, სახელმწიფო საზღვრის დადგენას ამ პირებს ანდობდა და ისინი ვალდებული იყვნენ, ჩაეტარებინათ გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოები, მოეძებნათ შესაბამისი რუკები და სხვა მასალები, შეეჯერებინათ ისინი და ამის საფუძველზე შეედგინათ საქართველოს საზღვრის ამსახველი რუკის ალბომები, სადაც დატანილი იქნებოდა საქართველოს ისტორიული საზღვარი (1938 წლის) და ეს გახდებოდა ორ სახელმწიფოს შორის მოლაპარაკებისა და შეთანხმების საფუძველი.

ბრალდებულთა შედგენილ ალბომებში დატანილია შეთანხმებული საზღვრის ამსახველი მონაკვეთები, რომლებიც 2007 წლის ჩათვლით პერიოდში, გამოძიების ცნობით, ორ სახელმწიფოს შორის საზღვარზე მოლაპარაკება-შეთანხმების ძირითადი სახელმძღვანელო იყო. ბრალდებულებს კომისიაში საქმიანობის პერიოდში ჰქონდათ 1937-1938 წლების 1:200 000 მასშტაბის რუკა, თუმცა ისინი სამთავრობო კომისიის წევრებს, სავარაუდოდ, უმალავდნენ ამ ინფორმაციას, რათა ის საზღვრების დელიმიტაციის პროცესში არ გამოეყენებინათ. რუკის დედანი ილიჩოვას სამუშაო კაბინეტში იპოვეს. ბრალდების მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ასახავდა ჩვენი სახელმწიფოს პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით. გამოძიების ცნობით, დელიმიტაციის პროცესში სასაზღვრო ხაზზე შეთანხმებისას ნაცვლად 1938 წლის კარტოგრაფიული მასალისა, მიზანმიმართულად გამოიყენეს 1970-80-იან წლებში გამოცემული 1:100 000 და 1:50 000 მასშტაბის რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზი, რომელიც სახელმწიფოთა შორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა და ჩვენს ისტორიულ საზღვარს ეწინააღმდეგებოდა. ამის დასადასტურებლად გამოძიებამ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ჩაატარა ექსპერტიზა, რომელშიც ჩაერთვნენ პროფესორები და კარტოგრაფიული დარგის ექსპერტები... ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კარტოგრაფია-გეოდეზიის და გეოინფორმატიკის კათედრის პროფესორი, კარტოგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტი თენგიზ გორდეზიანი ერთ-ერთია იმ პროფესიონალ კარტოგრაფებს შორის, რომელთაც ეს დასკვნა შეიმუშავეს.

- ამ საქმეზე სექტემბერში ორი კვირა 7 ექსპერტი ვმუშაობდით, ყველა - პროფესიონალი კარტოგრაფი... პროკურატურამ წარმოგვიდგინა 1: 500 000 მასშტაბის რუკა, რომელსაც, როგორც კარტოგრაფი, რუკასაც ვერ ვუწოდებ. წარმოდგენილი იყო კალკაზე ამონახაზიც (ადრე, სანამ კომპიუტერი გაჩნდებოდა, კარტოგრაფები რუკიდან ხელით ხაზავდნენ). დავადგინეთ, რომ ეს ამონახაზი მიესადაგებოდა 1:500 000 მასშტაბის იმ კარტოგრაფიულ გამოსახულებას, რომელზეც ხელია მოწერილი და არ მიესადაგებოდა 1:500 000 მასშტაბის რუკას, რომელიც დაბეჭდილია 1938 წელს ქართულ და რუსულ ენებზე თბილისში, კარტოგრაფიულ ფაბრიკაში. ფერადი ადმინისტრაციული დაყოფის რუკა და ის რუკა, რომელსაც ეს მიესადაგებოდა, არის ე.წ. სინკა ანუ ლურჯი სინჯი. მე, როგორც კარტოგრაფმა, მაშინ ვთქვი, რომ ეს არ არის რუკა, ეს არის ამიერკავკასიის ადმინისტრაციული დაყოფის რუკის ერთი პლანშეტი, ერთი ფურცელი, რომელსაც არა აქვს ლეგენდა. თუ რუკას ლეგენდა არ აქვს, ჩვენ მას ვერ წავიკითხავთ. რაც მთავარია, ამ გამოსახულებაზე არ ჩანდა ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები, როგორიც არის სიმაღლეები, მწვერვალები. საზღვრის დადგენის დროს მთავარი არის რელიეფი. არის შემთხვევები, როცა საზღვარი გაგვყავს თხემზე, ბუნებრივ ბარიერზე, ამ რუკაზე კი არაფერი იკითხება. რელიეფის ფორმები არ არის. იზოფიქსები არის ხაზები რუკაზე, რომლებიც ერთნაირ აბსოლუტურ სიმაღლეებს აერთებს; სიქსომენტიული ხაზები, საფეხურები არ ჩანდა; ასევე არ ჩანდა დასახლებული პუნქტები. ერთი სიტყვით, შეთანხმება არასრულფასოვან კარტოგრაფიულ გამოსახულებაზეა გაფორმებული. არ შეიძლებოდა 500 000-იანი არასრულფასოვანი კარტოგრაფიული გამოსახულებით სარგებლობა, უნდა გამოეყენებინათ 1:200 000 სამხედრო მასშტაბის რუკა. ისიც ვერ გამიგია, რატომ უწოდებენ ჟურნალისტები ამ საქმეს კარტოგრაფთა საქმეს, როცა არც ერთი დაკავებული კარტოგრაფი არ არის. ორივე მიწათმომწყობია და ეს სულ სხვა სფეროა. კარტოგრაფთა ასოციაცია, რომლის პრეზიდენტიც მე ვარ, საერთაშორისო ასოციაციის წევრია და ყველა კარტოგრაფი ჩვენთან არის გაწევრებული. ჩრდილს არავის ვაყენებ, მაგრამ ისინი პროფესიონალები არიან მიწათმოწყობაში და არა - კარტოგრაფიაში.

დავით ხიდაშელმა მართლაც ეროვნული საქმე გააკეთა, არადა, მოღალატეს უწოდებენ, რუსეთიდან როგორ ჩამოიტანაო. აბა, საიდან უნდა ჩამოეტანა დედანი? ეს რუკა 1937 წელს არის დაბეჭდილი შეკვეთით, საბჭოთა კავშირის კონსტიტუციის მიხედვით, რომლითაც რესპუბლიკებს შორის საზღვრები განისაზღვრა. ისიც ითქვა, ამ რუკით სომხეთთან ვაგებთო, მაგრამ ეს ტყუილია. ამ რუკის მიხედვით ვიგებთ როგორც აზერბაიჯანთან, ასევე სომხეთთან და ვერც ერთი ამ რუკას ვერ გაექცევა, თუ მართლაც კეთილმეზობლური ურთიერთობა გვინდა.

- საქმის მასალებში ასევე დევს 1:50 000 მასშტაბის რუკა. ამაზე რას იტყვით? - 1937 წელს, როდესაც დაიბეჭდა 1: 200 000 მასშტაბის სამხედრო დანიშნულების რუკები, 50 000-იანი რუკები არ იბეჭდებოდა. ამის ბეჭდვა დაიწყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1951 წლიდან, ამიტომაც 50 000-იან რუკებზე იგივე ხარვეზია გაპარული, რაც შემდგომ საბჭოთა პერიოდის 100 000-იან რუკებზე. იქ საზღვარი გატარებულია უდაბნოს თხემზე და შემადგენლობიდან ქრება დავითგარეჯის კომპლექსის რამდენიმე ობიექტი. ერთი სიტყვით, დემარკაციის დროს უნდა გამოეყენებინათ მხოლოდ 200 000-იანი და უფრო მსხვილი მასშტაბის რუკები. რაც გამოიყენეს, ის არის სასწავლო რუკა... მამა კირიონს აკრიტიკებენ, მაგრამ მასზე უკეთესად ვინ იცის, რა ხდება დავითგარეჯაში! ბრალდებულები რუკების შეგნებულად იგნორირებასა და გადამალვაში რომ არიან მხილებულნი, დასტურდება მტკიცებულებებით.

გამოძიებამ გამოჰკითხა ალექსანდრე მათიაშვილი - საგარეჯოს რაიონის მთავარი მიწათმომწყობი. მოწმე ადასტურებს, რომ მასთან სამსახურში ინახებოდა საგარეჯოს რაიონის ტერიტორიული საზღვრების ამსახველი, 1930-40 წლებში შედგენილი სხვადასხვა რუკა, ანუ დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში მინიმუმ დამხმარე მასალად გამოსაყენებელი რელევანტური რუკები. ეს იყო 1:50 000 მასშტაბის რუკა, რომელზეც უფრო მეტი ფართობის საქართველოს ტერიტორია იყო აღბეჭდილი, ვიდრე შემდგომი პერიოდის რუკებზე და ეს რუკები დავითგარეჯასთან იყო დაკავშირებული. მოწმესთან ურთიერთობა ჰქონდა ივერი მელაშვილს. მან გამოართვა ალექსანდრე მათიაშვილს ეს რუკები დაბრუნების პირობით, თუმცა არ დაუბრუნებია და, სავარაუდოდ, არც გამოუყენებია, არადა, მათი გამოყენება დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში მნიშვნელოვანი იქნებოდა... საეჭვო გარემოებებზე ლაპარაკობს კიდევ ერთი მოწმე მანანა აღაპიშვილი, რომელიც სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიულ ფონდში მუშაობდა წლების მანძილზე. ის ამბობს, რომ ფონდში კონკრეტულ პოზიციაზე მის მუშაობამდე ამ რუკებზე ხელი მიუწვდებოდა ილიჩოვას. სწორედ აღაპიშვილმა აღმოაჩინა, რომ არქივიდან რამდენიმე რუკა იყო გამქრალი და ამაზე შესაბამისი ჩანაწერიც აღმოჩნდა მასალებში.

"დოკუმენტები ებარა და თავის ოთახში სეიფში ინახავდა ილიჩოვა, რა დროსაც ამ მასალებს მინიჭებული ჰქონდა გრიფი "საიდუმლო".

"ჩემ მიერ ალბომის აღწერისა და გადანომვრის შედეგად გამოვლინდა, რომ ის შეიცავდა არა 71 ფურცელს (რუკას), როგორც ეწერა 1947 წლით დათარიღებული გადანომვრის ჩანაწერებში, არამედ 57 ფურცელს (რუკას), რის შესახებაც გავაკეთე ჩანაწერი ალბომის ზუსტად იმ გვერდზე, სადაც იყო ძველი ჩანაწერი","- ამბობს მოწმე აღაპიშვილი.

მანანა აღაპიშვილის ჩვენებიდან: "1994 წელს, როდესაც შეიქმნა გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც ექვემდებარება მხოლოდ მთავრობის კანცელარიას, დეპარტამენტში მე დავინიშნე კადრების ინსპექტორად და ვმუშაობდი 2001 წლამდე. ჩემს ძირითად მოვალეობას შეადგენდა არა მხოლოდ კადრების ინსპექტირება და პირადი საქმეების მოწესრიგება, არამედ საიდუმლო სამართალწარმოებაც. მას შემდეგ, რაც დეპარტამენტის შემადგენლობაში შევიდა სახელმწიფო-გეოდეზიურ კარტოგრაფიული ფონდი, მე გადმომიყვანეს ფონდის უფროსის მოადგილედ. ამ პერიოდში დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო გივი კეკელიძე, ხოლო ფონდის უფროსი - ჟიუნი თოდუა... ჩემს მოვალეობაში, სხვა დანარჩენ ვალდებულებებთან ერთად, შედიოდა ტოპოგრაფიული და თემატური რუკების რედაქტირება და მორიგე რუკებზე დატანილ ინფორმაციაში ცვლილება. არა მხოლოდ რუკაზე დატანა, არამედ რუკების ე.წ. პასპორტებში მათი ჩაწერა. მე მქონდა ჩემი კაბინეტი, სადაც ვიჯექი მარტო. ჩემი ოთახის სეიფის გასაღები მქონდა მხოლოდ მე და მორიგე ტოპოგრაფიული რუკები, თავისი ალბომებით, დაცული იყო სწორედ ჩემს კაბინეტში, ცეცხლგამძლე სეიფში. მასზე ხელი მიგვიწვდებოდა მხოლოდ მე და ფონდის უფროსს, აწ გარდაცვლილ ჟიუნი თოდუას. მე ამ სფეროში ვიმუშავე 2006 წლამდე... სახელმწიფო რუკებსა და დედნებზე ხელი არ მიუწვდებოდათ იმ პერიოდში არც რიგითი და არც სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს. მეტიც, ჩვენ იმ პერიოდში არ გვქონდა არც სკანერის აპარატი, ამიტომ დოკუმენტების ასლსაც ვერ გავცემდით. ერთადერთი პირი, ვისაც ჩემთან ერთად შეეძლო ამ მასალებთან შეხება, იყო ჩემი უფროსი ჟიუნი თოდუა, რომელიც პირადად იყო დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის წევრი და როგორც მახსოვს, იგი თავის კაბინეტში, სეიფშიც კი ინახავდა ამ კომისიის მუშაობისთვის საჭირო რუკების ნაწილს. როგორც წესი, მას ჰქონდა დოკუმენტების დედნები, რადგან კომისიისთვის მნიშვნელოვანი იყო ინფორმაციის გადამოწმება და მოძიება დედან დოკუმენტებში. ჩემს დანიშვნამდე ხსენებული ალბომები და რუკების დედნები ჩაბარებული ჰქონდა ნანა ბუკიას. მან ამ დოკუმენტებთან იმუშავა 2001 წლამდე. ბუკიამდე დოკუმენტები ებარა და თავის ოთახში სეიფში ინახავდა ნატალია ბადალიანი (ილიჩოვას გულისხმობს - ავტ.), რა დროსაც ამ მასალებს მინიჭებული ჰქონდა გრიფი "საიდუმლო". ჩემი დანიშვნის დროს ის უკვე ფონდში არ მუშაობდა. როგორც მახსოვს, დემარკაციის კომისიის წევრ ივერი მელაშვილს სწორედ ის, ნატალია ბადალიანი ეხმარებოდა. ალბომები შეიცავდა რუკების დედნებს და უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობდი, რის გამოც მოადგილედ მუშაობის დროს მე პირადად გადავნომრე და აღვწერე ალბომები, შედეგი შესაბამისი ჩანაწერით დავიტანე ამ ალბომებზევე და ჩემი ხელმოწერით დავადასტურე... თქვენ მიერ ჩემთვის წარმოდგენილი ფოტოები ნამდვილად ასახავს იმ ტოპოგრაფიული რუკების ალბომს, რომელიც სხვა ალბომებთან ერთად ელაგა ჩემს ოთახში განთავსებულ სეიფში..."

P.S. გამოძიება გრძელდება, იკითხებიან ცნობილი სახეები, მათ შორის ისინიც, ვინც ამ საქმეზე წლების წინ გააკეთა განცხადებები.

იხილეთ ასევე: დავით ხიდაშელი: "მელაშვილი და ილიჩოვა ჩემს კითხვებზე პირდაპირი პასუხის გაცემისგან თავს იკავებდნენ..."