მირიან ნიკოლაძე: "დარწმუნებული ვარ, ნაფიცი მსაჯულებიც გამამტყუნებელ ვერდიქტს გამოიტანენ" - კვირის პალიტრა

მირიან ნიკოლაძე: "დარწმუნებული ვარ, ნაფიცი მსაჯულებიც გამამტყუნებელ ვერდიქტს გამოიტანენ"

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირი განაჩენს ელოდება. გამოძიება ოთხი მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, ძალადობა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ჯგუფური განზრახ მკვლელობა. საქმე სამ ნაწილად გაიყო და სასამართლოში განხილვა ცალ-ცალკე მიმდინარეობს. რადგან საქმეში არასრულწლოვნები ფიგურირებენ, ჯერ მათი საქმე განიხილეს და 6 არასრულწლოვნის პროცესი ამ დღეებში დასრულდება...

22 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო 8 სრულწლოვანი ბრალდებულის: საბა გოგშელიძის, საბა ჩხარტიშვილის, ირაკლი წაქაძის, ნიკოლოზ ჟვანიას, ვასილ მახარაძის, ირაკლი მუმლაძის, გიგა ტატიშვილისა და თენგიზ ბარბაქაძის საქმის არსებითი განხილვა, მათთან ერთად უნდა გაესამართლებინათ არჩილ გაგნიძე, ვახტანგ ჩიქოვანი და ნიკოლოზ რევაზიშვილიც, მაგრამ მათ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო აირჩიეს.

მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ პროცესები დახურა. ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება პანდემიის გამო მიიღო. 11 ბრალდებულიდან რამდენიმესთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება. ერთ-ერთი საბა ჩხარტიშვილია, რომელიც აგარაკზე მომხდარ ინციდენტში ფიგურირებს, მას ძალადობას და სხეულის განზრახ მსუბუქ დაზიანებას ედავებიან. ბრალდებული საბა გოგშელიძეც მზად არის, საპროცესო შეთანხმებისთვის ბრალი აღიაროს. გოგშელიძესაც ძალადობასა და სხეულის განზრახ მსუბუქ დაზიანებას ედავებიან. რაც შეეხება შაქარაშვილის ჯგუფურ განზრახ მკვლელობას, რაშიც ბრალი ხუთ პირს წარედგინა, ამ ეპიზოდს გორში მოსამართლე განიხილავს. რატომღაც გაგნიძემ, რევაზიშვილმა და ჩიქოვანმა 28 სექტემბერს უარი თქვეს, რომ მათი 109-ე მუხლით ბრალდების საქმე ნაფიც მსაჯულებს გადასცემოდა.

გარდაცვლილის ბიძა, იურისტი მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ ხვდება ბრალდებულთა და ადვოკატთა ტაქტიკას, რატომ არ აირჩიეს ნაფიცი მსაჯულები მთავარი ბრალდების, ანუ მკვლელობის ნაწილში და რატომ აირჩიეს ისინი უფრო მსუბუქ ბრალდებაში.

- სამი საქმიდან ერთი, არასრულწლოვნების საქმე წინ უსწრებს დანარჩენ საქმეებს და, სავარაუდოდ, მალე უნდა დასრულდეს, ვინაიდან დასკვნით სტადიაზე არიან. ოჯახი ელოდება, რომ განაჩენი გამამტყუნებელი იქნება... პირველად კონფლიქტთან დაკავშირებით კი, რომელშიც გიორგი არ მონაწილეობდა, პოზიციას მას შემდეგ გამოვხატავთ, რაც პროკურატურა დააყენებს ამ პირთათვის საპროცესო შეთანხმების საკითხს... რაც შეეხება მკვლელობის საქმეს, როცა წინასასამართლო სხდომაზე დადგა საკითხი, ვის უნდა განეხილა, ბრალდებულთა ადვოკატები ამბობდნენ, რომ სასამართლოს მაინცდამაინც არ ვენდობით, მაგრამ მაინც უმჯობესია განაჩენი მოსამართლემ გამოიტანოს, რადგან ამ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებაში შეიქმნა გარკვეული აზრი და არ არის გამორიცხული, ამ აზრმა ნაფიც მსაჯულებზე ზემოქმედება მოახდინოსო. ახლა კი უეცრად გაგნიძემ, რევაზიშვილმა და ჩიქოვანმა მოითხოვეს, მათი საქმე ნაფიც მსაჯულებს განეხილათ. სად არის აქ ლოგიკა? თუ მკვლელობის საქმეში ეჭვქვეშ აყენებდი ამ ინსტიტუტს, ახლა რატომ ენდობი? ცალსახაა, ნაფიცების არჩევა იმიტომ მოხდა, რომ მათ ამ ბრალდებაში - ძალადობა და თავისუფლების აღკვეთა აქვთ შეფარდებული, თავიდან ხომ ისინი ამ ბრალდებით დააკავეს და მერე წაუყენეს ბრალი ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში. ადრეულ წლებში პირის წინააღმდეგ თუ რამდენიმე საქმე იყო აღძრული, ერთხელ დაპატიმრებულ პირს, ყველა საქმეზე ცალ-ცალკე პატიმრობას უფარდებდნენ. ეს კანონით შეიცვალა, რადგან საკონსტიტუციო სასამართლომ დააკორექტირა და თქვა, თუ ერთხელ შეეფარდა პირს პატიმრობა და ციხეშია გამოკეტილი, არ არის საჭირო დამატებით სხვა ბრალდებებში ისევ პატიმრობა შეეფარდოთ.

შესაბამისად, მათ პატიმრობა უფრო მსუბუქ საქმეზე აქვთ შეფარდებული და ამ საქმეზე ითხოვენ ნაფიც მსაჯულებს. შერჩევას კი დიდი დრო სჭირდება და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საპატიმრო ვადებში არ ჩაეტიოს პროკურატურა და სასამართლო იძულებული გახდეს, შეუცვალოს პატიმრობა უფრო მსუბუქი არასაპატიმრო ღონისძიებით. თუ შენ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გამოყენება გინდა, გინდა ისინი დააჯერო შენს სიმართლეში, მაშინ ნაფიცებს რატომ არ ირჩევ ყველაზე მძიმე, მკვლელობის საქმეში? რატომ არ ცდილობ იქ დაამტკიცო შენი უდანაშაულობა? აირჩიეს იქ, სადაც პატიმრობა აქვთ შეფარდებული. თუმცა 9 წლამდე პატიმრობა იმ ბრალდებითაც ემუქრებათ. ყველაფერი ნათელია - უნდათ, როგორმე გააჭიანურონ პროცესი, გავიდეს აღმკვეთი ღონისძიების ვადა და გარეთ გამოვიდნენ. მეც ადვოკატი ვარ და ვერ ვხვდები ადვოკატების ტაქტიკას, რა პერსპექტივა აქვს ამას?! შეიძლება გამოგიშვას სასამართლომ დროებით, სხვა გამოსავალი რომ არ ექნება, მაგრამ როცა საქმის არსებითი განხილვა დასრულდება, ხომ მოგისჯის პატიმრობას და სასამართლო დარბაზშივე დაგაპატიმრებს?! მაგრამ ეს გათვლილია პიარზე - ნახეთ, შაქარაშვილის საქმეზე ვიღაცები გამოუშვესო. დარწმუნებული ვარ, ნაფიცი მსაჯულებიც გამამტყუნებელ ვერდიქტს გამოიტანენ, რადგან საქმეში უამრავი მტკიცებულებაა ბრალდების დასამტკიცებლად და ყველა დამნაშავე აგებს პასუხს.