ჯონდი ბაღათურია: "ამაში აღებულია დიდი ფული და მიიღეს წილები"... - კვირის პალიტრა

ჯონდი ბაღათურია: "ამაში აღებულია დიდი ფული და მიიღეს წილები"...

პროკურატურაში "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია დაჰკითხეს. ის ჯერ კიდევ 2012 წელს ითხოვდა პრეზიდენტ სააკაშვილის იმპიჩმენტს და მას სამშობლოს ღალატში ადანაშაულებდა. ახლაც დარწმუნებულია ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების ბრალეულობაში და ამბობს, რომ ამ ღალატის უკან ფინანსური ინტერესი იდგა...

- ჩვენ ვხედავთ, რომ 2006 წელს სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირებმა უღალატეს სახელმწიფოს და ჩემი ინფორმაციით, ეს არ ჩაუდენიათ უმიზეზოდ - ღალატის სანაცვლოდ აღებულია ძალიან დიდი თანხა. თუ გავიხსენებთ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ყოფილი უშიშროების საბჭოს მდივნის, გიგა ბოკერიას საქციელს, საგარეო საქმეთა მაშინდელი მინისტრის, გრიგოლ ვაშაძისა და მისი მოადგილეების - ნინო კალანდაძისა და სერგი კაპანაძის განცხადებებს, ეს მართლაც არის სახელმწიფოს ღალატი. დააკვირდით, რას აკეთებენ დღესაც - იმ რუკებს, რომლებიც ამტკიცებს, რომ დავითგარეჯა საქართველოს ტერიტორიაა, ხან კრემლის შემოგდებულ დოკუმენტს უწოდებენ, ხან - რას. რომც იყოს ეს რუკა, ვთქვათ, დაბალი ლეგიტიმაციის, შენ გაქვს უფლება, შენი ქვეყნის წინააღმდეგ საჯაროდ გამოდიოდე და სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ ასე დაუფარავად ლაპარაკობდე?! არადა, ლეგიტიმური დოკუმენტია შევარდნაძისა და ალიევის მთავრობების მიერ გაფორმებული ხელშეკრულება, სადაც წერია, რომ დელიმიტაცია-დემარკაციის კომისია დაეყრდნობოდა 1938 წლის დოკუმენტს. ჩვენ ამას მოვაწერეთ ხელი, შესაბამისად, 1996 წლიდან 2006 წლამდე არავის მოსვლია აზრად, რომ უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტერები ოდესმე შეიძლებოდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოქცეულიყო. სჯა-ბაასი იყო იმაზე, როგორ შეიძლებოდა ბერთუბანზე აზერბაიჯანთან ლაპარაკი. საზღვრის თხემზე ამოწევა არც განიხილებოდა არასდროს. ვინ წარმოიდგენდა, რომ აქ შეიძლებოდა ეს გაებედათ?!

ფაქტებით ვილაპარაკოთ - 2007 წელს, როდესაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა საზღვარი ამოსწიეს, სწორედ იმ პერიოდში ხელისუფლებამ კოდექსიდან ამოიღო მუხლი სახელმწიფო ღალატის შესახებ. ამის შემდეგ მესაზღვრეები უკვე ქედზე დადგნენ. კი ვამბობდით, ამათ აქ რა უნდათო, მაგრამ მაშინ ამას დიდი ხმაური არ მოჰყოლია, ვფიქრობდით, რაკი ამ საკითხებზე კომისია მუშაობდა, ჯობდა შეთანხმებას დავლოდებოდით. Aაზერბაიჯანელები კი იდგნენ ქედზე, მაგრამ მიმოსვლაში ხელს არ უშლიდნენ არც მომლოცველებს, არც სასულიერო პირებს. ასე იდგნენ 2007 წლიდან 2012 წლამდე. 2012 წელს აზერბაიჯანულმა მხარემ, ეტყობა, სააკაშვილის ხელისუფლებისგან მიიღო სიგნალი, რომ შეიძლებოდა ამ მოღალატეობის საფუძველზე ემოქმედათ და ამის შემდეგ ისინი არ უშვებდნენ ბერებს, რომლებიც გადადიოდნენ ჩიჩხიტურის და უდაბნოს მონასტრებში. მაშინ მონასტრიდან მივიღე ეს ინფორმაცია და "ქართული დასის" ინიციატივით მოვითხოვეთ სააკაშვილის იმპიჩმენტი. წავედით დავითგარეჯის მონასტერში საქართველოს დროშებით და იქ ერთი ამბავი გვქონდა. მაშინ დაირღვა ქვეყნის საზღვარი, სააკაშვილი კი სწორედ იმ დღეს ადგა, ქვეყანა დატოვა და იტალიაში გაემგზავრა. ჩვენმა მომხრეებმა ნახეს, როგორ დადიოდა იქ საათების მაღაზიაში, ფოტოებიც გადაუღეს... ის ქვეყანას ღალატობდა, როცა გვიმტიცებდა, რომ ეს იყო აზერბაიჯანის ტერიტორია. ამას ამტკიცებდნენ ნინო კალანდაძე, სერგი კაპანაძე, პარლამენტში დავით დარჩიაშვილი... მათი განცხადებები ყველას ახსოვს. მოღალატეობრივი იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციაც. დავუშვათ, მაშინ უჭკუობით და უსინდისობით მოუვიდათ, მაგრამ დღეს რატომ ამბობენ იმავეს? ქართველს ენა როგორ უნდა მოგიბრუნდეს და თქვა, რომ ეს უმნიშვნელოვანესი რუკა, რომელიც დიდი ძალისხმევით არის ჩამოტანილი საქართველოში, შემოგდებულია?! ამ საქმის უკან დგას ფინანსური ინტერესი. ამაში აღებულია დიდი ფული, მიიღეს წილები ერთ-ერთ აზერბაიჯანულ კომპანიაში, ახლა კი ისტერიკაში არიან და სახელმწიფოს ღალატში მიღებულ ინვესტიციებს იცავენ. სულ დადიოდა ხმები, რომ სააკაშვილმა ამაში დიდძალი ფული აიღო. ხეთაგური ჰყავდა წილების მაკონტროლებლად - ეს ხომ ყველამ იცის! ჩვენ დავასახელებთ კონკრეტულ თანხასაც, წილებთან ერთად დამატებით რამდენი მილიონი აიღეს.