"ნაციონალების" დროს დამნაშავე რომ ყოფილიყო ნემსიწვერიძე, სასჯელს გადაურჩებოდა?" - რას შეიძლება უკავშირდებოდეს მკვლელობა ავჭალაში - კვირის პალიტრა

"ნაციონალების" დროს დამნაშავე რომ ყოფილიყო ნემსიწვერიძე, სასჯელს გადაურჩებოდა?" - რას შეიძლება უკავშირდებოდეს მკვლელობა ავჭალაში

"ნაციონალების" დროს დამნაშავე რომ ყოფილიყო ნემსიწვერიძე, სასჯელს გადაურჩებოდა?" - რას შეიძლება უკავშირდებოდეს მკვლელობა ავჭალაში

"ჯერჯერობით არავინ ამბობს, ვისთან მოუხდა ნემსიწვერიძეს კონფლიქტი ან ვისთან შესახვედრად მივიდა ავჭალაში, თუმცა აშკარად ჩანს, რომ საფრთხეს ელოდა, რადგან თვითონაც შეიარაღებული იყო. მისი მანქანიდან სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს"

22 ოქტომბერს ავჭალაში, სარაჯიშვილის ქუჩაზე, 41 წლის ვალერიან (ვოვა) ნემსიწვერიძე საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს, რის შემდეგაც დამნაშავემ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლო. დანაშაული დღისით მოხდა. იქ მცხოვრებნი ამბობენ, რომ რამდენიმე გასროლა გაიგონეს.

სამართალდამცავები საქმეში ოპერატიულად ჩაერთვნენ, მაგრამ დანაშაული ჯერჯერობით გაუხსნელია და უცნობია, რა გახდა ახალგაზრდა კაცის მკვლელობის მიზეზი. ერთი ვერსიით, მომხდარი შურისძიება იყო, მეორე ვერსიით ამ ფაქტს კონფლიქტი უძღოდა და შელაპარაკება მკვლელობით დასრულდა. სხვა ვერსიით, მომხდარი გარდაცვლილის წარსულს უკავშირდება. ცნობილია, რომ მას პარლამენტის წევრ კახა გიუაშვილის მკვლელობის დაგეგმვას ედავებოდნენ, რაც, გამოძიების მტკიცებით, საქმის ფიგურანტ დავით მინდაძეს უნდა შეესრულებინა. ამ ბრალდებით 2004 წელს ჯერ მინდაძე დააკავეს, მერე - ნემსიწვერიძე.

საქმეში მაშინ მათი აღიარებითი ჩვენებებიც იყო, თუმცა მოგვიანებით თქვეს, რომ ეს აღიარება წამებით და არაადამიანური მოპყრობით იქნა მიღებული.

დანაშაულის ორგანიზებაში მხილებულ ნემსიწვერიძეს სასამართლომ 16 წელი მიუსაჯა, თუმცა სასჯელი ბოლომდე არ მოუხდია - ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2013 წელს, ამნისტია გამოვიდა და მან ციხიდან გამოსვლა შეძლო. სწორედ ამიტომ გაჩნდა ვერსია, რომ შესაძლოა მასზე ძველი ამბების გამო იძიეს შური, ადვოკატი კი ირწმუნება, რომ ნემსიწვერიძეს გიუაშვილის მკვლელობის ორგანიზებასთან კავშირი არ ჰქონია და ის ციხეში უდანაშაულოდ იჯდა, მოგვიანებით კი დავით მინდაძემ და ვალერიან ნემსიწვერიძემ საქართველოს ხელისუფლებას სტრასბურგში უჩივლეს. ისინი არაადამიანურ მოპყრობასა და წამებას ასაჩივრებდნენ. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მათი საჩივარი დააკმაყოფილა.

ნემსიწვერიძის მანქანა ავჭალაში იყო გაჩერებული, თვითონ მანქანაში იჯდა, როცა დამნაშავემ ესროლა. ჯერჯერობით არავინ ამბობს, ვისთან მოუხდა ნემსიწვერიძეს კონფლიქტი ან ვისთან შესახვედრად მივიდა ავჭალაში, თუმცა აშკარად ჩანს, რომ საფრთხეს ელოდა, რადგან თვითონაც შეიარაღებული იყო. მისი მანქანიდან სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. ამბობენ, მოკლულს იარაღი ხელში ეჭირაო. ნემსიწვერიძე იმ უბანში არ ცხოვრობდა და ესეც აჩენს ეჭვს, რომ იგი ვიღაცასთან შესახვედრად მივიდა.

მოკლულის ადვოკატი და მეგობარი ნიკა წულეისკირი მკვლელობის მოტივსა და ვერსიებზე არ ლაპარაკობს. ამბობს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე საუბარი ჯერჯერობით არ შეუძლია. საქმის ირგვლივ მხოლოდ მას შემდეგ ილაპარაკებს, როცა საგამოძიებო ორგანოები დანაშაულს გახსნილად გამოაცხადებენ და დამნაშავეს დააკავებენ. ადვოკატი ირწმუნება, რომ ამ საქმის შესახებ გავრცელებული არც ერთი ვერსია სიმართლესთან ახლოს არ არის. ის შურისძიების მოტივით ჩადენილ მკვლელობას კატეგორიულად გამორიცხავს. მისი თქმით, შესაძლოა, ნემსიწვერიძე კახეთიდან წყალტუბოში მიდიოდა (მისი მშობლები წყალტუბოში ცხოვრობენ) და ამიტომ აღმოჩნდა ამ გზაზე. თურმე წყალტუბოში ის ბიზნესის დაწყებას აპირებდა. ადვოკატი იმასაც ამბობს, რომ სამართალდამცველებთან კითხვები არა აქვს, გამოძიებას ენდობა და დარწმუნებულია, რომ ეს საქმე მალე გაიხსნება.

"ვოვა ძალიან კარგი ადამიანი იყო, სამი მცირეწლოვანი შვილის მამა. მეუღლე კახეთიდან არის, თბილისშიც ჰქონდა ბინა, მშობლები კი წყალტუბოში ჰყავს. ბიზნესი ჰქონდა დაწყებული, რემონტს ასრულებდა წყალტუბოში, აქაც სალონს ხსნიდა... ერთი სიტყვით, კრიმინალთან შეხება არ ჰქონია და ბევრი მცდარი ინფორმაცია გავრცელდა, მისი სახელი ციხის ბუნტსაც კი დაუკავშირეს, მაგრამ ეს აბსურდია. როგორ წარმოგიდგენიათ, "ნაციონალების" დროს ციხის ბუნტში დამნაშავე რომ ყოფილიყო ნემსიწვერიძე, სასჯელს გადაურჩებოდა? რვა წელია, ციხიდან გამოვიდა და ვინმეს შურისძიება რომ ნდომოდა, ამას აქამდე იზამდა. ის კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებული არ ყოფილა. ხუთი წელია, ოჯახი შექმნა, სამი შვილი ჰყავს... მხოლოდ იმის გამო, რომ ადამიანმა ერთხელ სასჯელი მოიხადა, კრიმინალურ ავტორიტეტებთან მისი დაკავშირება არ შეიძლება, მით უმეტეს, რომ არც მაშინ იყო დამნაშავე... მე ხელთ მაქვს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ის უკანონოდ იყო ნასამართლევი და ამის გამო კომპენსაციაც კი გადაუხადეს - 14.000 ევრო", - აცხადებს ადვოკატი ნიკოლოზ წულეისკირი და დასძენს: "არც პოლიტიკა აინტერესებდა, არც არჩევნები, ასე რომ, ვერც ამას დავუკავშირებთ მომხდარს...

შეიძლება ეს მკვლელობა სპონტანურიც იყო. ზებრაზე იყო გაჩერებული, როგორც ვიცი, იქ კი გაჩერება აკრძალულია. რატომ გაჩერდა, ესეც გამოსაკვლევია. შეიძლება უბრალო შეკამათებაც გამხდარიყო მკვლელობის მიზეზი."