"ნუკრი 4 წლის შვილთან ერთად დაიღუპა, მისი ცოლი და გოგონა მძიმე მდგომარეობაში არიან" - ვინ არის საზარელ ავარიაში დაღუპული ერთი ოჯახის ოთხი წევრი
26-10-2020
"ნუკრი 4 წლის შვილთან ერთად დაიღუპა, მისი ცოლი და გოგონა მძიმე მდგომარეობაში არიან" - ვინ არის საზარელ ავარიაში დაღუპული ერთი ოჯახის ოთხი წევრი
25 ოქტომბერს, საღამო ხანს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში  შემზარავი ტრაგედია დატრიალდა. “მერსედერსის“ მარკის ავტომობილი, სადაც ერთი ოჯახის 6 წევრი იჯდა, საავტომობილო გზიდან გადავარდა და ჯერ სარწყავ არხს შეეჯახა, შემდეგ - საცხოვრებელი სახლის ღობეს. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ 4 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ორი მგზავრი  სასწრაფოდ ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ისინი ამ დრომდე სიკვდილს ებრძვიან. მაშველები დიდხანს მუშაობდნენ  შემთხვევის ადგილზე და ცხედრები სწორედ მათ ამოიყვანეს დამსხვრეული მანქანიდან. როგორც
ადგილობრივები ამბობენ, ავარიის მიზეზი, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარეა, არადა, სახლამდე გარდაცვლილებს 500-600 მეტრი ჰქონდათ დარჩენილი.

როგორც შევიტყვეთ, ავტომობილი გარდაცვლილ ნუკრი კოჩაძეს ეკუთვნოდა, მაგრამ იმ დროს საჭესთან ნუკრის ბიძა, მერაბ დევდარიანი იჯდა. ეს უკანასკნელი ადგილზე დაიღუპა, ასევე, ადგილზე დაიღუპნენ მერაბის და - მანანა დევდარიანი, მანანას შვილი -
ნუკრი და ნუკრის 4 წლის ბიჭი - დათუნა. კლინიკაში სიკვდილს ებრძვიან ნუკრის მეუღლე და უფროსი ქალიშვილი. ექიმების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ყველაფერი კეთდება მათი სიცოცხლის გადასარჩენად.

მომხდარზე გამოძიება დაწყებულია და ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებს სამართალდამცავები დაადგენენ. ადგილობრივები ავარიის მიზეზად მხოლოდ გადაჭარბებულ სიჩქარეს ასახელებენ და იმასაც ამბობენ, რომ მერაბ დევდარიანი, სავარაუდოდ, ნასვამი იყო. ალბათ, ამასაც ექსპერტიზა დაადგენს.

ტარიელ ყიფიანი, მერის წარმომადგენელი სოფელ დიმში:
- შეძრულები ვართ ამ ამბით. როგორც შევიტყვეთ, საჭესთან მერაბ დევდარიანი იჯდა. ყველანი მისი ოჯახის წევრები იყვნენ. მერაბის და - მანანა გვერდით სოფელში, დიდველაში არის გათხოვილი. როგორც ჩანს, მისი სახლიდან მერაბის სახლში მიდიოდნენ. მანქანა არის ან უკანასკნელის დისშვილის, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. 2-3 კილომეტრში იყო მერაბის სახლი და ეტყობა იფიქრეს, უცებ მივალთო. სავარაუდოდ, ტრაგედიის მიზეზი სიჩქარის გადაჭარბებაა, იქ ისეთი ადგილია, სხვაგვარად ავარია ვერ მოხდებოდა და ასე ვერც მანქანა დაზიანდებოდა. იქ ნახევარი მეტრის სიმაღლის სარწყავი არხია და მანქანა ჯერ მას შეეჯახა და მერე შეეჯახა ღობეს. გამოძიება მიმდინარეობს. მერაბი დაოჯახებული არ იყო. იგი ძალიან მშრომელი ადამიანი იყო, დისშვილები ძალიან უყვარდა და სულ მათთან ტრიალებდა. იმ დღესაც ერთად იყვნენ. მანანასაც ვიცნობდი, ძალიან კარგი ადამიანი იყო და მშრომელი ოჯახი ჰყავდა. დევდარიანების სახლამდე 500-600 მეტრი იყო დარჩენილი, თითქმის მისულები იყვნენ. ძალიან განვიცდით მომხდარს.

დავუკავშირდით იმ სოფლის რწმუნებულსაც, სადაც ნუკრი კოჩაძე ცხოვრობდა.
რაინდი ყიფიანი, ბაღდათის მერის წარმომადგენელი სოფელ დიდველაში:
- არ ვიცი, რა ვთქვა, უმძიმესი ტრაგედიაა, მთელი სოფელი დასტირის ამ ადამიანებს. ახლა ყველა იმას ლოცულობს, რომ დედა-შვილი გადარჩეს. ამ წუთას ველაპარაკე კლინიკას და გვითხრეს, მათი მდგომარეობა მძიმე არისო. უფრო მძიმედ არის ნუკრის გოგონა. ყველაფერი მათ ორგანიზმზეა დამოკიდებული და იმედს ვიტოვებთ, გადარჩებიან. ძალიან კარგი და მშრომელი ოჯახი ჰქონდათ. ნუკრი კოჩაძე უწესიერესი ადამიანი იყო. არ სვამდა, კარგი ოჯახი შექმნა, ორ შვილს ზრდიდა. ბიჭი 4 წლის იყო და და, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. საშინელი ამბავია. ყველანი ძალიან დამწუხრებულები ვართ. ნუკრის სახლიდან მიდიოდნენ ბიძასთან. ბიძამისი ნასვამი ყოფილა და ის მჯდარა საჭესთან, მთელი ცხოვრება საჭესთან იჯდა და ეტყობა იფიქრეს, მშვიდობით მივიდოდნენ. სავარაუდოდ,   ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარეა.

სოციალური ქსელი აჭრელებულია ტკივილიანი სტატუსებით. ახლა ყველა დაშავებული დედა-შვილის, მარიკო და სოფოს გადარჩენაზე ლოცულობს. ჩვენ ვცადეთ რამდენიმე ახლობელთან გასაუბრება, თუმცა მათ საუბარი ვერ შეძლეს.
ვიზიარებთ ამ ოჯახის ტრაგედიას და ვუთანაგრძნობთ მათ ახლობლებს.

(სპეციალურად საიტისთვის)


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ მთავრობის მიერ 28 ნოემბრიდან დაწესებულ შეზღუდვებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის მიერ 28 ნოემბრიდან დაწესებულ შეზღუდვებს?
თვის კითხვადი სტატიები