"თითქოს ბოროტმოქმედი დავაკავეთ და გაგვექცა, ტყუილია" - რას აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე? - კვირის პალიტრა

"თითქოს ბოროტმოქმედი დავაკავეთ და გაგვექცა, ტყუილია" - რას აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე?

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, მცდარია ინფორმაცია, თითქოს ბადრი ესებუა, რომელმაც ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმა განახორციელა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა და შემდეგ გაექცა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ბადრი ესებუას დააკავებენ, საზოგადოება უწყებისგან დაუყოვნებლივ მიიღებს ინფორმაციას.

"უტიფრად სიცრუის ტირაჟირება და გავრცელებაა ის, რომ თითქოს ბოროტმოქმედი დავაკავეთ და გაგვექცა, ტყუილია ეს ყველაფერი, არ შეესაბამება სიმართლეს. გპირდებით, დაუყოვნებლივ, მას შემდეგ, რაც ბოროტმოქმედის დაკავება მოხდება, ამის შესახებ ინფორმაციას პირველი ჩვენგან გაიგებთ", - განაცხადა ბორცვაძემ.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ფილიალზე მომხდარ თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"