პოლიციის თანამშრომლის მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე, ზუგდიდში გამოძიება დაიწყო - კვირის პალიტრა

პოლიციის თანამშრომლის მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე, ზუგდიდში გამოძიება დაიწყო

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში 27 ოქტომბერს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის კ.გ.-ს მიერ მოქალაქე გ.ს.-ს ცემის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროკურატურიდან აცნობეს, გამოძიების მიერ ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 27 ოქტომბერს ქალაქ ზუგდიდში გ.ს.-ს და კ.გ.-ს შორის, რომელიც აღნიშნულ დროს არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, ავტომანქანის შეკეთების თაობაზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

მათივე ინფორმაციით, გამოძიების მიერ ამ ეტაპისთვის დაზარალებულად ცნობილია და გამოკითხულია გ.ს. მიღებული დაზიანების ხარისხის განსაზღვრისათვის დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

უწყების ცნობით, მიმდინარეობს თვითმხილველი მოწმეების გამოკითხვა და სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

"ინტერპრესნიუსი"