"ყაჩაღებივით ვმოქმედებდით, გავიტაცებდით საარჩევნო ყუთებს და მტკვარში ვყრიდით" - ყოფილი პოლიციელის შოკისმომგვრელი ნაამბობი - კვირის პალიტრა

"ყაჩაღებივით ვმოქმედებდით, გავიტაცებდით საარჩევნო ყუთებს და მტკვარში ვყრიდით" - ყოფილი პოლიციელის შოკისმომგვრელი ნაამბობი

"სისტემა ასე იყო აწყობილი - თუ ოპერმუშაკი დააკავებდა ვინმეს და ფულს აიღებდა, თანხა სამძებროს უფროსთან უნდა მიეტანა, თავის მხრივ, სამძებროს უფროსს წილი მიჰქონდა “კრიმინალურის“ უფროსთან, იმას - სამმართველოს უფროსთან და ასე მიდიოდა ჯაჭვი შს მინისტრამდე და ბოლოს - ხელისუფლებამდე"

ძალოვან სტრუქტურაში სრულიად ახალგაზრდა, 22 წლის ასაკში მივიდა. ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს ოპერმუშაკად მუშაობდა. ამბობს, რომ სამართალდამცავ ორგანოში სამსახური ძალიან სურდა და სწორედ ამიტომ ჩააბარა თავის დროზე იურიდიულ ფაკულტეტზე. ბიჭს, ალბათ, მაშინ ვერც წარმოედგინა, რა ურთულესი გზის გავლა, რა დავალებებისა და დაკვეთების შესრულება მოუწევდა. ის მალევე გახდა სისტემის ნაწილი, ასრულებდა დავალებებს და ელვისებური სისწრაფით იზრდებოდა მისი სამსახურებრივი კარიერაც. 25 წელი იმუშავა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, ამიტომ მას დღეს უკან მიხედვის ეშინია. ეშინია იმიტომ, რომ კარგად აქვს გაცნობიერებული ჩადენილი ყველა ქმედება, დანაშაული და ამას ძალიან განიცდის. წლები გავიდა, რაც სისტემიდან წამოვიდა, რამდენიმე წელიწადია, პენსიაზეა, მაგრამ ამბობს, რომ ხშირად ქენჯნის სინდისი, ხშირად ახსენებს თავს თავისი და კოლეგების ჩადენილი დანაშაულები, სისტემაში არსებული პრობლემები და ამიტომ ფიქრობს, რომ მისი მონაყოლი ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების გასაფრთხილებლად. ბუნებრივია, მასთან საუბარი ედუარდ შევარდნაძის დროინდელი პოლიციით დავიწყეთ.

ძირგამომპალი სისტემა

- ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში შინაგან საქმეთა ორგანოებში რიგით ოპერმუშაკად დავიწყე მუშაობა. მარტო ეს სისტემა კი არა, მთლიანად ყველა სისტემა, ყველა დაწესებულება და სამინისტრო ძირგამომპალი იყო. ყველაფერი კორუფციის ჭაობში იყო ჩაფლული. პოლიციელებს ხელფასი არ გვქონდა. ფორმალურად ძალზე მიზერული თანხა იყო ოფიციალური ხელფასი, მაგრამ იმასაც არავინ გვაძლევდა.

თუმცა ეს პრობლემა არ იყო ძალოვანი უწყების თანამშრომლებისთვის, რადგან სისტემა ისე იყო აწყობილი, ხელფასი არავის აინტერესებდა. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ - სისტემა მთლიანად კორუმპირებული იყო. ყველაზე ცუდი და შემაშფოთებელი ის იყო რომ, იმდროინდელი ხელისუფლება, ძალოვანი სისტემა და კრიმინალი, ფაქტობრივად, ერთ რგოლს წარმოადგენდა, მათ შორის განსხვავება თითქმის არ არსებობდა. ხშირად კრიმინალებზე არანაკლებ დანაშაულს სჩადიოდნენ პოლიციელები. ისინი ერთმანეთთან შეთანხმებით მოქმედებდნენ.

მთელმა ქვეყანამ იცის, როგორ ააშენეს წყნეთში ერთ-ერთი ცნობილი "კანონიერი ქურდის", შაქრო კალაშოვის უზარმაზარი სახლი, რომელსაც 45 ოთახი ჰქონდა. სახლის სახურავზე ვერტმფრენი ჯდებოდა, იქ არსებულ გვირაბზე არაფერს ვამბობ. როგორ ფიქრობთ, ეს სახლი ისე ააშენა ადამიანმა, რომ ვერავინ დაინახა? მაგრამ კალაშოვი საქართველოში რომ შემოდიოდა, ყველა ჩამოსვლაზე მილიონი დოლარი შეჰქონდა ქვეყნის ბიუჯეტში. რა სტატუსით შეჰქონდა ამხელა თანხა, არ ვიცი, მაგრამ ის ვიცი, რომ ბიუჯეტიდან იმ დღესვე ქრებოდა და ჩინოვნიკებში ნაწილდებოდა. როგორც კი შაქრო კალაშოვის თვითმფრინავი აეროპორტში დაეშვებოდა, პირდაპირ ტრაპთან ხვდებოდნენ საკუთრების დაცვის პოლიციის თანამშრომლები და მისი საქართველოში ყოფნის პერიოდში ყველგან მიაცილებდნენ, მათი თანხლებით დადიოდა, ახლოს ვერ მიეკარებოდი.

ერთ ამბავს მოგიყვებით: ერთხელ ჩემი სამმართველოს უფროსი წყნეთის გზაზე შაქრო კალაშოვს გადაეყარა, მისი მანქანა გააჩერა. კალაშოვი მანქანიდან გადავიდა და რაღაც მანძილი ფეხით გაიარა. ჩემი უფროსი გაეკიდა. კალაშოვი მალევე შეჩერდა და ჩინოსანს ჰკითხა, რა გინდაო? - გაცნობა მინდა შენი, ვინ ხარო? - უთხრა ჩემმა უფროსმა. "აი, ესენი გაიცანი", - მიუთითა თანმხლებ პირებზე კალაშოვმა და ისიც დაამატა, - მიდი სამსახურში და შენი უფროსობა გეტყვის, მე ვინ ვარო. მაშინ გაირკვა, რომ მას საკუთრების დაცვის პოლიციელები ახლდნენ. ჩემს უფროსს იმხანად სისტემაში დიდი გავლენა ჰქონდა, დიდი სამმართველოს უფროსი იყო და არავისთვის რომ არ შეუთანხმებია, ისე დააკავა იქვე "კანონიერი ქურდი" შაქრო კალაშოვი. მაშინ არ ისჯებოდა "კანონიერი ქურდობა", მაგრამ მისი დაკავების მიზანი კალაშოვისთვის ფულის წართმევა იყო. "გააჩერე, წაიყვანე პოლიციაში, ფული აიღე და გაუშვი", - ასე მარტივად წყდებოდა მაშინ საქმეები. ამ ფაქტიდან ზუსტად 4 დღეში ჩემი უფროსის მანქანა გაიტაცეს ქურდებმა და ცხინვალის საზღვართან დაწვეს.

პოლიციის "ობშიაკი"

სისტემა ასე იყო აწყობილი - თუ ოპერმუშაკი დააკავებდა ვინმეს და ფულს აიღებდა, თანხა სამძებროს უფროსთან უნდა მიეტანა, თავის მხრივ, სამძებროს უფროსს წილი მიჰქონდა “კრიმინალურის“ უფროსთან, იმას - სამმართველოს უფროსთან და ასე მიდიოდა ჯაჭვი შს მინისტრამდე და ბოლოს - ხელისუფლებამდე. მაგალითად, ჩემს დანაყოფს თვეში 12.000 დოლარი ჰქონდა ხარჯი. ამაში შედიოდა იმ სტრუქტურებისთვის გადასაცემი თანხაც, რომელსაც ჩვენი სამსახურის შემოწმება ევალებოდა. ვიდრე შეამოწმებდა, წინასწარ, ყოველთვე მისდიოდათ დაწესებული თანხები. ყოველთვე იგზავნებოდა თანხები პროკურატურასა და სხვა სტრუქტურებშიც. საიდან უნდა მოგეტანა 12.000 დოლარი თვეში მაშინ, როდესაც ხელფასიც არ ჰქონდა შენს არცერთ თანაშრომელს. მივლინების ფულსაც არავინ გვაძლევდა. შენი ხარჯით მიდიოდი ყველგან, ასეთი ხარჯებისთვის კი ყველა განყოფილებას თავისი "ობშიაკი" ჰქონდა. როგორც კრიმინალური სამყაროსგან, ასევე, ყველა სხვა ქრთამიდან პოლიციის "ობშიაკში" 10% მიდიოდა, შემდეგ ეს თანხა საჭიროებისამებრ თანამშრომლებში ნაწილდებოდა. მაგალითად, ოპერმუშაკმა საქმიდან 1.000 დოლარი აიღო, ამ თანხას იგი შეიტანდა თავის უფროსთან და ის იქვე მისცემდა მის წილს ოპერმუშაკს, 10%-ს კი, ანუ 100 დოლარს, "ობშიაკში" გაუშვებდა და დანარჩენს თავის ზემდგომს გაუყოფდა. თვის ბოლოს ყოველთვის იდო სოლიდური თანხა "ობშიაკში" და სხვადასხვა ხარჯისთვის ნაწილდებოდა.

მაგალითად, ვიღაცისთვის ქრთამი იყო მისაცემი, ვიღაცისთვის - საჩუქარი გასაკეთებელი, თუ დამალულ დანაშაულზე დაზარალებული არ ჩუმდებოდა, მისთვისაც შენ გქონდა ფული გადასახდელი, რათა გაჩუმებულიყო და არ ეყვირა. ვთქვათ, მოიპარეს მანქანის საბურავები, არ ჩერდება დაზარალებული, მისცემდი მას 4 საბურავის ფულს და ისიც გაჩუმდებოდა. იცით, რატომ იყო იმ დროს ასე გახშირებული კრიმინალი? იმიტომ, რომ დამნაშავემ იცოდა, დანაშაულს რომ ჩაიდენდა, ფულს გადაიხდიდა და გარეთ იყო, იცოდა, ამისთვის ციხეში არავინ გაუშვებდა. თვითონაც კმაყოფილი იყო და - პოლიციელიც. პოლიციის თანამშრომლები უფლებამოსილებას ყოველ წუთს ამეტებდნენ, მაგრამ ამისთვის არავინ ისჯებოდა. ასეთი დამპალი სისტემა იყო, მაგრამ შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, მეორე უკიდურესობაში გადავედით. მართალია, დაბალ დონეზე აღარ იყო კორუფცია, მაგრამ ვფიქრობ, ის ჯობდა, რაც იყო, ვიდრე ის საშინელებები, რასაც სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში სჩადიოდნენ. მართლა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა იმდროინდელი სისტემა. ისინი არავის ინდობდნენ და რაც ყველაზე შემაშფოთებელია, მოქმედი პოლიციელები მკვლელობამდეც მიდიოდნენ, არც ამაზე იხევდნენ უკან.

როგორ უდებდნენ ნარკოტიკსა და იარაღს

- ჩადება შევარდნაძის პერიოდშიც ხდებოდა და სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდშიც. პოლიციელმა წინასწარ იცოდა, ვისგან რა თანხის ამოღება შეიძლებოდა, ვის როგორი შეძლების ოჯახი ჰყავდა და ვინ რისი გადამხდელი იყო. ამის მიხედვით წესდებოდა მისგან ამოსაღები ფულის "სტავკაც". შევარდნაძის პრეზიდენტობისას იყო ისეთი ფენაც, იცოდი, ნარკომანები იყვნენ, წამლით გაბრუებულები, დღედაღამ ქუჩაში ეყარნენ "კაიფში", მაგრამ მათ არავინ ეკარებოდა, რადგან იცოდნენ, ისინი არაფრის გადამხდელები არ იყვნენ, არაფერი ჰქონდათ, ფულს ვერ მოიტანდნენ და მათი ციხეში გაშვებაც არავის აწყობდა.

"ვარდების რევოლუციამდე" შეიძლებოდა პოლიციელს დაკავებულისთვის 5.000 დოლარი მოგეთხოვა, მერე ისიც შეგევაჭრებოდა და ბოლოს 1.500 დოლარამდე ჩამოხვიდოდი. ერთი სიტყვით, ყველაფერი მოხერხებაზე იყო დამოკიდებული. შევარდნაძის პერიოდში არანაირი შეზღუდვა არ გვქონდა, აგეღო იმდენი, რამდენის აღებასაც შეძლებდი - 1.000, 1.500, 5.000 დოლარი, თუ გინდა - მეტიც, მაგრამ ხელფასი არ უნდა მოგეთხოვა. კრიმინალები და ხელისუფლება ისე იყვნენ ერთმანეთს გადაჯაჭვულები, გაყოფილი ჰქონდათ სფეროები, რა უნდა გაეკონტროლებინა კრიმინალს და რა - შინაგან საქმეთა სამინისტროს. მაგალითად, ადამიანი გულმკერდის არეში დაჭრეს. თუ გადარჩებოდა, დიდი პრობლემა არ იყო ამ საქმის კვალიფიკაციის შეცვლა. დანაშაულის ჩამდენი ფულს გადაიხდიდა, მიხვიდოდი ექსპერტიზაზე, იქაც გადაუხდიდი ექსპერტს და დაგიწერდა, რომ დაზიანება მსუბუქი ხარისხის იყო, რამაც ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია და ამ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე გამოგქონდა საქმის აღუძვრელობის დადგენილება. პროკურორსაც ფულს მისცემდი, ისიც ხელს მოგიწერდა და რჩებოდა კრება მხიარული - დანაშაულისთვის არავინ ისჯებოდა. დაზარალებულის გაჩუმება თვითონ დამნაშავეს უნდა მოეხერხებინა, ის პოლიციელამდე არ უნდა მოსულიყო.

რაც შეეხება მკვლელობას, მკვლელს ციხიდან ვერავინ გაუშვებდა, მაგრამ შემდგომ, გამოძიების დროს, შეიძლებოდა საქმის კვალიფიკაციის შეცვლა. იყო გაუთავებელი ლაპარაკი, დანაშაულის სტატისტიკა იმალებაო, იმიტომ, რომ იქაც ჩვეულებრივ იხდიდი ფულს. ვიცოდით, რომელი რაიონი რომელ ადგილზე უნდა ვყოფილიყავით. სტატისტიკა ფულის სანაცვლოდ შენს სასარგებლოდ ტრიალებდა. დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი შეიძლებოდა 12-14% ყოფილიყო, მაგრამ კვარტლის ბოლოს დაგიწერდნენ, რომ, თითქოს, 74% იყო. ვისაც ცოტა დანაშაული ჰქონდა, იმას 94%-ს დაუწერდნენ. ზედამხედველი პროკურორი ხმას არ ამოიღებდა, რადგან თავის წილს მიიღებდა. ყველამ იცოდა, ვისთან რამდენი და როდის უნდა მიეტანა.

თუ მოინდომებდი, მაშინაც არაფერი უნდოდა დანაშაულის გახსნას. ახლა კი იმდენი ტექნიკაა, იმდენი საშუალება, ვერ გამიგია, რატომ უნდა გაგიჭირდეს პროფესიონალს დანაშაულის გახსნა.

არჩევნები და პოლიცია

- შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში ჩვენ არასოდეს ვჩნდებოდით საარჩევნო უბნებში, როგორც შემდგომ წლებში, მაგრამ აუცილებლად გამოვჩნდებოდით არჩევნების საღამოს, 6 საათის შემდეგ, იმ უბნებში, სადაც ხელისუფლებას უჭირდა გამარჯვება. არასოდეს გვეცვა პოლიციელის ფორმა, ნიღბები გვეკეთა და ყაჩაღებივით ვმოქმედებდით - გავიტაცებდით ყველა ყუთს და პირდაპირ ვყრიდით მტკვარში. ამ დროს უკვე გამზადებული და დაპლომბილი იყო სხვა ყუთები, სადაც ხელისუფლების სასარგებლო ბიულეტენები ეყარა, და მათ დათვლიდნენ. საბოლოოდ, გაყალბებული მონაცემები ჩანდა.

საარჩევნო უბნებში ნიღბებით რომ შევცვივდებოდით და ყუთებს მოვიტაცებდით, ამაზე აღიძვრებოდა სისხლის სამართლის საქმეები, მაგრამ არჩევნების შემდგომ ეს ამბავი აღარავის ახსოვდა. ყველამ კარგად იცოდა, ვინ იყვნენ ამ ამბის ჩამდენები და რისთვისაც კეთდებოდა ყველაფერი. რევოლუციამდე არჩევნები რომ ჩატარდა, სააკაშვილს პრეტენზია არ ჰქონდა პირველობაზე, ამბობდა, აღიარეთ, რომ მეორე ადგილზე გავედითო, მაგრამ იმ წელს "აღორძინებამ" დაიკავა მეორე ადგილი და ამის გამო სააკაშვილი ქუჩაში გავიდა. მერე, რომ დაინახა, ამდენი ხალხი გამოვიდა და აპროტესტებდა ამ ამბავს, ამის შემდეგ დაიწყო ხელისუფლების გადადგომაზე ლაპარაკი და უკვე პირველობა მოუნდა.

დანამდვილებით ვიცი, მანამდე მხოლოდ მეორე ადგილს ითხოვდა და რომ მიეცათ, ალბათ, შევარდნაძე ისევ დარჩებოდა, მაგრამ "აღორძინების" ბიულეტენებით გატენილი ყუთები შერჩათ ხელში და ამას ვეღარაფერი მოუხერხეს. შევარდნაძეც გადადგა და მერე უკვე არავის აინტერესებდა არჩევნების გაყალბება. ამიტომ პოლიციამაც იმუშავა მიხეილ სააკაშვილზე და ასე მოვიდნენ "ნაციონალები" ხელისუფლებაში.

ბევრჯერ მიფიქრია, რატომ ჩავერთე მაშინ ამ ყველაფერში. თავიდან, ალბათ, ახალგაზრდობით მომივიდა და მერე, როცა ამ სისტემის ნაწილი გავხდი, ვხედავდი, ვეღარ გამოვდიოდი. ხშირად ვბრაზდები საკუთარ თავზე, რატომ ვერ ვაკონტროლებდი თავს და რატომ ჩავდიოდი ამ ყველაფერს - დაწყებული მტკვარში ყუთების გადაყრით და დამთავრებული ადამიანისთვის ნარკოტიკის თუ იარაღის ჩადებით, ყველაფერში მიმიღია მონაწილეობა, ვერ ვიტყვი, მამა აბრამის ბატკანი ვარ-მეთქი.

ერთი მოქმედი დეპუტატია, "ქართული ოცნების" აქტიური წევრი, ადრე გამომძიებელი იყო და სულ მიკვირს, როცა ხშირად ახსენებენ ციხეში ყოფნის პერიოდს, რატომ არასოდეს აკეთებს კომენტარს. მაშინ ასეთი ფაქტი მოხდა: ორი ბათუმელი ბიჭი დაიჭირეს, მათ იარაღების უკანონოდ ტარებას ედავებოდნენ. საქმეს ამჟამინდელი დეპუტატი იძიებდა. მერე ისე მოხდა, ის ბიჭები გაუშვა, პატიმრობა არასაპატიმრო ღონისძიებით შეუცვალეს და დაკავებულები იმავე დღეს სასწრაფოდ ბათუმში გადააფრინეს. წესით, სასამართლო პროცესზე უნდა გამოცხადებულიყვნენ და საქმის არსებით განხილვაში უნდა მიეღოთ მონაწილეობა, მაგრამ მაშინ ამ ამბავში ასლან აბაშიძე ჩაერია და აღარ გადმოსცა ის ბიჭები, რომ გაესამართლებინათ. ამ საქმის გამო ეს გამომძიებელი დაიჭირეს და ციხეში გამოკეტეს. იარაღები სინამდვილეში ჩადებული იყო, იმიტომ, რომ იმ ბიჭებმა რევოლუციამდე გივი თარგამაძეს სცემეს და ორივე მათგანი გივიმ დააჭერინა. გამომძიებელიც, რომელიც დღეს "ქართული ოცნების" სახე და მოქმედი დეპუტატია, გივი თარგამაძის დავალების შეუსრულებლობის გამო მოხვდა ციხეში. გაგრძელება

ნაწყვეტი წიგნიდან, რომელიც გამოსაცემად მზადდება