"ხა­შუ­რამ­დე ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მა­ლუ­რად მი­დი­ო­და, გა­ვი­ცანთ ერ­თმა­ნე­თი" - ახალგაზრდა ქალი ტრაილერის მძღოლს გაუპატიურების მომზადებაში ადანაშაულებს - კვირის პალიტრა

"ხა­შუ­რამ­დე ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მა­ლუ­რად მი­დი­ო­და, გა­ვი­ცანთ ერ­თმა­ნე­თი" - ახალგაზრდა ქალი ტრაილერის მძღოლს გაუპატიურების მომზადებაში ადანაშაულებს

"ამბობდა, რომ თუ თავის დახსნას ვეცდებოდი, მოვკვდებოდი" - ახალგაზრდა ქალი ტრაილერის მძღოლს გაუპატიურების მომზადებაში ადანაშაულებს

ახალგაზრდა ქალი, ტრაილერის მძღოლს გაუპატიურების მომზადებაში ადანაშაულებს. საქმე ეხება 9 ოქტომბერს ხაშურის საავტომობილო გზაზე მომხდარ ფაქტს. რესპოდენტი AMBEBI.GE-ს ანონიმურად უყვება მომხდარის შესახებ და ამბობს, რომ ტრაილერის 28 წლის მძღოლმა მას სქესობრივი კავშირის დამყარება სთხოვა და როდესაც უარი მიიღო, მოკვლით დაემუქრა.

"შუადღის 12 საათი იქნებოდა. ზესტაფონში ავტოსტოპით მივდიოდი, გავაჩერე ტრაილერის მძღოლი, რომელიც მიდოდა რუსთავში. შეთანხმებისამებრ თბილისში უნდა ჩავეყვანე. ხაშურამდე ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა, გავიცანთ ერთმანეთი, "ფეისბუქზეც" დავმეგობრდით. ხაშურში ვთხოვე, წყლის დასალევად გაეჩერებინა. თავად ჩავიდა და წყლის მაგივრად მოიტანა ორი ქილა ლუდი. ერთი თვითონ დალია და მეორე მე შემომთავაზა. ძალიან მწყუროდა, ამიტომ წყლის სურვილის მოსაკლავად რაც საჭირო იქნებოდა, იმდენი დავლიე.

შემდეგ გზა განვაგრძეთ. ავტობანზე, შესასვლეთან, გააჩერა და ამოიღო მარიხუანა. მეც შემომთავაზა. თავიდან უარი ვუთხარი, რადგან ჩემზე რთულად მოქმედებს მოსაწევი. იგი მარწმუნებდა, რომ არაფერი არ იყო შერეული და თუ არ მომეწონებოდა, აღარ გამეგრძელბინა მოწევა. საბოლოოდ, მეც მოვწიე, მაგრამ ძალიან ცოტა რაოდენობთ, გავსინჯე ფაქტობრივად. გზა რომ განვაგრძეთ, მოწევიდან 10 წუთში, დამიწყო საუბარი სექსზე და შემომთავაზა სექსით დავკავებულიყავით. ამას პირდაპირ ასე სიტყვა-სიტყვით არ მეუბნებოდა, მიმანიშნებდა.

უარი ვუთხარი. მითხრა, რომ თუ არ მინდოდა, ძალას არ დამატანდა, მაგრამ მაინც აგრძელებდა შემოთავაზებას. ვთხოვე ავტომობილის გაჩერება, რამაც მასში აგრესია გამოიწვია. ფიზიკურად არ შემხებია, მაგრამ ფსიქოლოგიურად ძალადობდა. მეუბნებოდა, რომ მანქანის კარი ისე იყო ჩაკეტილი, რომ მას მძღოლის გარდა ვერავინ გააღებდა.

მიხსნიდა, რომ თუ ვიყვირებდი ხმას მაინც ვერავინ გაიგებდა და თუ თავის დახსნას ვეცდებოდი, მაშინ მოვკვდებოდი. ძალიან ავნერვიულდი, შემეშინდა და შევეცადე "ფეისბუქის" მეშვეობით მეგობართან გავსულიყავი კონტაქტზე. მოვახერხე მიწერა და ახსნა, რომ დახმარება მჭირდებოდა. ის დაუკავშირდა 112-ს, რის შემდეგაც ოპერატორმა დამირეკა და ისე მესაუბრებოდა, თითქოს მეგობარს ვესაუბრებოდი, რათა ეჭვი არ შეეტანა მძღოლს, რომელიც ჩემს გვერდით იჯდა. კონკრეტულ შეკითხვებს მისვამდა ლოკაციის დასადგენად და მე მხოლოდ "კის" და "არას" ვპასუხობდი. შემდეგ როდესაც მიხვდა რომ პოლიცია მოგვიახლოვდა, ისევ დამირეკეს და მთხოვეს მძღოლისთვის გადამეცა მობილური. პოლიციელმა მას მოუწოდა, რომ გაეჩერებინა ავტომობილი და ჩამოვესვი. ასეც მოიქცა. დაახლოებით 3-4 წუთში მოვიდა პოლიცია და ავუხსენი ყველაფერი" - ჰყვება რესპოდენტი.

როგორც თავად ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავებს გადასცა მძღოლის იდენტიფიცირებისთვის საჭირო ინფორმაცია, მძღოლს არავინ დადევნებია.

"გამიკვირდა ისიც, რომ არ დაედევნენ მაშინვე. მე ხომ მათ მივეცი სრულყოფილი ინფორმაცია ამ ბიჭზე, მანქანის სერიიდან დაწყებული, მძღოლის დაბადების თარიღით დამთავრებული.

ასევე, მივაწოდე ინფორმაცია, რომ მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა ავტომობილს. მიუხედავად ამისა, მთელი სამი დღის განმავლობაში ეს ადამიანი თავისუფლად გადაადგილდებოდა. მხოლოდ 12 ოქტომბერს დამიბარეს ამოცნობაზე. ახლაც თავისუფლად გადაადგილდება და მე მეშინია, სადმე არ დამხვდეს. რომ ვუჩივლე, ამის გამო, შური არ იძიოს" - ამბობს გოგონა, რომლის ინტერესებსაც არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარი" იცავს.

"საფარში" ამბობენ, რომ პროკურატურამ გამოძიება მხოლოდ თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ სსკ-ში არსებობს მუხლი გაუპატიურების მომზადების შესახებ.

ორგანიზაციის ადვოკატი თამარ ლუკავა AMBEBI.GE-სთან საუბარში აცხადებს, რომ ქალი დაზარალებულად ცნეს, თუმცა მხოლოდ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ნაწილში. ხოლო გაუპატიურების მომზადების მიმართულებით, როგორც ადვოკატი ამბობს, უწყებას არანაირი საგამოძიებო მოქმედებები არ ჩაუტარებია. იხილეთ სრულად