პოლიციელის შოკისმომგვრელი ნაამბობი - როგორ იყენებდნენ "ქურდებს" არჩევნებში, მოსაცილებელ პირთა სია და ნარკომანი დეპუტატები - კვირის პალიტრა

პოლიციელის შოკისმომგვრელი ნაამბობი - როგორ იყენებდნენ "ქურდებს" არჩევნებში, მოსაცილებელ პირთა სია და ნარკომანი დეპუტატები

(პირველი ნაწილი)

ყოფილმა პოლიციელმა, რომელიც ძალოვან სტრუქტურაში სრულიად ახალგაზრდა, 22 წლის ასაკში მივიდა, შეიძლება ითქვას, ყველა მთავრობის დროს იმუშავა აღნიშნულ სისტემაში. 28 ოქტომბერს უკვე შემოგთავაზეთ მისი მონაყოლი, სადაც იგი სხვა საკითხებთან ერთად იმაზეც ლაპარაკობს, თუ როგორ ერეოდა პოლიცია არჩევნებში როგორც შევარდნაძის, ისე - სააკაშვილის პერიოდში.

"არასოდეს გვეცვა პოლიციელის ფორმა, ნიღბები გვეკეთა და ყაჩაღებივით ვმოქმედებდით - გავიტაცებდით ყველა ყუთს და პირდაპირ ვყრიდით მტკვარში. ამ დროს უკვე გამზადებული და დაპლომბილი იყო სხვა ყუთები, სადაც ხელისუფლების სასარგებლო ბიულეტენები ეყარა", - იხსენებს ყოფილი პოლიციელი.

მისივე თქმით, "პოლიციამაც იმუშავა მიხეილ სააკაშვილზე და ასე მოვიდნენ "ნაციონალები" ხელისუფლებაში".

როგორც იგი ამბობს, წლები გავიდა, რაც სისტემიდან წამოვიდა, რამდენიმე წელიწადია, პენსიაზეა, მაგრამ აღნიშნავს, რომ ხშირად ქენჯნის სინდისი, ხშირად ახსენებს თავს თავისი და კოლეგების ჩადენილი დანაშაულები, სისტემაში არსებული პრობლემები და ამიტომ ფიქრობს, რომ მისი მონაყოლი ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების გასაფრთხილებლად.

600.000 დოლარი თავისუფლების სანაცვლოდ

რომელი ოპერმუშაკი რა თანხას იღებდა ამა თუ იმ საქმეში, არავინ აკონტროლებდა. ეს მოლაპარაკებაზე იყო დამოკიდებული. თუ მოინდომებდა და ამაზე წავიდოდა, შეეძლო, მთელი თანხა არც გამოეჩინა, მაგრამ ამას ვერ გაბედავდა - თბილისი ისეთი პატარაა, ერთ კვირაში გვეცოდინებოდა და, ამის გამო, ამ ოპერმუშაკს საკადრის პასუხს მოსთხოვდნენ. ამიტომ ამაზე არავინ წავიდოდა. ერთ ამბავს მოგიყვებით: ჩემმა უფროსმა შინდისის გზაზე "ავტორიტეტი" შუშანაშვილი დააკავა და მას იარაღი ჩაუდო. როდესაც ჩადებული იარაღით პოლიციაში მიჰყავდა, შუშანაშვილმა უთხრა, 350.000 დოლარს გადაგიხდი, ოღონდ დღესვე გამიშვი და ნუ დამაკავებო. ჩემმა უფროსმა მაშინვე შინაგან საქმეთა სამინისტროში, ზემდგომთან დარეკა, უთხრა, რომ "კანონიერი ქურდი" ჰყავდა დაკავებული და მან 350.000 დოლარი შესთავაზა, მაგრამ, სრულიად მოულოდნელად, შს სამინისტროდან ასეთი პასუხი მიიღო: არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუშვა, უნდა დააკავო, ფული არ გამოართვა, რადგან ეგ "კანონიერი ქურდი" ციხეში უნდა ამოლპესო. ოპერმუშაკს სხვა გზა არ ჰქონდა, დაემორჩილა ზემდგომის მითითებას და  "კანონიერი ქურდი" დააკავა. ამ ამბიდან მესამე დღეს შუშანაშვილი გარეთ აღმოჩნდა. მერე გაირკვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ მაღალჩინოსანმა, რომელმაც მისი დაკავება მოითხოვა, ეს "კანონიერი ქურდი" 600.000 დოლარად გაუშვა. ასე გაუზარდა გადასახდელი თანხა და შუშანაშვილმაც  თავისუფლება ამ ფასად იყიდა. ეტყობა, არ უნდოდათ, 350.000 დოლარი იმ რაიონის პოლიციაში დარჩენილიყო, რომელმაც იგი დაიჭირა, ამიტომ წაიღო  შს სამინისტრომ საქმე და ამ გზით თანხის ოდენობის გაზრდის საშუალებაც მიეცა. რა თქმა უნდა, შანსი  ხელიდან არ გაუშვეს და ჩაიჯიბეს კიდეც 600.000 დოლარი. ჩემს უფროსს პრეტენზია ვერ ექნებოდა, რამე რომ ეთქვა, სამსახურიდან მოხსნიდნენ. ვის გაუწევდა წინააღმდეგობას, თავის ხელმძღვანელებს? ამიტომ გაჩუმდა.

მაშინ ციხეშიც ცალკე ტარიფები იყო. ეს "კანონიერი ქურდი" ცოტა ხნით ციხეში რომ მოხვდა, "ბელუქსის" ავეჯით დაწყებული, ყველაფერი შეუტანეს იქ. თავისი საკნის გარემონტება 17.000 დოლარი დაუჯდა. სხვათა შორის, იმ წლებში რიგით პოლიციელად დანიშვნა 200 დოლარი ღირდა, წოდების მინიჭება, მაგალითად, ოფიცრის - 500 დოლარი. რაც ზევით მიიწევდი კარიერულ კიბეზე, გადასახდელი თანხაც იმატებდა. ქვეგანყოფილების უფროსად ერთი წლით რომ დაენიშნეთ, 10.000 დოლარი უნდა გადაგეხადა, თუ მეორე წელსაც გაგიგრძელებდნენ და იმავე თანამდებობაზე დაგტოვებდნენ, ისევ 10.000 დოლარი უნდა მიგეტანა. პოლიციის სამმართველოს უფროსის პოსტი 50.000 დოლარი ღირდა, თუმცა გააჩნია, რომელ რაიონში იწყებდი მუშაობას და რა შემოსავლის შოვნის პოტენციალი ჰქონდა რაიონს. 100.000 დოლარს იხდიდნენ უფრო ზემდგომი თანამდებობისთვის. ავტოინსპექციას, გაი-ს, კიდევ სხვა ფასები ჰქონდა. იქიდანაც აბსოლუტურად ყველასთან მიდიოდა წილი. თითო ქვეგანყოფილებას ყოველთვე 12.000 დოლარამდე ჰქონდა გადასახდელი, საბოლოოდ კი, რაიონის პოლიციას ჰქონდა მისატანი ყველა ქვეგანყოფილებიდან წილი.

ყველაფერი ჯაჭვივით იყო აწყობილი: რაიონის “კრიმინალურის“ უფროსს ქალაქის “კრიმინალურის“უფროსთან მიჰქონდა, “ადმინისტრაციულის“ უფროსს - შს “ადმინისტრაციულის უფროსთან“, ნარკომანიასთან ბრძოლის უფროსს - თავის ზემდგომთან და ა.შ ეს სქემა მოქმედებდა ყველა მინისტრის, ყველა სამმართველოს უფროსის პერიოდში. რაიონის გაი-ს უფროსს, გარდა იმისა, რომ თავის რაიონში სოლიდური წილი ჰქონდა გადასახდელი, შს სამინისტროშიც უნდა მიეტანა თანხა. ამასთან, რადგან დიდ მანქანებს აკონტროლებდა, თუ რომელიმე მაღალჩინოსანი ან სამმართველოს უფროსი სახლს იშენებდა, იმ ჩინოსანთან მას უნდა მიეზიდა სამშენებლო მასალა, ცემენტი იქნებოდა თუ აგური. ბუნებრივია, ყველაფერი უსასყიდლოდ. წარმოიდგინეთ, ამხელა ვალდებულებები ჰქონდა დაკისრებული და თვითონაც ხომ უნდა დარჩენოდა რაღაც?! ხელფასს არავინ იღებდა და ისინიც ფულს მოქალაქეებისგან იღებდნენ.

არანაკლები ფული გროვდებოდა გარევაჭრობიდან, ჯიბის ქურდებისგან. ჯიბის ქურდებისთვის ყველაზე კარგშემოსავლიანი  დეზერტირების ბაზარში ხორცის სექცია იყო. ვინც ამ ტერიტორიაზე ქურდობდა, ისინი ყოველთვე უფრო მეტს იხდიდნენ, ვიდრე ბოსტნეულის სექციის ტერიტორიაზე მომუშავე ჯიბის ქურდები. ცალკე იყვნენ მეტროში მომუშავე ჯიბის ქურდები. ისინი ყოველთვე მეტროს პოლიციას უხდიდნენ ფულს. ავტოსადგურებში იდგნენ, ასევე, მოთამაშეები, რომლებიც კამათლით თუ ათასგვარი ხრიკით ატყუებდნენ მოქალაქეებს. ვისაც ეს სათამაშო ბიზნესი ჰქონდა, იმ ტერიტორიის ინსპექტორისთვის დღეში 100 ლარი უნდა გადაგეხადა. ვთქვათ, ჩამოჰყვებოდა ვინმე მოსკოვის ავტობუსს, ესე იგი, ფული ექნებოდა და, ფაქტობრივად, მას იქვე ძარცვავდნენ, იქვე ატოვებინებდნენ მთელ თანხას. ან, ვთქვათ, ვინმე რამეს ივაჭრებდა, ფულს იშოვიდა და ავტოსადგურში ავტობუსით გასამგზავრებლად მივიდოდა, მას ავტობუსში ასვლამდე ატოვებინებდნენ ბოლო კაპიკამდე - ისე გააბრუებდნენ ლაპარაკით და ისე ჩაითრევდნენ თამაშში, რომ ხელცარიელი რჩებოდა. მერე კი კიოდა და წიოდა, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევდა. ასე ბევრს აუბედურებდნენ და უკანასკნელ ლუკმას ართმევდნენ, მაგრამ პოლიცია ყველაფერზე თვალს ხუჭავდა, იმიტომ, რომ დღის ბოლოს მას წილი მისდიოდა.

ერთხანს ძალიან გახშირდა მანქანების ქურდობა. ვთქვათ, მოგპარეს მანქანა და მოხვედით ჩემთან, რადგან თქვენი ახლობელი თანამდებობის პირი ვიყავი. მე თქვენთვის დასმული კითხვებით ვადგენდი, რომელ დაჯგუფებას ჰყავდა მანქანა გატაცებული. ამას ისე დავადგენდი, თქვენ ვერაფერს მიხვდებოდით. რამდენიმე კითხვას დაგისვამდით და ვიცოდი, უკვე სად უნდა მეძებნა მანქანა. თუ დასაბრუნებელი იყო, დეტალები უნდა მცოდნოდა. მაგალითად, შენიშვნის სახით გეტყოდი, რატომ არ დააყენე სიგნალიზაცია-მეთქი. მეტყოდით, როგორ არა, სიგნალიზაცია დაყენებული მქონდა, ჩართულიც იყოო. ამ დროს მე უკვე ვიცოდი, ქალაქში რომელი ჯგუფი ხსნიდა მანქანებზე სიგნალიზაციას და გეტყოდით, რატომ არ ჩაკეტე საჭე-მეთქი. თქვენ მეტყოდით, როგორ არა, დაკეტილი მქონდაო და, მე ისიც ვიცოდი, ვის შეეძლო საჭის გახსნა. ეს ხალხი ისე მოქმედებდა, მანქანას რომ გააჩერებდით და თქვენი ფიქრით, დაკეტავდით და გული დაჯერებული გქონდათ, სიგნალიზაციაც ჩავრთეო, ამ დროს გამტაცებლების ჯგუფი შორიახლოს იდგა და გარედან გითიშავდათ პულტს. თქვენ რომ გეგონათ, დავკეტეო და მიდიოდით, ფაქტობრივად, ღია მანქანას ტოვებდით. ამის შემდეგ ჩასხდებოდნენ და მიჰყავდათ თქვენი მანქანა. გამტაცებლები მანქანის გატაცებისთვის წინასწარ ემზადებოდნენ - თქვენი საცხოვრებელიც შესწავლილი ჰქონდათ და თუ გატაცება უნდოდათ და იცოდნენ, ფულის გადამხდელი იყავი, გამოსასყიდს მოგთხოვდნენ. თქვენ თუ ჩემი ახლობელი იყავით, მე დავრეკავდი, სადაც საჭირო იყო, თუნდაც ციხეში და მოვითხოვდი მანქანის უკან დაბრუნებას. ყველასთვის ცნობილი იყო იმ წლებში 49-ე კამერა, ფაქტობრივად, იქიდან აკონტროლებდნენ საქართველოში მანქანების ქურდობას. მათ გარეშე არაფერი ხდებოდა. მოკლედ, იქ დავრეკავდი და ვეტყოდი, ეს მანქანა დასაბრუნებელია-მეთქი და დააბრუნებდნენ. თუ ციხე პრობლემას შექმნიდა, მინისტრის მოადგილემდე მივდიოდი, მას იმავეს ვეტყოდი და მეტყოდა, დაწყნარდი, ხვალ მანქანა იქნებაო და მომიყვანდნენ კიდეც. თუ ახლობლურად მოდიოდით ჩემთან,  მანქანის დაბრუნებაში ფულს არ იხდიდით, თუ არადა, გადაიხდიდით და მანქანაც დაგიბრუნდებოდათ.

პიტერ შოუს გატაცების სკანდალური ამბავი

- ალბათ, გახსოვთ, 2002 წლის 18 ივნისს თბილისის ცენტრიდან  ბრიტანელი ბანკირი პიტერ შოუ გაიტაცეს. მაშინ მისი კოლეგები ამბობდნენ, რომ მეორე დღეს, 19 ივნისს, იგი საქართველოდან ბრიტანეთში გამგზავრებას გეგმავდა, რადგან საქართველოში მუშაობის ვადა ამოეწურა.

დიდი ხმაური მოჰყვა ამ ფაქტს. ვითომ, გამოძიება დაიწყეს  და გამტაცებელთა ფოტორობოტებიც გამოქვეყნდა, უწყებამ ინფორმაციის მიწოდებისთვის ჯილდოც დააწესა. ორ კვირაზე მეტხანს არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდებოდა მის ადგილსამყოფელზე. პიტერ შოუს გამოჩენის შემდეგ სკანდალური საქმის ორგანიზატორად მევლუდ ჭიჭიაშვილი დასახელდა, ითქვა, რომ მას ჰყავდა ბანკირი გატაცებული. თქვენც ასე გგონიათ? სინამდვილეში, პიტერ შოუს გატაცებაში თავად ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები იყვნენ ჩართულნი და მევლუდ ჭიჭიაშვილი უშუალოდ შს სამინისტროს დავალებით მოქმედებდა.

ჭიჭიაშვილი სპეცრაზმის ყოფილი თანამშრომელი იყო, სპეცრაზმიდან დაითხოვეს და ამის შემდეგ პანკისში ჩამოაყალიბა ჯგუფი, რომელიც ადამიანის გატაცებებზე მუშაობდა. თუ შეკვეთა იყო მისაცემი, ის და მისი ჯგუფი სამინისტროს კონტროლით ასრულებდნენ, დამოუკიდებლად ვერაფერს გააკეთებდნენ. წარმოიდგინეთ, მაშინ პიტერ შოუ თბილისის ცენტრიდან, ბულაჩაურის ქუჩიდან გაიტაცეს და გაითამაშეს, თითქოს მის ძებნას დიდი დრო დასჭირდა. შემდეგ დასვეს ერთ-ერთ “ტეკზე“ და სამინისტროს თანამშრომლებმა დიდი ზარ-ზეიმით წამოიყვანეს, ვიპოვეთო. ერთი გენახათ, როგორ ეხვეოდა და  კოცნიდა ის კაცი ყველას. მას აღარაფერი აინტერესებდა - არც ის, რომ ნახევარი მილიონი დოლარი გადაიხადა გათავისუფლებაში, მისთვის მთავარი იყო, საქართველოდან თავის ქვეყანაში სასწრაფოდ წასულიყო და მართლაც, 7 ნოემბერს გაემგზავრა დიდ ბრიტანეთში, მისთვის გამოძალული ნახევარი მილიონი დოლარი კი შს სამინისტროში წავიდა. დანამდვილებით ვამბობ, ჭიჭიაშვილმა შეასრულა დაკვეთა. აბა, გენერლები და პროკურორები ხომ არ წავიდოდნენ პიტერ შოუს გასატაცებლად?! ჭიჭიაშვილი გაგზავნეს, ინტერესი კი ბანკირისგან ფულის გამოძალვა იყო. ბუნებრივია, რაღაცას იმ თანხიდან ჭიჭიაშვილსაც მისცემდნენ. ჭიჭიაშვილის პანკისის დაჯგუფება მაშინ ყველაზე ცნობილი იყო, მაგრამ ცნობილი იყო ე.წ. აღაიანის დაჯგუფებაც, რომელიც მანქანების გატაცებით იყო დაკავებული და მასაც შს სამინისტრო უწევდა პატრონაჟს.

პარლამენტში ბევრი ნარკომანია?

იმ მოქმედი დეპუტატებიდან, ახლა კენჭს რომ იყრიან, ვინ იცის, რამდენს გაუვლია ჩემს ხელში. "ოცნებით" დაწყებული, თითქმის ყველა პარტიაში არიან ისეთები, ვინც ნარკოტიკს მოიხმარდა. ბევრი მათგანისთვის ფულიც გამომირთმევია. შემიძლია ყველას ყველაფერი ფაქტებით დავულაგო. გული მწყდება, დღეს პარლამენტში ასეთი ადამიანები რომ არიან, რადგან ამ სენისგან გამოსწორებული მე არავინ მინახავს.

წამლის ჩადება ჩვეულებრივი, ხშირი ამბავი იყო. პირადად მეც ბევრჯერ ჩამიდია. წამლისა და იარაღის ჩადება ჩემთვის პრობლემა არ იყო, ისე ოსტატურად ვაკეთებდი, ვერავინ იტყოდა იმ საქმეზე, წამალი ან იარაღი ჩადებულიაო.

მაშინ არავის აინტერესებდა დაზარალებული და მისი უფლებები, მთავარი იყო, ქურდებს ფული მიეტანათ. როცა ხელისუფლება კრიმინალებთან ასეთ გარიგებაშია, იქ  ვითარების გაკონტროლება ძალიან ძნელია.

შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში რომ დააკავებდი ვინმეს, აუცილებლად ორი ძალიან ძლიერი მოქალაქე უნდა გყოლოდა საქმეში მოწმედ და მათ დაედასტურებინათ, რომ დაინახეს, როგორ დავაკავეთ დამნაშავე. მოაწერდნენ ოქმზე ხელს და მერე სასამართლო პროცესზე მოწმის სტატუსით გამოვიდოდნენ. მიხეილ სააკაშვილმა ეს კანონი შეცვალა და მოწმედ პოლიციელი დატოვა. აღარ იყო საჭირო ნეიტრალური მოქალაქეების ძებნა - საქმეში გყავდა პოლიციელი, რომელიც ამხელდა დაკავებულს და მისი ჩვენების საფუძველზე ციხეში უპრობლემოდ გაუშვებდნენ. ეს კატასტროფა იყო, არავის შეჰქონდა ეჭვი პოლიციელის ჩვენებაში. მარტო ერთი პირის ჩვენების საფუძველზეც შეიძლებოდა ადამიანის ციხეში ჩასმა. განაჩენის გამოტანა მხოლოდ ფარატინა ფურცელი იყო.

სააკაშვილის პერიოდში შევარდნაძის მმართველობისას არსებული ერთი უკიდურესობიდან მეორე, უფრო უარეს უკიდურესობაში გადავედით. მართალია, შევარდნაძის დროს ძალოვანი სტრუქტურები პირდაპირ კრიმინალთან იყვნენ გარიგებულები და უკვე გიამბეთ, რაც ხდებოდა იმ წლებში, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას რაც ხდებოდა, ასეთ რამეს შევარდნაძე სიზმარშიც ვერ ნახავდა.

სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ რაც მოიმოქმედეს, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. საშინელება იყო!

როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ, ნებისმიერ ადამიანთან მიხვიდოდი და ჩაუდებდი ან წამალს, ან იარაღს. მოგცემდნენ მოსაცილებელი პირების სიას და ერთთვიან ვადას, - ჩაუდე წამალი და მოიცილეო. სააკაშვილის დროს ქვედა ეშელონებში პოლიციელი ქრთამს აღარ იღებდა, ხელფასები მოუმატეს და უთხრეს, შენ არაფერს ხელი არ მოჰკიდო, ქრთამი არ აიღო, თორემ დაგიჭერ, სამაგიეროდ, ხელფასი 1.000 ლარი გექნებაო და პოლიციელიც კმაყოფილი იყო. რაც შეეხება მაღალ ფენას, ზედა ეშელონებში საშინელი კორუფცია იყო. თვის ბოლოს შენი გაკეთებული საქმის შესაბამისად საჩუქრდებოდი. ზემდგომი უცებ დაგიგდებდა მაგიდაზე 10.000 ან 20.000 დოლარს, იმიტომ, რომ იმ თვეში კარგად გქონდა ნამუშევარი - კარგად გქონდა ჩადებული მათთვის საინტერესო პირებისთვის წამალი.

სააკაშვილის დროს ორი ანგარიში არსებობდა: ერთი - საპროცესო შეთანხმების და მეორე - ხელმძღვანელებისთვის. საპროცესო შეთანხმებას 3.000-ად ან თუნდაც - 10.000-ად არავინ გაგიფორმებდა. კოლოსალურ თანხებზე იყო ლაპარაკი - 300.000-ზე, ნახევარ მილიონზე და ა.შ. ვის რაში სჭირდებოდა შენი ქონება?! თუ რომელიმე ჩინოსანი არ დაადგამდა თვალს, მაშინ მხოლოდ ფულს სთხოვდნენ. თუმცა ქონებაც უამრავ ადამიანს ჩამოართვეს. ზოგიერთი ქონებაჩამორთმეული ევროსასამართლოში ჩიოდა. როგორც კი ევროსასამართლოში შევიდოდა მისი საჩივარი, აქ მასზე და მის ოჯახზე იწყებოდა ზეწოლა. ახლავე გადაგვიფორმე ქონება, თორემ ოჯახი გყავს და ხომ იცი, რა დღეში ჩავარდებიო. ეს მუქარა რეალური იყო. ყველაფერზე წამსვლელები იყვნენ და მიდიოდნენ კიდეც.

მაღალ დონეზე იყო კორუფცია, გაცილებით უარესზე, ვიდრე შევარდნაძის დროს. ხელის ერთი მოსმით მიჰქონდათ მაღაზიები, სარესტორნო თუ სხვადასხვა ბიზნესი. ნოტარიუსიც თავისი ჰყავდათ, ღამღამობით ის დაჰყავდათ და იფორმებდნენ სხვადასხვა ქონებას. როგორც ვიცი, ახლა ის ნოტარიუსი დაკავებულია. ქონებასა და ფულის წართმევას ვინ დაეძებდა, მაშინ ისეთი უბედურებები ხდებოდა, ადამიანის მკვლელობამდეც მიდიოდა საქმე. თუ ვინმემ ბევრი იცოდა, დიდი ინფორმაციის მატარებელი იყო, სასწრაფოდ მოიშორებდნენ თავიდან. ბიზნესის წართმევის გამო არავინ მოგკლავდა - ჩაგაგდებდნენ სარდაფში, გცემდნენ, გაწამებდნენ და მაინც მოგატანინებდნენ იმას, რასაც ითხოვდნენ. ამ ყველაფრის სათავეში ნაძირალა ადეიშვილი იდგა.

ვთქვათ, წაართმევდა ფულს რომელიმე ბიზნესმენს, მერე დაისვამდა თავის ოთახში მაგიდასთან და ეუბნებოდა, თუ რამე იდეა გაქვს, გვითხარი და მოდი, ერთად გავაკეთოთ ბიზნესიო. წარმოიდგინეთ, მთელ ფულს, ზოგჯერ 2-3 ან 5 მილიონს ან მეტსაც ართმევდნენ ადამიანებს, ქონებას მთლიანად გამოსძალავდნენ და მერე იდეასაც კი ჰპარავდა ადეიშვილი. რომელ ნულოვან ტოლერანტობაზეა ლაპარაკი?! ვითომ "კანონიერ ქურდებს" დევნიდნენ და ამ დროს არჩევნებშიც აღებინებდნენ მონაწილეობას, ყველაფერშიც ჩართული ჰყავდათ. არჩევნების დროს უბნებში ევროპიდან აგვარებინებდნენ სიტუაციას. სქემა ასეთი იყო: გადახვიდოდი სომხეთის ტერიტორიაზე ან წითელ ხიდზე და იქიდან უკავშირდებოდი "კანონიერ ქურდებს". მერე ისევ გადმოხვიდოდი საქართველოში, ქურდები კი ევროპიდან მოაგვარებდნენ სიტუაციას. თქვენ რა გგონიათ, სააკაშვილის დროს "კანონიერი ქურდები" საქართველოში არ ჩამოდიოდნენ? მშვენივრად ჩამოდიოდნენ - ტრაპზე დახვდებოდა მანქანა, გადმოიყვანდა რეგისტრაციის გარეშე, მოაგვარებდა თავის საქმეს და იმავე გზით უკან გაუშვებდნენ. სააკაშვილის დროს ეს სქემა ჩვეულებრივად მუშაობდა.

"ნაციონალებს" ზონდერებიც მრავლად ჰყავდათ. შევარდნაძის დროს არასდროს ვიდექით საარჩევნო უბნებთან, სააკაშვილის დროს კი ყველგან იდგნენ.

- პროტესტის გრძნობა არ გიჩნდებოდათ, ამ ბინძურ დავალებებს რომ ასრულებდით?

- მიჩნდებოდა, მაგრამ მაშინ არ იყო ისეთი ვითარება, ვინმესთან მისულიყავი და რამე გეთქვა. თუ იტყოდი, გპასუხობდნენ: "კარგი, ასე ხომ? ისე, შენი შვილი უკვე გახდა 18 წლის?", ან "როგორ არის შენი ბიჭი?" და უკვე ყველაფერი გასაგები იყო. უკვე იცოდი, ამ კითხვებით სად გარტყამდნენ, თან ამ წუმპეში ჩაფლული იყავი და აღარც გინდოდა იქიდან ამოსვლა, თან ვეღარც ამოდიოდი, რადგან არ გინდოდა, ვინმეს შენი შვილი გაემწარებინა.

სამწუხაროდ, დღეს ძალოვან სტრუქტურებში ისევ ის ხალხია, ვინც ჩემს დროს მუშაობდა. მათი მენტალიტეტის შეცვლა შეუძლებელია. დარწმუნებული ვარ, ისინი ისევ ძველი მეთოდებით მუშაობენ. სისტემა ძირგამომპალი იყო და ასეთად დარჩა სააკაშვილის დროსაც. ეჭვიც არ მეპარება, ახლაც ასეა. ის პირები, ვინც ამდენი მთავრობის დროს მუშაობდა, ხვალ იმავე დაკვეთას შეასრულებენ, როგორც შევარდნაძის თუ სააკაშვილის დროს ასრულებდნენ.

ერთი სული მქონდა, იქიდან წამოვსულიყავი. ჩემი თამადობით, ნებისმიერი ადამიანი, ვისაც სააკაშვილის დროს ამ სისტემაში აქვს ნამუშევარი, მთელი დღე უნდა იდგეს ეკლესიაში და ილოცოს, რომ ღმერთმა ჩადენილი საშინელებებისა და შეცდომებისთვის არ დასაჯა.

სააკაშვილის დროს ყველაფერი ერთი კაცის ბედნიერებაზე იყო აგებული. მისი გულისთვის ხდებოდა მკვლელობაც, ნარკოტიკის ჩადებაც, ქონების წართმევაც, ყოველგვარი საშინელება. ფუნქციები გადანაწილებული ჰქონდათ: კონსტიტუციურ სასამართლოს ბიზნესმენების დატერორება ევალებოდა, სოდ-ს - კრიმინალების, და წამლების ჩადებები და ხალხის გამწარება. განა ცოტა ადამიანი გაქრა იმ წლებში საქართველოდან? სად არის ეს ხალხი? აბა, გადახედეთ სტატისტიკას. რამდენი ადამიანია უგზოუკვლოდ გამქრალი. მათ იშორებდნენ! რამდენიც გინდათ, იმდენი ფაქტია ასეთი! მკვლელობის შემსრულებლები სისტემაში ცალკე ჰყავდათ. ჩემთვის რომ დაევალებინათ მკვლელობა, იცოდნენ, ამაზე არ წავიდოდი. იცოდნენ, ვინ რაზე იყო წამსვლელი. მკვლელობის ბევრი შემსრულებელი დღეს გამქრალია, დაიკარგა, ზოგი - ძებნილია, ზოგიც - ციხეში ზის.

სანდრო გირგვლიანის საქმე

სანდრო გირგვლიანის საქმე მეორე დღესვე გახსნილი ჰქონდა მაშინდელ ქალაქის სამმართველოს უფროსს - მერაბ ბაღათურიას. მახსოვს, მალე შს მინისტრის დაბადების დღე იყო და მერაბი მძღოლებში დასვეს სუფრასთან. გაშვებით უცებ ვერ გაუშვეს სამსახურიდან, ჯერ საკუთრების დაცვის პოლიციაში მოადგილედ გადაიყვანეს და მერე, ნელ-ნელა გაუშვეს შინ. სანდრო გირგვლიანის მკვლელობაზე ვინც იჯდა, იმათ კი აიღეს დანაშაული თავზე, მაგრამ მთავარი დამნაშავეები, ახალაია და სანოძე, თავისუფლად პარპაშობდნენ. ვინც ციხეში იჯდა, ისინი იქაც კარგ პირობებში ჰყავდათ - როცა უნდოდათ, შინაც მიდიოდნენ. ისინი ხალხსაც კი ნიშნავდნენ ციხიდან. ქალებიც შეჰყავდათ მათთან საკანში. თუმცა ციხეში მსუბუქი ყოფაქცევის ქალების შეყვანა შევარდნაძის დროსაც ჩვეულებრივი ამბავი იყო - საუნაში გეგონებოდა თავი, ან საყვარლები დაჰყავდათ მათთან. ერთხელ "კანონიერი ქურდი" წაიყვანეს გოგირდის აბანოში, მაგრამ მისი გასეირნების ამბავი გახმაურდა.

გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებთან ორჯერ, ორი-ორი დღით უცხო ქვეყნიდანაც ჩამოიყვანეს ქალები . ეს "საჩუქარი" მათ დათა ახალაიამ გაუკეთა.

კონსტიტუციურ სასამართლოს თავისი ბიუჯეტი ჰქონდა, სოდ-ს - თავისი, კრიმინალურს - თავისი და ა.შ. ვის რაში აინტერესებდა მათ ბიუჯეტში ჩაყრილი ფული სად უნდა წასულიყო?! - მიდიოდა ქალებში, ქეიფში, ქონების ყიდვაში და ა.შ.

ნეტავ წავსულიყავი!

ნეტავ წავსულიყავი! ვინ იცის, რამდენჯერ მიფიქრია და მინანია, რომ არ წავედი. მაშინ ქვეყნიდან უნდა გავქცეულიყავი ოჯახთან ერთად, შემოსავალიც მქონდა, მაგრამ რატომღაც დავრჩი ამ წუმპეში. საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე მიმუშავია ძალოვან სტრუქტურებში. ყოველთვე ხელფასთან ერთად პრემია მოგდიოდა, 10.000-20.000. შენი ზემდგომი რომ დაგიბარებდა, გული მაშინვე ბაგაბუგს იწყებდა, არ იცოდი, რისთვის გიბარებდნენ, რამეს გავალებდნენ თუ ციხეში გიშვებდნენ. ბევრჯერ ყოფილა, რამდენიც მოხვდებოდა ხელში, იმდენ თანხას გაძლევდა დავალებების შესრულებისთვის. იყო ისეთი შემთხვევებიც, იმ თვეს არაფერი გაგიკეთებია, მაგრამ თვის ბოლოს მაინც გაძლევდნენ ფულს, რადგან მომავალში ხომ სჭირდებოდი და თუ ყოველთვე არა, ორ თვეში ერთხელ სოლიდურ პრემიას გაძლევდნენ. მოკლედ, როცა დაგიძახებდნენ, იცოდი, ან ფულს მოგცემდნენ, ან დაგიჭერდნენ. ვიდრე მიხვიდოდი, შეიძლებოდა შიშით გულიც გაგსკდომოდა, რადგან არ იცოდი დაბარების მიზეზი, მაგრამ იქიდან ფულით რომ გამოდიოდი, შენც კარგ ხასიათზე იყავი.

ჩადებით, წამალიც ჩამიდია და იარაღიც. ქრთამსაც ვიღებდი, მათ დავალებებსაც ვასრულებდი, იმიტომ, რომ მე ამ სისტემის ნაწილი ვარ. ერთადერთი, იცოდნენ, რომ მკვლელობას არ შევასრულებდი, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვინც ამაზე წავიდოდა და მათ ავალებდნენ. სამაგიეროდ, მე წამლის ჩადება გამომდიოდა ძალიან კარგად. ერთი კაცი ვერ იტყვის ჩემს ჩადებულზე, ჩადებულიაო. ამას სააკაშვილის დროსაც ვაკეთებდი და შევარდნაძის დროსაც. ეს ძალიან ცუდი საქციელია და ახალგაზრდებს ვთხოვ, ასე არასოდეს მოიქცნენ, რადგან მერე, ჩემს ასაკში, ძალიან ინანებენ. შეიძლება ნერვიულობის გამო ბევრი დაავადებაც აიკიდონ. გაგრძელება

ნაწყვეტი წიგნიდან, რომელიც გამოსაცემად მზადდება