"რვა წელი გვერდიდან არ მომცილებიან და ფარად მედგნენ" - ვინ არიან გორთან მომხდარი საზარელი ავარიისას გარდაცვლილები
"რვა წელი გვერდიდან არ მომცილებიან და ფარად მედგნენ" - ვინ არიან გორთან მომხდარი საზარელი ავარიისას გარდაცვლილები
ფოტო:ელვარდ ახალაია, ილია გაწერელია
უმძიმესი ტრაგედია მოხდა 29 ოქტომბერს, გვიან ღამით, გორთან. თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს ტრაილერი შეეჯახა. სამწუხაროდ, 5 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 11 დაშავებული "გორმედის" კლინიკაში გადაიყვანეს. დაშავებულებიდან ერთი პაციენტის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. დანარჩენების გადასარჩენად ყველაფერი კეთდება. მათ სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვთ მიღებული. მიკროავტობუსში თბილისში "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მოწყობილი აქციის მონაწილეები ისხდნენ. ისინი შინ ბრუნდებოდნენ.
გარდაცვლილებს შორის როლანდ ახალაიას ძმისშვილი, ელვარდ ახალაიაა, ასევე გარდაცვლილები არიან:
ილია გაწერელია, ბაჩანა როგავა, ბაკურ შენგელია, გოგა ჯალაღონია, ოთარ ჯიქია.

პოლიციამ ავტოსაგზაო შემთხვევის გამო თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1958 წელს დაბადებული მ.ს. დააკავა. უწყების ცნობით, დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276
-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს.

"უმძიმესი დილა გათენდა", - წერს სოციალურ ქსელში ბაჩანა ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი.

"არ ვიცი, რა ვთქვა, რა დავწერო. საერთოდ უნდა დავწერო, თუ - არა. უბრალოდ, ბევრი მწერთ, მირეკავთ და არავისი პასუხის თავი არ მაქვს. სიკვდილი მირჩევნია. რვა წელი გვერდიდან არ მომცილებიან და ფარად მედგნენ. რვა წელი გვიერთგულეს. დილას მოფრინავდნენ და ჩემზე წინ იყვნენ წამომსვლელებად. ჩემი იმედი იყვნენ ნებისმიერ დროს, დღე-ღამეში. სულ მარტოს, მეიმედებოდნენ. უმძიმეს წლებში მარტო სახლში არ მიშვებდნენ. ამაზე მძიმე ცხოვრებაში არაფერი მქონია. ვიღაც ნაძირლის გამო აღარ არიან. ნეტავ, მე ვყოფილიყავი მანდ და ისინი - არა. ნეტავ, მე შემეძლოს ახლა რამე თქვენთვის. ერთადერთი, რასაც ღმერთს ვთხოვ, ყველა დაშავებული გამოჯანმრთელდეს", - წერს ზუგდიდის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ანი წითლიძე.

ავარიის დროს გარდაცვლილია სამეგრელო-ზემო სვანეთის კუდი-ს უფროსის ყოფილი მოადგილე, 43 წლის ილია (იკა) გაწერელია. მის მეგობარ მაია კალანდიას ძალიან გაუჭირდა მასზე წარსულ დროში ლაპარაკი, ტირილით მხოლოდ ეს სიტყვები მითხრა: "ირაკლი ჩემი უახლოესი მეგობარია. საოცრად კარგი ბიჭი. ადრე უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა. ორი შვილის მამაა, მეუღლე სამუშაოდ უცხოეთშია წასული და ამიტომ ორ პატარას ზრდიდა. სიტყვები არ მყოფნის, იმდენად კარგი ადამიანი იყო. ჰყავს ერთი და, მაია გაწერელია, რომელიც ცესკო-ში მუშაობს და - დედა. მამა არ ჰყავს. 9 წელია, სამუშაო არ ჰქონდათ და ამიტომ მისი მეუღლე იძულებული გახდა,  საზღვარგარეთ სამუშაოდ წასულიყო, მალტაში ფიზიკურად მუშაობს და ეს საშინელი ამბავი დაგვატყდა თავს. არ შემიძლია საუბრის გაგრძელება, მაპატიეთ".

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გუშინ, გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპული მოქალაქეების ოჯახებს მიუსამძიმრა.

"პირველ რიგში, მინდა, გამოვეხმაურო იმ მძიმე ტრაგედიას, რომელიც გუშინ გორის მახლობლად დატრიალდა. ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახებს. ხაზგასმით მინდა მივუსამძიმრო ზუგდიდს, ხობს, ჩხოროწყუს. ჩვენ დასაკარგი მოქალაქეები არ გვყავს. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე გადაარჩინონ", - განაცხადა გახარიამ.


(სპეციალურად საიტისთვის)

სალამ
30 ოქტომბერი 2020 15:06
სისტემა კლავს ხალხო გაიღვიძეთ ეს შემტხვევიტობა არაა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები