"ასეთი თემებით რეიტინგების დაწერას ნორმალურ ქვეყნებში ხელისუფლება კი არა, ოპოზიცია და მედიაც ერიდება" - კვირის პალიტრა

"ასეთი თემებით რეიტინგების დაწერას ნორმალურ ქვეყნებში ხელისუფლება კი არა, ოპოზიცია და მედიაც ერიდება"

"ჩვენ არც ის ვიცით, როგორ წარიმართა მოლაპარაკება მძარცველთან. ისიც, ვინც ავთანდილ გალდავას ქმედებაზე ქილიკობს, ან ბრიყვია, ან მავნებელი. როგორ წარმოუდგენიათ თავდამსხმელთან ურთიერთობა, რომელიც გახსნილი ხელყუმბარით ზის ამდენი ადამიანის წინაშე..."

"როცა საქმე გვაქვს საზოგადოებისთვის განსაკუთრებით საშიშ ბოროტმოქმედთან, ამოსავალი წერტილი უნდა იყოს პოლიტიკური და რეიტინგების ინტერესები კი არა, საზოგადოების უსაფრთხოება და სახელმწიფო ინტერესები", - ამბობს ექსპერტი ამირან სალუქვაძე:

- ტერორიზმის დეფინიციას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა, თუმცა, თუ კოდექსში ჩაიხედავენ, იქ განმარტებულია, რომ სახელმწიფოს იძულება რაიმე ქმედებაზე, ასევე ზიანის მიყენება სახელმწიფო ინსტიტუციებისთვის, ადამიანების დაშინება და სხვ. მოიცავს ტერორიზმის მუხლს. თუ დავუშვებთ, რომ მისი მიზანი არ იყო გამდიდრება და პოლიტიკური მოთხოვნები არ წამოუყენებია, მისი ქმედება შეიძლება შეფასდეს როგორც სახელმწიფო ინსტიტუციებისთვის ზიანის მიყენების მცდელობა. შესაძლებელია მთავარი ვერსია ყაჩაღობაც იყოს. რაკი შსს-მ საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალა, ალბათ, მიზეზი ჰქონდა. თუ ტერორისტული აქტი სათანადოდ არ არის გამყარებული, მას სასამართლო არ მიიღებს. რაც შეეხება ძალოვანი უწყების მუშაობას, მოქმედება მოქცეული იყო პატარა სივრცეში,

ჩვენ არ ვიცით შენობის სქემა და ძნელია თქმა, შესაძლებელი იყო თუ არა შტურმი ისე, რომ მსხვერპლი არ ყოფილიყო. როცა ხედავ, კაცს ხელში გახსნილი ყუმბარა უჭირავს და შეიძლება მყისიერად ააფეთქოს, ამის გაკეთება ძნელია.

გავიხსენოთ ბესლანისა და ნორდ-ოსტის ტერაქტები, რომელთაც უამრავი ადამიანი შეეწირა - ზოგი გაზით გაიგუდა, ზოგსაც ესროლეს. არადა, ორივე შენობაში ბევრად დიდი სივრცე იყო და ხალხი მაინც დაიღუპა. აქ რომ გაზი გაეშვათ, ადვილი წარმოსადგენია, რამხელა ტრაგედია დატრიალდებოდა. ის ხალხი, რომელიც ძალოვან უწყებებს აკრიტიკებს, შტურმი ვერ გაბედესო, მიწასთან ასწორებს პუტინს მსგავსი გადაწყვეტილების გამო. აქ უმთავრესი ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყო.

ჩვენ არც ის ვიცით, როგორ წარიმართა მოლაპარაკება მძარცველთან. ისიც, ვინც ავთანდილ გალდავას ქმედებაზე ქილიკობს, ან ბრიყვია, ან მავნებელი. როგორ წარმოუდგენიათ თავდამსხმელთან ურთიერთობა, რომელიც გახსნილი ხელყუმბარით ზის ამდენი ადამიანის წინაშე.

შემდეგ კი მოხდა მისი რომანტიზება, მძევლებს კეთილად ექცეოდაო, ის კი ავიწყდებათ, რომ სტრესი, რომელიც მათ გადაიტანეს, უმძიმესია და დიდხანს გაჰყვებათ. ერთი ადამიანიც რომ დაჭრილიყო ან დაღუპულიყო, დარწმუნებული ვარ, პოლიტიკოსები და ზოგიერთი მედიასაშუალება მაშინვე გადაატრიალებდნენ ფირფიტას, ხალხი ჩახოცეს, ამათთვის ადამიანის სიცოცხლე არაფერს ნიშნავს, მიეცათ ფულიო და ა.შ.

რაც შეეხება თითქოს პრეცედენტის შექმნას, ამაზე აპელირება ან უცოდინარობით მოსდით, ან შეგნებულად ატყუებენ მოსახლეობას. ყველა ქვეყანაში არსებობს თავდამსხმელისთვის თანხის გადახდის არაერთი პრეცედენტი და ამ ლოგიკით ძარცვის მთელი სერიები უნდა არსებობდეს. ეს არც ჩვენთან არის სიახლე.

2007 წელს "საქართველოს ბანკს" დაესხნენ თავს და ხალხიც დაიღუპა, თუმცა ამ მასშტაბის ნამდვილად არ ყოფილა.

სხვადასხვა ქვეყანაში ტერორისტთან მოლაპარაკებებიც ყოფილა, სახელმწიფოებს გამოსასყიდიც გაუღიათ. მხოლოდ "ალ-ქაიდას" მილიარდ დოლარზე მეტი აქვს აღებული. ბევრი ასეთი ფაქტი მომხდარა და მათ არ ახმაურებდნენ. ასეთი თემებით რეიტინგების დაწერას ნორმალურ ქვეყნებში მხოლოდ ხელისუფლება კი არა, ოპოზიცია და მედიაც ერიდება.

- საზოგადოების დიდ ნაწილს დღემდე არ სჯერა, რომ მძარცველი მარტო მოქმედებდა. - დიახ, ეს ძნელი დასაჯერებელია. ბევრს არც იმის სჯერა, რომ ის ამას ჩაიდენდა.

ის, რომ ესებუა ჯერაც არ ჩაჰბარდა, შესაძლოა მისმა ასეთმა დახასიათებამაც განაპირობა, რადგან ადამიანი, რომელსაც გარემოცვა დადებითად ახასიათებს, რეპუტაციას უფრთხილდება და შეიძლება სიკვდილზე უფრო ადვილად წავიდეს, ვიდრე მის შელახვაზე. მის ადგილას ნასამართლევი პირი რომ ყოფილიყო, ცხადია, სიცოცხლეს ამჯობინებდა.

ძალზე მნიშვნელოვანი პრობლემა იყო მედიისა და ოპოზიციის ნაწილის შს და თავდაცვის სამინისტროებზე გალაშქრება. მესმის, მმართველი პარტიის რეიტინგის დაწევას ცდილობდნენ, მაგრამ ესებუა აღარ მსახურობს თავდაცვის ძალებში და მძევლად აყვანილი ერთი პირის, რომელიც მოქმედი სამხედროა, როგორც მინიმუმ, უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვა.

თავდაცვის ძალებზე ასე ხელაღებით საუბარი, რომელიმე პოლიტიკურ ძალას კი არა, ქვეყანას აზიანებს. ასეთი შეტევა, სხვა თუ არაფერი, უზნეობაა. "ქართული ოცნება" ყოველთვის არ იქნება ქვეყნის სათავეში, მაგრამ სახელმწიფო დარჩება.

- ითქვა, სახელმწიფო ჩვენს სამხედროებს არ აფასებსო.

- ამას ამბობს პოლიტიკური ძალა, რომელმაც ასობით დამსახურებული სამხედრო დაითხოვა უმიზეზოდ შეიარაღებული ძალებიდან ისე, მადლობაც არ უთქვამს. არადა, ჩვენ ვიყავით ადამიანები, რომლებმაც მის მშენებლობას წლები შევალიეთ, უხელფასოდ, ელემენტარული პირობების გარეშე ვიმუშავეთ. დიახ, იყო და არის პრობლემები, მაგრამ ბოლო წლებში თავდაცვის ძალებში რა პროექტებიც განხორციელდა, ბოლო 30 წელია არ მომხდარა და რაც მთავარია, ეს ტენდენცია გრძელდება. ასე რომ, როდესაც ასეთი ძალა სხვისკენ ხელს იშვერს, უკან მისახედი უნდა ჰქონდეს.