ყოფილი პოლიციელის შოკის მომგვრელი ნაამბობი - კვირის პალიტრა

ყოფილი პოლიციელის შოკის მომგვრელი ნაამბობი

პოლიციის "ობშიაკი", როგორ ყალბდებოდა დანაშაულის სტატისტიკა და როგორ ყრიდნენ საარჩევნო ურნებს მტკვარში

ძალოვან სტრუქტურაში სრულიად ახალგაზრდა, 22 წლის ასაკში მივიდა. ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს ოპერმუშაკად მუშაობდა. ამბობს, რომ სამართალდამცავ ორგანოში სამსახური ძალიან სურდა და სწორედ ამიტომ ჩააბარა თავის დროზე იურიდიულ ფაკულტეტზე. მაშინ ვერც წარმოედგინა, რა დავალებებისა და დაკვეთების შესრულება მოუწევდა. ის მალევე გახდა სისტემის ნაწილი, ასრულებდა დავალებებს და ელვისებური სისწრაფით იზრდებოდა მისი სამსახურებრივი კარიერაც. 25 წელი იმუშავა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, ამიტომ მას დღეს უკან მიხედვის ეშინია. ეშინია იმიტომ, რომ კარგად აქვს გაცნობიერებული ჩადენილი ყველა ქმედება, დანაშაული და ამას ძალიან განიცდის. წლები გავიდა, რაც სისტემიდან წამოვიდა, რამდენიმე წელია პენსიაზეა, მაგრამ ამბობს, რომ ხშირად ქენჯნის სინდისი, ხშირად ახსენებს თავს თავისი და კოლეგების ჩადენილი დანაშაულები, სისტემაში არსებული პრობლემები და ამიტომ ფიქრობს, რომ მისი მონაყოლი ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების გასაფრთხილებლად. გასაგები მიზეზების გამო, მან ინკოგნიტოდ დარჩენა არჩია. ბუნებრივია, მასთან საუბარი ედუარდ შევარდნაძის დროინდელი პოლიციით დავიწყეთ.

ძირგამომპალი სისტემა

- შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს შინაგან საქმეთა ორგანოებში რიგით ოპერმუშაკად დავიწყე მუშაობა. მარტო ეს სისტემა კი არა, მთლიანად ყველა სისტემა, ყველა დაწესებულება და სამინისტრო ძირგამომპალი, კორუფციის ჭაობში იყო ჩაფლული. პოლიციელებს ხელფასი არ გვქონდა. ფორმალურად ძალზე მიზერული თანხა იყო ოფიციალური ხელფასი, მაგრამ იმასაც არავინ გვაძლევდა. თუმცა ეს პრობლემა არ იყო, სისტემა ისე იყო აწყობილი, ხელფასი არავის აინტერესებდა... სისტემა მთლიანად კორუმპირებული იყო. ყველაზე შემაშფოთებელი ის იყო, ხელისუფლება, ძალოვანი სისტემა და კრიმინალი, ფაქტობრივად, ერთი რგოლი იყო. ისინი ერთმანეთთან შეთანხმებით მოქმედებდნენ. ხშირად კრიმინალებზე არანაკლებ დანაშაულს პოლიციელები სჩადიოდნენ...

მთელმა ქვეყანამ იცის ცნობილი "კანონიერი ქურდის", შაქრო კალაშოვის უზარმაზარი სახლი, რომელსაც 45 ოთახი ჰქონდა, როგორ ააშენეს წყნეთში. სახლის სახურავზე ვერტმფრენი ჯდებოდა, იქ არსებულ გვირაბზე არაფერს ვამბობ. როგორ ფიქრობთ, ეს სახლი ისე ააშენა, რომ ვერავინ დაინახა? კალაშოვი საქართველოში რომ შემოდიოდა, ყველა ჩამოსვლაზე მილიონი დოლარი შეჰქონდა ბიუჯეტში. რა სტატუსით შეჰქონდა ამხელა თანხა, არ ვიცი, მაგრამ ის ვიცი, რომ ბიუჯეტიდან იმ დღესვე ქრებოდა და ჩინოვნიკებში ნაწილდებოდა. როგორც კი მისი თვითმფრინავი აეროპორტში დაეშვებოდა, პირდაპირ ტრაპთან ხვდებოდნენ საკუთრების დაცვის პოლიციის თანამშრომლები და მისი აქ ყოფნის პერიოდში ყველგან მათი თანხლებით დადიოდა, ახლოს ვერ მიეკარებოდი. ერთხელ ჩემი სამმართველოს უფროსი წყნეთის გზაზე გადაეყარა და მისი მანქანა გააჩერა. კალაშოვი მანქანიდან გადავიდა და რაღაც მანძილი ფეხით გაიარა.

ჩემი უფროსი გაეკიდა. კალაშოვი მალევე შეჩერდა და ჩინოსანს ჰკითხა, რა გინდაო? გაცნობა მინდა შენი, ვინ ხარო. "აი, ესენი გაიცანი", - მიუთითა თანმხლებ პირებზე და დაამატა, მიდი სამსახურში და შენი უფროსობა გეტყვის, მე ვინ ვარო... ჩემს უფროსს მაშინ სისტემაში დიდი გავლენა ჰქონდა და არავისთან არ შეუთანხმებია, ისე დააკავა იქვე "კანონიერი ქურდი". მაშინ არ ისჯებოდა "კანონიერი ქურდობა", მაგრამ მისი დაკავების მიზანი კალაშოვისთვის ფულის წართმევა იყო... ამ ფაქტიდან ზუსტად 4 დღეში ჩემი უფროსის მანქანა გაიტაცეს ქურდებმა და ცხინვალის საზღვართან დაწვეს...

როგორ ნაწილდებოდა ქრთამი ქვემოდან ზემოთ

სისტემა ასე იყო აწყობილი: თუ ოპერმუშაკი დააკავებდა ვინმეს და ფულს აიღებდა, თანხა სამძებროს უფროსთან უნდა მიეტანა, სამძებროს უფროსს წილი მიჰქონდა კრიმინალურის უფროსთან, იმას - სამმართველოს უფროსთან და ასე მიდიოდა ჯაჭვი შს მინისტრამდე და ბოლოს ხელისუფლებამდე. მაგალითად, ჩემს დანაყოფს თვეში 12.000 დოლარი ჰქონდა ხარჯი. ამაში შედიოდა იმ სტრუქტურებისთვის გადასაცემი თანხაც, რომელსაც ჩვენი სამსახურის შემოწმება ევალებოდა...

საიდან უნდა მოგეტანა 12.000 დოლარი თვეში, მაშინ როცა ხელფასიც არ გვქონდა, მივლინების ფულსაც არავინ გვაძლევდა, შენი ხარჯით მიდიოდი ყველგან, ასეთი ხარჯებისთვის კი ყველა განყოფილებას თავისი "ობშიაკი" ჰქონდა. როგორც კრიმინალური სამყაროსგან თუ სხვა ქრთამიდან პოლიციის "ობშიაკში" 10% მიდიოდა, შემდეგ ეს თანხა თანამშრომლებში ნაწილდებოდა. მაგალითად, ოპერმუშაკმა საქმიდან 1.000 დოლარი აიღო, შეიტანდა უფროსთან და ის იქვე მისცემდა წილს ოპერმუშაკს, 10%-ს კი, ანუ 100 დოლარს, "ობშიაკში" გაუშვებდა, დანარჩენს ზემდგომს გაუყოფდა.

თვის ბოლოს ყოველთვის იდო სოლიდური თანხა "ობშიაკში" და სხვადასხვა ხარჯისთვის ნაწილდებოდა. მაგალითად, ვიღაცისთვის ქრთამი იყო მისაცემი, ვიღაცისთვის - საჩუქარი გასაკეთებელი... თუ დაზარალებული არ ჩუმდებოდა, მისთვისაც შენ გქონდა ფული გადასახდელი, რომ არ ეყვირა...

იცით, რატომ იყო იმ დროს ასე გახშირებული კრიმინალი? დამნაშავემ იცოდა, ფულს გადაიხდიდა და ციხეში არავინ გაუშვებდა. ისიც კმაყოფილი იყო და პოლიციელიც. პოლიცია უფლებამოსილებას ყოველ წუთს ამეტებდა, მაგრამ ამისთვის არავინ ისჯებოდა. ასეთი დამპალი სისტემა იყო, მაგრამ შემდეგ, სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, მეორე უკიდურესობაში გადავედით. მართალია, დაბალ დონეზე აღარ იყო კორუფცია, მაგრამ საშინელებას სჩადიოდნენ - ისინი არავის ინდობდნენ და რაც ყველაზე შემაშფოთებელია, მოქმედი პოლიციელები მკვლელობამდეც კი მიდიოდნენ...

როგორ უდებდნენ ნარკოტიკსა და იარაღს

- ჩადება შევარდნაძის დროსაც ხდებოდა და სააკაშვილის დროსაც. წინასწარ ვიცოდით, ვინ რისი გადამხდელი იყო. ამის მიხედვით იყო დაწესებული მისგან ამოსაღები ფულის "სტავკაც". შევარდნაძის დროს იყო ისეთი ფენაც, იცოდი, ნარკომანები იყვნენ, წამლით გაბრუებულები, კაიფში დღედაღამ ქუჩაში ეყარნენ, მაგრამ არავინ ეკარებოდა, რადგან არაფრის გადამხდელები არ იყვნენ და მათი ციხეში გაშვებაც არავის აწყობდა.

შევარდნაძის დროს შეზღუდვა არ გვქონდა, აგვეღო იმდენი, რამდენსაც შევძლებდით - 1.000, 1.500, 5.000 დოლარი და მეტიც, მაგრამ ხელფასი არ უნდა მოგეთხოვა. კრიმინალები და ხელისუფლება ისე იყვნენ გადაჯაჭვული, გაყოფილი ჰქონდათ სფეროები, რა უნდა გაეკონტროლებინა კრიმინალს და რა - შსს-ს.

მაგალითად, ადამიანი გულმკერდის არეში დაჭრეს. თუ გადარჩებოდა, პრობლემა არ იყო ამ საქმეზე კვალიფიკაციის შეცვლა. დამნაშავე ფულს გადაიხდიდა, მიხვიდოდი ექსპერტიზაზე, გადაუხდიდი ექსპერტს და დაგიწერდა, რომ დაზიანება მსუბუქი ხარისხის იყო, რამაც ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. ამ დასკვნის საფუძველზე გამოგქონდა საქმის არაღძვრის დადგენილება. პროკურორსაც ფულს მისცემდი, ისიც ხელს მოგიწერდა და არავინ ისჯებოდა. დაზარალებულის გაჩუმება თვითონ დამნაშავეს უნდა მოეხერხებინა, ის პოლიციელამდე არ უნდა მოსულიყო.

მკვლელს ციხიდან ვერავინ გაუშვებდა, მაგრამ შემდეგში, გამოძიების დროს, შეიძლებოდა საქმის კვალიფიკაციის შეცვლა. იყო გაუთავებელი ლაპარაკი, დანაშაულის სტატისტიკა იმალებაო...

სტატისტიკაც ფულის სანაცვლოდ შენს სასარგებლოდ ტრიალებდა - ვიცოდით, რომელი რაიონი რომელ ადგილზე უნდა ვყოფილიყავით. დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი შეიძლებოდა 12-14% ყოფილიყო, მაგრამ კვარტალის ბოლოს 74%-ს დაგიწერდნენ. ვისაც ცოტა დანაშაული ჰქონდა, იმას 94%-ს დაუწერდნენ. ზედამხედველი პროკურორი ხმას არ იღებდა, რადგან თავის წილს მიიღებდა.

"საარჩევნო უბნებში ნიღბით შევცვივდებოდით და..."

- შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს ჩვენ არასოდეს ვჩნდებოდით საარჩევნო უბნებში. მაგრამ აუცილებლად გამოვჩნდებოდით საღამოს 6 საათის შემდეგ იმ უბნებში, სადაც ხელისუფლებას უჭირდა გამარჯვება. არასოდეს გვეცვა პოლიციელის ფორმა, ნიღბები გვეკეთა და ყაჩაღებივით ვმოქმედებდით - გავიტაცებდით ყველა ყუთს და პირდაპირ ვყრიდით მტკვარში. ამ დროს უკვე გამზადებული და დაპლომბილი იყო ყუთები, სადაც ხელისუფლების სასარგებლო ბიულეტენები ეყარა...

საარჩევნო უბნებში ნიღბებით რომ შევცვივდებოდით და ყუთებს მოვიტაცებდით, ამაზე აღიძვრებოდა საქმეები, მაგრამ არჩევნების შემდგომ ეს ამბავი აღარავის ახსოვდა.

ყველამ იცოდა, ვინ იყვნენ ამის ჩამდენები და რისთვისაც კეთდებოდა ეს. "ვარდების რევოლუციამდე" არჩევნებში სააკაშვილს პრეტენზია არ ჰქონდა პირველობაზე, ამბობდა, აღიარეთ, რომ მეორე ადგილზე გავედითო, მაგრამ იმ წელს "აღორძინება" გავიდა მეორე ადგილზე და ამის გამო სააკაშვილი ქუჩაში გავიდა. რომ დაინახა, ამდენი ხალხი აპროტესტებდა ამ ამბავს, შემდეგ დაიწყო ხელისუფლების გადადგომაზე საუბარი და უკვე პირველობა მოუნდა. დანამდვილებით ვიცი, მანამდე მხოლოდ მეორე ადგილს ითხოვდა და რომ მიეცათ, ალბათ, შევარდნაძე ისევ დარჩებოდა, მაგრამ "აღორძინების" ბიულეტენებით გატენილი ყუთები შერჩათ ხელში და ამას ვეღარაფერი მოუხერხეს. შევარდნაძეც გადადგა და მერე უკვე არავის აინტერესებდა არჩევნების გაყალბება. ამიტომ პოლიციამაც იმუშავა სააკაშვილზე და ასე მოვიდნენ "ნაციონალები" ხელისუფლებაში...

ერთი მოქმედი დეპუტატია, "ქართული ოცნების" აქტიური წევრი. ადრე გამომძიებელი იყო და სულ მიკვირს, როცა ხშირად ახსენებენ ციხეში ყოფნის პერიოდს, რატომ არასოდეს აკეთებს კომენტარს. მაშინ ასეთი ფაქტი მოხდა: ორი ბათუმელი ბიჭი დაიჭირეს, მათ იარაღის უკანონოდ ტარებას ედავებოდნენ. საქმეს ამჟამინდელი დეპუტატი იძიებდა. მერე ისე მოხდა, ის ბიჭები გაუშვა, პატიმრობა არასაპატიმრო ღონისძიებით შეუცვალეს და დაკავებულები იმავე დღეს სასწრაფოდ ბათუმში გადააფრინეს. წესით, სასამართლოზე უნდა გამოცხადებულიყვნენ და საქმის არსებით განხილვაში მიეღოთ მონაწილეობა, მაგრამ მაშინ ამ ამბავში ასლან აბაშიძე ჩაერია და აღარ გადმოსცა ის ბიჭები, რომ გაესამართლებინათ. ამ საქმის გამო ეს გამომძიებელი დაიჭირეს და ციხეში გამოკეტეს.

იარაღი სინამდვილეში ჩადებული იყო, იმიტომ, რომ იმ ბიჭებმა რევოლუციამდე გივი თარგამაძეს სცემეს და ორივე გივიმ დააჭერინა. გამომძიებელიც, რომელიც დღეს "ოცნების" სახე და მოქმედი დეპუტატია, გივი თარგამაძის დავალების შეუსრულებლობის გამო მოხვდა ციხეში.

600.000 დოლარი თავისუფლების სანაცვლოდ და წილი ჯიბის ქურდებისგან

ერთ ამბავს მოგიყვებით: ჩემმა უფროსმა შინდისის გზაზე "ავტორიტეტი" შუშანაშვილი დააკავა და იარაღი ჩაუდო. როდესაც პოლიციაში მიჰყავდა, შუშანაშვილმა უთხრა, 350.000 დოლარს გადაგიხდი, ოღონდ გამიშვიო. ჩემმა უფროსმა მაშინვე ზემდგომთან დარეკა, უთხრა, რომ "კანონიერმა ქურდმა" 350.000 დოლარი შესთავაზა, მაგრამ მოულოდნელად შს სამინისტროდან ასეთი პასუხი მიიღო: არავითარ შემთხვევაში არ გაუშვა, უნდა დააკავო, ფული არ გამოართვა, რადგან ეგ "კანონიერი ქურდი" ციხეში უნდა ამოლპესო... ამ ამბიდან მესამე დღეს შუშანაშვილი გარეთ აღმოჩნდა. მერე გაირკვა, რომ შსს-ს იმ მაღალჩინოსანმა გაუზარდა თანხა და ეს "კანონიერი ქურდი" 600.000 დოლარად გაუშვა... ეტყობა, არ უნდოდათ 350.000 დოლარი იმ რაიონის პოლიციაში დარჩენილიყო, რომელსაც დაჭერილი ჰყავდა, ამიტომ წაიღო საქმე შს სამინისტრომ და ჩაიჯიბეს კიდეც 600.000 დოლარი. ჩემს უფროსს რამე რომ ეთქვა, სამსახურიდან მოხსნიდნენ. ვის გაუწევდა წინააღმდეგობას, თავის ხელმძღვანელებს?

მაშინ ციხეშიც ცალკე ტარიფები იყო. ეს "კანონიერი ქურდი" ცოტა ხნით ციხეში რომ მოხვდა, "ბელუქსის" ავეჯით დაწყებული, ყველაფერი შეუტანეს. თავისი საკნის გარემონტება 17.000 დოლარი დაუჯდა.

სხვათა შორის, იმ წლებში რიგით პოლიციელად დანიშვნა 200 დოლარი ღირდა, წოდების მინიჭება, მაგალითად, ოფიცრის - 500 დოლარი. რაც ზევით მიიწევდი, თანხაც იმატებდა. ქვეგანყოფილების უფროსად ერთი წლით რომ დაენიშნეთ, 10.000 დოლარი უნდა გადაგეხადა, თუ მეორე წელსაც გაგიგრძელებდნენ - ისევ 10.000 დოლარი. პოლიციის სამმართველოს უფროსის პოსტი 50.000 დოლარი ღირდა, თუმცა გააჩნია, რომელ რაიონში იწყებდი მუშაობას და რა შემოსავლის შოვნის პოტენციალი ჰქონდა რაიონს. 100.000 დოლარს იხდიდნენ უფრო ზემდგომი თანამდებობისთვის. ავტოინსპექციას, გაი-ს, კიდევ სხვა ფასები ჰქონდა. იქიდანაც აბსოლუტურად ყველასთან მიდიოდა წილი... ყველაფერი ჯაჭვივით იყო აწყობილი: რაიონის კრიმინალურის უფროსს ქალაქის კრიმინალურის უფროსთან მიჰქონდა, ადმინისტრაციულის უფროსს - შს ადმინისტრაციულის უფროსთან, ნარკომანიასთან ბრძოლის უფროსს - თავის ზემდგომთან და ა.შ ეს სქემა მოქმედებდა ყველა მინისტრის, ყველა სამმართველოს უფროსის დროს. რაიონის გაი-ს უფროსს, გარდა იმისა, რომ თავის რაიონში სოლიდური წილი ჰქონდა გადასახდელი, შს სამინისტროშიც უნდა მიეტანა თანხა. ამასთან, რადგან დიდ მანქანებს აკონტროლებდა, თუ რომელიმე მაღალჩინოსანი ან სამმართველოს უფროსი სახლს იშენებდა, მას უნდა მიეზიდა იმ ჩინოსანთან სამშენებლო მასალა. ბუნებრივია, უსასყიდლოდ. წარმოიდგინეთ, ამხელა ვალდებულებები ჰქონდა დაკისრებული და თვითონაც ხომ უნდა დარჩენოდა რაღაც?!

არანაკლები ფული გროვდებოდა გარე ვაჭრობიდან, ჯიბის ქურდებისგან. ყველაზე შემოსავლიანი ჯიბის ქურდებისთვის დეზერტირების ბაზარში ხორცის სექცია იყო. ვინც იქ ქურდობდა, ყოველთვე უფრო მეტს იხდიდნენ, ვიდრე ბოსტნეულის სექციის ქურდები. ცალკე იყვნენ მეტროს ჯიბის ქურდები. ისინი მეტროს პოლიციას უხდიდნენ ფულს. ავტოსადგურებში იდგნენ მოთამაშეები, რომლებიც კამათლით, თუ ათასგვარი ხრიკით ატყუებდნენ ხალხს. ვისაც ეს ბიზნესი ჰქონდა, იმ ტერიტორიის ინსპექტორისთვის დღეში 100 ლარი უნდა გადაგეხადა. ჩამოჰყვა ვინმე მოსკოვის ავტობუსს, ესე იგი, ფული ექნებოდა და, ფაქტობრივად, იქვე ატოვებინებდნენ მთელ თანხას. ან ვინმემ რამე ივაჭრა და ავტოსადგურში გასამგზავრებლად მივიდა, მაგრამ ავტობუსში ასვლამდე ატოვებინებდნენ ბოლო კაპიკამდე - ისე ჩაითრევდნენ თამაშში, ხელცარიელი რჩებოდა. ასე აუბედურებდნენ და უკანასკნელ ლუკმას ართმევდნენ, მაგრამ პოლიცია ყველაფერზე თვალს ხუჭავდა, იმიტომ, რომ დღის ბოლოს მას წილი მისდიოდა.

ერთხანს ძალიან გახშირდა მანქანების ქურდობა. ვთქვათ, მოგპარეს მანქანა და მოხვედით ჩემთან, რადგან თქვენი ახლობელი თანამდებობის პირი ვიყავი. მე თქვენთვის დასმული კითხვებით ვადგენდი, რომელ დაჯგუფებას ჰყავდა მანქანა გატაცებული. ამას ისე დავადგენდი, თქვენ ვერაფერს მიხვდებოდით. რამდენიმე კითხვას დაგისვამდით და უკვე ვიცოდი, სად უნდა მეძებნა. თუ დასაბრუნებელი იყო, დეტალები უნდა მცოდნოდა. მაგალითად, შენიშვნის სახით გეტყოდი, რატომ არ დააყენე სიგნალიზაცია-მეთქი. მეტყოდით, როგორ არა, სიგნალიზაცია დაყენებული მქონდა, ჩართულიც იყოო. ამ დროს მე უკვე ვიცოდი, ქალაქში რომელი ჯგუფი ხსნიდა მანქანებზე სიგნალიზაციას და გეტყოდით, რატომ არ ჩაკეტე საჭე-მეთქი. თქვენ მეტყოდით, როგორ არა, დაკეტილი მქონდაო და, მე ისიც ვიცოდი, ვის შეეძლო საჭის გახსნა. ეს ხალხი ისე მოქმედებდა, მანქანას რომ გააჩერებდით, დაკეტავდით და გული დაჯერებული გქონდათ, სიგნალიზაციაც ჩავრთეო, ამ დროს გამტაცებლების ჯგუფი შორიახლოს იდგა და გარედან გითიშავდათ პულტს. რომ გეგონათ, დავკეტეო და წახვედით, ფაქტობრივად, ღია მანქანა დატოვეთ. ამის შემდეგ ჩასხდებოდნენ და მიჰყავდათ თქვენი მანქანა. წინასწარ ემზადებოდნენ - თქვენი საცხოვრებელიც შესწავლილი ჰქონდათ და თუ იცოდნენ, ფულის გადამხდელი იყავი, გამოსასყიდს მოგთხოვდნენ. თქვენ თუ ჩემი ახლობელი იყავით, მე დავრეკავდი სადაც საჭირო იყო, თუნდაც ციხეში და მოვითხოვდი მანქანის უკან დაბრუნებას. ყველასთვის ცნობილი იყო იმ წლებში 49-ე კამერა, ფაქტობრივად, იქიდან აკონტროლებდნენ მანქანების ქურდობას. მათ გარეშე არაფერი ხდებოდა. იქ დავრეკავდი, მანქანა დასაბრუნებელია-მეთქი და დააბრუნებდნენ. თუ ციხე პრობლემას შექმნიდა, მინისტრის მოადგილემდე მივდიოდი, მეტყოდა, დაწყნარდი, ხვალ მანქანა იქნებაო და მომიყვანდნენ კიდეც. თუ ახლობლურად მოდიოდით ჩემთან, ფულს არ იხდიდით მანქანის დაბრუნებაში, თუ არადა, გადაიხდიდით და მანქანა დაგიბრუნდებოდათ.

"პიტერ შოუსთვის გამოძალული ნახევარი მილიონი შსს-ში წავიდა"

- ალბათ, გახსოვთ, 2002 წლის 18 ივნისს თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს ბრიტანელი ბანკირი პიტერ შოუ. მაშინ მისი კოლეგები ამბობდნენ, რომ მეორე დღეს, 19 ივნისს, ის ბრიტანეთში გამგზავრებას გეგმავდა, რადგან საქართველოში მუშაობის ვადა ამოეწურა. დიდი ხმაური მოჰყვა ამ ფაქტს. ვითომ დაიწყეს გამოძიება და გამტაცებელთა ფოტორობოტებიც გამოქვეყნდა, უწყებამ ინფორმაციის მიწოდებისთვის ჯილდოც დააწესა. ორ კვირაზე მეტხანს არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდებოდა მის ადგილსამყოფელზე. პიტერ შოუს გამოჩენის შემდეგ სკანდალური საქმის ორგანიზატორად მევლუდ ჭიჭიაშვილი დასახელდა, ითქვა, რომ მას ჰყავდა ბანკირი გატაცებული. თქვენც ასე გგონიათ?

სინამდვილეში, პიტერ შოუს გატაცებაში თავად ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები იყვნენ ჩართული და ჭიჭიაშვილი უშუალოდ შს სამინისტროს დავალებით მოქმედებდა. ის სპეცრაზმის ყოფილი თანამშრომელი იყო, დაითხოვეს და ამის შემდეგ პანკისში ჩამოაყალიბა ჯგუფი, რომელიც ადამიანის გატაცებებზე მუშაობდა. თუ შეკვეთა იყო, ის და მისი ჯგუფი სამინისტროს კონტროლით ასრულებდნენ, დამოუკიდებლად ვერაფერს გააკეთებდნენ. მაშინ პიტერ შოუ ბულაჩაურის ქუჩიდან გაიტაცეს და გაითამაშეს, ვითომ მის ძებნას დიდი დრო დასჭირდა. შემდეგ დასვეს ერთ-ერთ ტეკზე და სამინისტროს თანამშრომლებმა დიდი ზარ-ზეიმით წამოიყვანეს, ვიპოვეთო. ერთი გენახათ, როგორ ეხვეოდა და კოცნიდა ყველას ის კაცი. აღარაფერი აინტერესებდა - არც ის, რომ ნახევარი მილიონი დოლარი გადაიხადა გათავისუფლებაში, მისთვის მთავარი იყო, თავის ქვეყანაში სასწრაფოდ წასულიყო და მართლაც, 7 ნოემბერს გაემგზავრა დიდ ბრიტანეთში, მისთვის გამოძალული ნახევარი მილიონი დოლარი კი შს სამინისტროში წავიდა. დანამდვილებით ვამბობ, ჭიჭიაშვილმა შეასრულა დაკვეთა. აბა, გენერლები და პროკურორები ხომ არ წავიდოდნენ პიტერ შოუს გასატაცებლად?! ჭიჭიაშვილი გაგზავნეს, ინტერესი კი ბანკირისგან ფულის გამოძალვა იყო. ბუნებრივია, რაღაცას ჭიჭიაშვილსაც მისცემდნენ. ჭიჭიაშვილის პანკისის დაჯგუფება მაშინ ყველაზე ცნობილი იყო, ცნობილი იყო ე.წ. აღაიანის დაჯგუფებაც, რომელიც მანქანებს იტაცებდა და მასაც შსს უწევდა პატრონაჟს.

(ეპიზოდი წიგნიდან, რომელიც გამოსაცემად მზადდება)

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)