როგორ უსმენდნენ სააკაშვილს, მოსაცილებელ პირთა სია და როგორ ერეოდნენ ქურდები არჩევნებში - ყოფილი პოლიციელის შოკის მომგვრელი ნაამბობი - კვირის პალიტრა

როგორ უსმენდნენ სააკაშვილს, მოსაცილებელ პირთა სია და როგორ ერეოდნენ ქურდები არჩევნებში - ყოფილი პოლიციელის შოკის მომგვრელი ნაამბობი

"ეს ხალხი სხვების კორუფციაზე ლაპარაკობს და დაავიწყდათ, 4 მილიონი ევროთი რომ დაიჭირეს "ნაციონალების" აქტიური წევრი კიევის საზღვარზე, მათი მეორე ცნობილი წევრი ქალი კი - 2 მილიონით..."

(დასაწყისი #44)

ჩვენი რესპონდენტი ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ძალოვან სტრუქტურაში მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა და მალევე გახდა იმ სისტემის ნაწილი, რომელის დაკვეთების შესრულებას ავალებდა... გასაგები მიზეზების გამო, მან ინკოგნიტოდ დარჩენა არჩია.

პარლამენტში ბევრი ნარკომანია?

იმ მოქმედ დეპუტატებს, ახლა რომ კენჭს იყრიან, ვინ იცის, რამდენს გაუვლია ჩემს ხელში. თითქმის ყველა პარტიაში არიან ნარკოტიკის მომხმარებლები. ბევრისთვის ფულიც გამომირთმევია. შემიძლია ყველაფერი ფაქტებით დავალაგო. ამ სენისგან გამოსწორებული არავინ მინახავს. ნარკომანს ყოველთვის არა აქვს წამლის ფული და თუ ვერ იშოვის, ცუდად ხდება, ამიტომ ბევრს ერჩივნა პოლიციასთან "მეგობრობა" - თუ პოლიციელს საქმეს მიუტანდა და სხვას დააჭერინებდა, სამაგიეროდ, ნარკოტიკს მიიღებდა.

წამლის ჩადება ჩვეულებრივი ამბავი იყო. მეც ბევრჯერ ჩამიდვია. წამლისა და იარაღის ჩადება პრობლემა არ იყო, ისე ოსტატურად ვაკეთებდი, ვერავინ იტყოდა ჩადებულიაო. სამაგიეროდ, ვერ ვიტანდი ბინის ქურდებს, მათ, ვინც ხალხს ამწარებდა, ამიტომაც ასეთებს ციხეში ვუშვებდი.

ბინის ქურდობაზეც კონკრეტული ჯგუფები მუშაობდნენ. ერთი ბინის ქურდი, რომელსაც "შკოლას" ეძახდნენ, ნებისმიერ კარს აღებდა და ნებისმიერ ბინაში შედიოდა. სხვებისგან განსხვავებით, ძირითადად, მარტო მოქმედებდა. გაჰყვებოდა ადამიანს დილით უკან, ნახავდა, სად შევიდოდა და სანამ უკან მობრუნდებოდა, მისი ბინა გაქურდული ჰქონდა. ყველაზე რთულ კარსაც აღებდა. თუ პოლიციაში კარი ჩაგვეკეტებოდა, ჩვენც მოგვყავდა. საქართველოდან რუსეთში რომ მიდიოდა, უთქვამს, მივდივარ სხვების დასაქცევად და ჩემს გასახარადო. როგორც ვიცი, იქ დაიჭირეს. შეიძლება დღეს ცოცხალიც აღარ არის, იმ წლებში მისი სახელი ყველამ იცოდა.

ყველაზე ძნელი დასაჭერი ე.წ. გასტროლიორები იყვნენ, ისინი, ვინც რაიონებიდან იყვნენ ჩამოსული. ჩამოვიდოდნენ რომელიღაც სოფლიდან, გაქურდავდნენ ბინებს და წავიდოდნენ. იყვნენ ისეთი ჯგუფებიც, რომლებსაც "მძინარებს" ვეძახდით - მაშინ შედიოდნენ გასაქურდად, როცა ყველას ეძინა და ისე პირწმინდად გაასუფთავებდნენ იქაურობას, ვერავინ ვერაფერს გაიგებდა...

შევარდნაძის დროს რომ დააკავებდი ვინმეს, აუცილებლად ორი მოქალაქე უნდა გყოლოდა მოწმედ, რომ დაინახეს, როგორ დავაკავეთ დამნაშავე. მოაწერდნენ ოქმზე ხელს და მერე სასამართლო პროცესზე მოწმის სტატუსით გამოვიდოდნენ.

სააკაშვილმა ეს კანონი შეცვალა და მოწმედ პოლიციელი დატოვა. აღარ იყო საჭირო ნეიტრალური მოქალაქეების ძებნა - საქმეში გყავდა პოლიციელი, რომელიც ამხელდა დაკავებულს და მისი ჩვენებით ციხეში უპრობლემოდ გაუშვებდნენ. ეს კატასტროფა იყო, არავის შეჰქონდა ეჭვი პოლიციელის ჩვენებაში. მარტო ერთი პირის ჩვენების საფუძველზეც შეიძლებოდა ადამიანის ციხეში ჩასმა. სააკაშვილის დროს რაც ხდებოდა, ასეთ რამეს შევარდნაძე სიზმარშიც ვერ ნახავდა.

რკინიგზის მაშინდელ შეფს აკაკი ჩხაიძეს ყოველთვე დიდძალი თანხა მიჰქონდა პირადად ნანული შევარდნაძესთან. სააკაშვილმა კი ჩხაიძეს, რომ დაიჭირეს, 400 მილიონი გადაახდევინა. ამ გამჭვირვალე პოლიციის შენობებს რომ უყურებთ, ყველა შენობას ქვევით სარდაფი აქვს და იქ აწამებდნენ დაკავებულებს. ეს შენობები გარედან ჩანდა გამჭვირვალე, თორემ იქ რაც საშინელებები ხდებოდა, შევარდნაძეს არც დაესიზმრებოდა და, ალბათ, არც წავიდოდა ამაზე, რადგან ყოფილი შს მინისტრი იყო, იცოდა, წითელი ხაზი სად არ უნდა გადაეკვეთა.

სააკაშვილის დროს მოგცემდნენ მოსაცილებელი პირების სიას და ერთთვიან ვადას, ჩაუდე წამალი და მოიცილეო. ქვედა ეშელონებში პოლიციელი ქრთამს აღარ იღებდა, ხელფასები მოუმატეს და უთხრეს, ხელი არაფერს მოჰკიდო, თორემ დაგიჭერ, სამაგიეროდ, ხელფასი 1.000 ლარი გექნებაო. ზედა ეშელონებში კი საშინელი კორუფცია იყო... თვის ბოლოს შენი გაკეთებული საქმის შესაბამისად საჩუქრდებოდი. ზემდგომი უცებ დაგიგდებდა მაგიდაზე 10.000 ან 20.000 დოლარს, იმიტომ, რომ იმ თვეში კარგად გქონდა ნამუშევარი, კარგად გქონდა ჩადებული მათთვის საინტერესო პირებისთვის წამალი. სააკაშვილის დროს ორი ანგარიში არსებობდა: ერთი - საპროცესო შეთანხმების და მეორე - ხელმძღვანელებისთვის. საპროცესო შეთანხმებას 3.000-ად ან თუნდაც 10.000-ად არავინ გაგიფორმებდა. კოლოსალურ თანხებზე იყო ლაპარაკი - 300.000-ზე, ნახევარ მილიონზე... ქონებაც უამრავ ადამიანს ჩამოართვეს. ზოგიერთი ქონებაჩამორთმეული ევროსასამართლოში ჩიოდა, აქ კი მასზე და მის ოჯახზე იწყებოდა ზეწოლა. ახლავე გადაგვიფორმე ქონება, თორემ ოჯახი გყავს და ხომ იცი, რა დღეში ჩავარდებიო. ყველაფერზე წამსვლელები იყვნენ და მიდიოდნენ კიდეც. ხელის ერთი მოსმით მიჰქონდათ მაღაზიები, სარესტორნო თუ სხვა ბიზნესი. ნოტარიუსიც თავისი ჰყავდათ, ღამღამობით ის დაჰყავდათ და იფორმებდნენ ქონებას. ქონებასა და ფულის წართმევას ვინ დაეძებდა, ისეთი უბედურებები ხდებოდა, მკვლელობამდეც მიდიოდა საქმე.

თუ ვინმე დიდი ინფორმაციის მატარებელი იყო, სასწრაფოდ იშორებდნენ. ბიზნესის წართმევის გამო არავინ მოგკლავდა - ჩაგაგდებდნენ სარდაფში, გცემდნენ, გაწამებდნენ და მაინც მოგატანინებდნენ იმას, რასაც ითხოვდნენ. ამ ყველაფრის სათავეში ნაძირალა ადეიშვილი იდგა. წაართმევდა ფულს რომელიმე ბიზნესმენს, მერე დაისვამდა თავის ოთახში მაგიდასთან და ეუბნებოდა, თუ რამე იდეა გაქვს, გვითხარი და ერთად გავაკეთოთ ბიზნესიო. წარმოიდგინეთ, მთელ ფულს, ზოგჯერ 2-3 ან 5 მილიონს, ან მეტსაც ართმევდნენ ადამიანებს, ქონებას მთლიანად გამოსძალავდნენ და მერე იდეასაც კი ჰპარავდა ადეიშვილი...

რომელ ნულოვან ტოლერანტობაზეა ლაპარაკი?! ვითომ "კანონიერ ქურდებს" დევნიდნენ და ამ დროს არჩევნებშიც აღებინებდნენ მონაწილეობას, ყველაფერშიც ჩართული ჰყავდათ. არჩევნების დროს უბნებში ევროპიდან აგვარებინებდნენ სიტუაციას. სქემა ასეთი იყო: გადახვიდოდი სომხეთის ტერიტორიაზე ან წითელ ხიდზე და იქიდან უკავშირდებოდი "კანონიერ ქურდებს"... თქვენ რა გგონიათ, სააკაშვილის დროს "კანონიერი ქურდები" საქართველოში არ ჩამოდიოდნენ? ტრაპზე დახვდებოდა მანქანა, გადმოიყვანდა რეგისტრაციის გარეშე, მოაგვარებდა საქმეს და იმავე გზით უკან გაუშვებდნენ. "ნაციონალებს" ზონდერებიც მრავლად ჰყავდათ. შევარდნაძის დროს არასდროს ვიდექით საარჩევნო უბნებთან, სააკაშვილის დროს ყველგან იდგნენ.

- პროტესტის გრძნობა არ გიჩნდებოდათ, ამ ბინძური დავალებების შესრულებისას? - მიჩნდებოდა, მაგრამ ვინმესთვის რამე რომ გეთქვა, გპასუხობდნენ: "ისე, შენი შვილი უკვე გახდა 18 წლის?", ან "როგორ არის შენი ბიჭი?" და ყველაფერი გასაგები იყო... იცოდნენ, ხელისგულზე გეწყო მათი გაკეთებული საქმეები, მაგრამ შენ იცოდი, რა ხელწერა ჰქონდათ მათ და ეს რეალური საშიშროება იყო...

დღეს ძალოვან სტრუქტურებში ისევ ის ხალხია, მათი მენტალიტეტის შეცვლა შეუძლებელია. დარწმუნებული ვარ, ძველი მეთოდებით მუშაობენ. სისტემა ძირგამომპალი იყო და ასეთად დარჩა სააკაშვილის დროსაც. ახლაც ასეა. ის პირები დღესაც იმავე დაკვეთას შეასრულებენ, რასაც შევარდნაძისა თუ სააკაშვილის დროს.

მე დავკარი ფეხი და წამოვედი. გგონიათ, არ შემოუთავაზებიათ დაბრუნება, მაგრამ აღარ შემეძლო ამ წუმპეში ყოფნა. ჩემი თამადობით ნებისმიერი ადამიანი, ვისაც სააკაშვილის დროს ამ სისტემაში აქვს ნამუშევარი, მთელი დღე უნდა იდგეს ეკლესიაში და ილოცოს, რომ ღმერთმა ჩადენილი საშინელებებისა და შეცდომებისთვის არ დასაჯა.

სააკაშვილის დროს ყველაფერი ერთი კაცის ბედნიერებაზე იყო აგებული. მისი გულისთვის ხდებოდა მკვლელობაც, ნარკოტიკის ჩადებაც, ქონების წართმევაც, ყოველგვარი საშინელება... განა ცოტა ადამიანი გაქრა იმ წლებში საქართველოდან? სად არის ეს ხალხი? აბა, გადახედეთ სტატისტიკას. რამდენი ადამიანია გამქრალი. მათ იშორებდნენ!

მკვლელობის შემსრულებლები ცალკე ჰყავდათ. ჩემთვის რომ დაევალებინათ, იცოდნენ, ამაზე არ წავიდოდი. მკვლელობის ბევრი შემსრულებელი დღეს გამქრალია, ზოგი ძებნილია, ზოგიც ციხეში ზის...

სანდრო გირგვლიანის საქმე მეორე დღესვე გახსნილი ჰქონდა მაშინდელ ქალაქის სამმართველოს უფროსს მერაბ ბაღათურიას. მახსოვს, მალე შს მინისტრის დაბადების დღე იყო და მერაბი მძღოლებში დასვეს სუფრასთან. უცებ ვერ გაუშვეს სამსახურიდან, ჯერ საკუთრების დაცვის პოლიციაში მოადგილედ გადაიყვანეს და მერე ნელ-ნელა გაუშვეს. გირგვლიანის მკვლელობაზე ვინც იჯდა, იმათ კი აიღეს დანაშაული თავზე, მაგრამ მთავარი დამნაშავეები, ახალაია და სანოძე, თავისუფლად პარპაშობდნენ. ვინც ციხეში იჯდა, კარგ პირობებში ჰყავდათ - როცა უნდოდათ, შინაც მიდიოდნენ, ხალხსაც კი ნიშნავდნენ ციხიდან. ქალებიც შეჰყავდათ საკანში. ქალების შეყვანა შევარდნაძის დროსაც ჩვეულებრივი ამბავი იყო - საუნაში გეგონებოდა თავი, ან საყვარლები დაჰყავდათ მათთან. ერთხელ "კანონიერი ქურდი" წაიყვანეს გოგირდის აბანოში, მაგრამ მისი გასეირნების ამბავი გახმაურდა. გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებთან ორჯერ უცხო ქვეყნიდანაც ჩამოიყვანეს ქალები ორი დღით. ეს "საჩუქარი" მათ დათა ახალაიამ გაუკეთა.

კონსტიტუციურ სასამართლოს თავისი ბიუჯეტი ჰქონდა, სოდ-ს - თავისი, კრიმინალურს - თავისი და ა.შ. ვის რაში აინტერესებდა იმათ ბიუჯეტში ჩაყრილი ფული სად უნდა წასულიყო?! მიდიოდა ქალებში, ქეიფში, ქონების ყიდვაში... ამ თანხების ჩამოწერაც ადვილი იყო. ვთქვათ, გააფორმებდნენ, რომ მანქანების შეკეთებაზე დიდი თანხა დაიხარჯა. ერთხელ თუ ორჯერ ჩაიშლებოდა ტენდერი, მერე ხელშეკრულება გაფორმდებოდა რომელიმე კომპანიასთან და მას გადაერიცხებოდა 100.000, 150.000 და მეტი, კოლოსალური თანხები მანქანების შესაკეთებლად. მერე დაიწერებოდა, რომ ვთქვათ, გარემონტდა 150 მანქანა, სინამდვილეში ფული ვიღაცების ჯიბეში ილექებოდა. ზედა ეშელონებს, რაიონულ სამმართველოს, კუდ-ის, სოდ-ის, კრიმინალურის უფროსებს ყოველთვიურად უზარმაზარი შემოსავალი ჰქონდათ.

ვალერი გელაშვილს სასტიკად იმიტომ სცემეს, რომ არ დათმო პრეზიდენტის რეზიდენციასთან მდებარე თავისი სახლი, ამის გამო გაუსწორდნენ და "დიდი ჰონორარიც" მიიღეს. ეს დავალება უშუალოდ სოდ-ის დანაყოფმა, სპეცრაზმმა შეასრულა.

თუ ქუჩაში ვინმეს დაუსიგნალებდი, შეიძლებოდა სერიოზული კონფლიქტი მოგსვლოდა. შეიძლება იქვე არაფერი ეთქვათ, მაგრამ მერე აუცილებლად მოგძებნიდნენ. შეიძლებოდა სადარბაზოსთანაც დაგხვედროდნენ და ფიზიკურად გაგსწორებოდნენ. ჩემთვის ყველაზე ძნელი იყო, როცა საღამოს შინ, შვილებთან ვბრუნდებოდი. ამ დროს წარმოვიდგენდი იმ ადამიანის ადგილზე თავს, ვისაც ცუდად მოვექეცი, მაგრამ ამ წუმპეს თავს ვერ ვაღწევდი, არც არავინ გაგიშვებდა. ერთხელ ვთქვი, მივდივარ-მეთქი, კი ბატონო, მაშინ დაგიჭერთო და მაშინვე უკან წავიღე ჩემი სიტყვები.

ნეტავ წავსულიყავი! ვინ იცის, რამდენჯერ მინანია, რომ არ წავედი. მაშინ ქვეყნიდან უნდა გავქცეულიყავი ოჯახთან ერთად, შემოსავალიც მქონდა, მაგრამ რატომღაც დავრჩი ამ წუმპეში. საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე მიმუშავია ძალოვან სტრუქტურებში. ყოველთვე ხელფასთან ერთად პრემია მოდიოდა, 10.000-20.000. ზემდგომი რომ დაგიბარებდა, გული ბაგაბუგს იწყებდა, არ იცოდი, რამეს გავალებდნენ თუ ციხეში გიშვებდნენ. ბევრჯერ ყოფილა, რამდენიც მოხვდებოდა ხელში, იმდენ თანხას გაძლევდა დავალებისთვის. იყო შემთხვევები, იმ თვეს არაფერი გაგიკეთებია, მაგრამ მაინც გაძლევდნენ ფულს, რადგან მომავალში ხომ სჭირდებოდი და თუ ყოველთვე არა, ორ თვეში ერთხელ სოლიდურ პრემიას გაძლევდნენ. მოკლედ, როცა დაგიძახებდნენ, იცოდი, ან ფულს მოგცემდნენ, ან დაგიჭერდნენ. სანამ მიხვიდოდი, შეიძლებოდა გული გაგსკდომოდა შიშით, რადგან არ იცოდი დაბარების მიზეზი, მაგრამ იქიდან ფულით რომ გამოდიოდი, კარგ ხასიათზე იყავი.

ქრთამსაც ვიღებდი, მათ დავალებებსაც ვასრულებდი, მე ამ სისტემის ნაწილი ვარ. ერთადერთი, იცოდნენ, რომ მკვლელობას არ შევასრულებდი, სამაგიეროდ, წამლის ჩადება გამომდიოდა ძალიან კარგად - ზოგისგან ბიზნესი იყო წამოსაღები, ზოგი არჩევნებში ხელს უშლიდათ და გასაჩუმებელი იყო, ზოგს ფული ჰქონდა და აწერდნენ. 20-წლიანი სასჯელის ნაცვლად ფულს მოიტანდნენ და ბევრი საპროცესო შეთანხმებით გარეთ გადიოდა.

- საპროცესო შეთანხმების დროს აუცილებელია იმაზე მძიმე დანაშაულზე მისცე ინფორმაცია, ვიდრე ბრალს გიყენებენ. ასეთი ინფორმაცია საიდან უნდა მოეტანა დაკავებულს? - თვითონ ჰქონდათ ასეთი საქმეები და რომელიმეს მიაბამდნენ მის საქმეს - ვითომ დაკავებულმა მისცა ინფორმაცია, სინამდვილეში კი არაფერიც არ უთქვამს. შენ ხარ ჟურნალისტი და მე, ხელისუფლებას რომ მერჩი, ვიცი, შენი ბიძაშვილი ძალიან გიყვარს. შენ რომ ვერაფერს გეუბნები, შენს ბიძაშვილს ჩავუდებ წამალს და თუ მაინც არ გაჩუმდები, გეტყვი, 20 წელი იჯდება ციხეში-მეთქი. ამის მერე შენც ჩუმდები...

"ვარდების რევოლუციის" მერე ტოტალური მოსმენებიც დაიწყო. ერთხელ შემთხვევით აღმოვჩნდი იქ, სადაც სააკაშვილს უსმენდნენ, და ელდა მეცა, მივხვდი, ამის გამო სერიოზული პრობლემები შემექმნებოდა, ამ ინფორმაციის გაგებას არავინ მაპატიებს-მეთქი. დამიძახეს კიდეც, სადმე იტყვი და იცოდე, შენს თავს დააბრალე, ეს მისი უსაფრთხოებისთვის კეთდებაო. არაფერი მომისმენია, არაფერი მინახავს-მეთქი. მეორეჯერ სახლთან დამხვდნენ და იქაც იგივე შემახსენეს. ხმის ამომღები ვიყავი? ბევრჯერ ჩემს კაბინეტშიც მომისმენია ადამიანისთვის - კომპიუტერში გვქონდა სპეციალური პროგრამა და ბევრი საინტერესო ამბავი გამიგია.

ფარული თვალთვალი, მიყურადება, მოსმენა, ყველაფერს იყენებდნენ. ყველას უყურებდნენ. ფარული ჩანაწერები რომ გაგეკეთებინა, სახლში შესვლა არავის სჭირდებოდა, პროგრამა ისეთი იყო, გარედანაც, ქუჩიდან შეგეძლო დაგემონტაჟებინა და საძინებელი ჩაგერთო მოსმენაზე.

ძალიან დიდი რაოდენობით შემოიტანეს მოსასმენი ტექნიკა, ჰალსტუხები, სათვალეები, მიკროფონები, ნაყინის ფორმის ნივთები, კალმები, ბოთლები - აბსოლუტურად ყველაფერი იწერდა და ყველა ორგანიზაციას უსმენდნენ. რაც შეეხება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის მოპოვებას, ასეთიც მრავლად ხდებოდა. მისი მოპოვება არ იყო პრობლემა. ჩემთვისაც დაუვალებიათ ერთ-ერთ დეპუტატზე ასეთი ჩანაწერის გაკეთება. მამაკაცია, მის სახელსა და გვარს ვერ დავასახელებ, ახლა არ არის პარლამენტში. ერთი სიტყვით, ვუსმენდი და გადამიღია კიდეც მისი პირადი ცხოვრება. კაფეში მოვიდა და სულ ქალები იყვნენ მის ირგვლივ. სპეციალურად გვყავდა იქ შეყვანილი. ის ქალები მანამდე არ მოეშვნენ, სანამ არ დაიყოლიეს და სასტუმროში არ წაიყვანეს. სასტუმროში კი დამონტაჟებული იყო კამერები. დამონტაჟება არც გჭირდებოდა, საკმარისი იყო ღილაკზე თითის დაჭერა, მისი ოთახის მითითება და იქ ყველაფერი ჩაირთვებოდა. იმ დეპუტატის პატარკაციშვილისთვის ჩამოცილება უნდოდათ და იმ კომპრომატით ჩამოიცილეს კიდეც.

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოფირებით ბევრ ვინმეს აშანტაჟებდნენ. მაგალითად, თუ გაიგებდი, რომ გისმენდი, ვერაფერსაც ვერ იზამდი, რადგან კანცელარიას მუდამ ჰქონდა დატოვებული ჟურნალში თავისუფალი ადგილი, იქ ჩაიწერებოდა ძველი რიცხვით, მერე დავწერდი მოსამართლის სახელზე განცხადებას, რომ მქონდა ოპერატიული ინფორმაცია და მჭირდებოდა შენი მოსმენა, მივიღებდი ნებართვას და თუ გამიპროტესტებდი, ნებართვას აგაფარებდი სახეზე...

ყველაფრის სათავეში ზურაბ ადეიშვილი იყო. ადეიშვილი კი არა, მეორე ბერიაა. შესახედავადაც რომ ჰგავს?! ძალიან საშიში ადამიანია. ერთმანეთზეც ჰქონდათ გადაღებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოფირები. სოდ-ი კუდ-ს უღებდა, კუდ-ი - სოდ-ს და ორივე - მიშას. სულ სამი უძლიერესი მოქმედი დეპარტამენტი იყო: სოდ-ი, კუდ-ი და გენინსპექცია. სამივეს ხელმძღვანელები - კოდუა, ახალაია და სანოძე ერთმანეთს დააპირისპირეს, ვანო მერაბიშვილი კი ყველასთან ძმაკაცობდა და ყველაზე ჰქონდა ინფორმაცია...

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)