"ამ ბიჭების მიმართ განაჩენი წინასწარ იყო გამოტანილი" - კვირის პალიტრა

"ამ ბიჭების მიმართ განაჩენი წინასწარ იყო გამოტანილი"

დავით შალამბერიძეს, ავთანდილ ზუმბაძეს, ზვიად ბლიაძეს, ლევან ჩაჩუას, გიორგი გაბედავას, რატი მაისურაძეს, შოთა აფხაიძეს და ჯაბა გურჩიანს ჯგუფური ხულიგნობისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებით ოთხწელიწად-ნახევრით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ; მათ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრეს. თუმცა განაჩენი უცვლელი დარჩა. მეტიც, პროკურატურამ უკვე პატიმრობაში მყოფი მაისურაძისა და ზუმბაძის ხელახლა დაკავება მოითხოვა. მათ ახალი ბრალი წაუყენეს.

ეს რვა ადამიანი 2010 წლის 7 მაისს ტელეკომპანია "კავკასიაში" მომხდარი ინციდენტის გამო დააპატიმრეს. გადაცემა “"ბარიერში", ირაკლი დეისაძის წიგნთან - "საიდუმლო სირობა" დაკავშირებული დებატების დროს აყალ-მაყალის ატეხა, განსხვავებული აზრის მქონეთა მიმართ ძალადობა და ჟურნალისტებისთვის მუშაობაში ხელის შეშლა დაჰბრალდათ.

ბესარიონ ქარცივაძე, ადვოკატი: - მაისურაძესა და ზუმბაძეს მორიგი ბრალი პირველი ბრალდებიდან დიდი ხნის შემდეგ წაუყენეს. მათ ბრალი ედებათ 4 მაისს ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტთან გამართული მანიფესტაციის დროს მოქალაქეების მიმართ ძალადობაში. საქმის მასალების მიხედვით, არავის უნახავს, როგორ იძალადეს ზუმბაძემ ან მაისურაძემ. დაზარალებულებიც, რომლებიც მანამდე ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს იძლეოდნენ, ბოლო დროს აცხადებენ, რომ ამ ბიჭების საწინააღმდეგო არაფერი აქვთ.

- ამჯერად ზუმბაძეს და მაისურაძეს განაჩენის დამძიმება ემუქრებათ?

- თუ ბრალეულობა დაუმტკიცდათ, სამ წელზე მეტი მიესჯებათ, ბრალდებათა მუხლების შეკრების პრინციპის გათვალისწინებით კი, თუ უზენაესმა სასამართლომ "კავკასიის" ინციდენტის შემთხვევაში, დანარჩენების მსგავსად, ესენიც არ გაამართლა, ზუმბაძესა და მაისურაძეს პატიმრობა, სულ მცირე, შვიდწელიწად-ნახევარი გამოუვათ.

- თუ საქმეში მათი ბრალდების დამადასტურებელი დოკუმენტები არ არსებობს, სასამართლოს ხელჩასაჭიდი რა აქვს?

- "კავკასიის" ინციდენტის დროს გადაღებულ ფირებსა და ფოტოებზე არ ჩანს, რომ ეს ბიჭები ვინმეს ხელს უშლიდნენ ჟურნალისტურ საქმიანობაში; არც ხულიგნობენ, მეტიც,  ლევან ჩაჩუა მთელი ინციდენტის განმავლობაში სტუდიაში იჯდა და ადგილიდან არ განძრეულა - ეს გარკვევით ჩანს როგორც სატრანსლაციო, ისე სტუდიურ ჩანაწერებში. ავთანდილ ზუმბაძე მხოლოდ იმის გამოა დაკავებული, რომ ვიდეოკამერით იღებდა კადრებს, დავით შალამბერიძე კი, რომელიც მასთან ერთად შევიდა სტუდიაში, საერთოდ არაფერს აკეთებდა. ლევანი არეულობის შემდეგ ინტერვიუსაც აძლევს ტელეკომპანიებს და საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. მიუხედავად ამისა, სამი ბიჭი ადგილზევე დააკავეს. დანარჩენი ხუთი ახალგაზრდა თავისი ფეხით მივიდა პოლიციის სამმართველოში და მოითხოვეს, დაეკითხათ, როგორც თვითმხილველები. სამწუხაროდ, მათ მოწმის სტატუსი არ აკმარეს და ყველა დააკავეს.

შეგახსენებთ, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ცხარე დებატების დროს სტუდია დატოვეს დეისაძის მხარდამჭერებმა - ბექა მინდიაშვილმა და თეო ხატიაშვილმა; შემდეგ სტუდიაში გამოჩნდა დავით აქუბარდია, რომელმაც განაცხადა, რომ მას თავს დაესხნენ. ამას მოჰყვა სტუდიაში უცნობი მოქალაქეების, პოლიციისა და სასულიერო პირების გამოჩენა, შემდეგ კი ყველაფერი აირია და ახალგაზრდები დააპატიმრეს. ბიჭებს ბრალად ედებოდათ დავით აქუბარდიასა და ტელეკომპანია "კავკასიის" ერთ-ერთი თანამშრომლის - გრიგალაშვილის ფიზიკური შეურაცხყოფა, თუმცა, ეს ხალხი აცხადებს, რომ დაკავებულები თვალითაც არ უნახავთ.

მეტიც, მოწმე ქალბატონმა შიუკაშვილმა წარმოადგინა ტელეფონით გადაღებული კადრები, სადაც ჩანს, რომ აქუბარდიას სრულიად სხვა ადამიანები ესხმიან თავს და შემდეგ გარბიან. სასამართლომ არც ერთი გამამართლებელი გარემოება არ ცნო.

- განსასჯელები როგორ შეხვდნენ განაჩენს?

-  როდესაც ბატონი მილერი ხარებავა განაჩენს  აცხადებდა, რვავე ახალგაზრდა გალობდა. მდგომარეობა დაიძაბა, ამიტომ საზოგადოება დარბაზიდან გაიყვანეს; პროკურორებიც გავიდნენ. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა - ხოლუაშვილმა, ჩემიამ და ლომთათიძემ ძალაში დატოვეს საქალაქო სასამართლოს განაჩენი.

- თუ ეს ხალხი მტკიცებულებების გარეშე გასამართლდა, მაშ, რას ედავებიან?

- საკუთარი, თავისუფალი აზრის დაცვას. 4 მაისს მანიფესტაციის მოსაწყობად  დეისაძის დამცველებმა ხალხი შეკრიბეს. იმ ხალხის უმრავლესობას წარმოდგენა არ ჰქონდა, რა წიგნზე იყო საუბარი, რისთვის იდგა იქ და რას იცავდა. გაიძახოდნენ, ფაშიზმს ვეწინააღმდეგებითო. საზოგადოების ნაწილს სურს, ეს ბიჭები მოძალადეებად წარმოაჩინოს. რა გამოდის, რომ ჩემი აზრი არ უნდა მქონდეს?

მანანა კობახიძე, ადვოკატი: -   მათ მიმართ წინასწარ იყო განაჩენი გამოტანილი. რატომღაც არავის აინტერესებს დაკავებულთა აზრის გამოხატვის თავისუფლება. არავინ ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ მათი პროტესტი აბსოლუტურად სამართლიანია

- მათი რელიგიური გრძნობები შეურაცხყვეს, მათი მრწამსი შელახეს. გაზეპირებული აქვთ  - "არა ფაშიზმს!", მაგრამ გაუგებარია, რატომ ითვლება ფაშიზმად იმის შეგონება, რომ ინცესტის მქადაგებელი წიგნების უნივერსიტეტებში გამოფენა მიუღებელია.

საგულისხმოა ერთი ფაქტორიც. მოწმეების თქმით, ხულიგნობა იყო ორივე მხრიდან. მეორე მხარეს რატომ არავინ სთხოვს პასუხს?  ეს, რატომღაც,  არავის ახსოვს. პოლიცია ამბობს, კორდონი გავაკეთეთ, არაფერი რომ არ მომხდარიყოო. თუ ეს მსხვილმანი ხულიგნობა იყო, რატომ არ აღკვეთა პოლიციამ მყისვე და თუ წვრილმანი იყო, მაშინ ადმინისტრაციული სასჯელით  რატომ არ დასრულდა?

სამწუხაროდ, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, რატი მაისურაძისა და ავთანდილ ზუმბაძის საქმესთან დაკავშირებით კარგს არაფერს ველი, მით უფრო, რომ მოსამართლე წინასწარ გამოხატავს თავის პოზიციას. ჩვენ გავასაჩივრებთ სააპელაციოშიც და საკასაციოშიც, მაგრამ სასამართლო ხომ არ არის დამოუკიდებელი, ამიტომ არ ვენდობით და იმედი არ გვაქვს, რომ რამე შეიცვლება.

P.S. ლევან ჩაჩუას ქალიშვილი შეეძინა, რომელიც არ უნახავს. ციხეში გაიგო, რომ მეუღლე ორსულად ჰყავდა. არც ზუმბაძეს უნახავს შვილი. ზვიად ბლიაძეს შვილის დაპატიმრებით გამოწვეული ნერვიულობის გამო  "კაპეზესთან" გულის შეტევით გარდაეცვალა მამა და დაკრძალვაზე არ გაუშვეს...