რას შეეწირა ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე?! - კვირის პალიტრა

რას შეეწირა ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე?!

"საჩივრების განხილვის დროს ყოველდღიურად პიკეტირება იყო ჩვენს საოლქო კომისიასთან და ამ შეძახილებმაც ძალიან იმოქმედა მასზე. როდესაც გეძახიან მონას, გამყალბებელს, დარბაზში შემოჭრასა და სხდომის ჩაშლას ცდილობენ, ძნელია, არ ინერვიულო. ეტყობა, გულმა ვერ გაუძლო..."

7 ნოემბერს დილით 43 წლის თედო გობეჯიშვილი ოჯახის წევრებმა საკუთარ ბინაში გარდაცვლილი ნახეს. ამ ფაქტს დიდი ხმაური მოჰყვა. მომხდარში "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიცია დაადანაშაულა.

"დაიღუპა ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თედო გობეჯიშვილი, რომელიც ამ სამსახურში მუშაობდა 2006 წლიდან. ჩვენი ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს რეპრესიებით ემუქრებოდნენ. ზეწოლის ერთ-ერთი შემთხვევა მოხდა ისნის საოლქო კომისიაში, რომლის თავმჯდომარე გარდაიცვალა" - განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე გიორგი ხელაშვილმა და სამართალდამცველებს მოუწოდა, ამ ფაქტზე დაუყოვნებლივ აღეძრათ სისხლის სამართლის საქმე.

იმავე დღეს შს სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ამ საქმეზე დააკავეს ორი პირი - აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე. "გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 6 ნოემბერს ბრალდებულები ისნის N#5 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თედო გობეჯიშვილს შეხვდნენ და შესთავაზეს, 50.000 აშშ დოლარის სანაცვლოდ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის სახელით პრესის თანდასწრებით დემონსტრაციულად დაეტოვებინა თანამდებობა და გაეკეთებინა განცხადება, თითქოს არჩევნები გაყალბდა, სანაცვლოდ კი მეტი სარგებლის მიღებასაც დაჰპირდნენ. მას შემდეგ, რაც გობეჯიშვილისგან უარი მიიღეს, კომისიის თავმჯდომარეს ანგარიშსწორებით დაემუქრნენ, თან აიძულებდნენ, დასთანხმებოდა შემოთავაზებულ წინადადებას. ბრალდებულებთან შეხვედრის მეორე დღეს თედო გობეჯიშვილი საკუთარ ბინაში გარდაიცვალა" - აცხადებენ შსს-ში.

მომხდარზე სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. ოპოზიცია ხელს "ოცნებისკენ" იშვერს და ირწმუნება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა თვითონ განახორციელეს ზეწოლა გობეჯიშვილზე, რადგან მან შემაჯამებელ საარჩევნო ოქმს ხელი არ მოაწერა.

"გაყალბებული არჩევნების, უამრავ ადამიანზე, კომისიის წევრებზე ზეწოლის შემდეგ გამოდიან და ჰყოფნით თავხედობა, კვლავ ადამიანების სიცოცხლით პოლიტიკურ მანიპულაციებზე ისაუბრონ" - ასე გამოეხმაურა ხუსკივაძისა და კობალაძის დაკავებას ისანში "ნაცმოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე.

"თედომ აღელვებულმა დამირეკა, ჩემი ნახვა უნდოდა, რომ საჭირო ინფორმაცია მოეწოდებინა"

საქმეში არის მოწმის ჩვენება, რომელიც დაკავებულების გვარებს ასახელებს და ირწმუნება, რომ სწორედ ისინი ცდილობდნენ გობეჯიშვილის დაყოლიებას. ზაალ ზაალიშვილი გარდაცვლილის უახლოესი მეგობარია და არჩევნებზე ის თედო გობეჯიშვილის თანაშემწედ მუშაობდა.

- პოლიციას ვუამბე ყველაფერი, რაც თედომ მითხრა ტრაგედიის ღამეს. აღელვებულმა დამირეკა, ჩემი ნახვა უნდოდა, რომ საჭირო ინფორმაცია მოეწოდებინა - თან მინდა რჩევაც გკითხო და ერთად მივიღოთ გადაწყვეტილებაო. ერთმანეთს გვიან ღამით ქუჩაში შევხვდით. ძალიან აღელვებული იყო და მითხრა, რომ მისი მეგობრები აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე ჯერ ტელეფონით დაუკავშირდნენ, მერე კონსპირაციული შეხვედრა სთხოვეს. "რომ შევხვდი, მითხრეს, ხომ ხედავ, ამ ხელისუფლების დღეები დათვლილია, აღარაფერი ეშველებათ, დროა, მიიღო გადაწყვეტილება, რაც შენს ოჯახსაც წაადგება და ქვეყანასაც. საჯაროდ უნდა გამოხვიდე და ილაპარაკო იმაზე, როგორ გაყალბდა არჩევნები, რომ შენ ამ ფარსში არ იღებ მონაწილეობას და ხმაურით დატოვო კომისიის თავმჯდომარეობაო". ისიც უთქვამთ, მატერიალური წახალისებაც იქნებაო. 50.000 დოლარზე იყო ლაპარაკი, რაზეც თედომ კატეგორიული უარი განუცხადა. განიცდიდა, შინაურები არიან და ასეთი რამ როგორ მაკადრეს, ხომ იციან, ადმინისტრაციის თანამშრომელი ვარ და ბოლომდე ვემსახურები ჩემს საქმესო. ჩემგან კატეგორიული უარი რომ მიიღეს, მერე მუქარაზე გადავიდნენო. უთქვამთ, რაც გითხარით, ის ყველაფერი მაინც მოხდება და ორი დღის ვადას გაძლევთ მოსაფიქრებლადო. წინააღმდეგ შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი დაპატიმრდება და კი ვართ მეგობრები, მაგრამ მერე ჩვენ ვეღარაფერს გიშველითო. ამაზე ძალიან იყო აღელვებული.

- მათგან საშიშროებას გრძნობდა? - საშიშროებაზე ვერაფერს ვიტყვი, ის კი თქვა, ეს სისტემა თუ მობრუნდა, უარესის გამკეთებლები არიან, მაგრამ ჩემთვის ეს არ უნდა ეკადრებინათო. უთქვამთ, არ გეგონოს ამ საკითხზე მარტო შენ გხვდებით, ივანე ბურდული უკვე გადავიბირეთ, ცესკოს სპეციალისტი, რომელმაც თანამდებობა დატოვა, ახლა ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში მივალთ და დაველაპარაკებითო. ვუთხარი, ჯობს სასწრაფოდ ცესკოს ხელმძღვანელობა ჩავაყენოთ საქმის კურსში-მეთქი. გვიანი იყო, მაგრამ მაინც დავრეკეთ და შევთანხმდით, რომ დილით შევხვდებოდით და ამ საკითხზე დავილაპარაკებდით. დილას რაც მოხდა, ყველამ იცით...

- მას ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა? - ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონია, მაგრამ ძალიან ემოციური ადამიანი იყო. საჩივრების განხილვის დროს ყოველდღიურად პიკეტირება იყო ჩვენს საოლქო კომისიასთან და ამ შეძახილებმაც ძალიან იმოქმედა მასზე. როდესაც გეძახიან მონას, გამყალბებელს, დარბაზში შემოჭრასა და სხდომის ჩაშლას ცდილობენ, ძნელია, არ ინერვიულო. ეტყობა, ემოცია ემოციას დაემატა, ინერვიულა და გულმა ვერ გაუძლო.

40 წუთი ვისაუბრეთ. ღამის 2 საათი იყო დაწყებული, ერთმანეთს რომ დავშორდით. თედო წავიდა საბურთალოზე, თავის სახლში, მეც სახლში წავედი.

მეორე დილით 11-ს აკლდა 25 წუთი, რომ დავურეკე, რადგან კომისიაში საჩივრების გამო, მისი, როგორც ხელმძღვანელის კონსულტაცია მჭირდებოდა. მისმა მეუღლემ, მაკამ მიპასუხა. მითხრა, მთელი ღამე ინერვიულა, არ სძინებია და გამთენიისას ჩაეძინაო. მაშინ ნუ გააღვიძებ და რომ გაიღვიძებს, შემოგვეხმიანოს-მეთქი. 40 წუთში ჩვენმა იურისტმა დაურეკა და ეს უმძიმესი ამბავი შევიტყვეთ...

სახლში იყვნენ მეუღლე, შვილები, დედა და დეიდა. ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა... საოცრად თბილი ადამიანი იყო. 25 წელია, მეგობრები ვართ. ვამაყობ და ყოველთვის ვიამაყებ, რომ ჩემი მეგობარი იყო. რაც შეეხება პროფესიონალიზმსა და კომპეტენტურობას, უბრწყინვალესი სპეციალისტი გახლდათ. დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა თავის საქმეს. იყო ერთგული, ენერგიით სავსე, უამრავი გეგმა ჰქონდა.

- ოპოზიცია აცხადებს, რომ ცესკო ახდენდა მასზე ზეწოლას, რადგან გობეჯიშვილს ოქმზე ხელი არ ჰქონდა მოწერილი... - შემაჯამებელი ოქმი ჯერ არ შეგვიდგენია და ხელს ვერც მოაწერდა, რადგან სასამართლო პროცესები გვაქვს. სააპელაციო სასამართლოებში ეს ყველაფერი რომ დასრულდება, ამის შემდეგ იწყება შემაჯამებელი ოქმების შედგენა.

- ამბობენ, რომ დაკავებულები გობეჯიშვილის მეგობრები არიან, მათ კი ადამიანის სასიკვდილოდ გამეტებას აბრალებენ... - გიდასტურებთ, რომ ისინი მეგობრები იყვნენ. აკაკი ხუსკივაძე თედოს ბავშვის ნათლიაა, კობალაძეც მისი მეგობარია.

ვერ ვიტყვი, რომ სასიკვდილოდ გაიმეტეს. ალბათ, ვერც წარმოიდგენდნენ, ასე თუ მოხდებოდა და ვფიქრობ, განიცდიან, მაგრამ საშინელებაა, რომ ასეთი მეთოდებით ცდილობენ მიზნის მიღწევას.

"დროს იმიტომ აჭიანურებდნენ, რომ მოწმე სჭირდებოდათ და გამოჩნდა კიდეც ზაალიშვილი"

აკაკი კობალაძის ადვოკატი დავით ჩომახიძე კატეგორიულად არ ეთანხმება ბრალს: - გიორგი ხელაშვილმა გობეჯიშვილის გარდაცვალებიდან ერთ საათში, ყოველგვარი გამოძიების გარეშე განაცხადა, რომ მას ემუქრებოდნენ "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები და ამიტომ გარდაიცვალა. ხელაშვილი საპარლამენტო სიაშია. ამის შემდეგ პოლიციას უნდა მოეძებნა პირი, რომელსაც გარდაცვლილთან ჰქონდა კავშირი და თანაც ეს უნდა ყოფილიყო ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი. იპოვეს კიდეც - აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე. იმ საღამოს გობეჯიშვილს გაუვლია კობალაძესთან სახლში, შამპანურიც კი დაულევიათ... თავიდან მოწმის სტატუსით მივედით პოლიციაში. გვითხრეს, იმ ადამიანების გამოკითხვა მიმდინარეობს, ვისთანაც ბოლოს ჰქონდა ურთიერთობაო. გამოჰკითხეს კობალაძის მეუღლეც. დაადასტურა, რომ შამპანური დალიეს, მერე თედო სახლში წავიდა, მისულმა კი დაურეკა კობალაძეს, მშვიდობით მივედიო.

რომ მივედით, გვითხრეს, მალე გაგიშვებთო, მაგრამ ცოტა ხანში დნმ-ის ანალიზი მოითხოვეს, თითის ანაბეჭდიც აიღეს, თან სახლში ჩხრეკა ჩატარდა. იქვე სხვა გამომძიებელი ჰკითხავდა ხუსკივაძეს. დაათვალიერეს მისი მანქანა, გაჩხრიკეს მისი სახლიც. ამ ყველაფრის მიუხედავად, გვეგონა, რომ მალე გაგვიშვებდნენ. საღამოს 8 საათამდე ბრალის წარდგენაზე ლაპარაკი არ ყოფილა. აშკარა იყო, დროს აჭიანურებდნენ. წინადღეს ხუსკივაძე და კობალაძე იყვნენ "მთავარ არხზე" და დარღვევები გააანალიზეს. ეტყობა, უნდოდათ, ისინი სამაგალითოდ დასჯილიყვნენ. დროს იმიტომ აჭიანურებდნენ, რომ მოწმე სჭირდებოდათ და გამოჩნდა კიდეც ზაალიშვილი, რომელიც ოლქის თანამშრომელი იყო. სწორედ მან მისცა ჩვენება... ბრალი აბსურდულია. ალბათ, არც იცოდნენ, რომ ბავშვობის მეგობრები იყვნენ. მომხდარს ორივე ძალიან განიცდის. ხუსკივაძე ცუდად გახდა და "სასწრაფოს" გამოძახება დაგვჭირდა...

"ბრალდებული ისე წაიყვანეს, დაკავების ოქმი არ გადმოუციათ"

აკაკი ხუსკივაძის ადვოკატი თამარ ქუთათელაძეც აცხადებს, რომ ბრალი აბსურდულია: - განსაკუთრებული ცინიზმით გამოირჩევიან პოლიციის თანამშრომლები. ადამიანი ცუდად გახდა, ისინი კი "სასწრაფოს" გამოძახებას არ აპირებდნენ... ბრალდებული ისე წაიყვანეს, დაკავების ოქმი არ გადმოუციათ არც მისთვის და არც ჩემთვის. არც ბრალის დადგენილება გადმოგვცეს. ბრალდებულის უფლებებიც მე წავუკითხე - თურმე პოლიციას ამის სურვილი და ვალდებულება არ ჰქონდა.

"უსირცხვილოდ მანიპულირებენ ადამიანის გარდაცვალებით"

საქმეში ჩაერთო კიდევ ერთი ადვოკატი ბექა ბასილაია. მან დროებით დაკავების იზოლატორში ორივე დაკავებული მოინახულა: - შეძრულები არიან იმით, რაც მოხდა. ეს საქმე პროპაგანდისტულია და ხელისუფლება უსირცხვილოდ მანიპულირებს ადამიანის გარდაცვალებით. გადმოგვეცემა საქმის მასალები და ვნახოთ, რა მტკიცებულებები ექნებათ. ხუსკივაძე გარდაცვლილის ბავშვის ნათლიაა და ამ ადამიანებისთვის ასეთი უსირცხვილო ბრალდების წარდგენა, წარმოუდგენელია.