"მისგან ასეთ რამეს ვერ წარმოვიდგენდი" - ვინ არის ბელარუსელი ქალის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცი?
"მისგან ასეთ რამეს ვერ წარმოვიდგენდი" - ვინ არის ბელარუსელი ქალის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცი?
სამართალდამცავებმა ბათუმში მომხდარი მკვლელობა გახსნილად გამოაცხადეს და განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 43 წლის ზაზა დავითაძე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, ნაცნობს - ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქეს - 1971 წელს დაბადებულ ტ.ჩ.-ს, ქალაქ ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე მისსავე დროებით საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ტ.ჩ. ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. ზაზა დავითაძისთვის
წაყენებული ბრალი 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, ბათუმში, ახალგაზრდა ქალის ცხედარი მელიქიშვილის ქუჩაზე, ნაქირავებ ბინაში მეგობარმა იპოვა. მან განგაში მას შემდეგ ატეხა, როცა ტელეფონზე მეგობარს ვერ დაუკავშირდა. მის ნაქირავებ ბინაში მისულს კი უმძიმესი სურათი დახვდა - მეგობარი აბაზანაში შიშველ მდგომარეობაში და დასახიჩრებული იპოვა.
მას სხეულზე დანით ჰქონდა ჭრილობები მიყენებული. საქმეში ოპერატიულად ჩაერთვნენ ძალოვანები და კრიმინალისტები დიდხანს სწავლობდნენ შემთხვევის ადგილს. ადგილობრივები იმასაც ვარაუდობდნენ, რომ მკვლელობა  დანით, ორი დღით ადრე იყო ჩადენილი.

შემთხვევის ადგილის შესწავლის შემდეგ ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. წინასწარი ინფორმაციით, მას რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა, მათ შორის გულმკერდის არეში. სამართალდამცავებმა იმავე დღესვე გამოკითხეს მოკლულის მეგობრები და მისი გარემოცვა. მათგან გავიდა თუ არა დამნაშავეზე პოლიცია, ამაზე განმარტებას არავინ აკეთებს. ცნობილია ის, რომ მოკლული ქალი ბელარუსიიდან იყო საქართველოში ჩამოსული და ორი წელი ბათუმში ცხოვრობდა. ადგილობრივების თქმით, მოკლული მეზობლებთან არ კონტაქტობდა, ის სახლში გვიან ბრუნდებოდა. ამიტომ არც მის საქმიანობაზე იცოდნენ რამე. ამბობენ, რომ სხვა დროს იმ ბინიდან ჩხუბის და ხმაურის ხმა არ გაუგიათ. სამართალდამცავებმა მიმდებარე ტერიტორიიდან სათვალთვალო კამერებიც ამოიღეს, ეს დაეხმარა თუ არა გამოძიებას დანაშაულის გახსნაში, ჩვენთვის უცნობია, იპოვეს თუ არა რაიმე ხელჩასაჭიდი შემთხვევის ადგილზე, ეს ჯერჯერობით უცნობია.

ჩვენი ინფორმაციით, დაკავებულის ასაყვანად სპეცოპერაცია ჩატარდა და მისი აყვანა ჩაქვში, მისსავე საცხოვრებელ სახლთან მოხდა. დაკავებულის მეზობლები ადასტურებენ რომ დავითაძის დაკავება მოხდა და იმასაც ამბობენ, რომ ამ უმძიმესი ბრალდებით მისი აყვანა მათთვის მოულოდნელია.

როგორც ირკვევა, მოკლულთან დავითაძეს ახლო ურთიერთობა აკავშირებდა, ერთი ვერსიით ის მისი პარტნიორი იყო, თუმცა რატომ მოხდა მკვლელობა, ამაზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. "ზაზას ვიცნობ, მასზე ცუდს ვერაფერს გეტყვით. ის არ იყო აგრესიული ადამიანი. ჩემს უბანში ცხოვრობს. ჰყავს შვილი, მეუღლესთან აღარ ცხოვრობს. ამ დანაშაულზე ვერაფერს ვიტყვით. ამჟამად არ მუშაობდა, პოლიტიკაში იყო ჩართული. თავიდან ქართული ოცნების გვერდზე იდგა, მაგრამ რომ ვერ დაასაქმეს და უმუშევარი დარჩა, უკვე ოპოზიციაში გადავიდა. არ არის აგრესიული ადამიანი, არც გაბოროტებულია, ნასამართლევიც არ არის. ცუდს ვერაფერს გეტყვით. მისგან ასეთ რამეს ვერ წარმოვიდგენდი. ალბათ სამართალდამცავები გაარკვევენ ყველაფერს. არც მე და არცერთი მეზობელი ამას არ ველოდით, მაგრამ ხომ იცით, ხანდახან ისეთი სიტუაციაც ხდება, ვისგანაც ვერ წარმოიდგენ და რასაც ვერ წარმოიდგენ, იმას იგებ ადამიანი, მინდა მჯეროდეს რომ ეს გაუგებრობაა", - ამბობს ერთ-რთი ადგილობრივი.

დაკავებული ზაზა დავითაძე გაერთიანებული ოპოზიციის აქტიური მხარდამჭერია. ბოლო დროს მას აქციებზე ხშირად ხედავდნენ. ჩვენთვის უცნობია აღიარებს თუ არა მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ზაზა დავითაძე წარდგენილ ბრალს, ან რა გახდა მკვლელობის მიზეზი, მისცა თუ არა მან გამოძიებას ჩვენება, ან რა სამხილი აქვთ მისი ბრალეულობის დასამტკიცებლად სამართალდამცავებს. საქმეზე გამოძიება გრძელდება. დავითაძის ადვოკატი ალბათ უახლოეს პერიოდში გააჟღერებს ამ უმძიმესი ბრალდებულით დაკავებული პირის პოზიციას. მალე წარსდგება ბრალდებული სასამართლოს წინაშე და სასამართლო იმსჯელებს მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე.

(სპეციალურად საიტისთვის)
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები