"მა­ნი­ა­კია რო­გორც ჩანს მკვლე­ლი, რო­მე­ლიც ყელს ჭრის ადა­მი­ა­ნებს" - რას ამბობს თაკო ჩარკვიანი თანაპარტიელის სახლში მომხდარ მკვლელობაზე - კვირის პალიტრა

"მა­ნი­ა­კია რო­გორც ჩანს მკვლე­ლი, რო­მე­ლიც ყელს ჭრის ადა­მი­ა­ნებს" - რას ამბობს თაკო ჩარკვიანი თანაპარტიელის სახლში მომხდარ მკვლელობაზე

პარტია "კანონი და სამართლის“ წევრი ლევან შაბურიშვილი, რომლის სახლშიც მის მეგობარს მიშო მელიქიშვილს ყელი გამოჭრეს, თავადაც დაჭრილია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ და  Ambebi.ge-ს პარტია "კანონი და სამართლის“ თავმჯდომარემ თაკო ჩარკვიანმა განუცხადა.

როგორც ჩარკვიანი აცხადებს, პირი, რომელმაც მიშო მელიქიშვილს ყელი გამოჭრა, გოგონასთან ერთად ლევან შაბურიშვილის სახლში იმყოფებოდა. ჩარკვიანის თქმითვე, იმ მომენტში, როცა მამაკაცს ყელი გამოჭრეს, ლევან შაბურიშვილი ოთახში არ იმყოფებოდა და ყვირილის ხმაზე გამოვიდა, რა დროსაც მასაც დაზიანებები მიაყენეს.

"ბეწვზეა გადარჩენილი, სახლი გადამწვარია. თავიდან ასე გავიგეთ, რომ ხანძარი გაჩნდა, თურმე, ლევან შაბურიშვილთან სახლში მივიდა ის ბიჭი გოგოსთან ერთად... ლევანი ყვირილზე გამოვიდა და ნახა, რომ მიშო ძირს ეგდო ყელგამოჭრილი. მასაც ყელში გამოუვსა, ლევანი გარეთ გავარდა შველის სათხოვნელად, ვიღაც ღვთისნიერმა სასწრაფო გამოიძახა და დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მიშო გარდაიცვალა, ალბათ, არტერიაში მოხვდა. ამ პირს სავარაუდოდ კვალის დაფარვა უნდოდა და სახლს ცეცხლი წაუკიდა. აფთიაქიდან და მაღაზიიდან ვიდეოკამერები ამოიღეს, სახანძრო გამოიძახეს და ეს ბიჭი დააკავეს. ლევანი საავადმყოფოშია, როგორც გვითხრეს, მართვით სუნთქვაზეა. ლევანი მარტო პარტიის წევრი არ არის ჩვენი, ის უკარგესი ადამიანია, 20 წელია ჩვენი თანამშრომელია. მსგავსი კეთილშობილი ადამიანი არ მინახავს. ფუტკარს ვეძახით ლევანს. მის სახლში მოხდა ეს ტრაგედია. არ გასჭირვებია დამნაშავის დადგენა და დაკავება პოლიციას, ის უკვე დაკავებულია. როგორც ვიცი, მკვლელი ლევანის სახლში გოგოსთან ერთად იყო მისული. როგორც ჩანს, ახალგაზრდები იყვნენ შეკრებილები ლევანისთან. ამბობენ, მოკლულთან მოსვლია კონფლიქტი მკვლელს. კონფლიქტის მიზეზი არ ვიცით. ჯერ ვერ გავესაუბრეთ ლევანს. ლევანი ისეთი ახალგაზრდაა, რომ ინატრებ ადამიანი ასეთ შვილს. პროგრესული, მშრომელი ადამიანი. პატარა ასაკიდან მუშაობს, უპატიოსნესი ბიჭია. ასეთივე ყოფილა მოკლულიც, ასე ამბობენ გოგონები, მაგრამ მე მას არ ვიცნობდი. მანიაკია როგორც ჩანს მკვლელი, რომელიც ყელს ჭრის ადამიანებს. მოკლული ახალგაზრდა ლევანის უახლოესი მეგობარი ყოფილა, ამბობენ, ძალიან საყვარელი ბიჭი იყოო, ძალიან კარგად ახასიათებენ". - განაცხადა ჩარკვიანმა.

როგორც შინაგან საქემთა სამინისტროდან "ინტერპრესნიუსს" აცნობეს, სამართალდამცავებმა 31 წლის მამაკაცთან ერთად გოგონაც დააკავეს. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, პირი, რომელმაც მამაკაცს ყელი გამოჭრა, წარსულში არაერთგზის ნასამართლევია. ის განზრახ მკვლელობის, ასევე, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დააკავეს.

რაც შეეხება გოგონას, ის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებითაა დაკავებული. "შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ნ.ნ. განზრახ მკვლელობის, ასევე, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს..."

ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ, თბილისში, თემქაზე მკვლელობა მოხდა, მამაკაცს ყელი გამოჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია ერთი პირი.