როგორ "იკრიშებოდა" ნარკომაფია - ყოფილი პოლიციელის შოკისმომგვრელი ნაამბობი - კვირის პალიტრა

როგორ "იკრიშებოდა" ნარკომაფია - ყოფილი პოლიციელის შოკისმომგვრელი ნაამბობი

ჩვენი რესპონდენტი ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ძალოვან სტრუქტურაში მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა და მალევე გახდა იმ სისტემის ნაწილი, რომელიც დაკვეთების შესრულებას ავალებდა... გასაგები მიზეზების გამო, მან ინკოგნიტოდ დარჩენა არჩია.

(დასაწყისი #44,45)

- მერაბიშვილი თანამშრომლებისთვის კარგი მინისტრი იყო. ჩახედული იყო თითოეული პოლიციელის ოჯახის ცხოვრებაში და ვისაც უჭირდა, ყველას ეხმარებოდა. ამიტომ თანამშრომლებს უყვარდათ. ცუდი მინისტრი გიორგი ბარამიძე იყო, როგორც ვირი და მუსიკა, ისე იყო მისთვის ეს სისტემა. გახსოვთ, ალბათ, ბანკირი მაღლაკელიძე რომ გაიტაცეს, დაკავებულ ვაშაკიძეს პირადად ბარამიძემ სცემა და აწამა. არ მახსოვს, ასეთი ბრიყვი შს მინისტრი ჰყოლოდა სისტემას. კვირაიათი და თარგამაძით დაწყებული, ყველა მინისტრის დროს მომიწია მუშაობამ და ორივეს დროს სისტემა მთლიანად გახრწნილი იყო. "ნაციონალების" დროს ყველა უბედურების დირიჟორი ზურაბ ადეიშვილი გახლდათ, ის აკონტროლებდა ძალოვან სტრუქტურებს. ახალაია, კოდუა და სანოძეც ბობოქრობდნენ. გიგა ბოკერიაც სულ შს სამინისტროში იჯდა. იმაშიც დარწმუნებული ვარ, ადეიშვილსაც მოუსმენდა დათა ახალაია, რადგან დაპირისპირებული იყვნენ ერთმანეთთან, ადეიშვილი ფეხებზე ეკიდა ახალაიას. კუდ-ი თუ უსმენდა, ამას სოდ-ი ვერ გაიგებდა. "ნაცმოძრაობის" ერთი წევრი, დ. საყვარელიძე, რომელიც შს სამინისტროს კურატორი იყო და საშინელებებს სჩადიოდა, ახლა გამოდის და ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით ამბობს, მაგარი ვინმე ვარო. არადა, კაცი ფეხში დაჭრეს, ეს კი იმ დაჭრილს კალამს უტარებდა დაჭრილ ფეხში და ისე აწამებდა. ახლა ჩამოიკიდეს ჰალსტუხები, თორემ მაშინ ყველანი სპორტულებში დადიოდნენ და საშინელებებს სჩადიოდნენ. ისეთი შთაბეჭდილება გრჩებოდა, ამას სიამოვნებითაც აკეთებდნენ...

სად ყოფილა შევარდნაძის დროს პატიმრის გვამზე მიბმა. ასეთი აზრი ადამიანის გონებაში როგორ დაიბადებოდა?!

ვიცი ადამიანი, რომელსაც ციხეში რკინის სკამზე ფეხი დაადებინეს, ზევიდან დაახტნენ, მოსტეხეს და ისე დაუზიანდა წელი თუ ფეხი, დიდხანს ტუალეტში ვეღარ შედიოდა... ახლა ამ ხალხს რომ ვუყურებ, ამათი დაბრუნება უკან წარმოუდგენელია. ეს ხალხი თავის ადგილზე რომ დაეყენებინა "ქართულ ოცნებას", დღეს ასე ომახიან განცხადებებს ვერ გააკეთებდნენ. ეს ხალხი სხვების კორუფციაზე ლაპარაკობს და დაავიწყდათ, 4 მილიონი ევროთი რომ დაიჭირეს "ნაციონალების" აქტიური წევრი კიევის საზღვარზე, მათი მეორე ცნობილი წევრი ქალი კი - 2 მილიონით. მაგრამ, ეტყობა, შეთანხმებული იყო იქაურ შს სამინისტროსთან და რეფორმის ფული "გაიტეხეს" ერთმანეთში, მეორემ კი საფრანგეთში წაიღო ის ფული.

გამოდიან ტელევიზიით ეს დეპუტატები და სხვებს აკრიტიკებენ, ამ დროს კი ძალიან ბევრს ჩემს ხელში გაუვლია. "ოცნებაშიც" არიან ნარკომანები, "ნაცმოძრაობაშიც" და "ლელოშიც", ყველა პარტიაში.

- დღეს მოქმედი დეპუტატებისთვის რა თანხა გამოგირთმევიათ? - ნარკოტიკების გამო გამომირთმევია 10.000, 15.000, 20.000 დოლარი...

სააკაშვილის დროს ხალხი მედიაშიც ჰყავდათ ჩანერგილი. პოლიციელები ჟურნალისტების შეკერვაზეც მიდიოდნენ. რომელიმე ჟურნალისტ გოგოს ეგონა, რომ უყვარდა იმ პოლიციელს, არადა, ის შეგზავნილი იყო და ინფორმაცია შიგნიდან ამ გზითაც გამოდიოდა.

ნარკობიზნესი როგორც შევარდნაძის, ისე სააკაშვილის დროსაც "იკრიშებოდა". შევარდნაძის დროს საქართველო, ფაქტობრივად, ტრანზიტი იყო. ამან ძალიან ფართო მასშტაბი მიიღო სააკაშვილის დროს. ერთხელ ჩემს უფროსს დაუპირისპირდნენ იმის გამო, რომ მთელ ქალაქში დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წამალი იყიდებოდა და ეს გააპროტესტა, უთხრეს, დაგიჭერთო, აქეთ დაემუქრნენ.

"5 იანვარს არჩევნები რომ დაინიშნა, სააკაშვილმა პირწმინდად წააგო და სუფთად მოიგო ბადრი პატარკაციშვილმა, მაგრამ გაყალბდა"

ბევრი ცნობილი პირი ნარკობარიგა იყო, მაგრამ მათაც "კრიშავდა" სააკაშვილის ხელისუფლება. მათთვის გზა ხსნილი იყო. იმასაც ვადასტურებ, რომ კახა თარგამაძის დროს პანკისში ნარკოტიკის ქარხანა იყო და ამას მაშინდელი შს მინისტრის მოადგილე ლობირებდა. მიშას დროსაც უპრობლემოდ ატარებდნენ ტრანზიტს და თვითონ იღებდნენ წილს. გადახედეთ ქვემო ფონიჭალას, რა სასახლეები დგას? საიდან იშოვა ამ ხალხმა ამის ფული? სწორედ ნარკოტიკებით.

"კანონიერი ქურდები" და არჩევნები

- ქურდების როლი დიდი იყო არჩევნებში. სააკაშვილმა დასჯადი გახადა "კანონიერი ქურდობა", მაგრამ ამათაც სჭირდებოდათ არჩევნებში ქურდების დახმარება. ისინი ქვეყნიდან ჰყავდათ გაშვებული და დავალებას აქედან აძლევდნენ. სააკაშვილისგან, ადეიშვილისა და შს მინისტრისგან მიდიოდა მათთან დაკვეთები.

5 იანვარს არჩევნები რომ დაინიშნა, სააკაშვილმა პირწმინდად წააგო და სუფთად მოიგო ბადრი პატარკაციშვილმა, მაგრამ გაყალბდა. 6 საათის შემდეგ კომისიის თავმჯდომარეებს კონკრეტული თანხები დაურიგდათ. ახლა ერთ-ერთი ოპოზიციის ლიდერი რომ ყვირის და არწმუნებს საზოგადოებას, თითქოს პატიოსანი კაცია, ის იყო მაშინ საპასპორტოს უფროსი და 5 იანვრის არჩევნებისთვის ღამის 3 საათამდე რომ იბეჭდებოდა პასპორტები ბუდაპეშტის ქუჩაზე, არ იცოდა? რაიონებიდან ჩამოყვანილი ჰყავდათ ხალხი და იცოდნენ, რომელ საარჩევნო უბანში გაეგზავნათ. დაურიგებდნენ ყალბ პასპორტებს და თბილისის რამდენიმე უბანში ხმის მიცემის შემდეგ ისევ ბრუნდებოდნენ რეგიონებში და იქაც აძლევდნენ ხმას. თითოეულს 4-5 პასპორტი ჰქონდა. პოლიციელებს კი ღიად უნდა შემოგვეხაზა, ვის ვაძლევდით ხმას. ვიტყოდით საარჩევნო უბანში, მორიგე ჯგუფია, აქ უნდა მისცენ ხმაო და, შევდიოდით და ვხაზავდით, მერე ცოტა ხანში ახალი ჯგუფი მიდიოდა და ისევ ამბობდნენ, ცვლა შეიცვალა და ახლა ამათ უნდა მისცენ ხმაო.

ამ ხალხს რომ ვუყურებ ტელევიზორში, ბევრჯერ ცუდ აზრამდე მივსულვარ. კიდევ ერთხელ ვთხოვ ახალ თაობას, რომელიც ძალოვან სისტემაში მივა სამუშაოდ, არასდროს გაიმეორონ ის, რასაც მე ვყვები. ჯობია წავიდნენ სისტემიდან და მუშად იმუშაონ, ვიდრე ამის შესრულება მოუხდეთ. ეს საშინელებაა! ძალიან განვიცდი ჩემს განვლილ ცხოვრებას. ბედნიერი მხოლოდ იმით ვარ, ვიცი, ჩემი შვილები ამ სისტემას არ გაეკარებიან, ასეთ რამეს არასოდეს ჩაიდენენ. ჩართავ ტელევიზორს და არ იცი, როდის და რომელ საქმეში ამოტივტივდება შენი გვარი. სისტემის ნაწილია ყველა, ვინც ჩემს დღეშია. მეც ვიცხოვრე იმ დანაშაულებრივ, დამპალ სისტემაში. ბევრი კარგიც გამიკეთებია, მაგრამ ამდენ ცუდში ის კარგი აღარ ჩანს.

- თუ გქონიათ ისეთი შემთხვევა, ჩაგიდიათ ნარკოტიკი ადამიანისთვის და მერე შეგცოდებიათ დაკავებული? - მქონდა ასეთი შემთხვევა და დიდი პრობლემებიც შემხვდა. ჩავუდეთ ერთს წამალი და მოვიდა მისი მეუღლე, 9 თვის ფეხმძიმე ქალი. კიდევ კარგი, ექსპერტიზაზე გაგზავნილი არ მქონდა, ის წამალი "ანალგინით" შევცვალე და ასე ვიხსენი პატიმრობისგან დაკავებული. ერთხელაც ერთ-ერთი სერიოზული კრიმინალი დავაკავეთ. იმ კრიმინალს იარაღიც თან ჰქონდა და დამატებით ნარკოტიკიც ჩავუდეთ. მითხრეს, გაქცევის საშუალება მიეცი და მერე ფეხებში ესროლეო. ვიუარე, რამდენ ხანსაც გინდათ, იმდენ ხანს მეყოლება მიწაზე გართხმული, მაგრამ არ ვესვრი. თქვენ ესროლეთ, მე მაგის გამკეთებელი არა ვარ. ცოლი ადგას თავზე იმხელა მუცლით, არ ვესვრი-მეთქი. მაშინ ასე გყავდეს იატაკზე გართხმული, მოვა ჯგუფი და ისინი შეასრულებენ დავალებასო. ტელეფონი გავთიშე, მაშინვე დავადე ხელბორკილი და გადავიყვანე კაპეზეში. არ მინდოდა მისი ფეხმძიმე ცოლის თვალწინ ეს საშინელება დატრიალებულიყო და დაეჭრათ ადამიანი... დღეს თავის შვილებთან იქნება ის კაცი, ციხიდან გამოვიდოდა. ადამიანს ტყუილუბრალოდ ტყვიას ვერ ვესროდი, თან ფეხმძიმე ცოლის თვალწინ, ან ვინ იცოდა, ის ტყვია სად მოხვდებოდა და ვინ იყო დაზღვეული, რომ უბედურებით არ დასრულდებოდა ეს ამბავი. თანამშრომლები გაფრთხილებული მყავდა, რომ გავიგო, ოჯახში შეხვედით და იქ ქალს სხვანაირად შეხედეთ, ან უდიერად მოექეცით, არ გაპატიებთ-მეთქი. ეს პატარა ბიჭები რომ მიდიოდნენ ოჯახებში, მერე დაკავებულის ცოლების შეკერვასაც ცდილობდნენ, მაგრამ ამას ჩემს დანაყოფში ვერავინ გაბედავდა.

ერთხანს ნარკოტიკების შემოტანა ქალებმა ორგანოებით დაიწყეს და ასეთი ფაქტების გამოვლენაც ხშირად ხდებოდა. ერთხელ დედამ თავის 7 წლის ბავშვს ჩაულაგა ჩანთაში ნარკოტიკი და გამოუშვა. თვითონ შორიდან უყურებდა. ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ წამალი შემოდიოდა. დედასაც ვაცალეთ საზღვარზე გადმოსვლა და დავაკავეთ. თორემ დიდი ეჭვი მაქვს, ბავშვისთვის ხელი რომ მოგვეკიდა, საზღვარზე ქალი არ გადმოვიდოდა. ერთხელ ერთი ქალი დავიჭირეთ, რომელსაც ორგანიზმში 800 ტაბლეტი წამალი ჰქონდა შენახული. ზოგიY ყლაპავდა კიდეც, ერთს კუჭში გაეხსნა და ზედოზირებით ძლივს ჩამოასწრო კლინიკამდე. ბარიგებზე იოლად გავდიოდით - ნარკომანთან უნდა დაგეწყო მუშაობა და ძალიან ადვილად დაადგენდი რეალიზატორებს, ასევე მოსმენებითაც.

სააკაშვილის დროს ეს არ იყო პრობლემა პრივილეგირებული ხალხისთვის, წადი საფრანგეთში, იყიდე "სუბუტექსი", ჩამოფრინდი და გაყიდე. შს სამინისტრო იყო შენი "კრიშა" და პრობლემას ვინ შეგიქმნიდა.

- ექსპერტიზებსაც აყალბებდნენ? - ესეც სისტემის ნაწილი იყო, იქაც იყო კორუფცია. ყველაფერი ადეიშვილის ხელში იყო - ნოტარიუსიც, სოდ-იც, ექსპერტიზაც, სასამართლოც.

"მოკლულის ძმას დავურეკე და ვუთხარი, დამნაშავეებს რაც გინდა, ის უქენი-მეთქი"

- ზოგი საქმე არასოდეს დამავიწყდება. მახსოვს, დიღმის მასივში მამაკაცმა საყვარელი მოკლა, მერე ცხედარი დაანაწევრა, დივანში შეინახა, დაკეტა ბინა და მიიმალა.

ყველაზე შემაშფოთებელი ის იყო, რომ მკვლელი პოლიციის უფროსის შვილი აღმოჩნდა. გაირკვა მოტივიც - ეს შემზარავი დანაშაული ეჭვიანობის ნიადაგზე ჩაიდინა, ულამაზესი გოგონა სადისტურად გამოასალმა სიცოცხლეს. დანაშაულის ადგილი, ბინა დამნაშავის სახელზე აღმოჩნდა ნაქირავები. ეტყობა, იფიქრა, პოლიციელი მამა დამიცავსო. მამამ მართლა სცადა შვილის დაცვა, მაგრამ ის ბიჭი დავაკავეთ და მიესაჯა...

ერთხელ ღამით ქავთარაძის ქუჩაზე მოვდიოდი მანქანით და ვხედავ ქუჩაში ადამიანის თავი გდია, გავაჩერე მანქანა, გადმოვედი და თავი ავიღე - ქალის იყო. იმ დილით ტანი "დელისის" მეტროსთან თაღში იპოვეს, იქვე ეგდო ფეხსაცმელებიც და მივხვდით, რომ იმ ქალის თავი იყო.

იმ ტერიტორიაზე ერთი სპორტსმენი ცხოვრობდა, მოკრივე გ.დ. გაირკვა, რომ თავისი საყვარელი მოუკლავს, თავი მოუჭრია, ტანი დელისზე დაუგდია, თავი კი ქავთარაძეზე. ქალი ნაჯახით მოუკლავს, მის ბინაში უამრავი ნივთმტკიცება აღმოჩნდა - ყველგან სისხლის კვალი იყო.

რა თქმა უნდა, ეს დანაშაული გაიხსნა - მოკრივე დავაკავეთ...

კიდევ ერთ შემზარავ ამბავს გავიხსენებ: შევარდნაძის დროა. სისხლის გადასხმის ინსტიტუტის მიმდებარედ ორი გოგონა სამეცადინოდ რეპეტიტორთან დადიოდა. გამოვიდნენ მასწავლებლიდან, გზა გადაჭრეს და ამ დროს მათ წინ "ჟიგული" გაჩერდა.

ჩატენეს გოგონები მანქანაში და გაიტაცეს. იმ გარეწრებმა გააუპატიურეს და შემდეგ დახოცეს. ორივე საშინლად ნაწამები იყო. გაუპატიურება არ აკმარეს, წამებით მოკლეს - მკერდი მოაჭრეს, მერე ძაღლს გადაუგდეს და ძაღლი არ გაეკარა. დილით იპოვა დარაჯმა ცხედრები და პოლიციას აცნობა. ის დარაჯი მოვკალით ცემით, გვეგონა, ის იყო გარეული, მაგრამ მან დაასახელა მანქანა, რომელიც დაინახა, და ასე გავედით დამნაშავეების კვალზე.

ერთ-ერთს მივადექით იმ სახლში, სადაც საყვარელთან ერთად იყო, ჩავისვი მანქანაში და მიმყავს განყოფილებაში. ჩემი შვილი მაშინ პატარა იყო და მანქანის წინა სავარძელზე მისთვის ნაყიდი დასაბანი პატარა ჯამი მედგა. დაკავებულმა ეს რომ დაინახა, ეტყობა, იფიქრა, წამალს ჩამიდებენო და მითხრა, უკვე აღარ ვიკეთებო. მოვცხე სახეში, ნარკომანიც იყო. პოლიციაში რომ მივიყვანეთ დამნაშავეები, ამ დროს ხალხს გადაკეტილი ჰქონდა ტერიტორია, მათ ჩაქოლვასა და ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვდა. ოთხივე უკანა მხრიდან შევიყვანეთ პოლიციაში და თავდასხმა რომ აგვეცილებინა, კაპეზეში გადავიყვანეთ. ერთმა მოიგიჟიანა თავი, გაითამაშა, ვითომ გიჟი იყო, ამოვიღე იარაღი და მივეცი, თუ გინდა, თავი მოიკალი-მეთქი. ერთი სიტყვით, ისე მოიქცნენ, ოთხივე ფსიქიატრიულში ექსპერტიზაზე უნდა გადაგვეყვანა. უამრავი მტკიცებულება იყო მათ წინააღმდეგ. ექსპერტიზაზე რომ გადაჰყავდათ, თანამშრომლები გავაფრთხილე, ნახევარი საათის განმავლობაში რამდენი ზარიც უნდა შემოვიდეს პოლიციაში, არანაირ შემთხვევაზე არ გახვიდეთ-მეთქი. ერთ-ერთი მოკლული გოგოს ძმას დავურეკე, ახლა მიჰყავს სპეცრაზმს დამნაშავეები ექსპერტიზაზე, შენ არავინ გაგიწევს წინააღმდეგობას და რაც გინდა, ის გააკეთე-მეთქი. დახვდა მოკლულის ძმა გზაზე დამნაშავეების მანქანას, სპეცრაზმს წაართვა პატიმრები და ოთხივე იქ მოკლა, სადაც მისი და და დაქალი გააუპატიურეს. ერთ-ერთს ორგანოც მოაჭრა და მარილი მოაყარა. დავიჭირეთ მერე ის ძმა, აღიარა დანაშაული, სამი წელი პირობითი და ერთი წელი პატიმრობა მიესაჯა. არ ვთვლი, რომ ამ შემთხვევაში კანონს გადავაბიჯე. თქვენ არ იცით, როგორი ნაწამები ჰყავდათ 16-17 წლის გოგოები, ათასი სიბინძურე უქნეს და შემდეგ ნაწამები აჩეხეს. 4 კაცი ასე მოექცა ორ გოგონას.

მახსოვს, ერთ-ერთი ბრალდებულის, ჩ.-ს სახლში რომ მივედით და დავაკავეთ, მისი ცოლი აკივლდა. უხეშად ვუთხარი, ხმა გაკმინდე-მეთქი. არც მომრიდებია, ისე უცებ აიწია ტანსაცმელი და შიშველი სხეული მაჩვენა - მისი საცოდაობით დავიწვი, მთელი სხეული დანით ჰქონდა დასერილი. თურმე მასაც აწამებდა. მანიაკი იყო. ცოლმა მითხრა, მინდოდა ეს მენახვებინაო...

ეპიზოდი წიგნიდან, რომელიც გამოსაცემად მზადდება