თემქაზე, პარტია "კანონი და სამართლის" წევრის სახლში პოლიციას დანაწევრებული და დამწვარი ცხედარი დახვდა - კვირის პალიტრა

თემქაზე, პარტია "კანონი და სამართლის" წევრის სახლში პოლიციას დანაწევრებული და დამწვარი ცხედარი დახვდა

13 ნოემბერს თემქაზე მომხდარი მკვლელობა სამართალდამცავებმა ოპერატიულად გახსნეს და ბრალდებული ნიკოლოზ ნარიმანიძე არაშენდასთან მაშინ აიყვანეს, როცა ის მეგობარ გოგონასთან ერთად ტაქსით მიდიოდა და დამალვას ცდილობდა.

შსს-ს ინფორმაციით, ნარიმანიძე არაერთხელ ნასამართლევია. ის ამჟამად განზრახ მკვლელობის, ასევე, ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და სხვისი ნივთის განადგურების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ პატიმრობას ითვალისწინებს. დაკავებულია მკვლელობის თვითმხილველი გოგონაც. მას მომხდარი პოლიციისთვის არ შეუტყობინებია, რაც 3-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

იმ საბედისწერო დღეს თემქაზე მცხოვრებ პარტია "კანონი და სამართლის" პარტიის წევრ ლევან შაბურიშვილის სახლში ახალგაზრდები შეიკრიბნენ. ლევანთან მისი ბავშვობის მეგობარი მიშო მელიქიშვილი მივიდა. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებული ნარიმანიძე, მეგობარ გოგონასთან ერთად მივიდა შაბურიშვილის სახლში. ნარიმანიძე მიშო მელიქიშვილს იცნობდა. გამოძიების მტკიცებით, იმ ღამით ნარიმანიძესა და მელიქიშვილს შორის შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა. ნარიმანიძემ მელიქიშვილი ყელის არეში დანით დაჭრა. შაბურიშვილმა მეგობრის დახმარება სცადა, მაგრამ გააფთრებულმა დამნაშავემ ისიც დაჭრა ყელის არეში. შაბრურიშვილი როგორღაც დაუსხლტა ხელიდან და სადარბაზოში გამოვარდა. ახლაც ეტყობა მისი სისხლის კვალი სადარბაზოს კედლებს. მობინადრეების თქმით, ერთ-ერთმა მეზობელმა დაჭრილი ლევანის დახმარება სცადა, თავის ბინაში შეიყვანა და ჭრილობა მობანა. როგორც ჩანს, მეზობლებმა განგაში მაშინვე ატეხეს, რადგან შაბურიშვილის სახლიდან კვალი გამოდიოდა. ირგვლივ ბუნებრივი აირის სუნი იდგა და იყო საშიშროება, აფეთქება მომხდარიყო, ამიტომ კორპუსი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დატოვა. მალე სამაშველო სამსახური და პოლიცია მოვიდნენ და შაბურიშვილის ბინაში შესულებს მიშო მელიქიშვილის დანაწევრებული და ნახევრად დამწვარი ცხედარი დახვდათ. როგორც ჩანს, პოლიციას დამნაშავის ვინაობა სწორედ ლევანმა უთხრა...

მეზობლებისთვის უცნობია, რა იყო მკვლელობის მიზეზი. "პირველ სართულზე ვცხოვრობ, 12-ის ნახევარი იქნებოდა, კიბეზე ხმაურით ჩარბენის ხმამ რომ გამაღვიძა. ეტყობა, დამნაშავე გარბოდა. ცოტა ხანში მეზობლის ყვირილი გავიგონე, ხანძარია და გარეთ გადითო. პოლიცია და სახანძრო სწრაფად მოვიდა, ჩააქრეს ცეცხლი და მერე თქვეს, სახლში ცხედარიაო. ლევანს ეზოში ვხედავდი, პოლიციელებს ესაუბრებოდა, მერე სასწრაფომ წაიყვანა".

"ლევანმა მოჩხუბრების გაშველება სცადა, მაგრამ მკვლელმა მასაც დაარტყა დანა"

თაკო ჩარკვიანი, პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი: - ლევანი სასწაულით გადაურჩა სიკვდილს, მას დიდი ხანია ვიცნობ, შესანიშნავი ადამიანია. დედამისი საზღვარგარეთ არის წასული სამუშაოდ და ბიჭი მარტო ცხოვრობდა. უკვე დააკავეს ის მხეცი. მოკლულია ლევანის ბავშვობის მეგობარი მიშო. კონფლიქტი მკვლელსა და მიშოს შორის მომხდარა, ლევანი ამ დროს საძინებელში ყოფილა და ხმაურზე გამოსულა. მოჩხუბრების გაშველება სცადა, მაგრამ მკვლელმა მასაც დაარტყა დანა. მათი სახლთან მაღაზია "ორი ნაბიჯია" და როგორც ვიცი, იქიდან ამოიღეს ჩანაწერები... როგორც ჩანს, მკვლელმა ცეცხლი გააჩინა და ამით კვალის დაფარვა სცადა".

რა ჩვენება მისცეს დამნაშავემ და მისმა მეგობარმა ქალმა, ან შაბურიშვილმა, მოგვიანებით გახდება ცნობილი. ჯერჯერობით მკვლელობის მოტივზე არაფერია ცნობილი.