რა ვერდიქტს გამოუტანს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ კობიაშვილს - კვირის პალიტრა

რა ვერდიქტს გამოუტანს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ კობიაშვილს

12 ნოემბერს გორის რაიონულმა სასამართლომ უმძიმესი ბრალდებით დაკავებულ მერაბ კობიაშვილს პატიმრობა არასაპატიმრო ღონისძიებით შეუცვალა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. ეს გადაწყვეტილება სასამართლომ საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე მიიღო, რადგან ბრალდებულს პატიმრობის 9-თვიანი ვადა ამოეწურა და ამ ვადაში საქმის არსებითი განხილვა ვერ მოხერხდა. კობიაშვილი მონატრებულ ოჯახთან დაბრუნდა და შვილთან ერთად გადაღებული ფოტოები სოციალური ქსელითაც გაავრცელა. როგორც ამბობს, ახლა ნაფიცი მსაჯულების შერჩევას ელოდება, საქმის არსებით განხილვაში მონაწილეობას მიიღებს და სასამართლოს ვერდიქტს დაელოდება. სწორედ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ანდო კობიაშვილმა თავისი ბედი.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება 2020 წლის 17 თებერვალს ახალ გუდაურში მომხდარ მკვლელობას. მერაბ კობიაშვილს ბრალად ედება 28 წლის თამაზ (თაზო) გორთამაშვილის განზრახ მკვლელობა და 2 კაცის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. თამაზ გორთამაშვილს სამი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, მძიმედ დაჭრეს მისი მეგობარიც, 26 წლის დავით სეთურიძე. მას მცხეთის საავადმყოფოში ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. ამავე კლინიკაში მკურნალობდა მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილიც. პროკურატურამ კობიაშვილისთვის სხეულის დაზიანების მიყენების ბრალდება წაუყენა ჩხუბში მონაწილე 6 პირს - ამ საქმეს ცალკე განიხილავენ.

პროკურორი ზაზა დათუკიშვილი დარწმუნებულია, რომ გუდაურში მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ კობიაშვილს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო გამამტყუნებელ ვერდიქტს გამოუტანს. გორის რაიონულ სასამართლოში ჯერჯერობით მხოლოდ 8 ნაფიცი მსაჯულის შერჩევა მოხერხდა მაშინ, როცა სულ 14 პირია შესარჩევი. როგორც ჩანს, პროკურატურას უჭირს მიუკერძოებელი მსაჯულების შერჩევა. ამ ხნის განმავლობაში ბრალდებულის ადვოკატი მედიის საშუალებით საზოგადოებას სისტემატურად აწვდიდა ინფორმაციას და თავისი დასაცავის უდანაშაულობის დამტკიცებას ცდილობდა. ის პერიოდულად აქვეყნებდა შემთხვევის ადგილის მიმდებარე კამერებიდან ამოღებულ ვიდეოჩანაწერებს, სადაც ჩანს, როგორ სცემენ კობიაშვილს. მოკლულის მეგობრები კი აცხადებენ, რომ მედია არასწორ ინტერპრეტაციას აძლევს მომხდარს, კონტექსტიდან ამოჭრილ ფირს აჩვენებდა.

საზოგადოების დიდი ნაწილი მერაბ კობიაშვილს რომ თანაუგრძნობს, ადასტურებს სოციალურ ქსელში ატეხილი აჟიოტაჟი - მას გათავისუფლებას ულოცავენ. პროკურორი კი განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები კობიაშვილის ბრალეულობას ამტკიცებს. "მტკიცებულებები ჯერ კიდევ გამოძიების პერიოდში შეგროვდა. ეს პერიოდი დასჭირდა ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომებსაც. ჯერ შერჩეულია მხოლოდ 8 ნაფიცი მსაჯული, სულ კი 14 უნდა შეირჩეს. ამისთვის ხელის შემშლელი გარემოება პანდემიაა", - განაცხადა პროკურორმა.

"ვინც ნახავდა ვიდეოჩანაწერს, დარწმუნდებოდა, რომ მერაბი თავს იცავდა"

სხვაგვარად ფიქრობს ბრალდებულის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე, რომელიც თავიდანვე ითხოვდა საქმისთვის კვალიფიკაციის შეცვლას. ის დარწმუნებულია, რომ მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ჩადენილი დანაშაულია.

- სასამართლო ვალდებული იყო გაეთავისუფლებინა მერაბ კობიაშვილი. მისი 9-თვიანი პატიმრობის განმავლობაში საქმე ვერ დასრულდა, რადგან 14 ნაფიცი მსაჯული ვერ შეარჩიეს. ის ჩვეულებრივ დაესწრება სასამართლო პროცესებს. ჩვენი პოზიცია ამ საქმეზე ცალსახაა - მერაბს არავის მოკვლის განზრახვა და არც განზრახ მკვლელობის მცდელობა არ ჰქონია. დაცვის მხარე დარწმუნებული ვართ, რომ ყველა ნაფიცი მსაჯული მხარს დაუჭერს მერაბ კობიაშვილის გამამართლებელ ვერდიქტს. ყველა ნორმალური ადამიანი, რომელიც ნახავდა ვიდეოჩანაწერს, დარწმუნდებოდა, რომ მერაბი თავს იცავდა. სხვათა შორის, ვინც ამას ამბობდა, პროკურორი მსაჯულად არ ტოვებდა და ბევრი კანდიდატი ამ მიზეზით გაიცხრილა. იყო სხვადასხვა მიზეზიც. ჩვენ უტყუარად დავამტკიცებთ მერაბ კობიაშვილის უდანაშაულობას...

"ვერ წარმოგვედგინა, რომ თაზოს მკვლელს გაათავისუფლებდნენ"

თაზო გორთამაშვილის მეგობრები აღაშფოთა მერაბ კობიაშვილის გათავისუფლებამ. "ვერ იპოვით ერთ ადამიანსაც კი, ვინც თაზოზე ცუდს იტყვის. იმდენად მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანი იყო, წარმოუდგენელია, ვინმესთვის რამე დაეშავებინა. მას ჩხუბი არასოდეს მოსვლია. ბიჭს ჩირქი მოსცხეს. მაშინ როცა ჭირისუფალი ცხედართან იჯდა, მეორე მხარემ უამრავი ჭორი გაავრცელა. აქეთ, მოკლულისკენ იშვერდნენ ხელს, არადა, ვიდეოჩანაწერში ჩანს, როგორ მიდის მანქანასთან კობიაშვილი, იღებს იარაღს და ესვრის თაზოს. საქმის მასალით დასტურდება, რომ ეს იყო განზრახ მკვლელობა. დამალეს ისიც, რომ მანამდე კობიაშვილს კიდევ ჰყავდა სხვა ბიჭი ნაცემი. ვერ წარმოგვედგინა, რომ თაზოს მკვლელს გაათავისუფლებდნენ.E ეს დიდი დანაშაულია. არ გვინდა დაჯერება, რომ პროკურატურის უნიათობის გამო დამნაშავე არ დაისჯება. ოჯახი ენდო პროკურატურას, აირჩია ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, რადგან იცოდა, ჩვეულებრივ მოსამართლესთან ვერაფერს გახდება".

"გვჯერა, პროკურატურა დამნაშავეს ისევ უკან, დიდი ხნით შეაბრუნებს ციხეში"

ნინო, თაზო გორთამაშვილის რძალი: - ვფიქრობ, კობიაშვილის გამოშვებით არაფერი დასრულებულა, ეს ფორმალობაა. თაზოს მკვლელი დაუსჯელი არ დარჩება. ბრალდებულის დანაშაული უკვე დადასტურებულია და მას უვადო პატიმრობა ემუქრება. თაზო მოჩხუბრებს აშველებდა, პირადი კონფლიქტი მკვლელთან არ ჰქონია და არც თავს დასხმია. იმედია, პროკურატურა არ დაუშვებს, რომ კაცი, რომელმაც ერთი ადამიანი მოკლა და კიდევ ორის მოკვლა სცადა, დაუსჯელი დარჩეს. ჩვენ პროკურატურას ვენდობით. გვჯერა, ყველა ბერკეტს გამოიყენებს და დამნაშავეს ისევ უკან, დიდი ხნით შეაბრუნებს ციხეში".