"ლევან ზურაბაშვილს ხელში ხელყუმბარის ფორმის სანთებელა ეჭირა... ის აზარტული თამაშების მსხვერპლია და..."
"ლევან ზურაბაშვილს ხელში ხელყუმბარის ფორმის სანთებელა ეჭირა... ის აზარტული თამაშების მსხვერპლია და..."
ლევან ზურაბაშვილს, რომელიც წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციას თავს დაესხა და მძევლები აიყვანა, იარაღი არ ჰქონია, მას მეტი დამაჯერებლობისთვის ხელყუმბარის ფორმის სანთებელა ეჭირა. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დაკავებულის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განუცხადა.

როგორც ჭკადუა განმარტავს, ზურაბაშვილის მხრიდან ყაჩაღობას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან მას ფული არ მოუთხოვია. ადვოკატი ასევე აცხადებს, რომ დაკავებული ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

"ჩვენ ყველა ვხედავდით, რომ ის მძევლებს აგრესიულად არ ექცეოდა, რამდენიმემ თავისუფლად დატოვა შენობა, თითოეულ მათგანს გადაადგილება შეეძლო. ასევე,
გვესმოდა, როცა მოთხოვნებს აყალიბებდა, მძევალთაგან ორი უსწორებდა კიდეც, რომ 7 % ბევრია და საბანკო სესხის განაკვეთი 3 პროცენტამდე დაწეულიყო.

ამ ბატონის მიერ გაჟღერებული მოთხოვნები იმდენად საჭირო იყო, არცერთ პოლიტიკოსს, არც ოპოზიციიდან და არც ხელისუფლებიდან არ ჰქონია იმ ტიპის დაპირება, რა მოთხოვნაც ამ ბატონს ჰქონდა. ეს
გულწრფელი პროტესტი, თითოეული ჩვენგანის სატკივარი იყო და მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა ერთგვარ პერფომანსს, რა ფორმითაც მან ეს შეძლო.

მას იარაღი არ ჰქონია, ხელყუმბარა არ ჰქონია, მეტი დამაჯერებლობისთვის სანთებელა იყო ყუმბარის ფორმით, რომელსაც საფერფლეც აქვს. ყაჩაღობას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან არც ერთი თეთრი არ მოუთხოვია, მოლარეს უთხრა, რომ სალარო დაეკეტა, რადგან არ ეფიქრა ვინმეს, რომ რამე ფორმით თანხასთან ჰქონდა შემხებლობა. ის აბსოლუტურად ფხიზელ მდგომარეობაში იყო, არც ნასვამი იყო და არც ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ის დიდი ხნის განმავლობაში იყო აზარტული თამაშების მსხვერპლი, მან ავტომანქანაც კი გაყიდა ვალების ნაწილის გასასტუმრებლად, 12 წლის შვილი ჰყავს და ამბობს, არ მინდა, ჩემი შვილიც იმ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, როგორშიც მე ვარო", - განაცხადა ჭკადუამ, რომლის თქმითაც, დაკავებულს უფასოდ დაიცავს.

როგორც ადვოკატი განმარტავს, მას საქმის მასალებს დღეს გადასცემენ და უფრო მეტი დეტალი ამის შემდეგ ეცოდინება. ლევან ზურაბაშვილს ბრალი შესაძლოა, ხვალ წაუყენონ.

ცნობისთვის, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში გუშინ, 31 წლის მამაკაცი შეიჭრა და 17 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელთან სამართალდამცავების მიერ რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და 236-მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გრძელდება, რაც ორზე მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის დეპუტატების პარლამენტში შესვლას და 3 კანონის მიღებას ითხოვდა.

"1) აიკრძალოს საქართველოს მასშტაბით ყველანაირი აზარტული თამაში; 2) ბანკებს მიეცეთ უფლება, 7%-ში გასცენ სესხი, ვისაც არსებული სესხები აქვთ, გადაუტანონ 7%-ში; 3) ფარმაცევტულ კომპანიებს მხოლოდ 10% მოგების უფლება მიეცეთ", - განაცხადა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შესულმა მამაკაცმა მოთხოვნებზე საუბრისას.


"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები