"ამბობდა, ცოლი არ შემირიგდება, მაგრამ არ მინდა შვილმაც დამკარგოსო" - რას ჰყვება ლევან ზურაბაშვილის ახლობელი და რას ამბობს ადვოკატი ხელყუმბარაზე - კვირის პალიტრა

"ამბობდა, ცოლი არ შემირიგდება, მაგრამ არ მინდა შვილმაც დამკარგოსო" - რას ჰყვება ლევან ზურაბაშვილის ახლობელი და რას ამბობს ადვოკატი ხელყუმბარაზე

ლევან ზურაბაშვილს, რომელიც 20 ნოემბერს დააკავეს, ბრალს დღეს წაუყენებენ და ამის შემდეგ სასამართლო გადაწყვეტს, შეუფარდებენ თუ არა 31 წლის ბიჭს წინასწარ პატიმრობას. როგორც ცნობილია, ის წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ის ითხოვდა ჟურნალისტებს გაეჟღერებინათ მისი მოთხოვნები, რომელიც ასეთი იყო: აიკრძალოს საქართველოს მასშტაბით ყველანაირი აზარტული თამაში; ბანკებს მიეცეთ უფლება, 7%-ში გასცენ სესხი, ვისაც არსებული სესხები აქვთ, გადაუტანონ 7%-ში; ფარმაცევტულ კომპანიებს მხოლოდ 10% მოგების უფლება მიეცეთ. თავდამსხმელთან სამართალდამცავების მიერ რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა და ისიც დააკავეს.

დაკავებულის ინტერესს ადვოკატი ირმა ჭკადუა უანგაროდ იცავს და განმარტავს, რომ ზურაბაშვილს ყაჩაღობა არ ჩაუდენია, რადგან მას ფული არ მოუთხოვია. მისივე თქმით, ზურაბაშვილს იარაღი არ ჰქონია და მას მეტი დამაჯერებლობისთვის ხელყუმბარის ფორმის სანთებელა ეჭირა ხელში.

"ჩვენ ყველა ვხედავდით, რომ ის მძევლებს აგრესიულად არ ექცეოდა, რამდენიმემ თავისუფლად დატოვა შენობა, თითოეულ მათგანს გადაადგილება შეეძლო. ასევე, გვესმოდა, როცა მოთხოვნებს აყალიბებდა, მძევალთაგან ორი უსწორებდა კიდეც, რომ 7% ბევრია და საბანკო სესხის განაკვეთი 3 პროცენტამდე დაწეულიყო. ამ ბატონის მიერ გაჟღერებული მოთხოვნები იმდენად საჭირო იყო, არცერთ პოლიტიკოსს, არც ოპოზიციიდან და არც ხელისუფლებიდან არ ჰქონია იმ ტიპის დაპირება, რა მოთხოვნაც ამ ბატონს ჰქონდა. ეს გულწრფელი პროტესტი, თითოეული ჩვენგანის სატკივარი იყო და მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა ერთგვარ პერფომანსს, რა ფორმითაც მან ეს შეძლო. მას იარაღი არ ჰქონია, ხელყუმბარა არ ჰქონია, მეტი დამაჯერებლობისთვის სანთებელა იყო ყუმბარის ფორმით, რომელსაც საფერფლეც აქვს. ყაჩაღობას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან არც ერთი თეთრი არ მოუთხოვია, მოლარეს უთხრა, რომ სალარო დაეკეტა, რადგან არ ეფიქრა ვინმეს, რომ რამე ფორმით თანხასთან ჰქონდა შემხებლობა. ის აბსოლუტურად ფხიზელ მდგომარეობაში იყო, არც ნასვამი იყო და არც ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ის დიდი ხნის განმავლობაში იყო აზარტული თამაშების მსხვერპლი, მან ავტომანქანაც კი გაყიდა ვალების ნაწილის გასასტუმრებლად, 12 წლის შვილი ჰყავს და ამბობს, არ მინდა, ჩემი შვილიც იმ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, როგორშიც მე ვარო", - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და 236-მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გრძელდება, რაც ორზე მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ლევან ზურაბაშვილი ორხევში ცხოვრობს, როგორც გაირკვა, მედიით შეიტყვეს მისმა ახლობლებმაც ის შენობაში რომ იყო შეჭრილი. როგორც გავარკვიეთ, ის მეუღლეს გაშორებულია და ამასაც განიცდის. მისი საახლობლოსთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა მისი ასეთი ქმედება.

ჩიტო ჩოკორაია:

- ლევანის წლებია ვიცნობ. მისი მეუღლის ნათესავი ვარ. მეუღლეს გაცილებულია, არაჩვეულებრივი ცოლ-შვილი ჰყავს. ყველამ ვიცით, რომ ლევანი აზარტულმა თამაშებმა დაღუპა. ამის გამო მოუხდა მშობლების ბინის გაყიდვა. იმ საზიზღარ ტოტალიზატორში ისეთი მაქინაცია გაუკეთეს, რომ ამხელა ვალები დაედო. 10 წელზე მეტია მის მშობლებს ვიცნობ, კარგი ხალხია, დედა პედაგოგი ჰყავს, ძალიან კარგი ქალბატონი, მამა უკეთილშობილესი ადამიანი. ბორჯომშიც აქვთ სახლი. ბინის დაკარგვა ძალიან განიცადა. მერე ისე მოხდა, რომ მეუღლეს გაშორდა ამ პრობლემების გამო და ამასაც ძალიან განიცდიდა.

ვურეკავდი და ვეუბნებოდი ნუ გეშინია, შენი გიორგი შენთან იქნება და არასდროს დაგკარგავს-მეთქი. ვამხნევებდი. შენს ხმას ვენაცვალე ჩიტო დეიდაო, ასე მეტყოდა. ამის მეტი ცხოვრებაში არავისთვის არაფერი უთქვამს. ეტყობა ახლა ძალიან გამწარებულია, ეტყობა კიდევ წააგო. გუშინ სახლში ვერ ვისვენებდი, მინდოდა წერეთელზე მივსულიყავი, მაგრამ 10 საათზე მოძრაობის შეზღუდვა რომ იყო, იმის შემეშინდა. რომ მცოდნოდა გზა არ გადაიკეტებოდა და ეს შეზღუდვა მოიხსნებოდა, რა გამაჩერებდა სახლში. სულ მეტირება, ეს ახალგაზრდა ბიჭები ტოტალიზატორის გამო რომ იღუპებიან, ოჯახები იღუპება, ახლა სასჯელს მისცემენ, ციხეში გაუშვებენ და კაციშვილი არ იკითხავს, რა ხდებოდა მის სულში. დედის პენსიაზე რომ ცხოვრობს ადამიანი, ამ ყველაფერმა იმოქმედა და ეს ნაბიჯი გადადგა.

ბოლოს ლევანი, ერთი თვის წინ ვნახე, ნუ გეშინია, გამხნევდი, ყველაფერი კარგად იქნება, შენი ცოლ-შვილი შენთან იქნება-მეთქი. არა ცოლი არ შემირიგდება, მაგრამ არ მინდა შვილმაც დამკარგოსო. ბავშვს პირობების არ ქონის გამო, ვერ ვპატრონობო. თვითონ სულ მუშაობდა, მაგრამ ყველაფერი ბანკში მიდიოდა. რასაც გუშინ იძახდა, ყველაფერი მისი გულიდან წამოსული იყო. ამ გაჭირვებულ სიტუაციაში მთელი ქვეყნის პრობლემები გააჟღერა ამ ბიჭმა. მეც ბანკის ვალები მაქვს და სულ იმას ვფიქრობ, რომ შეიზღუდოს ახლა გადაადგილება და მუშაობა, ჩემმა შვილმა რომ ვერ აიღოს ფული, ისევ "შავ სიაში" მოვხვდებით.

სულ ამის ფიქრში ვატარებ, ამას ჰქვია ცხოვრება? 63 წლის ქალი ვარ, 11 წელზე მეტია ლევანს ვიცნობ და მასზე ცუდი არ დამცდება. კომპიუტერების სპეციალისტია, ჩხოროწყუელია მისი მეუღლე, არაჩვეულებრივი, განათლებული გოგო. ორხევში მიწა ჰქონდა და იქ დადგეს პატარა, ოროთახიანი სახლი. იქ არის ახლა მშობლებთან ერთად... ბინის დაკარგვის შემდეგაც კარგა ხანი ცხოვრობდა ცოლ-ქმარი ერთად, მაგრამ თამაშს თავი არ დაანება, როგორ დავკარგე ბინაო და კომპიუტერით ისევ თამაშობდა იმ იმედით, რომ მოიგებდა. მერე ლომბარდში მიიტანა კომპიუტერიც კი ტოტალიზატორის ფულის გამო, დაგროვდა პრობლემები და ცოლ-ქმარი გაშორდა.

ყველას ვთხოვ ლევანს დაეხმარონ. მას ციხე კი არა, ამ მდგომარეობიდან გამოსვლაში უნდა დავეხმაროთ. მთელი ღამე არ მიძინია მასზე დარდით, სულ იმას ვიძახდით, ლევანის ხელში ხელყუმბარა როგორ აღმოჩნდაო და დღეს გავიგეთ, რომ ეს იყო სანთებელა. ცოტა მომეშვა გულზე, დარწმუნებული ვარ, არავის არაფერს დაუშავებდა და ამას ალბათ იტყვიან ის ადამიანები, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ იმ შენობაში.

(სპეციალურად საიტისთვის)