ესებუას ხელყუმბარიდან ზურაბაშვილის სანთებელამდე?! - კვირის პალიტრა

ესებუას ხელყუმბარიდან ზურაბაშვილის სანთებელამდე?!

"ლევანი თამაშდამოკიდებულია, დაკარგა ბინა, ჰყავს ხანდაზმული დედა და 12 წლის შვილი, ახლაც დგას მეორე სახლის დაკარგვის საფრთხის წინაშე"

ზუგდიდის სპეცოპერაციისგან განსხვავებით, 20 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაცია ბანკზე თავდამსხმელის დაკავებით დასრულდა. 20 ნოემბერს დაახლოებით საღამოს 5-ის ნახევარზე თბილისში, აკაკი წერეთლის 12 ნომერში მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ-ბი-სის" ერთ-ერთ ფილიალში ხელყუმბარით შეიარაღებული პირი შეიჭრა და 9 მოქალაქე აიყვანა მძევლად (თავდაპირველად, 11, შემდეგ 2 გაათავისუფლა). 5 საათის განმავლობაში მიდიოდა თავდამსხმელთან მოლაპარაკება, რომელმაც უცნაური პირობები წამოაყენა.

დაახლოებით საღამოს 9 საათზე, შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ საზოგადოებას ამცნო: "რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებისა და სპეციალური ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად გათავისუფლებულია, შეიარაღებული თავდამსხმელი კი - დაკავებული. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები".

გათავისუფლებული მძევლები სამართალდამცავებმა პოლიციის შენობაში გადაიყვანეს ჩვენების მისაცემად. მართალია, გამოძიება თავდაპირველად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებისა და ყაჩაღობის მცდელობის მუხლებით დაიწყო, მაგრამ არ გამორიცხავენ, საქმე მძევლად აყვანის მუხლით გადაკვალიფიცირდეს, რადგან როგორც მისი ადვოკატები ამბობენ, ბრალდებულს არც იარაღი ჰქონია და არც ყაჩაღობა უცდია. საფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილ ახალგაზრდა მამაკაცს სპორტული პისტოლეტი და შავად გადაღებილი ხელყუმბარის დიზაინის სანთებელა ჰქონდა ხელთ.

ეს შემთხვევა ერთგვარად პერფორმანსი აღმოჩნდა. მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილ პირს ფული არ მოუთხოვია და არც სახის დაფარვა უცდია - ის უნიღბოდ შეიჭრა შენობაში, შესაბამისად, მისი იდენტიფიცირება იოლი იყო. საუბრის სტილისა და მანერების გათვალისწინებით, თავდამსხმელი, სავარაუდოდ, ნასვამი იყო, მძევლებთან მას აგრესია არ გამოუხატავს. ბანკში შეჭრიდან მალევე გაირკვა, რომ ის 31 წლის ლევან ზურაბაშვილი იყო. მან ერთ-ერთ მძევალს სოცქსელში ლაივი ჩაართვევინა და საზოგადოებას გააცნო თავისი მოთხოვნები, კერძოდ: "შეიკრიბოს ყველა პარლამენტარი, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ და მიიღონ სამი კანონი: 1) აიკრძალოს საქართველოს მასშტაბით ყველანაირი აზარტული თამაში; 2) ბანკებმა 7%-ად გასცენ სესხი, ვისაც სესხი აქვს, გადაუტანონ 7%-ში; 3) ფარმაცევტულ კომპანიებს მივცეთ მხოლოდ 10%-იანი მოგების უფლება (მძევალთა რეპლიკებით თუ ვიმსჯელებთ, რომელიც ვიდეოში ისმის, ისინი თავდამსხმელს პირობების უფრო გამკაცრებასაც კარნახობდნენ).

ოდნავ მოგვიანებით გავრცელდა მეორე ვიდეომიმართვა, სადაც თავდამსხმელმა სამართალდამცავებს მიმართა: "პოლიციას და ჯარს მივმართავ დიდი სიყვარულით და პატივისცემით: ხალხის გვერდით დადექით, ერთად ვთქვათ ჩვენი სიტყვა. ჩვენ ვმართოთ მთავრობა და არა მთავრობებმა გვმართონ ჩვენ, იმიტომ, რომ ისინი ჩვენი მოყვანილია. თუ არ გავუშვებთ, ვაიძულოთ და გავაკეთებინოთ. მე ვიბრძოლებ სისხლის ბოლო წვეთამდე. ივანიშვილები და სააკაშვილები ზღვაში წვეთები არიან, ამერიკელი უნდა ჩამოდიოდეს და ჩემს ქვეყანაში მე მიწყვეტდეს, რა ჩატარდა და რა არა?!"

23 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებული ზურაბაშვილის პროცესი გაიმართა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ზურაბაშვილს საქართველოს პროკურატურამ მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ბრალი საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას. დანაშაული, რომლის ჩადენასაც ზურაბაშვილს ედავებიან, 9-დან 14-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვინ არის ლევან ზურაბაშვილი

ლევან ზურაბაშვილი 2 წელია თბილისის ერთ-ერთი მსხვილი სასტუმროების ქსელ "ფაბრიკაში" მუშაობს. თანამშრომლები ამბობენ, რომ ის უპრობლემო ადამიანია, ამიტომაც მომხდარი მათთვის მოულოდნელობაა.

"საცოდავი დედამისი, მის მეტი ქვეყანაზე არავინ ჰყავს"

ლევან ზურაბაშვილის მეზობელი: "ლევანი ორხევის დასახლებაში დედასთან ერთად ცხოვრობს. დედა ქართულის მასწავლებელი იყო, შარშან გავიდა პენსიაზე. მამა ცოტა ხნის წინ გარდაეცვალა. ლევანი ხელოსანი, მშრომელი ბიჭია, ქარხნებში მუშაობდა, ხეზე მუშაობაც ისწავლა... ადრე აზარტულ თამაშებს თამაშობდა, დიდი თანხა წააგო და ბინა გაყიდა. ცოლს გაცილებულია, მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ბინა რომ დაკარგეს, მერე იმავე კორპუსის ეზოში ავტოფარეხის ადგილას პატარა ოროთახიანი სახლი ჰქონდათ და დედასთან ერთად იქ გადავიდა საცხოვრებლად. ეტყობა, ნასვამი იყო... შემეცოდა, რომ გამოფხიზლდება, ვიცი, ძალიან ინანებს... ისე, ბავშვობიდან ცოტა უცნაური და ნერვიული ბიჭი კი იყო. ორხევში დაიბადა და გაიზარდა, ბორჯომშიც აქვთ სახლი. რომ ვთქვა, ძალიან უჭირდა-მეთქი, ასეც არ იყო. მართალია, ბანკის ვალი ჰქონდა, მაგრამ ფულის გამო ლევანი ამას არ გააკეთებდა. მისი მოთხოვნებიდან გამომდინარე, გასაგებია, რაც აწუხებდა. საცოდავი დედამისი, მის მეტი ქვეყანაზე არავინ ჰყავს. როგორ დაიღუპა თავი".

"მე მასში დავინახე გულწრფელი ადამიანი"

ირმა ჭკადუა ერთ-ერთია იმ ადვოკატებს შორის, რომელმაც ლევან ზურაბაშვილის უფასოდ დაცვის სურვილი გამოთქვა:

- საქმის კვალიფიკაცია უთუოდ შეიცვლება მას შემდეგ, რაც ექსპერტიზის დასკვნა მოვა. ლევანს არ ჰქონია არანაირი იარაღი და არც ბანკის გაძარცვა სურდა. მე მასში დავინახე გულწრფელი ადამიანი და როცა პოლიციაში მივედი, ამაში დავრწმუნდი - მე დამხვდა ადამიანი, რომელიც გატანჯულია ყოფითი პრობლემებით, რაც თითოეულ ჩვენგანს აქვს. ლევანი რასაც ითხოვდა, ამაზე ხელისუფლება და ოპოზიციური პარტიები უნდა საუბრობდნენ, მათ შორის სააფთიაქო ბიზნესის წარმომადგენელი, რომელიც მაჟორიტარად იყრიდა კენჭს. მას არც ერთი სიტყვა არ უთქვამს, რომ წამლები უნდა გაიაფდეს. ისევე როგორც გვყავს ბანკირები, რომელთა მძევლებიც საკრედიტო ვალდებულებებით მთელი საქართველო ვართ. არც ერთ მათგანს არ უთქვამს, რომ საპროცენტო განაკვეთი დაიწევს. როცა პროდასავლურობაზე ვსაუბრობთ, იმ ქვეყნებში ასეთი საპროცენტო განაკვეთები არ არის.

- თუმცა პროტესტის ამ ფორმით გამოხატვას - ადამიანების მძევლად აყვანას, ალბათ, გულწრფელობა არ ამართლებს... - არავინ იფიქროს, რომ დანაშაულის რომანტიზება მსურს, მაგრამ ეს ის ფორმა იყო, რომელიც მოიფიქრა. ეს იყო ერთგვარი პერფორმანსი.

ჩვენს პარტიულ ტელევიზიებში, რომელთაც თავიანთი ინტერესები აქვთ, ლევანს ვინ გამოიყვანდა ეთერში. ქუჩაში რომ დამდგარიყო, არავინ მოუსმენდა. ამიტომაც აირჩია ეს ფორმა, რითაც საკუთარი სიცოცხლე შეაგდო სასწორზე - არავინ იცის, როგორ დასრულდებოდა სპეცოპერაცია. მზად იყო, მსხვერპლად შესწიროდა ამ პრობლემების გამოსწორებას. თქვა, მზად ვარ ეს გავაკეთო, ჩემმა შვილმა იგივე გზა რომ არ გაიაროსო. ლევანი თამაშდამოკიდებულია, დაკარგა ბინა, ჰყავს ხანდაზმული დედა და 12 წლის შვილი, ახლაც დგას მეორე სახლის დაკარგვის საფრთხის წინაშე. რა თქმა უნდა, ვწუხვართ და ბოდიშს ვუხდით იმ მოქალაქეებს, ვინც იქ იყვნენ, მაგრამ ჩვენ ამავე დროს ვხედავდით, როგორ თბილად ექცეოდა მათ. მეტიც, როცა თავის მოთხოვნებს აყალიბებდა, ისინი იდეებს აწვდიდნენ.

- მართლა ნასვამი იყო?

- არა, ლევანი ფხიზელი იყო. არც ნამდვილი იარაღი ჰქონია, ხელში ყუმბარის დიზაინის სანთებელა ეჭირა თავისივე მრგვალი საფერფლით, რომელიც მეტი დამაჯერებლობისთვის შავად შეღება. პირველი, რაც გვთხოვა, დედამისისთვის გადაგვეცა, რომ არ ენერვიულა.