"სააკაშვილის პოლიტიკურ სიცოცხლეს საბოლოო ლურსმანს ჟვანიას მკვლელობის საქმე დააჭედებს" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილის პოლიტიკურ სიცოცხლეს საბოლოო ლურსმანს ჟვანიას მკვლელობის საქმე დააჭედებს"

"გია ბარამიძე ამ თამაშში მიშას მიჰყვება, მაგრამ თუ ის ჩამოვა, ალბათ, გია იქნება პირველი, ვინც ზურგში დანას ჩაარტყამს"

ბოლო დღეებში მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ოპოზიციაში პოლემიკა გაიმართა. როცა გამოჩნდა პლაკატები წარწერით: "მიშა, ჩამოდი", რამდენიმე პარტია განზე გადგა. ამ საკითხს "ფეისბუკის" პირად გვერდზე პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია გამოეხმაურა: "ბარამიძის ღრიალს მოვკარი ყური. ისეთი ერთგულებით და სიყვარულით მოგიხმობდა, ისე გიმტკიცებდა ძმობას, ეგრევე ზურა გამახსენდა. ოღონდ, მკვდარი. იმასაც მასე უმტკიცებდა მადლიერებას, როცა გაკიოდა, გაზით გაიგუდაო... და იცი, რა ვიფიქრე?! მაგრად ეზიზღები ბარამიძეს! ჰო, იმ დღიდან ეზიზღები, ზურა რომ მოკალი. მერე კი გადაიბირე, იმავე დილის 4 საათზე. აი, ავარიაში რომ მოყევი და მკვდარ ზურასთან არ მიუშვი... ჯერ ჩემთან მოდიო, რომ უთხარი. გიამ ხომ კარგად იცის, რატომაც არ მიუშვი იქ მანამ, სანამ ნარდს, საფერფლეს, კონიაკს და სხვა "მტკიცებულებებს" არ დაალაგებდნენ. ისიც იცის, რისი გეშინოდა... მაშინ ჯერ კიდევ ჰქონდა გიას სინდისი და იცოდი, ცხელ გულზე სიმართლეს იყვირებდა... ჰოდა, ჩამოდი! შენი "ერთგული კაცები" გელიან!"... ჩვენ დავუკავშირდით ყოფილ პარლამენტარ ხათუნა ხოფერიას და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შეფასება ვთხოვეთ.

- მისასალმებელია, როცა აშშ-ის უდიდესი პოლიტიკური ფიგურა ჩამოდის საქართველოში, მოლაპარაკებებს მართავს და თავის შეხედულებებს გვიზიარებს, მაგრამ არაადეკვატურია ოპოზიციის ქცევა, რომელიც ამ ყველაფრის თავის სასარგებლოდ გამოყენებას ცდილობს. თითქოს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი ქუჩაში გამოდიან, მაგრამ ხომ დავინახეთ, რომ აშშ-ის დეპარტამენტმა შეულამაზებლად უთხრა ოპოზიციას, ძალიან მიეჩვიეთ პროტესტის ქუჩაში გამოხატვას, პარლამენტში შებრძანდით და იქ იბრძოლეთო. დიახ, პოლიტიკური ბრძოლები უნდა იმართებოდეს პარლამენტში, მით უმეტეს ახლა, როცა იქ ბევრი პარტია მოხვდა. მათ შეუძლიათ კომიტეტის სხდომებზე გაიტანონ საკითხები, რიგგარეშე სხდომები მოიწვიონ, მაგრამ მიუხედავად ამისა, არაადეკვატურად იქცევიან. არ ითვალისწინებენ საზოგადოების აზრს. რატომღაც მიეჩვივნენ, რომ საზოგადოება შეიძლება ურაპატრიოტიზმზე "წამოიკიდო", ქუჩაში გამოიყვანო და შენი პირადი ინტერესები მოახვიო თავს. რა თქმა უნდა, არჩევნებზე იყო დარღვევები, ისევე როგორც წინა წლებში, როცა ახლანდელი ოპოზიციის უმრავლესობა იყო ხელისუფლებაში, მაგრამ ეს არ არის ის საკითხი, რომელიც ქუჩაში უნდა მოაგვარო და ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა.

მაინც ვფიქრობ, ისინი ვაჭრობას შეეცდებიან. ეს განსაკუთრებით სააკაშვილის გუნდისთვის არის დამახასიათებელი, თუმცა არც ნათელაშვილისთვის არის უცხო. მაგრამ როგორც ვხედავ, ხელისუფლება ბევრის დათმობას არ აპირებს...

- იმის მიუხედავად, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მისამართით უამრავი ბრალდება ისმის, ამ პარტიამ ხმების 27% მაინც მოიპოვა. როგორ ფიქრობთ, ამდენმა ამომრჩეველმა რატომ დაუჭირა მათ მხარი? -  ვფიქრობ, ამ აგრესიულად განწყობილმა ელექტრორატმა დასაჯა პატარა პარტიები იმით, რომ ხმა ისევ "ნაცმოძრაობას" მისცა, დასჯის მიზეზი კი მათი აღრეულობა იყო. რომ იტყვიან, დედამ ვინც დაწყევლა, ყველა მათ შორის აღმოჩნდა. ამ ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს არ მოსწონს ხელისუფლება, მას უნდა, შური იძიოს ხელისუფლებაზე და იცის, რომ ამის ყველაზე ძლიერი ფორმა სწორედ "ნაცმოძრაობის" მხარდაჭერა იქნება. ამავდროულად, ხედავს, რომ წვრილ-წვრილი პარტიებისთვის მიუღებელია სააკაშვილი. აქეთ ბოკერია აკნინებს, იქით ვაშაძე უყენებს პრეტენზიებს...

ვერ გეტყვით, რომ ის 27% დაბრმავებული ხალხია. მათ შორის არის მოაზროვნე ნაწილი, რომელმაც თითი დაუქნია პატარა პარტიებს და დაანახა, რომ თუკი ჭკვიანად არ იქნებიან, მომავალში ხმებს საერთოდ ვერ მიიღებენ. ასე რომ, დღეს "ნაცმოძრაობის" არსებობა არის პოლიტიკური დასჯის იარაღი. მოაზროვნე ხალხი მისი საშუალებით სჯის როგორც ოპოზიციას, ასევე ხელისუფლებას, რომელიც ცუდად იქცევა. როგორც კი მათ "ნაცმოძრაობა" დასჯის მექანიზმად აღარ დასჭირდებათ, ან ოპოზიციურ ფრთაში გამოჩნდება შედარებით რბილი, კონსტრუქციული პოლიტიკური ძალა, ისინი მას მიემხრობიან.

- ვნახეთ, როგორ მიუვარდა ხათუნა გოგორიშვილი ცესკოს ხელმძღვანელ თამარ ჟვანიას და არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა, თუმცა საზოგადოებას ახსოვს, რომ წინა ხელისუფლების დროს სწორედ გოგორიშვილი სახელდებოდა მთავარ გამყალბებლად... - ხათუნა ჩემი მეგობარი იყო და არაერთი წელი ერთად გავატარეთ, არ მიყვარს ჩემს მეგობრებზე საუბარი... დიდი ხანია, ერთმანეთს არ ვესალმებით... მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ მეცოდება, ძალიან საცოდავად გამოიყურება თამარ ჟვანიას - თავშეკავებული და კულტურული ქალბატონის ფონზე.

- სააკაშვილს ჩამოსვლისკენ მოუწოდეს. როგორ ფიქრობთ, აპირებს ის ჩამოსვლას? - მიშას, როგორც პოლიტიკურ ფიგურას, ხელს აძლევს საქართველოში ჩამოსვლა, მით უმეტეს - ასეთ ვითარებაში, მაგრამ მას, როგორც მშიშარა ადამიანს, გარისკვა არ ახასიათებს. საქართველოში ჩამომსვლელი არ არის, მაგრამ ამ ფონზე, როცა კავკასიაში მიმდინარე მოვლენების გამო ევროატლანტიკურ გაერთიანებაში, ევროკავშირში საქართველოს ფაქტორი წინ იწევს, შეძახილით: "მიშა ჩამოდი" ცდილობს, შექმნას ილუზია, თითქოს საქართველოს მოსახლეობა მას ითხოვს. მიშას ახასიათებს ილუზიის ტყვეობაში ყოფნა, მერე კი თვითონვე იჯერებს ამ გამოგონილ რეალობას და ჰგონია, რომ რაღაც გამოუვა.

- მისი ჩამოსვლა-არჩამოსვლის გამო ოპოზიცია ლამის განხეთქილებამდე მივიდა. თქვენ ფიქრობთ, გიორგი ბარამიძემ იცის, რომ სააკაშვილი არ ჩამოვა და მაინც გაიძახის, ჩამოდიო? - გია ამ თამაშში მიშას მიჰყვება, მაგრამ თუ ის ჩამოვა, ალბათ, გია იქნება პირველი, ვინც ზურგში დანას ჩაარტყამს - ეს არ გაუჭირდება და კარგადაც გამოიყენებს. საერთაშორისო არენაზე გია არ არის ძლიერი მოთამაშე, საქართველოში კი კიდევ აქვს შანსი, მიშას ღალატით თავისი ხელჩაქნეული ცხოვრება რაღაცით გაიხანგრძლივოს და გაილამაზოს.

- ანუ ბარამიძე მიშას უღალატებს?

- რა თქმა უნდა, მას ღალატი შეუძლია და ეს გამოჩნდა კიდეც. გთხოვთ, ამ ადამიანებზე ბევრს ნუ მალაპარაკებთ, ეს ჩემთვის ძალიან მძიმეა, რადგან თითოეული სიტყვის უკან 20-წლიანი ურთიერთობა დგას. ძალიან მტკივა გული, მაგრამ მას მერე, რაც ზურა ჟვანიას გაუკეთეს, აღარაფერი მიკვირს. უარესსაც ველოდები, რადგან ვიცი, ვინ რისი მკადრებელია.

- მოდი, შევეხოთ ბატონ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესაც. ვხედავთ, რომ ვერც ამ ხელისუფლების პირობებში გაეცა პასუხი ამ საქმის ირგვლივ დაგროვილ კითხვებს. - ამ ხელისუფლებამ აქტიური გამოძიება დაიწყო. გემახსოვრებათ შოთაძის განცხადება ხუთი წლის წინ, ზურაბ ჟვანიას საქმეზე ვიწვევთ უცხოელ ექპსპერტებს და მოგვიწევს ცხედრის ექსჰუმაცია, რადგან ახალი გარემოებები გამოიკვეთაო.

პროცესი მართლაც მიდიოდა, მერე კი შეწყდა, მაგრამ ახლა უფლება არ მაქვს, ბევრ რამეზე ვილაპარაკო. ზურას ოჯახის გადაწყვეტილებაა, არჩევნების დაძაბულ ფონზე ამ თემაზე არაფერი ვთქვათ, რათა ეს არ გახდეს პოლიტიკური ვაჭრობისა და ანგარიშსწორების საგანი. ზურას ეს არ დაუმსახურებია და არც ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მტრები, რომ გავაკეთოთ ისეთი რამ, რაც ზურასთვის მიუღებელი იქნებოდა.

- ელით, რომ ჟვანიას საქმეზე ყველა კითხვას პასუხი გაეცემა? - რა თქმა უნდა. ჩემი ნათქვამი, რომ სააკაშვილის პოლიტიკურ სიცოცხლეს საბოლოო ლურსმანს ჟვანიას მკვლელობის საქმე დააჭედებს, ძალაშია.

"გოგორიშვილის და ბარამიძის საშველი მიშასთან ადგილის პოვნა იყო..."

ჩვენ დავუკავშირდით ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძეს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შეფასება ვთხოვეთ.

- 2003 წლიდან დიდი ხანი არ გასულა. თუნდაც უფრო უკან წავიდეთ, შევარდნაძის პერიოდში - ხომ ვნახეთ, რევოლუციები როგორ დამთავრდა! ვინც "ვარდების რევოლუციაში" მონაწილეობდა, ან ცოცხალი აღარ არის, ან ციხეში იყო, ან - გაქცეულია ქვეყნიდან, ან ფუნქციადაკარგულია. "ნაციონალების" მომხრეებს უნდათ სააკაშვილი, გავიგეთ, მაგრამ სხვა ოპოზიციური პარტიებს როგორ წარმოუდგენიათ თავი ამ ნაკადის ნაწილად? მათ ხომ ამომრჩეველმა ხმა მისცა როგორც მიშას და""ოცნების" ალტერნატივას?! ხალხს რაღაც სხვა უნდოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ისინი ან ქვეყანა რას მოიგებენ? ან ეს პოლიტიკური კრიზისი რას ემსახურება? ქვეყანაში ისედაც ამდენი პრობლემაა, ჩვენ გარეშემო გამწვავებულია პოლიტიკური ვითარება და ახლა ხომ უფრო გონივრული იქნებოდა, ეს პარტიები შესულიყვნენ პარლამენტში და ახალი ფუნქცია ეკისრათ.

- ვნახეთ გიორგი ბარამიძის მოწოდება მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით. თქვენ რას იტყვით? - მე არ მიყვარს ბევრი ლაპარაკი. როგორ მოექცნენ ზურას და იმ პოლიტიკურ მემკვიდრეობას, რომელიც ზურას მერე მაგათ უნდა გაეგრძელებინათ, ხომ ყველამ დაინახა>?! ზურა ძალიან ძლიერი პიროვნება და პოლიტიკოსი იყო. ის თავისი კეთილშობილებით, იდეალებით და შეხედულებებით ამათაც აკეთილშობილებდა, მაგრამ ზურას შემდეგ მათ თავიანთი არაფერი აღმოაჩნდათ, რასაც დაეყრდნობოდნენ. ყველას არ ვგულისხმობ, ვლაპარაკობ იმათზე, ვინც ახლა დროშებით იცავენ დემოკრატიას და ვისაც, ჩემი აზრით, ამის უფლება არ აქვთ.

- სოციალურ ქსელში დაწერეთ, ხათუნა გოგორიშვილმა და გიორგი ბარამიძემ სახე დაკარგესო. რას გულისხმობდით?

- რა გითხრათ... ზურას გარდაცვალებიდან ცოტა ხანში როგორც კი დაინახეს, რომ მათი საშველი მიშასთან ადგილის პოვნა იყო, ამ გზიდან აღარ გადაუხვევიათ. თვოთონ არაფერს წარმოადგენენ, სულ ვიღაცის გვერდით უნდა იყვნენ. ადრე ზურას გვერდით იყვნენ და მის გზას მიჰყვებოდნენ, მერე მიშას გვერდით ყოფნამ მოუწიათ. ქვეყნისთვის აუცილებელი პოლიტიკური ღირებულება მათ არ გააჩნიათ. ახლა რამდენიც უნდა იხმაურონ, თუნდაც კივილით შეცვივდნენ სადმე, ვერაფერს მიაღწევენ. "ნაციონალური მოძრაობის" გვერდით დგას მთელი ოპოზიციური სპექტრი და მე არ მესმის, ეს როგორ შეიძლება?!