ლევან ზურაბაშვილის ადვოკატის, გიორგი ჭოჭუას განცხადებით, ზურაბაშვილმა მძევლებს უთხრა, რომ არ შეშინებოდა და რომ ის მათთვის იბრძოდა - კვირის პალიტრა

ლევან ზურაბაშვილის ადვოკატის, გიორგი ჭოჭუას განცხადებით, ზურაბაშვილმა მძევლებს უთხრა, რომ არ შეშინებოდა და რომ ის მათთვის იბრძოდა

წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელის, ლევან ზურაბაშვილის ადვოკატის, გიორგი ჭოჭუას განცხადებით, ზურაბაშვილმა მძევლებს უთხრა, რომ არ შეშინებოდა და რომ ის მათთვის იბრძოდა.

„როგორც კი შევიდა, თქვა, ნუ გეშინიათ, მე ვიბრძვი თქვენთვის. ყუმბარის ფორმის სანთებელა ყურადღების მისაქცევად ეჭირა, რომ ჟურნალისტების ყურადღება მიექცია. ხელზე ტელევიზიების ნომრები ეწერა, „გუგლში“ მოუძებნია, რომ შიგნით მყოფებს მათთვის დაერეკათ“, - განაცხადა ჭოჭუამ.

მისივე განმარტებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ის დაკავებულის 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს.

ცნობისთვის, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 31 წლის დავით ზურაბაშვილი შეიჭრა და 19 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელთან სამართალდამცავების მიერ რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა. დავით ზურაბაშვილს საქართველოს პროკურატურამ მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ბრალი საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას. ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, საქმეზე დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც შეისწავლის მის ფსიქიკურ მდგომარეობას დანაშაულის ჩადენის დროს.

"ინტერპრესნიუსი"