მსოფლიო იურიდიული პრაქტიკის ქრესტომათიაში შესატანი საქმე - კვირის პალიტრა

მსოფლიო იურიდიული პრაქტიკის ქრესტომათიაში შესატანი საქმე

წერილი ციხიდან

"ძალადობა ფართოდ დახუჭული თვალებით" - დაახლოებით ამ სათაურით მინდოდა მომეწერა წერილი თქვენთვის ქართულ ციხეებში გამეფებულ განუკითხაობაზე, მაგრამ თავის დროზე ჩავთვალე, რომ სანამ ყოველმხრივ ობიექტურ და აშკარა ფაქტს არ გადავაწყდებოდი, არაფერი მომეწერა. არ შევეხები იმ ფაქტებს, რაოდენ დიდი განუკითხაობა სუფევს ზოგადად... ახლა ერთ გაპიარებულ ცვლილებაზე მინდა გიამბოთ. ეს ეხება პატიმართა ვადამდე გათავისუფლების საკითხის ეგრეთ წოდებული ადგილობრივი საბჭოებისთვის გადაცემას.

ეს "სიკეთე" ტელევიზიით ხმამაღლა იყო გაპიარებული. სიმართლე კი ის არის, რომ ეს საბჭოები ყოვლად უსინდისოდ აყალბებენ მონაცემებს და ე.წ. ქურდული სხოდკის წესით, პირადი პრეფერენციებით წყვეტენ, ვინ უნდა მოხვდეს ზეპირ მოსმენაზე და ვინ - არა. ჩემთვის ზუსტადაა ცნობილი, თუ რა სიბინძურეს სჩადის სასჯელაღსრულების სოციალური სამსახური, რომელსაც საბჭოს სხდომისათვის სათანადო დოკუმენტაციის მომზადება ევალება. ტყუილი საუბარი რომ არ გამომივიდეს, გეტყვით, რომ ცოტა ხნის წინ ქართულმა სასამართლომაც კი დაუშვებელ მტკიცებულებად ცნო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის მიერ მომზადებული მოხსენებითი ბარათი, რადგან ეს დოკუმენტი ყალბი აღმოჩნდა", - ეს წერილი ციხიდან რამდენიმე ხნის წინ პატიმარმა ირაკლი კერესელიძემ გამოგვიგზავნა, მაგრამ იმის გამო, რომ მასში ნათლად არ იყო ასახული გაყალბების მექანიზმები და საკითხი დაზუსტებას მოითხოვდა, წერილი არ გამოქვეყნდა. მალე ციხიდან გამოგზავნილ წერილში მოხმობილი ბრალდებები გვანცა ყუფარაძის პირობით ვადამდე გათავისუფლების ამბავმა "დააზუსტა".

მკითხველს შევახსენებთ, რომ გვანცა ყუფარაძე თანატოლი ბიჭისთვის 33 ჭრილობის მიყენების ბრალდებით 4 წლის წინ დააკავეს და თავისუფლება 5 წლით აღუკვეთეს. არაერთი ქართული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის სკანდალური დასკვნების მიუხედავად, ყუფარაძე დღემდე პატიმარია.

კანონით პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისია სამინისტროს შიდაუწყებრივი მუდმივმოქმედი კომისიაა, რომლის დებულებასაც ამტკიცებს მინისტრი.

კომისია ეყრდნობა ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილებებს. პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ გამოსცა ბრძანება, რომლითაც განისაზღვრა პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების კრიტერიუმები. თუ პატიმარი დადებითად ხასიათდება და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, შეიძლება მისი ვადამდე გათავისუფლება. მაგრამ შეფასების კრიტერიუმები, კოეფიციენტები და დონეები, მათი ნამრავლები და ჯამები ისეა დახლართული, გონებას საფუძვლიანად უნდა დაატანო ძალა, რომ ამ რთულ მექანიზმს თავი გაართვა. როგორც ჩანს, სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული.

ამ ე.წ. ქულათა სისტემის გამოყენებით ნებისმიერ პატიმარს, რაგინდ დადებითად ხასიათდებოდეს, შეგიძლია გაუზარდო ქულები იქამდე, სანამდეც მოგესურვება.

ალეკო ყუფარაძე, გვანცა ყუფარაძის მამა: "დავრწმუნდი, ეგრეთ წოდებული უდოს კომისიის ადგილობრივი საბჭო ფარსია. იმ კრიტერიუმებისა და დონეების გათვალისწინებით, რაც კანონშია მითითებული, გვანცას 5,5 ქულაზე მეტი არ ეკუთვნოდა, მაგრამ კომისიამ იკადრა და მონაცემები გააყალბა.

გვანცას ბრწყინვალე დახასიათება აქვს. ყველა ღონისძიებაში აქვს მიღებული მონაწილეობა, კარგი ქცევისთვის და სანიმუშო სწავლისთვის დამატებითი (ოთხი) პაემნის უფლება აქვს, მოხდილი აქვს სასჯელის ორ მესამედზე მეტი. ყველა პირობა აქვს ვადაზე ადრე გასათავისუფლებლად, მაგრამ პირობა და კანონი ერთია და რეალობა - მეორე.

მოგეხსენებათ, თუ კომისიის შეფასება 6,5 ქულას გადააჭარბებს, მაშინ განცხადება განხილვასაც არ ექვემდებარება. დაწესებული კრიტერიუმებით გვანცას მაქსიმუმ 5,5 ქულა შეიძლებოდა მინიჭებოდა და მისი საქმეც კომისიას უნდა განეხილა, მაგრამ ამას როგორ დაუშვებდნენ და გააყალბეს მონაცემები.

ოჯახური პირობების შეფასებაში გვანცას  მინუსქულა დაუწერეს. მყავს მეუღლე,  I ჯგუფის ინვალიდი, უსინათლო, 85 წლის საწოლს მიჯაჭვული დედა და ერთი შვილი - გვანცა. რა დაგვიწუნეს, ერთი შვილი რომ მყავს, ნასამართლევი რომ არა ვარ, ჩემი მეუღლე რომ პედაგოგია თუ ოჯახში პირველი ჯგუფის ინვალიდი რომ გვყავს? ჩაწერეს, თითქოს ბავშვს არ ვაკითხავთ ციხეში. არადა, ყოველდღე ციხის კარზე ვარ. გააყალბეს სხვა მონაცემიც, ოქმში მიუთითეს, რომ გვანცა თურმე წახალისებული ან დასჯილი არ ყოფილა. დასჯილი ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ 4 დამატებითი პაემნის უფლება რა არის, თუ არა წახალისება?! მსჯავრდადებულის პიროვნებაც კი მინუსქულით არის შეფასებული.

კომისიის წევრებთან პრეტენზია არა მაქვს, ისინი სახელისუფლებო რგოლიდან არიან, მაგრამ ოქმს ხელს აწერს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი ვინმე ზვიად დევდარიანი. ხელს კი აწერს, მაგრამ არ არის მითითებული, რომელი არასამთავრობო ორგანიზაციიდან იყო. როგორ მოაწერა ხელი იმას, რომ ბავშვს თურმე კონტაქტი არა აქვს ოჯახთან, ან იმას, რომ თურმე წახალისებულიც არ არის? რადგან 4 წელი კრიტში ჯდომით არ გადაგვარდა, არ დაიბრალა დანაშაული, ვერ ათქმევინეს შავზე თეთრიაო, ესე იგი, "მიზანი მიღწეული არ არის"! (ასე ამბობენ უარს დოკუმენტებში, "მიზანი მიღწეული არ არის".)".

ჩვენ დავუკავშირდით ზვიად დევდარიანს. ის საქართველოს გაეროს ასოციაციის მმართველობისა და გამჭვირვალობის პროგრამების დირექტორი აღმოჩნდა.

ზვიად დევდარიანი: - დიახ, აღმოსავლეთ საქართველოს კომისიის საბჭოს წევრი ვარ.

- ალბათ, იცით, რომ გვანცა ყუფარაძეს კომისიამ ვადამდე გათავისუფლებაზე უარი უთხრა. დოკუმენტზე თქვენი ხელმოწერაც არის. მინუსქულა გვანცა ყუფარაძეს იმიტომ დაუმსახურებია, რომ არ ყოფილა წახალისებული სასჯელის მოხდის პერიოდში, არადა, ქალთა დაწესებულების ხელმძღვანელის #155 ბრძანების საფუძველზე მას 4 დამატებითი პაემანი აქვს მინიჭებული.

- ასე ზეპირად არ მახსოვს. თუ არ ჩავხედე მასალებს, ძნელი იქნება პასუხის გაცემა.

- ყუფარაძის საქმე საკმაოდ სკანდალურია.

- ვერგახსენება დანაშაულია?

- მისი ოჯახთან ურთიერთობაც მინუსქულით არის შეფასებული. რა კრიტერიუმით იწერება ამ შემთხვევაში მინუსქულა?

- ამაზე ვერ გაგცემთ პასუხს, რადგან ქულებით შეფასება მანამ ხდება, სანამ საბჭომდე მოვა ეს საკითხი. ქულებს თვითონ სამინისტრო წერს. კონკრეტულად, სად და როგორ, ვერ გეტყვით. თუ მსჯავრდადებული გადალახავს ზღვარს, იმ შემთხვევაში შემოდის ჩვენთან პატიმრის საკითხი განსახილველად. ასე რომ, ეს საკითხი ჩვენამდე არ მოსულა.

- მაშ, თქვენი ხელმოწერა რატომ არის დოკუმენტზე დაფიქსირებული?

- იმიტომ, რომ აღმოსავლეთის საბჭოს წევრი ვარ.

მიუხედავად დევდარიანის მტკიცებისა, რომ საბჭო ქულების დაწერაში კი არა, მხოლოდ ზეპირ მოსმენაში მონაწილეობს, დოკუმენტში სხვა რამ წერია. კერძოდ. დოკუმენტის მიხედვით, ქულები სწორედ საბჭოს აქვს დაწერილი ზეპირი მოსმენის გარეშე. დოკუმენტში ნათქვამია, რომ სწორედ ამ კომისიამ განიხილა აღმოსავლეთ საქართველოს საბჭოში შესული გვანცა ყუფარაძის შუამდგომლობა პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე და ზემოთ მითითებული "ფაქტები" გამოარკვია; რომ სწორედ საბჭომ გადაწყვიტა, გვანცა ყუფარაძის კრიტერიუმები 7,5 ქულით შეეფასებინა.

ამ რეალობის გათვალისწინებით, იქნებ საქართველოს გაეროს ასოციაცია მაინც დაინტერესდეს, რაზე აწერს ხელს მისი თანამშრომელი? ზვიად დევდარიანის პასუხებმა ცხადყო, რომ ამ კომისიის საქმიანობა და მისი დოკუმენტური გაფორმება ერთმანეთს არ ემთხვევა.

დიმიტრი ლორთქიფანიძე, პარლამენტარი: - გვანცა ყუფარაძის მაგალითი დასტურია იმისა, თუ დაინტერესებაა, როგორ შეიძლება ციხეში დატოვო ისეთი იდეალური "ციხის ბიოგრაფიის" მქონე პატიმარი, როგორიც გვანცაა. სწორედ ამისთვის შეიმუშავეს შეფასების ეს რუტინული კრიტერიუმები. საბჭომ გააყალბა ობიექტური რეალობა, რამაც დამატებითი მინუსქულა მოუტანა გვანცა ყუფარაძეს და ის  საპატიმროში დარჩა, რითაც ის კიდევ ერთხელ დასაჯეს, რადგან ვერ გატეხეს!

ეს არის თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ სჯიან საქართველოში მას, ვინც არ დაიბრალა დანაშაული და თავისი პრინციპულობით სისტემას საერთაშორისო დონეზე პრობლემები შეუქმნა. პროკურატურის გააფთრება სწორედ იმან გამოიწვია, რომ ვერ გატეხა პატარა გოგონა. გვანცას ყველა პირობა შეუქმნეს ჩაუდენელი დანაშაულის ასაღიარებლად. მიუხედავად ამისა, გოგონა, რომელმაც 4 წელი მოიხადა საპყრობილეში, არ გატყდა და ახლა მისაღებ გამოცდებს აბარებს იურიდიულ ფაკულტეტზე. ვფიქრობ, ეს შემთხვევა უნდა აღიწეროს მსოფლიო იურიდიული პრაქტიკის ქრესტომათიაში.